საქმე №ას-764-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ–ი" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოპასუხე, სამინისტრო, შემსყიდველი, შემკვეთი, აპელანტი ან კასატორი) და შპს „მ–ს” (შემდეგში: მოსარჩელე, შემსრულებელი ან მენარდე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2017 წლის 24 იანვარს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 28 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ,,TOYOTA-სა“ და ,,LEXUS-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება დანართი N1-3-ის შესაბამისად გაეწია. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 200 000 ლარით, ხოლო, ხელშეკრულების ვადა - 2018 წლის 31 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-30).
2. ხელშეკრულების 12.3 ქვეპუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და კეთილსინდისიერების პრინციპს დაარღვევს და სამინისტროს, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადას არ შესთავაზებს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) წინამდებარე ხელშეკრულება შეწყვიტოს და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით დააჯარიმოს ან ბ) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვისცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ან 6.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, 100 ლარის ოდენობით, დააკისროს.
3. ხელშეკრულების 12.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ: ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
4. ხელშეკრულების 6.2 ქვეპუნქტის თანახმად, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება), გარანტია მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული ვადები და გარბენი) ვრცელდება;
5. სამინისტრომ 2017 წლის 21 სექტემბრის წერილით აცნობა მენარდეს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% პირგასამტეხლოს (20 000 ლარის) დაკისრების შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32-34).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ, 2017 წლის 16 ოქტომბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ და მე-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების გამო, სამინისტროს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უკანონოა.
6.3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ თავი დაიცვას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის # 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე არაკეთილსინდისიერ შემსრულებელთა სიაში, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრისაგან, სხვა შემთხვევაში, თუ არა აღიარებითი სარჩელის გზით თავის დაცვა, კომპანია აღმოჩნდება „შავ სიაში“ (იხ. სარჩელი- ს.ფ.2-4).
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხემ (სამინისტრომ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით FCF-862), 2017 წლის 1 თებერვალს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შევიდა კომპანიის სერვისცენტრში, რომელსაც გეგმიურად ძრავის ღვედი შეეცვლა (გარბენი 151655) და ხელშეკრულებაში მოცემული პირობებით საგარანტიო პერიოდი - 1 წლით განესაზღვრა.
7.2 მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 14 ივლისს, ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარბენი 174000), ძრავის დაზიანების გამო, მოსარჩელის სერვისცენტრში ევაკუატორით გადაიყვანეს, სადაც დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ავტომანქანას გაწყვეტილი ჰქონდა ძრავის ღვედი, რამაც ძრავის დაზიანება გამოიწვია. მოპასუხის განმარტებით, სავარაუდოდ, მოსარჩელისაგან მიწოდებული მარაგი ნაწილისა (ღვედი) და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ შეესაბამებოდა.
7.3 მოპასუხემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 17 ივლისს, დათვალიერების შედეგად ძრავის დაზიანება დაუდგინდა იმავე სერვისცენტრში, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებას დეფორმირებული ჰქონდა შემშვებ-გამშვები სარქველები (ე.წ. „კლაპნები“) და ასევე, სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, რაც ძრავის ღვედის გაწყვეტამ გამოიწვია. მოსარჩელის უფლებამოსილი პირების 2017 წლის 7 აგვისტოს განცხადებით, ავტომანქანა შეკეთდა და გამართულ მდგომარეობაში იყო, თუმცა მას სატესტო გავლის დროს ძრავის არასწორი მუშაობა და მცირედი ხმები აღენიშნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომობილი, 2017 წლის 8 აგვისტოს, კვლავ შეკეთების მიზნით, მოსარჩელის სერვისცენტრში გადაიყვანეს.
7.4 მოპასუხის განმარტებით, არაერთი წერილობითი თუ სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელე, ზემოაღნიშნული ავტომობილის შეკეთებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად, მენარდემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტი არ შეასრულა, რომელიც მიმწოდებელს, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, უხარისხოდ გაწეული მომსახურების საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტის და ნაკლის აღმოფხვრას ავალდებულებს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.
8.1.1 წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება არამართლზომიერად შეწყვეტილად ჩაითვალა;
8.1.2 მოსარჩელე, პირგასამტეხლოს - 20000 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა.
8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 417-ე, 629-ე, 643-ე და 644-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით და დაადგინა, რომ მიმწოდებელმა (კომპანიამ) საგარანტიო პირობები, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტის შესაბამისად შეასრულა.
9. სააპელაციო საჩივარი
9.1 მოპასუხემ (სამინისტრომ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი, ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ აღიარების შესახებ სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ვინაიდან მენარდის იურიდიულ ინტერესს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 20 000 ლარის დარიცხვის უკანონოდ ცნობა და კომპანიის ე.წ „შავ სიაში“ რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის დადასტურებაა.
10.3 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდის მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რომელიც სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი გახდა, არ დასტურდება.
10.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლებზე, ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის მატერიალურ და ფორმალურ საფუძვლებზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, მენარდის (კომპანიის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი უნდა დაადგინოს, რათა შემდეგ, შემკვეთის (სამინისტროს) მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მართლზომიერება შეფასდეს.
10.5 სასამართლომ მიუთითა, რომ თითოეულ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაკეთებლად შედიოდა მოსარჩელის ცენტრში, დეფექტური აქტი დგებოდა, სადაც მითითებული იყო, თუ რა პრობლემა ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას და რისი შეკეთება უნდა მომხდარიყო. როგორც წესი, დეფექტურ აქტს ხელს, როგორც შემკვეთი, ასევე მენარდე ხელს აწერდნენ. მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს აქტი დგებოდა, რომელსაც ხელს ხელშეკრულების ორივე მხარე აწერდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მენარდემ 2017 წლის 1 თებერვალს, მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილზე ჰაერის ფილტრი, ძრავის ღვედი და ზეთის გადამწოდი შეცვალა. აღნიშნულ მომსახურებაზე, 2017 წლის 1 თებერვალს შესრულების აქტი შედგა, რომელზეც სამინისტროს დანაყოფის წარმომადგენელიც აწერს ხელს. იგივე ავტომობილი, 2017 წლის 4 აგვისტოსაც შევიდა სერვისცენტრში, დეფექტური აქტის შესაბამისად, ავტომობილს - ძრავის ღვედის გორგოლაჭის, ანტიფრიზის, ძრავის თავაკისა და ძრავის კაპიტალური შეკეთება ესაჭიროებოდა, ამ სამუშაოზეც, 2017 წლის 7 აგვისტოს, შესრულების აქტი შედგა, რომელზეც შემკვეთი და მენარდე აწერს ხელს. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს შედგენილ შესრულების აქტში შემკვეთის მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მითითებული არ ყოფილა და მსგავსი პრეტენზიის არსებობა არც საქმის სხვა მასალებით დასტურდება.
10.6 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, როგორც ანაზღაურებად, ასევე საგარანტიო მომსახურების გაწევასაც ითვალისწინებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული თავისთავად გულისხმობს, რომ ავტომობილის შეკეთების სპეციფიკიდან გამომდინარე, მას შეიძლება განმეორებითი შეკეთება დასჭირდეს, რაც, თავის მხრივ, არაჯეროვან შესრულებას ან/და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ცალსახად არ გულისხმობს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 თებერვალს, შემკვეთის ბალანსზე რიცხულ ავტომობილს ძრავის ღვედი, ჰაერის ფილტრი და ზეთის გადამწოდი შეეცვალა, ხოლო 2017 წლის 7 აგვისტოს, ავტომობილს სხვა სახის მომსახურება გაეწია, შემდეგ კი - იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებას ძრავის თავაკის, დამჭიმისა და ძრავის ღვედის შეცვლა, ასევე ძრავის კაპიტალური შეკეთება და ანტიფრიზის დამატება დასჭირდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია აღნიშნული თარიღის შემდგომ, იმავე მანქანაზე, იმავე პრობლემის გამო, მიმართვის შესახებ დოკუმენტაცია, საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი დეფექტური აქტი, სადაც ისევ ძრავის ღვედის შეცვლის საჭიროებაზე იქნებოდა მითითებული, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სამინისტროს მხრიდან დეფექტური აქტის გამოცემის მოთხოვნასა და მენარდის მიერ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმას დაადასტურებდა.
10.7 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ შემკვეთი 2017 წლის 7-8 აგვისტოდან, არაერთი მოთხოვნის შემდეგ, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებში წარდგენილია 2017 წლის 12 აგვისტოსა და იმავე წლის 16 აგვისტოს დეფექტური აქტები, რომლითაც დასტურდება, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოსარჩელის სერვისცენტრში განთავსდა, მფრქვევანა, ძრავის თავაკის საფენი, ანტიფრიზი და ძრავის თავაკის მოხსნა/დაყენება ჩაუტარდა, აღნიშნულ სამუშაოებზე შესრულების აქტები შედგა.
10.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ დაშვებითაც კი, თუ სასამართლო შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ აპელანტის ზეპირ მოსაზრებას გაიზიარებდა, საქმეში არსებობს მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ არგუმენტს აქარწყლებს და ადასტურებს, რომ 7-8 აგვისტოს შემდეგ, შემკვეთმა ავტომანქანა კვლავ მიიყვანა სერვისცენტში, რა დროსაც დეფექტური აქტი არა ძრავის ღვედის თაობაზე, არამედ, სრულიად სხვა ნაწილების შეცვლა/დაყენებაზე შედგა და მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.
10.9 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი (სამინისტრო), როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მიუთითებდა, რომ 2017 წლის 14 და იმავე წლის 17 ივლისს ავტომანქანას სერვისცენტრში დათვალიერების შედეგად ძრავის დაზიანება დაუდგინდა, თუმცა, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
10.10 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რომელიც შემკვეთს ხელშეკრულებიდან გასვლის საშუალებას მისცემდა, სწორედ აპელანტს ეკისრებოდა. საქმის მასალებში წარდგენილ თითოეულ დეფექტურ აქტს შესრულების აქტი მოსდევს, რომელიც ხელმოწერილია, როგორც შემკვეთის, ასევე მენარდის მიერ. გარდა ამისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება სამინისტროს მიერ ავტომანქანის შეკეთებაზე დეფექტური აქტის შედგენის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შესრულებაზე მენარდის მიერ უარის გაცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც აპელანტის ზეპირ მითითებას ავტომანქანის 2018 წლის 14 და 17 ივლისს სერვისცენტრში მიყვანისა და მისთვის ავტომობილის ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა.
10.11 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, მართებულად იქნა უკანონოდ მიჩნეული.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოპასუხემ (სამინისტრომ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2 კასატორი შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე უთითებს (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1-7.3 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ სამინისტროს ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალებები მუდმივად გამართულ მდგომარეობაში იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს ზარალი ადგება.
11.3 მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ შეაფასა. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ფაქტობრივად დადგენილ გარემოებებს არ ემყარება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 27 მაისის განჩინებით მოპასუხის (სამინისტროს) საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ სამინისტროს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით შემკვეთს ეკისრებოდა, რაც მან სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 10.5-10.10 ქვეპუნქტებში მითითებულ მსჯელობას, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ დეფექტურ აქტებსა და მენარდის მიერ 2017 წლის 1 თებერვალსა და იმავე წლის 7 აგვისტოს გაწეულ მომსახურებაზე და განმარტავს, რომ სამინისტროს, ამ უკანასკნელი თარიღის შემდეგ, იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, იმავე პრობლების გამო, მენარდისათვის მიმართვის შესახებ მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, ამასთან, არ არსებობს დეფექტური აქტი, სადაც ისევ ძრავის ღვედის საჭიროება იქნებოდა მითითებული, ისევე როგორც არ არსებობს მტკიცებულება, სამინისტროს მიერ დეფექტური აქტის გამოცემის მოთხოვნისა და კომპანიის მიერ მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემკვეთის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, 2017 წლის 14 და 17 ივლისს სერვისცენტრში დათვალიერების შედეგად ძრავის დაზიანება დაუდგინდა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება.
22. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მენარდემ (კომპანიამ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, აღნიშნული კი, შემკვეთის (სამინისტროს) მხრიდან წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტში მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტასა და მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას ფაქტობრივ საფუძველს აცლის.
23. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მსჯელობს აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე, რომელმაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შედეგად მხარის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა გამოიწვიოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ.), სადაც განმარტებულია: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). დიდი პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; (იხ. სუსგ-ები # ას17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.“)
24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დამაჯერებლად დაასაბუთა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 ქვეპუნქტი), რაც საწარმოს, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულა შემკვეთის წინაშე, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრისგან დაცვას ემსახურება. მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე სავსებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 10.2 ქვეპუნქტი), რაც შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. ეს სწორედ ის საკითხია, როდესაც შეუძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, ხოლო აღიარებითი სარჩელის წარდგენის გზით, მოსარჩელე, საპროცესო ეკონომიის პრინცპის დაცვით, სამართლებრივად იუმჯობესებს მდგომარეობას და არ არის რამდენიმე სარჩელის წარდგენის საჭიროება, ერთი სამართალწარმოებით მიიღწევა შედეგი.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (სამინისტროს) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე