საქმე №ას-462-2019 31 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ე–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.გ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი, კასატორი) და ზ.ე–ძეს (შემდეგში: მყიდველი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2008 წლის 5 სექტემბერს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ....., დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ /ს/კ ..../ (იხ.ტ.1, ს.ფ. 17).
2. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს ხელშეკრულების შედგენიდან 3 წლის ვადაში უნდა გადაეხადა (იხ.ტ.1, ს.ფ. 17).
3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება მყიდველის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (იხ.ტ.1, ს.ფ. 18).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელემ, 2017 წლის 4 სექტემბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, ნასყიდობის საგნის საფასურის - 1000000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 368812.88 აშშ დოლარისა და 2017 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2874.5 აშშ დოლარის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა.
4.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია.
4.3 გამყიდველის მტკიცებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ნასყიდობის თანხის ბანკში განთავსებით, მოგებას მიიღებდა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული რიცხვი მექანიკური შეცდომაა, კერძოდ, ნასყიდობის ფასად, ნაცვლად 100000 აშშ დოლარისა მითითებულია - 1 000 000 აშშ დოლარი, რაც მხარეთა შეთანხმებასა და იმ პერიოდის საბაზრო ფასს არ შეესაბამება. აღნიშნულს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მოპასუხემ 2008 წლის 7 აგვისტოს, მომიჯნავე ტერიტორიაზე იგივე ფართის მიწის ნაკვეთი - 35000 ლარად შეიძინა.
5.2 მოპასუხის მტკიცებით, ნასყიდობის ფასი, 100 000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს. მყიდველის განმარტებით, გამყიდველისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრის ცვლილების შესახებ, თუმცა ამ უკანასკნელს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.
5.3 მოპასუხის განმარტებით, მხართა შორის არსებობდა მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა, ამასთან, იგი 2008 წლიდან 2013 წლამდე მოსარჩელის კუთვნილი საწარმოს დირექტორი იყო. მოპასუხეს მოსარჩელის თანხმობით, 2013-2014 წლებში, კონსიგნაციის წესით 250000 ლარის საქონელი აქვს მიღებული, რაც მყიდველის არაკეთილსინდისიერების შესახებ ყველანაირ ეჭვს აქარწყლებს.
5.4 მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 128-ე-130-ე, 144-ე, 145-ე, 325-ე, 429-ე, 431-ე და 477-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი, მხარეთა ნამდვილ შეთანხმებას არ ასახავდა.
6.3 საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მყიდველს გამყიდველისათვის, ნასყიდობის ფასი - 100 000 აშშ დოლარი, არ გადაუხდია.
6.4 საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1 მოსარჩელემ (გამყიდველმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის (გამყიდველის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ უდავოა მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობის არსებობა. მოპასუხე მოსარჩელის მიერ დაფუძვებული საწარმოს გენერალური დირექტორი იყო.
8.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი 2017 წლის 14 ნოემბრის აუდიტის დასკვნის თანახმად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, ადგილმდებარეობის და კეთილმოწყობის გათვალისწინებით, 2008 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით - 105750 ლარია. მოპასუხემ, 2008 წლის 7 აგვისტოს, მესამე პირისგან 35000 ლარად ქ.თბილისში, ... მდებარე 1501 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც შეიძინა. მოგვიანებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და საკადასტრო კოდი - ..... მიენიჭა, რომლის საბაზრო ღირებულება 2014 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით - 520974 ლარია.
8.4 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების დროისთვის, ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარზე გაცილებით ნაკლები იყო, დაახლოებით - 105 750 ლარი.
8.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულების დადგენისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ იმავე პერიოდში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, იგივე ფართობის მიწის ნაკვეთი, 35000 ლარად შეიძინა. მოგვიანებით, მითითებული მიწის ნაკვეთები გაერთიანდა, მასზე შენობა-ნაგებობა აშენდა და საბოლოოდ, 3001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 2014 წლის 20 ოქტომბერს 460000 აშშ დოლარად გასხვისდა. აუდიტის დასკვნის თანახმად კი, 3001 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 520974 ლარს შეადგენდა.
8.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეთა ჩვენების თანახმად, მათ 2008 წელს უშუალოდ გამყიდველისაგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს უკანასკნელი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს 100 000 აშშ დოლარად ჰყიდდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში.
8.7 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასი, იმ დროს არსებულ საბაზრო ღირებულებას რამდენჯერმე აღემატება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს ლოგიკურად არ აუხსნია, თუ რატომ უნდა გამოევლინა მოპასუხეს საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ ფასად ნასყიდობის საგნის შეძენის ნება.
8.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებობდა განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი მხარეთა ნამდვილ შეთანხმებას არ ასახავს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამყიდველს ნასყიდობის საგნის ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მითითება და მტკიცება არ განუხორციელებია, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
8.10 სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგნის ფასი 100 000 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
8.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ ნასყიდობის საგნის ღირებულების, 100 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი ვერ დაადასტურა.
8.12 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელეს ეკისრება თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი. შესაბამისი მტკიცებულება კი, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარუდგენია ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებაზე.
8.13 სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში - 2011 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ 2011 წლის 6 სექტემბრიდან წარმოეშვა და 2014 წლის 6 სექტემბერს დასრულდა. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 4 სექტემბერს და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს მოთხოვნის განუხორციელებადობის გამო.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოსარჩელემ (გამყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2 კასატორი დავობს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა - უძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენდა.
9.3 აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. საქმე N ას-644-602-2017, 07.07.2017წ. საქმე N 1058-998-2015წ., საქმე N ას-826-784-2013).
9.4 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა.
9.5 კასატორის განმარტებით, მოპასუხემ სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეცილების ვადა გაუშვა, კერძოდ, მოპასუხეს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება 2014 წლის 16 ოქტომბერს ჩაჰბარდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ გამყიდველი აპირებდა მყიდველისათვის 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრას. მოპასუხეს, განჩინების ჩაბარებიდან 1 თვეში უნდა განეხორციელებინა შეცილება, რაც არ ვლინდება და შეცილების უფლების დაკარგვას ნიშნავს.
9.6 კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ნასყიდობის ფასის (100 000 აშშ დოლარის) მტკიცების ტვირთი თავად ამ უკანასკნელს ეკისრებოდა.
9.7 კასატორის განმარტებით, თუ სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასი საბაზრო ღირებულებით უნდა განისაზღვროს, რომელიც აუდიტის დასკვნის თანახმად 105 750 ლარია, მაშინ გაუგებარია მოპასუხემ უძრავი ქონება ორჯერ ძვირად - 100 000 აშშ დოლარად რატომ იყიდა, რომელიც საკუთარ დას 2011 წელს 435 000 აშშ დოლარად მიჰყიდა.
9.8 კასატორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმის ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა.
9.9 კასატორი მიუთითებს, მხარეთა შორის არსებულ ფინანსურ ვალდებულებებზე, მოწმეთა ჩვენებასა და 2011 წლიდან სადავო უძრავი ქონების გასხვისებებთან დაკავშირებულ გარიგებებზე (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.3, ს.ფ. 190-193).
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით გამყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ გამყიდველის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უწინარესად მოწმდება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი.
18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (მყიდველმა) სადავოდ გახადა ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი - 1 000 000 აშშ დოლარი, იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული მხარეთა შეთანხმებასა და იმ პერიოდის საბაზრო ფასს არ შეესაბამება.
19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“, განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამყიდველს ეკისრებოდა ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მტკიცების ტვირთი, თუმცა, მან მყიდველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ მითითებული სახელშეკრულებო ფასის დადასტურება.
21. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი მხარეთა ნამდვილ შეთანხმებას არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხართა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) მითითებული ფასი, იმ დროს არსებულ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას რამდენჯერმე აღემატება, რასაც საქმეში წარდგენილი 2017 წლის 14 ნოემბრის აუდიტისა და 2008 წლის 7 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება ადასტურებს, რომლის თანახმად, მოპასუხემ მესამე პირისგან 35000 ლარად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიაზე 1501 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთნდობაზე, რომელიც მეგობრული/საქმიანი ურთიერთობიდან ჩამოყალიბდა, ამასთან, ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ გამყიდველს არ განუმარტავს, მყიდველმა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტ ფასად ნასყიდობის შეძენის ნება რატომ გამოავლინა და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის ფასი, საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ დაადასტურა, რასაც სამართლიანად დაედო საფუძვლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სსკ-ის მე-8, 325-ე მუხლებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის ფასის განსაზღვრა (იხ. წინამდებარე განჩინების 8.9 ქვეპუნქტი).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს და ასეთ დროს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმისა, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები არ არსებობს.
24. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17) - იხ. სუსგ #ას-68-68-2018, 03.04.2018წ.
25. საკასაციო სასამართლო კასატორის იმ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულების შესრულებაზე - კერძოდ, კი მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდაზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იხელმძღვანელეს სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ვადით.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების 6-წლიანი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უძრავი ნივთია, არ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელთა საფუძველს, ამა თუ იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს - იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 129, ველი 4.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველს მყიდველის მიმართ მოთხოვნის უფლება 2011 წლის 6 სექტემბრიდან წარმოეშვა, თუმცა მან 2017 წლის 4 სექტემებრს წარადგინა სარჩელი სასამართლოში, შესაბამისად, მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში არ განახორციელა, რაზეც ქვემმდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, იმ დაშვებითაც, თუ მოსარჩელის მიერ დაყენებულ სარჩელს გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოთხოვნა წარმოშობილია, მისი სასამართლოს გზით განხორციელებადობა გამორიცხულია მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის შესაგებლის წარდგენით.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51). ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ,,ისრაელის მოქალაქეები – თ.ჯ–ი, ნ.ჯ–ი და ი.ჯ–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა გაიზიარა და განმარტა: სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
29. კასატორის მიერ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან მოხმობილი საქმეების თაობაზე (იხ. საქმე N ას-644-602-2017, 07.07.2017წ.; საქმე Nას-1058-998-2015წ.; საქმე N ას-826-784-2013), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინება/გადაწყვეტილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, არსებითად განსხვავდება მოცემული შემთხვევისგან. საქმეში (საქმე N ას-1058-998-2015წ.) საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებული სააპელაციო საჩივრის კანონიერების შემოწმება, რასაც მოცემულ დავასთან შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც, სხვა დავის საგნიდან და განსხვავებული ფაქტობრვი გარემოებებიდან გამომდინარე დანარჩენ განჩინება/გადაწყვეტილებებს.
30. წინამდებარე განჩინების 9.5 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477-ე მუხლიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, გარიგების შეცილების ხანდაზმულობაზე კასატორის მსჯელობა, არ წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას, იქიდან გამომდინარე, რომ შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები განსხვავებულ ცნებებს წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები # ას-1215-2015, 29.03.2019წ; #ას-1230-2018, 14.12.2018წ; # ას-1238-1158-2017, 18.04.2018წ; #ას664-435-2016, 02.013.2017წ; # ას-761-729-2016, 31.01.2017 წ.).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (გამყიდველის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.გ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 16 მარტი), 70% – 4200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე