საქმე №ას-648-2019 17 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ს.ი–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ბ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე თანხის გადახდევინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, შპს "ს.ი–ის" (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს ,,ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა:
1.1 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 1597500 ევროს გადახდა დაეკისრა;
1.2 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 27 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამადე, 1260000 ევროზე თვეში 0.767%-ის გადახდა დაეკისრა პროცენტის თვიური კაპიტალიზაციით;
1.3 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამადე, 337500 ევროზე თვეში 0.675%-ის გადახდა დაეკისრა პროცენტის თვიური კაპიტალიზაციით;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შეჩერდა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოხმობით განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს მოპასუხისათვის საბანკო ანაბრის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ამ უკანასკნელისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პროცენტის თვიური კაპიტალიზაციით, თანხის პროცენტის გადახდის დაკისრება წარმოადგენს.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 8.3 და 115-ე მუხლებიდან გამომდინარეობს და განმარტა, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან, ზიანის სახით, ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის დაკისრებას, რომელსაც მოსარჩელე ბანკის მხრიდან შეტყობინების ვალდებულების დარღვევის არარსებობის პირობებში მიიღებდა, ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების დაურღვევლობის შემთხვევაშიც, ანაბრის ვადამდე შეწყვეტა, სადეპოზიტო ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას არ წარმოადგენს. მეორე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი კი, სსკ-ის 982.1-ე და 985-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხის პოზიციაზეც, რომლის თანახმად, გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად (გაფორმებულია ბანკსა და მოსარჩელეს შორის, ამ უკანასკნელის ანაბარზე არსებული თანხის შპს ,,ს.ი–ის“ (შემდეგში: მესამე პირის) საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად), ბანკს ვალდებულება არ ეკისრებოდა, დეპოზიტარისათვის მოსალოდნელი ფაქტის შესახებ დეპოზიტის ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი კვირით ადრე ეცნობებინა. ამასთან, ბანკს დაგირავებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული სახსრების უაქცეპტოდ ჩამოწერისა და ძირითადი და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესასრულებლად მიქცევის უფლება ჰქონდა.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბანკის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, რომლის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული დეპოზიტის ხელშეკრულებაში სარგებლის მაღალი არასტანდარტული ოდენობა საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დეპოზიტების დაგირავების ფაქტითაა განპირობებული. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, სარჩელში მოთხოვნილი სარგებლის გაანგარიშებისას, მოსარჩელე სწორედ სარგებლის იმ განაკვეთით ხელმძღვანელობს, რაც დეპოზიტების დაგირავების გამო განისაზღვრა. მოპასუხემ შესაგებელში სასამართლოში წარდგენილ ცნობაზეც მიუთითა, რომლის შესაბამისადაც, ბანკის განმარტებით, დეპოზიტის დაგირავების არარსებობის პირობებში სარგებლის ოდენობა სრულიად სხვა, სტანდარტული განაკვეთებით 2013 წლის 27 ივნისს - 5.25%-ით, 2014 წლის 20 ივნისსა და 15 ივლისს - 2.75%-ით განისაზღვრებოდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემული დავის განხილვა სამოქალაქო საქმის N2ბ/778-18-ის გადაწყვეტამდე უნდა შეჩერდეს.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში დავის საგანს, მხარეებს შორის დეპოზიტზე არსებული თანხების დაგირავების თაობაზე გაფორმებული გარიგების ხელშეკრულებები წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის გადაწყვეტისას მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დასადგენი და შესაფასებელი გარემოებებია: მხარეთა შორის გაფორმებული სადეპოზიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელის ანაბრებზე დარიცხული სარგებელი წარმოადგენდა თუ არა არასტანდარტულად მაღალ სარგებელს; არასტანდარტულად მაღალი სარგებლის განსაზღვრა დეპოზიტზე განთავსებულ ანაბრებზე განპირობებული იყო თუ არა მხარეებს შორის გაფორმებული (სადავო) გირავნობის ხელშეკრულებების გამო, რომელთა არარსებობის პირობებშიც, ანაბრებზე დასარიცხი სარგებლის განაკვეთი სტანდარტული საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრებოდა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ საკითხების გადაწყვეტამდე, მხარეებს შორის დავა სადავო გირავნობის ხელშეკრულებების ნამდვილობის თაობაზე უნდა გადაწყდეს.
12. მოსარჩელემ 2019 წლის 19 აპრილს კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. მე-3 პუნქტი) და საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვა.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბანკის პრეტენზია ოთხი დეპოზიტის ხელშეკრულებიდან მხოლოდ ერთს - 2013 წლის 27 ივნისის დეპოზიტის ხელშეკრულებას ეხება. მოპასუხის მტკიცებით, დამატებითი შეთანხმება NGE06BG0000000302689202-1 განსაზღვრავს, რომ სარგებელი არასტანდარტულია, თუმცა ბანკის შესაგებელს აღნიშნული შეთანხმება არ ერთვის და არ არის წარდგენილი საქმეში, მაშინ, როდესაც მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.
14. კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ დამატებით შეთანხმებაში აღნიშნულია 1. ბანკსა და მესამე პირს შორის დაგეგმილი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, გარიგებით განსაზღვრული დეპოზიტი დაგირავდება; 2. გარიგებით დეპოზიტისათვის არასტანდარტული სარგებელია გათვალისწინებული (შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის წლიური 8%).
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან (იხ. საქმე Nას-1062-1002-2015; 27.04.2016 წელი).
16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის მტკიცებით, გირავნობის ხელშეკრულებების ბათილობა, დეპოზიტის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების 2.2 მუხლს აამოქმედებს და ბანკს უფლება ექნება შეამციროს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ამ უკანასკნელის მტკიცებით, არასტანდარტულია.
17. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სარგებელი რომ სტანდარტულია, სარჩელზე თანდართული სს ,,თ.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის დადებული ანაბრის ხელშეკრულებები ადასტურებს. ამასთან, მოპასუხე ოთხი დეპოზიტის ხელშეკრულებიდან, მხოლოდ ერთი დეპოზიტის ხელშეკრულების დამატებით შეთანხმებაზე აპელირებს, ხოლო ბანკთან დადებული სხვა ორი დეპოზიტის ხელშეკრულებაც, იდენტურ 7-დან 8%-მდე სარგებელს ითვალისწინებს. ბანკის მიერ წარდგენილი ცნობა კი, რომელიც თითქოს სადავო პერიოდებში, სტანდარტული საპროცენტო სარგებლის თაობაზე მითითებას შეიცავს, ზოგადი შინაარსისაა და იმ განსაკუთრებულ სპეციალურ შეთავაზებებზე არ მიუთითებს, თუ რა სარგებელი ირიცხება, როცა დეპოზიტზე რამდენიმე მილიონი ევროა. დოკუმენტის პრეამბულაში მითითებული სარგებელი სტანდარტულია თუ არა, ბანკის რაიმე უფლებას არ წარმოადგენს.
18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დამატებითი შეთანხმების 2.1-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი, ვალდებულებას ვადაზე ადრე შეასრულებდა, ბანკს დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის ცალმხრივად შეცვლის უფლება ჰქონდა. უდავოა, რომ მესამე პირს სასესხო ვალდებულება ვადაზე ადრე არ შეუსრულებია.
19. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დამატებითი შეთანხმების 2.1 მუხლში არსად წერია, რომ გირავნობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში, ბანკს დეპოზიტის სარგებლის შემცირების უფლება აქვს, ამასთან, ბანკს არ წარუდგენია ევენტუალური კონკრეტული შესაგებელი, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას გამორიცხავს. ბანკი მხოლოდ მითითებით შემოიფარგლება, რომ სარგებელი არასტანდარტულია. აღნიშნული გარემოება დამატებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას ადასტურებს: მაშინ, როდესაც ბანკს შესაგებელში არ აქვს კონკრეტული ან კვალიფიციური, მოთხოვნის შემამცირებელი შესაგებელი და მისი გამამყარებელი მტკიცებულება წარდგენილი, სასამართლო ბანკის ზეპირ განმარტებაზე დაყრდნობით, დოკუმენტის შესწავლის გარეშე საქმისწარმოებას აჩერებს. შესაბამისად, ძირითად დავაზე მიღებული გადაწყვეტილება, გირავნობის ხელშეკრულებების ნამდვილობისა თუ ბათილობის თაობაზე, მოსარჩელის სარგებლის მიღების მოთხოვნაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.
20. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოცემული დავის გადაწყვეტასა და პირველ დავაზე (საქმე N 2ბ/778-18) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას შორის კავშირი არ არსებობს. გირავნობის ხელშეკრულებების ნამდვილობის ან ბათილობის დადგენის გარეშე, მოცემული დავის განხილვა შესაძლებელია, რადგან ბანკის მიმართ არსებული მოთხოვნა სარგებლის გადახდაზე, ანაბრების გირავნობის ხელშეკრულებების ნამდვილობაზე ან ბათილობაზე არ არის დამოკიდებული.
21. კერძო საჩივრის ავტორი 2019 წლის 10 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სასამართლო დაუფარავად ცდილობდა, ბანკის წარმომადგენელს შეჩერების შუამდგომლობის დასაბუთებაში დახმარებოდა, შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ მიმანიშნებელი კითხვის დასმით, ბანკს თავადაც კი შესთავაზა, შესაძლო ლოგიკური ახსნა იმისა, რატომ იყო გათვალისწინებული არასტანდარტული სარგებელი დეპოზიტისათვის. ამასთან, სხდომა მხოლოდ იმიტომ გადაიდო მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე, რომ სასამართლოს დამატებითი დრო ჰქონოდა საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო სხდომაზე ცხადი გახდა, რომ სასამართლო საქმისწარმოების შეჩერებას გეგმავდა და ბანკის წარმომადგენელს მაქსიმალურად ეხმარებოდა შეჩერების საფუძვლების მოფიქრებაში. ამით კი, მხარეს დასაბუთებული ეჭვი უჩნდება სასამართლოს შემადგენლობაზე დაუშვებელი ზემოქმედების და/ან მისი მიკერძოებულობის თაობაზე, რაც სსსკ-ის მე-4-მე-6 მუხლებით განსაზღვრულ პრინციპებს არღვევს. შედეგად მხარის უფლება სამართლიან სასამართლოზე ირღვევა.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერების შემოწმების საკითხი.
25. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მოხმობილი სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას.
26. “საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-212-197-2014, 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;). ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან“ (იხ. სუსგ ას-1062-1002-2015, 2016 წლის 27 აპრილის განჩინება).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლის მიერ სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეჩერების საფუძვლად გამოყენებული საქმის (N2ბ/778-18) დავის საგანია მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ამ გარიგებათა საფუძველზე დაგირავებული და შემდგომში ბანკის მიერ მესამე პირის ვალდებულების შესასრულებლად მიქცეული მოსარჩელის კუთვნილი თანხის - 7 000 000 ევროს დაბრუნება, რომელიც გასაჩივრებულია საკასაციო წესით, ხოლო განსახილველი და უკვე შეჩერებული დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო ანაბრის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის - 1597500 ევროსა და საბანკო ანაბრის თანხის პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პროცენტის თვიური კაპიტალიზაციით.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-6 მუხლშია მითითებულია და მის გასაქარწყლებლად წარდგენილ მოპასუხის შესაგებელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 260, 266), რომლის თანახმად, დეპოზიტის მაღალი სარგებელი, საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, დეპოზიტის დაგირავებითაა განპირობებული.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს, რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეებს შორის და შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მოსარჩელეს დავის გადასაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შეედავა, კერძოდ, სარგებლის ოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც ბანკის მტკიცებით არასტანდარტულია და დეპოზიტით უზრუნველყოფილმა საკრედიტო ვალდებულებამ განაპირობა.
30. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კანონიერია და საქმის განხილვის გაგრძელების სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „შეუძლებლობა“ გამოვლენილია სწორედ იმის გამო, რომ სხვა დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოცემულ დავაზე, გამოიკვეთება მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, სარჩელით მოთხოვნილი სარგებლის ოდენობისთან დაკავშირებით.
31. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დასადგენი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობის ხელშეკრულებათა ნამდვილობის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელი ხელშეკრულებების ბათილობის შემთხვევაში და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, მხარეთა ინტერესები, მოთხოვნილი სარგებლის ოდენობასთან დაკავშირებით უნდა დაბალანსდეს.
32. საკასაციო სასამართლო 2019 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის მოსმენის შემდეგ განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, სასამართლოს მიკერძოებულობის შესახებ, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული მოტივაცია მარტოოდენ მხარის სუბიექტურ შეფასებასა და აღქმას ეფუძნება. ამასთან, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე, თავისი უფლების ფარგლებში (სსსკ-ის 222-ე მუხლი), ორივე მხარეს უსვამდა სადავო საკითხის გამორკვევასთან დაკავშირებით კითხვებს, რაც თავისთავად, სასამართლოს თავმჯდომარის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველს არ ქმნის.
33. სასამართლო საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებაზეც უთითებს, კერძოდ, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე (სსსკ-ის მე-25 მუხლის მე-3 ნაწილი), რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი არ არსებობს მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება, კოლეგებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება. ამასთან, თითოეული მოსამართლე დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებისას და ეყრდნობა საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლის ნორმებს, რომლებიც განსახილველი ურთიერთობის მომწესრიგებელ იურიდიულ შედეგს განაპირობებენ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი საქმის მომხსენებელი მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, სსსკ-ის მე-4-6 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების დარღვევის თაობაზე, არ არის დასაბუთებული.
34. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს.ი–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე