საქმე №ას-766-2019 31 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ძ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ვ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე) და მ.ძ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 1998 წლის 16 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. აღნიშნულ პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც სრულწლოვანია (ტ.1,ს.ფ. 15).
2. ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეთა შორის მოცემულ საქმეზე არ არის დაყენებული პრეტენზია ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თაობაზე.
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მოსარჩელემ 2018 წლის 4 ივნისს აღძრა სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
3.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და მოითხოვა, რომ ქორწინება შეწყვეტილიყო მოსარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, რადგანაც გამორიცხული იყო წყვილს შორის ურთიერთობის შენარჩუნება.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და იშუამდგომლა მეუღლეებს შორის ურთიერთობის დარეგულირების მიზნით 6-თვიანი შესარიგებელი ვადის დანიშვნა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 1998 წლის 16 ივნისის #238 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
6.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ შერიგების მიზნით დანიშნულმა ვადამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით, დადგენილია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა მიერ დაფიქსირებული განმარტების თანახმად, ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კიდევ უფრო დაიძაბა.
7.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით ვინაიდან, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო და საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც აღნიშნული ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა „ქორწინება წყდება განქორწინებით“ და იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ, მართებულად დაკმაყოფილდა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაჩქარებული წესით განიხილეს საქმე, რაც იწვევს მათი მიკერძოებულობის ეჭვს. ამასთან, არ გამოუკვლევიათ კონფლიქტის რეალური მიზეზი და არ განუსაზღვრავთ ვადა მორიგებისთვის.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (შდრ. სუსგ №ას-70-70-2018, 21.12.2018; №ას-47-2019, 6.05.2019).
13. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოპასუხისათვის მეუღლესთან შესარიგებლად გონივრული ვადა უნდა მიეცათ. გარდა ამისა, სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს და სათანადოდ არ შეაფასეს მოსარჩელის მოპასუხესთან დაშორების ფაქტობრივი მიზეზი.
14. დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არც საერთო მეურნეობას ეწევიან, ასევე, მათ შორის სხვა დამოუკიდებელი სამართალწარმოებით მიმდინარეობს დავები ქონებრივ საკითხებზეც. მოსარჩელე საქმის წარმოების ყველა ეტაპზე, სარჩელის წარდგენის დროიდან საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ჩათვლით, აღნიშნავდა, რომ არ სურს მეუღლესთან შერიგება, რაც გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან დამატებით შესარიგებელი ვადის მიცემას მხარეებისთვის. აღნიშნული გარემოებების უარსაყოფად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია.
15. ამდენად, რადგანაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის საფუძველზეც სასარჩელო მოთხოვნა, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ძ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ძ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (გადახდის ქვითარი N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 7 მაისი), 70% –105 (ას ხუთი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე