საქმე №ას-1927-2018 5 ივლისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „რ.ტ.პ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,რ.ტ.პ–ის’’ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, მესაკუთრეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის ვადაში, ნივთის საბაჟო დეკლარირების ვალდებულება არ გააჩნია (იხ.ტ.2, ს.ფ. 39).
2. შპს ,,კ.ა–ის“ (შემდეგში: კომპანია) მიერ იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება Jeep Grand Cheroke, გამოშვების წელი - 2002, ვინ კოდით - 1J4GW., 2014 წლის 5 მარტს, მოსარჩელის ღია ტერმინალის ზონაში სავალდებულო საბაჟო დეკლარირებისგან თავის არიდების მიზნით შევიდა, რის საფუძველზეც, მოსარჩელის დირექტორის მინდობილ პირს მ.რ–სა და ზ.გ–ას (შემდეგში: მესამე პირი, დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (იხ.ტ.1, ს.ფ. 40-41).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მოსარჩელემ, 2016 წლის 29 ნოემბერს, სარჩელი აღძრა მ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ და მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიბარების დავალიანების - 6504.10 ლარის, 2016 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველდღიური შენახვის საზღაურის 0.1 ლარისა და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, მოსარჩელის საწყობის გამოთავისუფლებამდე ყოველდღიური 0.1 ლარის მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრება.
3.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მხარეთა ურთიერთობა მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, კერძოდ, მოსარჩელის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, მესაკუთრე ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დადგენილი ნიხრის გადახდის პირობით ათავსებს.
3.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალება, 2014 წლის 5 მარტს ღია ტერმინალის ზონაში შევიდა, თუმცა მოპასუხეს მიბარების საზღაური არ გადაუხდია და მისი დავალიანება - 6504.10 ლარია.
3.4 მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული დამკვეთი კომპანიის მინდობილი პირია, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა - კომპანია.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება კომპანიას ეკუთვნის, ხოლო მის მინდობილ პირს დამკვეთი (მესამე პირი) წარმოადგენს, რომელმაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის ტერიტორიაზე განათავსა.
4.2 მოპასუხის განმარტებით, სადავო ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. ამასთან, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან კავშირი არ აქვს.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 158-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე და 780-ე, 781-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 85-ე და 102-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხე არასათანადო მოპასუხეა.
6. სააპელაციო საჩივარი
6.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
7.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების ძირითადი მიზანია მფლობელისათვის ავტომობილის საბაჟო დეკლარირების ვალდებულების დაუკისრებლობა, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოპასუხე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
7.4 სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელს მოპასუხე აწერდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,დროებითი შენახვის T - საწყობის პარკირების მომსახურების გაწევის წესების“ დანართი 1-ით დგინდება, რომ „დამკვეთი“ დროებითი შენახვის T საწყობში გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელია. საქმეში ასევე წარდგენილია მოსარჩელის ე.წ. გამოცხადების შესახებ აქტი, რომლის თანახმად გამოცხადების დრო - 2014 წლის 5 მარტია, ავტომანქანის შემყვანი - მესამე პირი. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე მითითებულია მესამე პირის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები (იხ. ტ.1. ს.ფ. 39).
7.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში ასევე წარდგენილია შემოსავლების სამსახურის შეტყობინება, სადაც წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად კომპანიაა მითითებული, ხოლო წარმომადგენლად - მესამე პირი. სს „კ.ს.ბ–ის“ საგადასახადო დავალების თანახმად, გადამხდელად ასევე მითითებულია კომპანია. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებს ერთვის მოპასუხის პირადობის მოწმობის ასლი, რომელიც აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურიდან შეტყობინების გადმოგზავნის შემდეგ დაურთო.
7.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1. ამ უკანასკნელსა და მოპასუხეს შორის ავტომანქანის შეძენის ხელშეკრულება არ გაფორმებულა; 2. კომპანიას მოპასუხისათვის არ დაუვალებია რაიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის საბაჟო კონტროლის ზონაში განეთავსებინა. 3. დამკვეთი ექსპედიტორის პოზიციაზე მუშაობს კომპანიაში. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალება იმპორტირებულია კომპანიის მიერ, სხვა მომხმარებლის დაკვეთით.
7.7 სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) პოზიცია, რომლის თანახმად, მოპასუხე წარმოადგენს დამკვეთს.
7.8 სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მოსარჩელეს იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მოპასუხე სადავო გარიგების მხარეს წარმოადგენს, არ წარუდგენია სასამართლოში.
7.9 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 103-ე, 104-ე, 107-ე მუხლებზე და დაადგინა, რომ მოპასუხე ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს არ წარმოადგენს, ამასთან ეს უკანასკნელი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში არ მოქმედებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს ასეთი უფლებამოსილების შესახებ სსკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად არც მიუთითებია, რადგან თვლის, რომ მოპასუხე არა წარმომადგენელი, არამედ ნივთის მიმბარებელია, ვინაიდან მან საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
7.10 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილ 2014 წლის 6 იანვრისა და იმავე წლის 6 მარტის ხელშეკრულებებს ხელს აწერს მოპასუხე, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია სხვა პირი, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხემ შეასრულა, რაც ამ უკანასკნელის ვალდებულების არსებობას ადასტურებს.
7.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მომსახურების საფასური არც ერთხელ არ გადაუხდია (სსკ 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) და ის, რომ ეს უკანასკნელი სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას ასრულებდა, მოცემულ საქმეზე მტკიცებულებად ვერ იქნება გაზიარებული.
7.12 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აპელანტის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებები, პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე, მოპასუხისათვის პასუხისმგებელ პირად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება (შდრ. სუსგ საქმე Nას-196-183-2015).
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 მოსარჩელემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2 კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე Nას-551-892-07) და განმარტავს, რომ სასამართლოს დისკრეცია, საქმის განხილვის ინტერესიდან და უპირველესი მიზნიდან - მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხების ამომწურავად და სრულყოფილად გადაწყვეტიდან უნდა გამომდინარეობდეს.
8.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ვალდებულებას არ წარმოშობს, რაც არასწორი განმარტებაა, ვინაიდან ხელმოწერა მხარის ნების გამოვლინებად და ხელშეკრულების პირობებზე თანხმობად მიიჩნევა.
8.4 კასატორის განმარტებით, ხელმოწერას აქვს ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხელისმომწერი, ხელისმოწერით ასრულებს თავისი ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას. ხელმოწერას აქვს მიკუთვნადობის ფუნქციაც, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელმოწერით ნების გამომვლენის ვინაობა და დოკუმენტის შინაარსის ნამდვილობა დგინდება.
8.5 კასატორის მტკიცებით, მოპასუხე ადასტურებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის ტერიტორიაზე ეყენა.
8.6 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში არ მოქმედებდა, იზიარებს, ვინაიდან მოპასუხე ნივთის მიმბარებელია, რომელიც მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერმინალში, ავტოსატრანსპორტო საშუალება საკუთარი ნებით შეიყვანა და 2014 წლის 5 მარტს, საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
8.7 კასატორის განმარტებით, კომპანიას, კერძო პირების დაკვეთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩამოჰყავს. მოსარჩელესთან კი, სამართლებრივ ურთიერთობაში შედის არა ავტომანქანის ჩამომყვანი, არამედ პირი, რომელმაც ავტომანქანა უშუალოდ შეიყვანა ტერმინალში და რომელმაც, მოსარჩელეს მანქანის შესახებ საბუთები მიაწოდა და ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა.
8.8 კასატორი აღნიშნავს, რომ მათთან არსებული ყველა სავაჭრო ხელშეკრულება იდენტურია და მხარეთა შორის მსგავსი არაერთი ხელშეკრულება გაფორმებულა, თუმცა მოპასუხეს, რაიმე უკმაყოფილება, იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების პირველ გვერდზე მითითებული იყო არა მისი სახელი და გვარი, არამედ სხვა პირის, არასდროს გამოუთქვამს.
8.9 კასატორი უთითებს სააპელაციო სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებაზე, (საქმე N2ბ/2228-16) და განმარტავს, რომ აღნიშნული საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-2017, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, მოპასუხის მიერ წერილობით გამოვლენილი ნების ნამდვილობას სადავო ხელშეკრულების ბოლო გვერდზე ხელმოწერის არსებობას უკავშირებს.
17. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ,,გარიგების წერილობითი ფორმით არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა“ მითითებით იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ,,ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სსკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“ (იხ. სუსგ, #ას-839-805-2016, 06.03.2017წ.). ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ხელმოწერას ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელის მომწერი ხელმოწერით ასრულებს თავის ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების წესების შესახებ 2014 წლის 5 მარტის ხელშეკრულება შედგენილია, ერთი მხრივ, მოსარჩელის დირექტორის მინდობილ პირსა, და, მეორე მხრივ, მესამე პირს შორის და განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ზემოაღნიშნული მსჯელობის უპირობოდ გაზიარებას გამორიცხავს.
18. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“, განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცება, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ, მხოლოდ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაზე მოპასუხის ხელმოწერას ემყარება, რასაც საკასაციო სასამართლო, ხელშეკრულების მხარეებიდან გამომდინარე არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოპასუხე სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არ არის, რასაც ადასტურებს, როგორც გამოცხადების შესახებ აქტი, რომელშიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებულია - მესამე პირი, მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციით, ასევე, შემოსავლების სამსახურის შეტყობინება, სადაც უკვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებულია კომპანია, ხოლო მის წარმომადგენლად - მესამე პირი. აღსანიშნავია, რომ მესამე პირი, სწორედ ამ უკანასკნელი კომპანიის თანამშრომელია.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კომპანიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმად, კომპანიასა და მოპასუხეს შორის წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ამასთან, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმპორტირებულია კომპანიის მიერ, სხვა მომხმარებლის დაკვეთით.
21. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით, იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხე დამკვეთს არ წარმოადგენს და მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით არ დასტურდება.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 7.11-7.12-ე ქვეპუნქტებში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასაც და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც მოპასუხეს, წინამდებარე შემთხვევისგან განსხვავებით, სადავოდ არ გაუხდია, მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების გადაწონვისა და მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.ტ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „რ.ტ.პ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 331 ლარის (გადახდის ქვითარი N097, გადახდის თარიღი 2018 წლის 27 ნოემბრის), 70% – 231,7 (ორას ოცდათერთმეტი და სამოცდაათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე