საქმე №ას-24-2019 4 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – შ.ი–ვი, ა.ი–ვი, ა.ი–ვი, ნ.მ–ვი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩვრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სს "თ.ბ–ის" სარჩელი მოპასუხეების შ.ი–ის, ა.ი–ის, ა.ი–ის და ნ.მ–ის მიმართ, კრედიტის დაბრუნების, პირგასამტეხლოს დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ ისე მოპასუხეებმა. მოსარჩელემ მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა მოითხოვეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შ.ი–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ.ი–ვი.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს შ.ი–მა, ა.ი–მა, ა.ი–მა და ნ.მ–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლეობაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში, შ.ი–მა, ა.ი–მა, ა.ი–მა და ნ.მ–მა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით 12 დღის განმავლობაში, დასაბუთებული განჩნების ასლის ჩაბარებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინება საკასაციო საჩივრით არ საჩივრდება, მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საჩივრით.
შესაბამისად შ.ი–ის, ა.ი–ის, ა.ი–ის და ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე , 397-ე, 396-ე და 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს შ.ი–ის, ა.ი–ის, ა.ი–ის და ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი