საქმე №ას-596-2019 31 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ი, ე.ა–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ერთი მხრივ, ზ.ა–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, კასატორი) და მეორე მხრივ, ე. (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი) და მ.ა–ებს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მყიდველები) შორის, 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თეთრწყაროში, ....., /ს/კ ...../ (იხ. ტ.1, ს.ფ. 17-20).
2. გამყიდველმა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ნასყიდობის საგანი, მყიდველებს თანაბარ 1/2-1/2 წილობრივი მონაცემებით 50000 ლარად მიჰყიდა (ტ.1, ს.ფ. 17-20).
3. ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა მხარეებს ხელშეკრულება წაუკითხა, მხარეები ხელშეკრულებასა და დანართებს გაეცნენ, მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულება მათ ნებას ზუსტად გამოხატავდა და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი (იხ. ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 17-20).
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით (საქმე N163-16), ერთი მხრივ, მოსარჩელე ვ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელისა და მოპასუხეების მამა) უფლებამონაცვლე პირველი მოპასუხის წარმომადგენელსა და, მეორე მხრივ, მოცემულ დავაში მოსარჩელეს (ზემოაღნიშნულ საქმეში მოპასუხეს) შორის მორიგება დამტკიცდა. მორიგების თანახმად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, სანოტარო წესით მოსარჩელე მხარეზე (მოცემულ დავაში მოპასუხე მხარეზე) გადაფორმდა. ამასთან, მხარეებმა მიუთითეს, რომ ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ. 70-71).
5. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ნასყიდობის საგანი მოპასუხეების თანასაკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (ტ.1, ს.ფ. 15-16, 141).
6. ნოტარიუს თ.გ–ძის 2017 წლის 11 ივლისის წერილის თანახმად, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაზე, ნასყიდობის თანხის გადახდა მისი თანდასწრებით სანოტარო ბიუროში არ მომხდარა (ტ.1, ს.ფ. 111).
7. მოსარჩელეს, 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 18 ივლისამდე, მოპასუხეების წინააღმდეგ საჩივრით შსს თეთრწყაროს რაიონული სამმართველოსათვის არ მიუმართავს, ამასთან, იმავე პერიოდში მათთვის არც რაიმე სახის წერილი გაუგზავნია (ტ.1, ს.ფ. 361).
8. მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხესთან სატელეფონო კუმუნიკაცია 2016 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 8 ივნისამდე პერიოდში არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ. 171-173, 175, 180);
9. სს ,,ლ.ბ–ის“ 2017 წლის 11 ივლისის პირველი მოპასუხის GE12L… ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ამ უკანასკნელის ანგარიშიდან 2016 წლის 8 აგვისტოს 1197 ევრო, ხოლო 2016 წლის 19 აგვისტოს - 6292 ევროა განაღდებული (ტ.1, ს.ფ. 140).
10. სარჩელის საფუძვლები
10.1 მოსარჩელემ 2017 წლის 8 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელთათვის, ნასყიდობის საგნის საფასურის - 50 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
10.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-2, 5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველები ვალდებულნი იყვნენ, გამყიდველისათვის (მოსარჩელისათვის) ნასყიდობის საფასური, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე სრულად გადაეხადათ.
10.3 მოსარჩელის მტკიცებით, მას ნასყიდობის თანხა არ მიუღია. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველები ნასყიდობის თანხას, ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში გადაიხდიდნენ.
11. მოპასუხეების შესაგებელი
11.1 მოპასუხეემა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის საფასური, ხელშეკრულების შესაბამისად, დაუყოვნებლივ და სრულად გადაუხადეს.
11.2 მოპასუხეების განმარტებით, მხარეები არასდროს შეთანხმებულან, რომ ისინი მოსარჩელეს ნასყიდობის თანხას ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადაუხდიდნენ.
11.3 მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელემ, გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, უკანონოდ დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, რის გამოც, პირველმა მოპასუხემ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი წარადგინა სასამართლოში.
11.4 მოპასუხეების განმარტებით, პროცესის წარმოებისას მხარეები მორიგდნენ და მოპასუხეებმა მოსარჩელისგან სადავო უძრავი ქონება შეიძინეს და გამყიდველს ნასყიდობის თანხა სრულად გადაუხადეს, რის შემდეგაც, მათ შორის მორიგება დამტკიცდა (საქმე N2/163-16) სასამართლოში. ამასთან, განჩინებაში მითითებულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
12. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.
12.1.1 მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 50000 ლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ.
12.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 1328-ე, 327-ე, 328-ე, 361-ე, 429-ე, 477-ე, 463-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.
12.3 რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებს, მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგნის საფასური, არ გადაუხდათ.
12.4 რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავოობის შემთხვევაში, მოვალეს ყოველთვის ეკისრება სავალო საბუთის წარდგენა, რათა ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაამტკიცოს. ამასთანავე, ვინაიდან კანონით განსაზღვრულია სათანადო მტკიცებულების სახე, იგი სხვა, მაგალითად მოწმის ჩვენებით არ შეიძლება შეიცვალოს.
12.5 რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტობივ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნული განჩინებით, 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ნასყიდობის თანხის გადაცემა არ დასტურდება.
13. სააპელაციო საჩივარი
13.1 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
14.1.1 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა;
14.1.2 მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
14.2 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
14.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ გარიგებაში გათვალისწინებული პირობა, რომლის თანახმად, მყიდველები ვალდებულებას იღებდნენ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე უძრავი ქონების საფასური გადაეხადათ, ცალსახად მყიდველის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას არ ადასტურებს. აღნიშნული გარემოების შეფასება, გარიგების შემდგომ განვითარებული მოვლენების ურთიერთშეჯერებით უნდა მოხდეს.
14.4 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტობრიც გარემოებაზე მიუთითა და მოსარჩელის პოზიცია გაიზიარა, რომლის თანახმად, დავის საგანი, რომლის პირობებშიც მორიგება დამტკიცდა, განსახილველი დავის საგნისგან განსხვავდება, ვინაიდან 2016 წელს დავის საგანს მოსარჩელესა და მამამისს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ქონება იდენტურია, რაც ორივე სამართალწარმოების დროს მხარეთა ერთი და იმავე ინტერესის არსებობაზე მიუთითებს.
14.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სხვა დავის ფარგლებში პირველმა მოპასუხემ საკუთარი ინტერესი დაიკმაყოფილა და სადავო ქონება მის სახელზე აღრიცხა. მორიგების აქტში მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთთან არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნდათ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მორიგების მიღწევამდე, 2016 წლის 29 სექტემბერს, მოდავე მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და აპელანტებმა 50 000 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრეს, პრეტენზიის არარსებობა მორიგების მიღწევამდე მხარეთა შორის არსებული ვალდებულებების შესრულებას ნიშნავს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, გონივრული განსჯის შედეგად, ცხადი იქნებოდა, რომ აპელანტებმა საკუთარი ინტერესი დაიკმაყოფილეს და უძრავი ქონების მესაკუთრეები გახდნენ, ხოლო ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთადერთი გარემოება, რაც მოსარჩელისათვის აპელანტებთან პრეტენზიის არარსებობას გამოიწვევდა, ნასყიდობის საგნის საფასურის მიღება იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ მოსარჩელეს 2016 წლის 29 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფასური მორიგების გაფორმებისას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული, გაუგებარია და ქმედების გონივრული განსჯიდან არ გამომდინარეობს, 2016 წლის 4 ოქტომბერს, რატომ დასთანხმდებოდა მორიგების პირობას, რომლის თანახმად, მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ გააჩნდათ.
14.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ თანხის მიღების ფაქტს, ასევე, საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზიც ადასტურებს, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის გადაცემის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა, განაცხადეს, რომ გადაცემული თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ არის.
14.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავა სასესხო ურთიერთობას არ წარმოადგენს, რომლის დასადასტურებლადაც სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენების გამოყენება არ შეიძლება, შესაბამისად, მოწმეთა ჩვენება განსახილველი დავის ჭრილში, შეიძლება სხვა მტკიცებულებებთან ერთად განკუთვნად მტკიცებულებადაც კი ჩაითვალოს.
14.8 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოწმეთა ჩვენებებით მოსარჩელისათვის თანხის გადაცემა დადასტურდა, რაც, თავის მხრივ, მტკიცების ტვირთს მოსარჩელეზე აბრუნებს, რომელსაც უნდა ემტკიცებინა ის გარემოება, რომ გადაცემული თანხა არა 2016 წლის 29 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, არამედ სხვა ვალდებულების შესასრულებლად გადაეცა, ან/და შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა ემტკიცებინა, რომ გადაცემული თანხის ოდენობა, მოთხოვნილი თანხის ოდენობას არ ემთხვეოდა, აღნიშნული კი, საქმის მასალებით არ მტკიცდება.
14.9 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ თანხის მიღებას სასამართლო მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით არ ადგენს, რადგან მოწმის ჩვენებებთან ერთად საგულისხმოა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ასახულია, რომ ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისთანავე მყიდველი ვალდებულია გამყიდველს ნასყიდობის საგნის საფასური სრულად გადაუხადოს, რასაც ქრონოლოგიურად სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების აქტი მოჰყვება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე აცნობიერებს რა, რომ სადავო ქონების მესაკუთრეები მოპასუხეები არიან, იგი დავის მორიგებით დასრულებას იმგვარი დათქმით ეთანხმება, რომ მას აღნიშნული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მხარეების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
14.10 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2016 წლის 29 სექტემბერს დაიდო, მხარეთა შორის მორიგება 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა და აპელანტები სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მხოლოდ 2016 წლის 6 ოქტომბერს აღირიცხნენ, რაც უდავოდ ადგენს, რომ ამ დროისთვის მოსარჩელეს შეთანხმებული თანხა უკვე მიღებული ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არც მორიგების აქტით განაცხადებდა პრეტენზიის არქონის თაობაზე და არც მორიგების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, 2016 წლის 6 ოქტომბერს, აპელანტების სახელზე უძრავ ქონებას არ გადააფორმებდა. აღნიშნულ რწმენას ამყარებს ასევე ის გარემოებაც, რომ 2016 წლის 6 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 8 ივნისი) მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნა, დამატებითი ვადის დაწესება ან/და სხვა კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენება არ დგინდება.
14.11 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო თანხის გადაცემის დადასტურების ვალდებულება მოპასუხეებს (აპელანტებს) ეკისრებოდათ, რომლებმაც სასამართლოში წარდგენილი 2016 წლის 4 ოქტომბრის მორიგების აქტით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, სასამართლოს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა შეუქმნეს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მას შემდეგ რაც, მოწმეთა ჩვენებებით თანხის გადაცემის ფაქტი დადასტურდა, თუმცა, ოდენობა და მიზნობრიობა არ გამოიკვეთა, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე შებრუნდა, რა დროსაც სწორედ ამ უკანაკსნელს უნდა განეხორციელებინა შედავება გადაცემული თანხის ოდენობისა თუ სხვა დანიშნულების შესახებ, რაც არ განხორციელებულა.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
15.2 კასატორი დავობს, რომ არ შეიძლება სხვა დავაში მოსარჩელის ინტერესი ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გაიგივებული იყოს სხვა ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ თანხის მოთხოვნასთან.
15.3 კასატორის განმარტებით, მყიდველებმა შესაგებელში აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნასყიდობის თანხა გადასცეს. ამავე დროს, სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ თანხის გადაცემა ნასყიდობის შემდეგ კი არა, ნასყიდობის გაფორმებამდე პირველი მოპასუხის სახლში მოხდა, სადაც მოსარჩელე თავად მივიდა. მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე დაინახეს მეორე მოპასუხემ, მოსარჩელეს, თანხა ხელში როგორ მიაწოდა. ამავე დროს, თანხის გადაცემის შემდეგ, მხარეები ნოტარიუსთან წავიდნენ და ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, სადაც მითითებულია, რომ ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა ვალდებულება აიღო გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასი სრულად, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე გადაეხადა. კასატორი მიუთითებს, რომ თუ მყიდველებს თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე უკვე გადახდილი ჰქონდათ, რატომ არ გამოთქვეს პრეტენზია ხელშეკრულების ამ ჩანაწერთან დაკავშირებით და ნოტარიუსს რატომ არ შეაცვლევინეს აღნიშნული. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა აღნიშნა, რომ თანხის გადახდაზე მისთვის არავის არაფერი უთქვამს. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობილობა კი, უტყუარად ადასტურებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, მყიდველებს თანხა არ გადაუხდიათ. ამასთან, გაუგებარია რა საფუძვლით გაიზიარა სასამართლომ მოწმეთა ჩვენება, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
15.4 კასატორი უთითებს სსკ-ის 427-ე, 429-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოვალეს მტკიცების ტვირთი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით ეკისრება.
15.5 კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე Nას-1541-1547-2011), რომელიც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებასა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ 381). ამასთან, კასატორი დავობს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლიც თანახმად, სასამართლომ თანხის გადაცემის ფაქტი მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა.
15.6 კასატორი სადავოდ ხდის წინამდებარე განჩინების 15.4-15.5 ქვეპუნქტებში მითითებულ მსჯელობასაც და განმარტავს, რომ მოცემულ დავაში ჩართულია სხვა პირიც - მეორე მოპასუხე, რომელთანაც მოსარჩელე არ მორიგებულა.
15.7 კასატორის განმარტებით, სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა. კასატორი სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სადაც თითოეულ მხარეს უფლებები და ვალდებულებები გააჩნია, ნათელია, რომ თითოეულმა მხარემ მათ მიერ შესრულებული ვალდებულების ფაქტი უნდა ადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება - ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო მყიდველის მიერ ვლადებულების შესრულება - გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, გამყიდველის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გამყიდველის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს, ამასთან, ამ უკანასკნელის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა.
23. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). საგულისხმოა ისიც, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით)“ - იხ სუსგ # ას-860-860-2018, 16.11.2018წ.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“ (სსკ-ის 477-ე მუხლი).
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ, ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველებმა (მოპასუხეებმა) ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, უძრავი ქონების საფასურის გადახდის ვალდებულება აიღეს, თუმცა, აღნიშნული დათქმა, ცალსახად მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას არ ადასტურებს, მით უფრო, როდესაც მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სხვა დავის ფარგლებში, იმავე ნასყიდობის საგანზე, მორიგება დამტკიცდა, რომლის თანახმად, უძრავი ქონება მოპასუხე მხარის სახელზე აღირიცხა. მორიგების აქტის 1.2 ქვეპუნქტის თანახმად, მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოვლენათა განვითარების ჯაჭვზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის მორიგების მიღწევამდე, 2016 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ლოგიკურად მხარეთა შორის არსებული ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებს.
27. საკასაციო სასამართლო მხარეთა ნების დასადგენად სსკ-ის 52-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ თუ მოსარჩელეს, რომელსაც 2016 წლის 29 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასური მიღებული არ ჰქონდა, მით უფრო იმ პირობებში, როცა ხელშეკრულების დათქმას ნასყიდობის საფასურის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადახდა წარმოადგენდა, ქმედების გონივრულ განსჯას მოკლებულია, 2016 წლის 4 ოქტომბერს, თუნდაც სხვა დავის ფარგლებში, იმავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მორიგების პირობებს დათანხმებოდა და ამასთან დაედასტურებინა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება 2016 წლის 30 სექტემბერს წარადგინეს საჯარო რეესტრში, უძრავი ქონების მესაკუთრეები კი - 2016 წლის 6 ოქტომბერს გახდნენ. ამ პერიოდში, მოპასუხეს რეგისტრაციის შეჩერების მოთხოვნით ან სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე სხვა განცხადებით საჯარო რეესტრისათვის არ მიუმართავს, ისევე როგორც - მოპასუხეებისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი სწორად გადაანაწილა. მოპასუხეებმა მოწმეთა ჩვენებებითა და წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლების შესაბამისად, თანხის გადაცემის ფაქტი დაადასტურეს, შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კასატორზე (გამყიდველზე) გადავიდა, რომელმაც ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
29. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 623-ე, 624-ე მუხლებზე მითითებით და სესხის სახელშეკრულებო-სამართლებრივ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (იხ. სუსგ-ები # ას- 294-278-2011, 03.11.2011წ., # ას-127-119-2015, 22.07.2015წ.), თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა, ზემოაღნიშნული ნორმებიდან არ გამომდინარეობს, ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 15.5 ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში მითითებულ პრეტენზიას, მით უფრო, როცა სადავო ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ დადგენილა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც 15.2 ქვეპუნქტშია მითითებული, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორივე დავაში, სადავო უძრავი ქონება იდენტურია, ისევე როგორც - მხარეთა ინტერესები, აღნიშნული კი, ნასყიდობის ხელშეკრულებასა და მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების ურთიერთკავშირზე მიუთითებს, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოება მტკიცებულებათა ერთობილობიდან გამომდინარე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, კანონიერად დაადგინა. მოპასუხეები, საკუთარი ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით ცდილობდნენ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნასყიდობის საფასურის გადახდა დაედასტურებინათ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებმა, 2016 წლის 4 ოქტომბრამდე, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დაადასტურეს და წინამდებარე განჩინების 15.3 ქვეპუნქტში მითითებული საკასაციო პრეტენზია, კვალიფიციულ შედავებას არ წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესადავებლად.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ა–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარის (გადახდის ქვითარი N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 28 მარტი), 70% – 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე