Facebook Twitter

საქმე №ას-655-2019 5 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ღ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, შესაბამის პროგრამაში აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ღ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მწვრთნელი, მოწინააღმდეგე მხარე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის (შემდეგში: მოსარჩელე, საქალაქო სამსახური, აპელანტი, კასატორი) ,,მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში“ ირიცხებოდა და თვეში, წახალისების მიზნით, 625 ლარს იღებდა (იხ.ტ.1, ს.ფ. 26-27; 36-46);

2. მოსარჩელე 2017 წლიდან, მონიტორინგისა და შეფასების დასკვნის საფუძველზე, მოპასუხის გადაწყვეტილებით ამოღებულ იქნა ,,მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან“ (იხ.ტ.1, ს.ფ. 26-27);

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 მოსარჩელემ, 2017 წლის 31 იანვარს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ გამოვლენილი ნების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) ბათილად ცნობა (წერილი N19-0117006975), წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ პროგრამაში აღდგენა და მოპასუხისათვის ყოველთვიურად 625 ლარის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა.

3.2 მოსარჩელის განმარტებით, საქალაქო სამსახურის უფროსის წერილში მითითებულია, რომ იგი 2016 წლის 29 ნოემბერსა და იმავე წლის 14 დეკემბერს ადგილზე არ იმყოფებოდა და ვარჯიშს არ მართავდა, რაც მისი ,,მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან“ ამოღების საფუძველი გახდა.

3.3 მოსარჩელის განმარტებით, იგი 2016 წლის 29 ნოემბერს სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრზე ყაზახეთში გაემგზავრა, 2016 წლის 14 დეკემბერს კი, გასვლით ვარჯიშზე იმყოფებოდა კუს ტბაზე, ვინაიდან ოთხშაბათობით, სპორტსმენებისათვის დანიშნულია გასვლითი ვარჯიში ე.წ. კროსი.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე, 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონიტორინგის ფარგლებში, 2016 წლის 29 ნოემბერსა და იმავე წლის 14 დეკემბერს შემოწმდა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს ვარჯიში არ გაუმართავს, ასევე, სპორტული აღრიცხვის ჟურნალს არ აწარმოებდა და აღსაზრდელთა ჯანმრთელობის ცნობები არ ჰქონდა, ხოლო იმავე წლის 14 დეკემბერს ძიუდოს თბილისის ფედერაციის მიერ მიწოდებული ვარჯიშების განრიგით გათვალისწინებულ დროს, მითითებულ ადგილზე არ იმყოფებოდა.

4.2 მოპასუხემ მიუთითა საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 15 ნოემბრის N29 ბრძანებაზეც, რომლის თანახმად, ვარჯიშის გაცდენის შემთხვევაში, მწვრთნელი ვალდებულია, ფედერაციას აცნობოს, ფედერაცია კი, თავის მხრივ, ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ საქალაქო სამსახურს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მიერ დარღვევის დაფიქსირებისას, მწვრთნელი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პროგრამიდან ამოირიცხება.

4.3 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ ზემოაღნიშნული პროცედურები დაარღვია, შესაბამისად, იგი ამოირიცხა ,,მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან“.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.

5.1.1 ბათილად იქნა ცნობილი საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ გამოვლენილი ნება (წერილი N19-0117006975), რომლითაც მოსარჩელე ამოღებულ იქნა იმავე სამსახურის მიერ დაფინანსებული ,,მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან“;

5.1.2 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 625 ლარის გადახდა დაეკისრა.

5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 316-ე, 317-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებით; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლებით; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლებით; ,,შრომის ანაზღაურების დაცვის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1949 წლის N95 კონვენციის მე-6 მუხლით; ,,შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158-ე კონვენციით და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 1982 წლის N166-ე რეკომენდაციით.

5.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2016 წლის 14 დეკემბერს გასვლით ვარჯიშზე იმყოფებოდა, ხოლო 2016 წლის 29 ნოემბერს ყაზახეთში სპორტულ შეჯიბრებაზე გაემგზავრა.

5.4 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ის ვალდებულებები არ დაურღვევია, რომლის შესრულების სანაცვლოდ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ თანხას იღებდა.

6. სააპელაციო საჩივარი

6.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2 სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სარჩელს ერთვის საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ 2017 წლის 31 იანვარს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2016 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა ყაზახეთში, რის შესახებაც ძიუდოს ფედერაციას შეატყობინა (იხ. ტ.1, ს.ფ. 12-13).

7.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილია ააიპ „ძიუდოს თბილისის ფედერაციის“ გენერალური მდივნის 2017 წლის 6 თებერვლის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ვარჯიშებს ყოველდღე, კვირის გარდა, 15:30 სთ-დან 19:00 სთ-მდე, მარჯანიშვილის N..-ში, კლუბ ,,შ–ის“ დარბაზში მართავდა; ოთხშაბათსა და შაბათს, ფიზიკური მომზადების ვარჯიშების გამო, მისი ჯგუფი სატრენაჟორო დარბაზში ან კუს ტბაზე იმყოფება (იხ. ტ.1, ს.ფ. 84); 2016 წლის 14 დეკემბერი ოთხშაბათი იყო.

7.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმედ დაკითხულმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მწვრთნელია, ამასთან დისციპლინირებული და ორგანიზებული, ასევე, მოწმემ წინამდებარე განჩინების 3.3 ქვეპუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა.

7.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულია, რომლის თანახმადაც, მაშინ, როდესაც მონიტორინგის სამსახურმა მწვრთნელი შეამოწმა, ერთ შემთხვევაში, მოსარჩელე სპორტსმენებთან ერთად სპორტულ შეჯიბრებაზე იმყოფებოდა ყაზახეთში, ხოლო მეორე შემთხვევაში - გასვლით ვარჯიშზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში.

7.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე და განმარტა, რომ ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას უკავშირდება. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები კი, იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.

7.7 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 408-ე მუხლზე მითითებით დაასკვნა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, დამატებითი შემოსავალი მიიღოს, რომელიც მას, როგორც წარმატებულ მწვრთნელს, საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე დაენიშნა და რომლის შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8.2 კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარეობს.

8.3 კასატორის განმარტებით, სპორტული საქალაქო ფედერაციის ყველა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პასუხისმგებლობა აიღო, საქალაქო სამსახურის უფროსის N29 ბრძანება ფედერაციის პროგრამაში ჩართული მწვრთნელებისათვის გაეცნოთ არა უგვიანეს 2016 წლის 20 ნოემბრისა. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანების გაცნობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა.

8.4 კასატორი შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1, 4.2 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ სასამართლომ, მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადგინა, მოსარჩელის სპორტსმენებთან ერთად კუს ტბაზე ყოფნის ფაქტი, ხოლო ავიაბილეთის საფუძველზე კი - 2016 წლის 30 ნოემბერს სპორტსმენებთან ერთად ყაზახეთში გაემგზავრების ფაქტი. ამასთან, მწვრთნელს არც ერთ შემთხვევაში, ამის შესახებ ფედერაცია არ გაუფრთხილებია, რაც სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელემაც დაადასტურა, შესაბამისად, ,,მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამიდან“ მოსარჩელის ამორიცხვის საფუძველი არსებობდა.

8.5 კასატორი სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლივად შესწავლა-ანალიზს.

8.6 კასატორის მტკიცებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებობის წინაპირობებს აკმაყოფილებს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).

17. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის 2017 წლის 31 იანვრის ცნობა, რომელიც საერთაშორისო ტურნირზე მოსარჩელის გამგზავრებას 2016 წლის 29 ნოემბრიდან იმავე წლის 3 დეკემბრამდე ადასტურებს, გასათვალისწინებელია ცნობაში მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გამგზავრების შესახებ ძიუდოს ფედერაციას შეატყობინა (იხ. ტ.1, ს.ფ. 12-13); საქმეში წარდგენილია ასევე, ძიუდოს თბილისის ფედერაციის წერილი (იხ. ტ.1, ს.ფ. 84), რომლის თანახმად, ოთხშაბათსა და შაბათს, ფიზიკური მომზადების ვარჯიშების გამო, მოსარჩელის ჯგუფი სატრენაჟორო დარბაზში ან კუს ტბაზე იმყოფება.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 14 დეკემბერი ოთხშაბათი იყო, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, რომლის თანახმადაც, იგი აღნიშნულ დღეს, გასვლით ვარჯიშზე კუს ტბაზე იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მოწმის ჩვენებაზეც, რომელმაც ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა და განმარტავს, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზიები, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განმსაზღვრელ ყველა ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხზე იმსჯელა, ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმეგო არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში, სადავო ფაქტის დასადასტურებლად კვალიფიციურ შედავებას კი, მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს, საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 ნოემბრის N29 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ დაურღვევია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე