Facebook Twitter

საქმე №ას-1145-1065-2017 31 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2. მ. ც-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. ჯ.“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“, კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 1 600 ლარის დაკისრება მისგან შეძენილი სარკმლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ.

3. მოსარჩელის განცხადებით, 2014 წლის ივლისში მის საკუთრებაში არსებულ, ქ. ..., აღმაშენებლის #...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოპასუხემ ჩაატარა მინის გადახურვის სამუშაოები მისივე მასალით, რაშიც მოსარჩელემ გადაიხადა 1600 ლარი. სარკმელი აღმოჩნდა ნაკლის მქონე, რის გამოც საცხოვრებელ სახლში ჩაედინებოდა ატმოსფერული ნალექი და მოსარჩელეს მიადგა ზიანი. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ ნაკლი არ გამოასწორა. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯით მოახდინა სარკმლის დემონტაჟი და იგი ჩაანაცვლა ახალი გადახურვით. სარკმელი ინახება მოსარჩელესთან და მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, გადაეცემა მას.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელესთან არანაირი ხელშეკრულება არ დაუდია და მოსარჩელეს მისთვის არც თანხა გადაუხდია. მოპასუხემ ზ. გ-გან მიიღო შეკვეთა საქონლის შეძენაზე და მიაწოდა მას 1600 ლარის ღირებულების 3 კვ.მ მინის გადახურვის მასალა, რაზეც გამოიწერა სასაქონლო ზედნადები. ზედნადებში კი საქონლის მიმღებ პირად დასახელდა გ. ფ-ი. მართალია, ზ. გ-ი თანამშრომლობს მოპასუხესთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოები მოპასუხემ ჩაატარა. ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნაკლის თაობაზე სწერდა არა მოპასუხეს, არამედ ზ. გ-ს, ხოლო მოპასუხე მას შემდეგ ჩაერთო ამ დავაში, როდესაც მოსარჩელემ მას განუცხადა პრეტენზია პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით. კომპანიამ განუმარტა მოსარჩელეს, რომ მან ზ. გ-ს მიაწოდა იმ ხარისხის საქონელი, რაც მან მოითხოვა (თურქული წარმოების ASAS-ის ფირმის ალუმინის სპეციალური პროფილებისაგან წარმოებული გადახურვის მასალა).

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელის ნდობით აღჭურვილმა პირმა, გ. ფ-მა (რომელიც მოქმედებდა მოსარჩელის დავალებით) მოპასუხისაგან შეიძინა 1600 ლარის ღირებულების სარკმელი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის გადახურვისათვის. საქონლის შეძენასთან დაკავშირებით კომპანიასთან ურთიერთობის დამყარება დასტურდება მოპასუხის მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით, ასევე სასაქონლო ზედნადებით;

7.2. ზ. გ-ი თანამშრომლობს მოპასუხე კომპანიასთან;

7.3. გადასახური მასალის ტრანსპორტირება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში განხორციელდა მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მართავდა ზ. გ-ი;

7.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. ..., აღმაშენებლის ქ. #...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გადახურვაში დამონტაჟებული შუშის სარკმლიდან ხდება ატმოსფერული ნალექების სახლში ჩადინება, რაც დასტურდება კედელსა და ჭერზე არსებული ლაქებით.

8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შერეული ტიპის ხელშეკრულება, როგორც ნასყიდობის, ასევე ნარდობის სახელეკრულებო ურთიერთობის სახით.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 487-488-ე, 641-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ წარადგინა ნასყიდობის საგნის - სარკმლის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საექსპერტო დასკვნით კი დგინდება, რომ სახურავზე დამონტაჟებული სარკმლიდან სახლში ჩაედინებოდა ატოსფერული ნალექი. სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, პროდუქციის უხარისხობით იყო ეს გამოწვეული, თუ სამუშაოების არასწორად წარმართვით, რადგან ორივე ნაწილში გარიგების მხარეს მოპასუხე კომპანია წარმოადგენდა.

10. მოპასუხის დირექტორის განმარტების (ზ. გ-ის მასთან თანამშრომლობის შესახებ), საქმეში არსებული ზედნადებების, მოსარჩელის ზ. გ-თან მიმოწერისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხე კომპანიასთან და არა ფიზიკურ პირთან (ზ. გ-თან). შესაბამისად, არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია იმ საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით (ზ. გ-ით) შეცვლის თაობაზე.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 172-ე მუხლით და მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

13.1. სასამართლომ ვერ დაადგინა ვისთან დაიდო ნასყიდობის და ვისთან - ნარდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ მოსარჩელესთან დადო მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, შეძენილი საქონლის მონტაჟი მას არ განუხორციელებია და ეს გარემოება დასტურდება საქმეში არსებული მოსარჩელის წერილით. კერძოდ, მოსარჩელესა და ზ. გ-ს შორის ელექტრონული მიმოწერით დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადახურვის სისტემის სამონტაჟო სამუშაოებზე შეკვეთა ზურაბ გურაშვილს მისცა და არა მოპასუხე კომპანიას. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად არ ჩართო საქმეში სათანადო მოპასუხედ ზ. გ-ი. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია აღნიშნული პირი მოპასუხის წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მას ორგანიზაციის რაიმე სახის რწმუნებულებით და არც ორგანიზაციის სახელით არ უსარგებლია მოსარჩელესთან ურთიერთობაში;

13.2. სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც არ უთხოვია, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი იმგვარად, რომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1600 ლარის გადახდა მისგან შეძენილი სარკმლის სანაცვლოდ;

13.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნაც. ექსპერტმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა კითხვას, თუ რით იყო გამოწვეული საცხოვრებელ სახლში წყლის ჩადინება. ექსპერტმა ისე დაადგინა სარკმლიდან ატმოსფერული ნალექის ჩადინების ფაქტი, რომ მას უშუალოდ წყლის ჩადინება არ უნახავს. ამასთან, ექსპერტის მიერ სასამართლოში გაკეთებული განმარტებით დადგინდა, რომ ნაკლის მქონე იყო არა ფანჯარა, არამედ ფანჟრის გვერდზე არსებული ლითონის მასალა და მონტაჟი, ხოლო დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიჰყიდა არა ლითონის, არამედ ალუმინის პროფილებისაგან შემდგარი მინის გადახურვა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ მოცემულ საქმეში იგი არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულება დადო არა კომპანიასთან, არამედ ფიზიკურ პირთან, ზ. გ-თან. სწორედ ზ. გ-ი უნდა ჩაერთო სასამართლოს საქმეში სათანადო მოპასუხედ.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედის და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-1085-1042-2016, 2017 წლის 10 მაისი).

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 85-ე მუხლი).

21. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.

22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე კომპანიისათვის თანხის დაკისრებას კომპანიის მიერ ნარდობის ხელშეკრულების არაჯეროვად შესრულების (მოპასუხისაგან შესყიდული გადასახური მასალის არასწორი მონტაჟის) გამო, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ მინის გადახურვის სამონტაჟო სამუშაოები მას არ განუხორციელებია. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად კი ფიზიკურ პირს, ზ. გ-ს ასახელებს.

23. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელემ (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით) მოპასუხე კომპანიისაგან შეიძინა საცხოვრებელი სახლის გადასახური მასალა (მინის გადახურვა) და მასალის ტრანსპორტირება მოსარჩელის მისამართზე განხორციელდა მძღოლის, ზ. გ-ის მიერ (აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია მოპასუხის მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით, ასევე სასაქონლო ზედნადებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15; 60)); პროდუქციის მონტაჟი განხორციელდა ზ. გ-ის მონაწილეობით (იხ. ტ. 1, ს.ფ 69-75); ზ. გ-ი თანამშრომლობს მოპასუხე კომპანიასთან - პერიოდულად უწევს მას მომსახურებას ტექნიკური ნახაზების შედგენის, სამუშაოების დაგეგმვის და მათი შესრულების სფეროში (აღნიშნულ გარემოებას თავად მოპასუხე კომპანია ადასტურებს (იხ. ტ. 1, ს.ფ 76)); მოპასუხე კომპანიის დირექტორი მოსარჩელისათვის გაგზავნილ წერილში (სადაც მოპასუხე მიუთითებს გადახურვის შესაძლო ხარვეზებზე) განმარტავს, რომ მოსარჩელესა და ზურაბ გურაშვილს შორის არსებული ელექტრონული მომიწერებიდან კარგად ჩანს კომპანიის მზადყოფნა დამკვეთის მოთხოვნისამებრ გამოესწორებინა ნებისმიერი ხარვეზი (თუკი ასეთი დადგინდებოდა), რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მიზეზით (იხ. ტ. 1, ს.ფ 64); ზ. გ-ის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილ ელ. წერილში მითითებულია, რომ სარკმლის მონტაჟთან დაკავშირებით რეკომენდაციები ადგილზე გაეწია გადახურვის სპეციალისტს მათი კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ (იხ. ტ. 1, ს.ფ 61-62).

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ცდილობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნების გაქარწყლებას, თუმცა მისი საკასაციო შედავება, რომ ზ. გ-ი არ არის მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი და იგი მოსარჩელესთან ურთიერთობისას ორგანიზაციის სახელით არ მოქმედებდა, დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. აღნიშნულზე მხოლოდ ზეპირი სახის მითითება კი ვერ გააბათილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკლვეული მტკიცებულებების (წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში მითითებული გარემოებების) ერთობლივი ანალიზის შედეგად გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებს - მინის გადახურვის მონტაჟს - მოპასუხე ახორციელებდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ზ. გ-ის მეშვეობით, რაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებელ პირად სწორედ კომპანიის მიჩნევას განაპირობებდა. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს, ასევე, სამოქალაქო კოდექის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის (თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა) შინაარსიდანაც.

26. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით (ზ. გ-ით) შეცვლის თაობაზე.

27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მორიგ პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია (სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა თანხის დაკისრებას, ხოლო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1600 ლარის გადახდა მისგან შეძენილი სარკმლის სანაცვლოდ). სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ სასარჩელო განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ როგორც მისი შინაარსიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე კომპანიისათვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას და, ამავე დროს, გამოთქვამს მზადყოფნას, მოპასუხეს დაუბრუნოს ის სარკმელი, რომელიც დემონტაჟირებულია (იხ. ტ. 1, ს.ფ 4). გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა სარკმლის დაბრუნების სანაცვლოდ, სარჩელი დაკმაყოფილებულია წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

28. რაც შეეხება კასატორის კრიტიკას საქმეში არსებულ 2015 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეს დოკუმენტი შეიცავს დამაჯერებელ კვლევას და უპირობოდ დგინდება ის, რომ სახეზეა დამონტაჟებული მინის გადახურვიდან საცხოვრებელ სახლში წყლის გაჟონვის ფაქტი (იხ. ტ. 1. ს.ფ 18-22). ამასთანავე, ეს გარემოება დადასტურებულია მხარეთა მომოწერითაც, საპირისპირო მტკიცებულება კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. პალატა მიიჩნევს, რომ თავად ექსპერტიზის დასკვნა ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი წესითაა შეფასებული და მხოლოდ ის ფაქტი, რომ არ დგინდება თუ რით იყო გამოწვეული სახლში წყლის ჩადინება, ასევე ნაკლის მქონე იყო ფანჯარა თუ ფანჯრის გვერდზე არსებული ლითონის მასალა, არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მინის გადახურვის სამონტაჟო სამუშაოები ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა მოპასუხე კომპანიამ (მისი წარმომადგენლის მეშვეობით), ხოლო შესრულება იყო ნაკლიანი (გადახურვიდან ხდებოდა ატმოსფერული ნალექების საცხოვრებელ სახლში ჩადინება), აღნიშნული მოსარჩელეს წარმოუშობდა ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ორმხრივი რესტიტუციის უფლებას (სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 644-ე მუხლების შესაბამისად), რაც მოპასუხისაგან შეძენილი მასალის დაბრუნების სანაცვლოდ გადახდილი თანხის მისთვის დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

30. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-635-593-2017, 7 ივლისი, 2017 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე.“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ე.“-ს (ს/კ: 20528...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე