საქმე №ას-490-2019 5 ივლისი, 2019 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – თ.ლ–ი, თ.ლ–ი, გ.ლ–ი, ი.ლ–ი (კასატორების კანონიერი წარმომადგენელი ლ.ლ–ი) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.შ–ძე, დ.ლ–ძე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. არასრულწლოვნები თ., ვ., ი. და გ.ლ–ები (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, გამჩუქებლები ან კასატორები) არიან ლ.ლ–ის (შემდეგში: მოსარჩელეების კანონიერ წარმომადგენელი, არასრულწლოვანების მამა) და ი.შ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, დასაჩუქრებული, არასრულწლოვანების დედა) შვილები.
2. საჯარო რეესტრის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) 2016 წლის 5 აპრილის ამონაწერის თანახმად ქ. ქუთაისში, ...., ს/კ ...., მდებარე უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელეებისა და მათი დედის სახელზე (ტ.1,ს.ფ.23).
3. პირველმა მოპასუხემ, 2016 წლის 25 აპრილს, საკუთარ თავთან, როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, გააფორმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ აღირიცხა (ტ.1,ს.ფ.25-30).
4. დასაჩუქრებულმა და დ.ლ–ძემ (შემდეგში: მესამე მოპასუხე, კრედიტორი) 2016 წლის 5 მაისს გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტორმა პირველ მოპასუხეს ასესხა 9500 აშშ დოლარი, 2 წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. გამჩუქებლებმა 2018 წლის 22 მარტს სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვეს:
5.1.1. 2016 წლის 25 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი დადების მომენტიდან;
5.1.2. პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 5 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
5.1.3. არასრულწლოვანი მოსარჩელეების აღრიცხვა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად;
5.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირველი მოპასუხის სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე;
6. პირველი მოპასუხის პოზიცია
6.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების უფლებრივი დატვირთვით მიღებული თანხის დიდი ნაწილი მეუღლეს (მოსარჩელეების კანონიერი წარმომადგენელი) გადასცა ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, ქონების იპოთეკით დატვირთვა და სადავო ქონების მის სახელზე აღრიცხვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მეუღლემ ურჩია.
7. მეორე მოპასუხის პოზიცია
7.1. სააგენტომ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. მესამე მოპასუხის (იპოთეკარის) პოზიცია
8.1. იპოთეკარმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. დამატებით განმარტა, რომ შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა პირველ მოპასუხეს და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესაკუთრეს 10 000 აშშ დოლარი გადაუხადა. სადავო უძრავ ქონებაში სწორედ აღნიშნულის შემდეგ ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით გამჩუქებელთა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
9.1.1. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეებსა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა მოსარჩელეების საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.
9.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-11-12-ე, 58-ე, 63-ე, 1198-ე, 1199-ე, 54-ე, 1299-ე, 183-ე, 286-ე, 185-ე, 311-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 85-ე მუხლით.
10. მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი
10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით გამჩუქებელთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
11.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი არ შეეხებოდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლების აღდგენას, შესაბამისად, დასახელებულ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და ის შესული იყო კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო პირველ მოპასუხესა და კრედიტორს შორის, 2016 წლის 5 მაისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
11.3. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, მოსარჩელეთა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ კრედიტორმა იცოდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით არსებული დავის შესახებ. ამასთან, აღნიშნული გარემოება, არც მოსარჩელის მიერ წარდგენილი რაიმე დოკუმენტით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კრედიტორი ხელშეკრულების გაფორმებისას კეთილსინდისიერად მოქმედებდა.
11.4. სააპელაციო სასამართლომ კრედიტორის ქმედების კეთილსინდისიერად მიჩნევისთვის საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა და განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 312-მუხლის მეორე ნაწილი, კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმვარ უზუსტობას, როდესაც შემძენის წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს, იპოთეკარს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (სუსგ Nას394-373-2013წ. 20.05.2014წ).
11.5. სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს, რაიმე გარემოებაზე, რომ იპოთეკარმა მესაკუთრის უფლების ხარვეზის თაობაზე იცოდა, არ მიუთითებიათ, შესაბამისად, პრეტენზია, რომ პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სადავო ქონება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
12.2. კასატორების განმარტებით, მოპასუხეები არასრულწლოვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, მხოლოდ სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობითა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ძალაში დატოვებით, გაუმართლებლად შეზღუდა არასრულწლოვანი მოსარჩელეების უფლებები. პირველმა მოპასუხემ უფლების ბოროტად გამოყენებით დატვირთა სადავო ქონება იპოთეკით, ხოლო ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელეები არიან პასუხისმგებელნი.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მიერდადგენილ გარემოებაზე მიუთითებს, რომელიც წინამდებარე განჩინების 11.2 ქვეპუნქტშია ასახული და, კასატორების სხვადასხვა პრეტენზიების მიუხედავად, განმარტავს, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა, როგორც ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის თანმდევი შედეგი ვერ გახდება განხილვის საგანი. ცალკე აღებული პირველ და მესამე მოპასუხეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება ბათილი, ვინაიდან დადგენილია, რომ კრედიტორი კეთილსინდისიერად მოქმედებდა.
20. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 185-ე მუხლის „შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე“ მოხმობით განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეებსა და პირველ მესაკუთრეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე, კრედიტორისათვის, ამ ხელშეკრულების სადავოობის შესახებ ცნობილი არ იყო იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის (არც მოსარჩელეებს მიუთითებიათ რაიმე დოკუმენტზე, რომლითაც დასტურდება, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერი გასაჩივრებული იყო, ხოლო აღნიშნულის თაობაზე აცნობეს კრედიტორს ხელშეკრულების გაფორმებამდე, ან რაიმე სახის შეზღუდვის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს), რაც უდავოს ხდის იპოთეკარის კეთილსინდისიერი ქმედების ფაქტს სადავო ქონებასთან და მოსარჩელეების უფლებასთან მიმართებით, ვინაიდან იპოთეკარი რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის ფარგლებში მოქმედებდა.
21. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ შედეგს ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა უფლებების, ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობს მოცემულ შემთხვევაში, სპეციალურ რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების თაობაზე მესამე, კეთილსინდისიერი პირის უფლებების ბათილობას.
22. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის ავტორები არიან არასრულწლოვანი პირები (მათი კანონიერი წარმომადგენელი), ასეთ ვითარებაში გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი ავალდებულებს ყველა ორგანოს, დაწესებულებას და თვით სასამართლოსაც, რომ იხელმძღვანელოს ბავშვის უკეთესი და უპირატესი ინტერესებით, ხოლო სსსკ-ის XLIII თავი ადგენს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული დავის სამართლებრივი შედეგის არასრულწლოვანთა უფლებებზე შესაძლო გავლენის შეფასებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ინკვიზიციურობის ელემენტებით და თვითონვე აფასებს, თუ რამდენად იქნება დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი. „ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მუხლი 3-ის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ ( იხ. ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), 2 თებერვალი 2016 წელი)- შდრ. სუსგ # ას-1221-1146-2015, 20.05.2016წ;
23. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე არასრულწლოვნების კანონიერმა წარმომადგენელმა - მამამ სადავო გახადა ბავშვების დედის მიერ, არასრულწლოვანთა ინტერესების საზიანოდ, უძრავი ქონების განკარგვა, რითაც თითქოსდა ერთადერთი საცხოვრისის გარეშე დარჩნენ ბავშვები და მამა, მისივე მტკიცებით, იძულებული გახდა, შვილები წაეყვანა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...., სადაც მშობლების ოჯახს შეაფარა თავი, მარტო ზრდის შვილებს, იღებს სოციალურად დაუცველთა შემწეობას (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ.5). მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბავშვების დედამ (მოპასუხემ) კვალიფიციური შედავება განახორციელა თავისი შესაგებლით, რომელშიც მიუთითა, რომ მოსარჩელეთა კანონიერმა წარმომადგენელმა შეგნებულად არ ახსენა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მისამართზე მდებარე კორპუსში არსებული ბინა, რომელიც უფროსი ქალიშვილის-ა.ლ–სა და თავად არასრულწოვანთა მამის თანასაკუთრებაშია; ეს ბინაც სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონებაა, სადაც თანამესაკუთრეებს ერთი დღეც არ უცხოვრიათ და ბინის მიღების დღიდან, იგი დაკეტილია (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ადასტურებენ ამ გარემოებას), ისევე, როგორც არც ბავშვებს და არც მათ მამას ერთი დღეც არ უცხოვრიათ სადავო უძრავ ქონებაში, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული და იპოთეკარისაგან მიღებული თანხა სწორედ შვილების კეთილდღეობას ხმარდება, მიღებული თანხის ნაწილი - 6000 აშშ დოლარი კი მეუღლეს გადასცა მოპასუხემ ბავშვების სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ქორწინების დღიდან -2007 წლის 23 მარტიდან ცხოვრობდა ცაგერის რაიონის სოფელ .... მეუღლის (მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის მშობლების სახლში), ხუთივე ბავშვი ამ სოფელში გაჩნდა, იქვე იზრდებიან და განათლებასაც იქ ღებულობენ, მისი დამსახურებაა, რომ, როგორც დევნილმა, მიიღო სახელმწიფოსაგან უძრავი ქონება, საბუთების შეგროვება-მოწესრიგებაში მეუღლე უშლიდა ხელს უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო. ის გარემეობა, რომ დღეს დედა არ არის თავის შვილებთან ერთად გამოწვეულია იმ გაუსაძლისი მდგომარეობით, რაც მისი მეუღლისა და მისი მშობლების მხრიდან მოპასუხის სისტემატურ დამცირებასა და შეურაცხყოფას უკავშირდება, მათ შორის - ცემის ფაქტებს, რასაც ვერ გაუძლო მოპასუხემ და წამოვიდა სოფ. ...დან. ბავშვების მამას მიწის ნაკვეთებიც აქვს სოფ. .....ში - 2800 კვმ /ს.კ. ...../ და 1200 კვმ /ს.კ. ...../ (იხ. შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 88-89). შესაგებელს მოპასუხემ დაურთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ტრიანდას“ წევრთა ხელმოწერები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის - მამისა და მათი უფროსი დის თანასაკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ....... /ს.კ. ...../ შესახებ, სოფ. ....ში მდებარე მიწის ნაკვეთების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ.97-104). მითითებული კვალიფიციური შედავება და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენელს არ გაუქარწყლებია, რაც სასამართლოს არწმუნებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით არ არის უგულებელყოფილი.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ლ–ის, თ.ლ–ის, გ.ლ–ის და ი.ლ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე