საქმე №ას-1084-2019 3 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლა, ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ახსნა-განმარტებითი ბარათის ბათილად ცნობა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. კ-ემ (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლის (შემდეგში: სკოლა ან დამსაქმებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 2018 წლის 09 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
2. 2018 წლის 2 ივლისს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი: მოპასუხედ აგრეთვე დაასახელა სკოლის დისციპლინური კომიტეტი და თავდაპირველ სასრჩელო მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვა: სკოლის დირექტორის სახელზე დაწერილი მოსარჩელის 2018 წლის 01 თებერვლის ახსნა-განმარტების ბათილად ცნობა; სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 08 თებერვლის სხდომის N3 ოქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 766 ლარის ოდენობით 09.02.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსულებამდე (იხ., ტ.1. ს.ფ. 83-96).
3. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე 1981 წლის 20 აგვისტოდან მუშაობდა სკოლაში მათემატიკის პედაგოგად. მისი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. 2018 წლის 01 თებერვალს, სკოლის დირექტორმა შეატყობინა მის წინააღმდეგ საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ცხელ ხაზზე განხორციელებული ანონიმური ზარის თაობაზე, თითქოს მან ხელი გაარტყა მეშვიდე კლასის მოსწავლეს, გ.მ-ეს (შემდეგში - მოსწავლეს). რადგან, უკვე დარეკილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის ცხელ ხაზზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა სთხოვა დაეწერა ახსნა-განმარტება, სადაც აუცილებლად მიეთითებინა, რომ მოსწავლეს სახეში გაარტყა. თუკი ასეთ განმარტებას დაწერდა, მის მიმართ შემოიფარგლებოდნენ, მხოლოდ გაფრთხილებით და არ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. საბოლოოდ, იგი აღმოჩნდა მოტყუებული, ვინაიდან დირექტორის მითითებით დაწერილი ახსნა-განმარტება აღმოჩნდა მისი გათავისუფლების საფუძველი. მისი სამუშაოდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო სკოლის სადისციპლინო კომიტეტმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მხარეთა დასწრების გარეშე. ამ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, დილის საათებში, ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შეატყობინეს, რომ სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ზარის მიხედვით, სკოლაში მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსწავლის ცემის ფაქტს. რესურსცენტრის უფროსმა მყისიერად მოსთხოვა სკოლის დირექტორს საკითხის მოკვლევა. სკოლის დირექტორის მიერ მოკვლეული მასალებით გაირკვა, რომ მოსარჩელემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (სახეში გაარტყა) მიაყენა ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს, რომელმაც, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, აღელვებულმა დაურეკა მშობლებს და სთხოვა სკოლაში მისვლა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ნ-ემ განმარტა, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, მოსწავლე საკლასო სიის ამოკითხვისას საკლასო ოთახში შევიდა აცრემლებული. მასწავლებლის შეკითხვაზე, თუ რატომ ტიროდა მან უპასუხა, რომ მასწავლებელმა (მოსარჩელემ) ხელი გაარტყა. მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის გამო, სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, რადგანაც კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრულია ფიზიკური შეურაცხყოფისათვის თანამშრომლის გათავისუფლება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. მოცემული დავა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნა განხილული; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმე წინამდებარე საქმე, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლით:
8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და სკოლას შორის წარმოშობილი იყო შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ დავათა კატეგორიას მოცემული დავა არ განეკუთვნებოდა. ამასთან, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უმთავრეს პირობას ის წარმოადგენდა რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად დაფუძნებული უნდა ყოფილიყო საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებზე, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები წარმოშობილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა ყოფილიყო (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით (შდრ: სუსგ ბს-1822-1776 (გ-10) 17 თებერვალი, 2011 წელი). გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს სადავო ბრძანების მიხედვით სწორედ სამოქალაქო კანონმდებლობა - სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტი წარმოადგენდა. იმავდროულად, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო“ (საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.).
9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო და განიხილა წინამდებარე დავა.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად.
11. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, 2018 წლის 09 თებერვლის N1-6 ბრძანებით, სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, მოსარჩელეს, დისციპლინური გადაცდომისათვის, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება და შეწყდა მასთან, 2016 წლის 15 სექტემბერს დადებული N5 შრომითი ხელშეკრულება. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 08 თებერვლის N3 სხდომის ოქმში დაფიქსირებულია შემდეგი: 2018 წლის 01 თებერვალს, სკოლაში, ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სკოლის დერეფანში, კიბესთან შეხვდა მე-7 კლასის მოსწავლეს. მოსარჩელეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკლასო ოთახში მოსწავლემ ჩამოაგდო ფარდა, რის გამოც პასუხი მოსთხოვა მოსწავლეს. ამასთან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში გაარტყა ხელი. დისციპლინური წარმოების მასალები მოიცავდა სკოლის მოსწავლის ახსნა-განმარტებას, მშობლის ახსნა-განმარტებას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ახსნა-განმარტებას, სასწავლო ნაწილის ახსნა-განმარტებას, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
12. საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაში, მოსწავლის წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, ზარის დარეკვისას, როდესაც შედიოდა საკლასო ოთახში, მასწავლებელმა გააჩერა კიბესთან და ჰკითხა, თუ რატომ ჩამოაგდო ფარდა. შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახეში გაარტყა, რის გამოც, მან დაიწყო ტირილი და შევიდა საკლასო ოთახში. ამის შემდეგ დაურეკა მშობლებს და უთხრა მისულიყვნენ სკოლაში. აღნიშნულის თაობაზე ასევე შეატყობინა დირექტორს.
13. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, ზარის დარეკვის შემდეგ, სიის მოკითხვისას, საკლასო ოთახში შევიდა აცრემლებული მოსწავლე. იგი გაესაუბრა მას და ჰკითხა,თუ რატომ ტიროდა, რაზეც მან უპასუხა, რომ მასწავლებელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
14. სკოლის სასწავლო ნაწილის, წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს ინციდენტი მოხდა სკოლის მათემატიკის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. აღელვებულმა მოსწავლემ ტელეფონით დაურეკა მის მშობლებს. მშობლები სკოლაში შეშინებულები მივიდნენ. მოსარჩელე ამ დროს სკოლაში არ იმყოფებოდა. მოსვლისას არ უარყვია, რომ ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს. მოსწავლის მშობლის, წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს მას, გაკვეთილების პერიოდში დაურეკა მისმა შვილმა და უთხრა, რომ დაპირისპირება მოუვიდა მასწავლებელთან, რის გამოც, სთხოვა სკოლაში მისვლა. ის შეხვდა სკოლის დირექტორს, რომელმაც მის შვილთან ერთად, ასევე დაიბარა მოსარჩელე, რომელმაც აღიარა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა მის შვილს, რის გამოც, მათ წინაშე ბოდიშიც მოიხადა.
15. მასწავლებლის (მოსარჩელე) 2018 წლის 1 თებერვლის წერილობით ახსნა- განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ მან, მეშვიდე კლასის მოსწავლეს, მისცა სიტყვიერი შენიშვნა და სახეში შემოარტყა. მისივე განმარტებით, მას არ უნდა მიექცია ყურადღება გოგონასათვის, რომელმაც დაასმინა მოსწავლის ფარდის ჩამოგდების თაობაზე.
16. სკოლის, 2018 წლის 8 თებერვლის დისციპლინური კომიტეტის №1 აქტით ირკვევა, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 8 თებერვალს 11:45 საათზე. მოსარჩელეს ეცნობა, რომ სხდომაზე განხილული იქნებოდა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საკითხი, თუმცა იგი სხდომას არ დაესწრო.
17. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსწავლის მშობელმა (მამა) განმარტა, რომ მისმა შვილმა ატირებულმა დარეკა სახლში და დედას აცნობა, რომ მასწავლებელი ფიზიკურად შეეხო, სცემა, კერძოდ სახეში გაარტყა ხელი. იგი დაუყოვნებლივ მივიდა სკოლაში სადაც დახვდა აღლვებული ბავშვი, რომელსაც ერთი ლოყა განსაკუთრებულად გაწითლებული ჰქონდა, თუმცა სახეზე ჭრილობა, ან სხვა დაზიანება არ ემჩნეოდა. მოსარჩელე იმ დროს, სკოლაში არ იმყოფებოდა, რომ მოვიდა ბოდიში მოიხადა.
18. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსწავლემ განმარტა, რომ საკლასო ოთახში ფარდის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, თანაკლასელთა მიერ არასწორი ინფორმაციის მიტანის გამო, მასწავლებელმა სახეში გაარტყა, სიტყვიერად კი, უზრდელი უწოდა.
19. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. ხ-ემ განმარტა, რომ მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად აცნობა, რომ ტარდებოდა დისციპლინური კომიტეტის სხდომა, სადაც იხილებოდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი, თუმცა, სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით განმარტება არ მიუცია.
20. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ. ბ-ემ განმარტა, რომ ინციდენტის დღეს სკოლაში მოვიდა მოსწავლის მშობელი. 01 თებერვალს დაწერეს ახსნა-განმარტებები. თავდაპირველად, მოსარჩელეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ უარყვია.
21. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. ჩ-ემ განმარტა, რომ ინციდენტის დღეს დახმარებას უწევდა დირექციას საქმეზე ტექსტის დაბეჭდვაში, რომელიც გადაეგზავნა რესურსცენტრს და მოკვლევის მიზნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. მასწავლებლის მდგომარეობა გაითვალისწინეს და დაწერეს წერილი, სადაც დააფიქსირეს, რომ მასწავლებელი მსუბუქად შეეხო ბავშვს, თუმცა მსუბუქად შეხება რას ნიშნავდა არ იცოდა.
22. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. ნ-ემ განმარტა, რომ მის გაკვეთილზე მოსწავლე აცრემლებული შევიდა, რომელმაც უთხრა, რომ მასწავლებელმა დაარტყა. მან დააწყნარა ბავშვი, რომელიც ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. ამ ფაქტის თაობაზე ვინმესთვის არ უცნობებია.
23. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის მეუღლემ, აჩვენა, რომ მეუღლესთან ერთად მიემართებოდა ოზურგეთში. გზაში ტელეფონით აცნობეს, რომ პრობლემა იყო მოსწავლესთან დაკავშირებით, რომლის მშობლები სკოლაში იყვნენ მისულები. უკან დაბრუნდნენ. სკოლაში მისული მოსწავლის მამა ძალიან აღელვებული იყო, თითქმის ყვიროდა. სკოლიდან გამოსულმა მოსარჩელემ უთხრა, რომ დაწერა ახსნა-განმარტება, სადაც დააფიქსირა, რომ ბავშვს ხელი გაარტყა. ამ ნათქვამზე აღელდა და მეუღლეს უსაყვედურა, თუ რატომ დაწერა ის, რაც არ ჩაუდენია. შემდეგ მოსარჩელე კვლავ შებრუნდა სკოლაში. მოსარჩელემ არასწორი ახსნა-განმარტება ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო დაწერა.
24. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მიმართული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელის მხრიდან მოსწავლეზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას (ხელის გარტყმას). ასევე, შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე არ იქნა მიწვეული სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე და არ მიეცა მისი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა.
25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკოლაში დამტკიცებული შინაგანაწესზე. აღნიშნული შინაგანაწესის 1.2. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად; ამავე შინაგანაწესის 1.4. პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; ამავე შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”გ”დ“ე”პ” ქვეპუნქტების თანახმად, დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტააციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ ეთიკური ნორმების დარღვევა; ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას, ავტორიტეტს; მასწავლებლის მიერ სკოლის მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე შინაგანაწესის 22.9. პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: ა)მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.
26. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც ადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნების განსახორციელებლად საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის. მითუმეტეს, პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
27. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც ადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნების განსახორციელებლად, საჯარო სკოლის დირექცია და სამეურვეო საბჭო ქმნის სკოლის შინაგანაწესს, რომლის უპირობო შესრულება სავალდებულოა როგორც მოსწავლეებისათვის, ისე საჯარო სკოლაში მომუშავე პირებისათვის. მითუმეტეს, პედაგოგებისათვის, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მითითებული კანონის 21.11 მუხლის მეშვიდე პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სკოლის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; ამავე კანონის 38.1. „ლ” პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის საკითხებს განიხილავს, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით არჩეული დისციპლინური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
28. გარდა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში – „ეთიკის კოდექსი“) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: ა) ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; ბ) საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ამავე ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტის ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში.
29. მოცემული დავის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, ასევე საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებების (თავად მოსარჩელის მოხსენებითი ბარათის და ახსნა განმარტებების) შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოსარჩელემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსწავლეს, კერძოდ, სახეში გაარტყა მას, რითაც დაირღვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის წესები და სკოლის შინაგანაწესი, რაც შინაგანაწესის 22.9. პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით, მასწავლებლის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველია.
30. უარყოფილი იქნა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და რომ ახსნა-განმარტება დაწერა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ იძულებას, რამაც განაპირობა მის მიერ მსგავსი შინაარსის მოხსენებითი ბარათის დაწერა. ფსიქოლოგიური იძულების სამტკიცებლად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკმარისი არაა, მხოლოდ აპელანტი მხარის ახსნა-განმარტება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოქმედება, საკმარის პირობას წარმოადგენდა, როგორც დისციპლინური კომიტეტისათვის, ისე დირექტორისათვის, გამოეყენებინათ დისციპლინური სახდელი, მათ შორის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლება, რადგან მის მიერ ჩადენილი გადაცდომა, სწორად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რაც გამორიცხავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების, იძულების წესით დაწერილად მიჩნევას, მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სადავო გადაწყვეტილებისა და ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
32. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილების, ბრძანების კანონიერებასთან, რომელთა გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნებიც უარყოფილი იქნა.
33. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან დადასტურებული იქნა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა უხეში გადაცდომა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიწვეული არ ყოფილა სადისციპლინო კომიტეტის კრებაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება ვერ დაედებოდა საფუძვლად ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და მოსაზრებებს:
35. კასატორის მოსაზრებით, მის მიერ შრომის საჯარო სკოლის დირექტორის სახელზე დაწერილ 01.02.2018 წლის ახსნა-განმარტების ბათილად ცნობის მოთხოვნას, როგორც ძირითად მოთხოვნას სასამართლომ გვერდი აუარა და ხსენებული დოკუმენტი განხილული იქნა მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებად, რა დროსაც, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ამ დოკუმენტისთვის მტკიცების ძალის მინიჭებაზე, მის გავლენაზე ზოგადად საქმესთან მიმართებაში და არა სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც კასატორის აზრით მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენს.
36. კასატორი ციტირებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2. პუნქტს და განმარტავს, რომ აღნიშნულ პუნქტში დადგენილი გარემოება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, სასამართლომ არ მიუთითა ამავე საკითხთან დაკავშირებული მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ ის, რომ კასატორმა უარყო მის მიერ დაწერილ განცხადებაში მითითებული გარემოება. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ განცხადება რამდენჯერმე დაწერა კასატორმა სკოლის დირექტორის მოთხოვნით, ასევე დადასტურდა, რომ პირველ ახსნა-განმარტებაში ეწერა ის გარემოებები, რაც სარჩელში მიუთითა კასატორმა, კერძოდ ის, რომ ადგილი არ ჰქონია არც ბავშვის ცემის და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.
37. კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები - ნების გამოვლენის ნაკლთან მიმართებით არ განიხილა და არ გაარკვია ახსნა-განმარტების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას.
38. კასატორის განმარტებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 08.02.2018 წლის სხდომის შესახებ ინფორმაცია კასატორისთვის არ მიუწოდებიათ, რის გამოც, მან ვერ შეძლო სხდომაზე საკუთარი ინტერესების დაცვა და ახსნა-განმარტების მიცემა. ორივე ინსტანციის სასამართლომ ხსენებული ფაქტი უმნიშვნელოდ მიიჩნია, რადგან ჩათვალეს, რომ კომისიის სხდომაზე კასატორის მისვლა და მის მიერ ახსნა-განარტების მიცემა ვერაფერს შეცვლიდა და იგივე შედეგი დადგებოდა.
39. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას ბავშვის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ვერ დადასტურდა მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე ძალადობა ან/და მისი შეურაცხყოფა, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ მასწავლებელი გასცდა გაფრთხილების ფარგლებს, რადგანაც ბავშვი ტიროდა. კასატორის განცხადებით, სადავო შემთხვევის შემსწრე პირი არც კომისიას დაუდგენია და არც სასამართლოს, ერთადერთი მტკიცებულება გახლავთ თავად არასრულწლოვანის ახსნა-განმარტება. ასევე, ერთ-ერთი მასწავლებლის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ გაკვეთილზე შემოვიდა ატირებული ბავშვი.
40. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კასატორმა (მოსარჩელემ) შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გამოეთხოვა აუდიოჩანაწერი ან/და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იყო ცნობილი სამინისტროსთვის. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მაგრამ სამინისტროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა სკოლის დირექტორის სახელზე დაწერილი მოსარჩელის 2018 წლის 01 თებერვლის ახსნა-განმარტების ბათილად ცნობა; სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 08 თებერვლის სხდომის N3 ოქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 2018 წლის 09 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 766 ლარის ოდენობით 09.02.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსულებამდე (იხ., ამ განჩინების პპ: 1, 2).
43. პირველიინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელადაა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
44. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია სკოლის დირექტორის სახელზე დაწერილი მოსარჩელის 2018 წლის 01 თებერვლის ახსნა-განმარტების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებები; გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს დისციპლინური კომიტეტის სხდომის ჩატარების პროცედურული წესის დარღვევაზე და აღნიშნავს, რომ იგი არ დასწრებია კომიტეტის სხდომას და არ მიეცა თავისი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, კასატორი უარყოფს მოსწავლის ცემის ფაქტს და აღნიშნავს, რომ გარდა უშუალოდ მოსწავლის ახსნა-განმარტებისა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული არ არის.
45. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არაა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება) {სსსკ-ის 407.2 მუხლი]. კასატორმა ვერც საპროცესო წესების დარღვევის დადასტურება შეძლო [სსსკ-ის 393.2 მუხლი].
46. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ სკოლის 2018 წლის 09 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელე - სკოლის მასწავლებელი, ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის გათავისუფლდა სამსახურიდან.
47. სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2018 წლის 08 თებერვლის სხდომის N3 ოქმი. დასახელებული ოქმით დგინდება, რომ კომიტეტმა განიხილა სკოლაში მომხდარი ინციდენტი და დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი. ოქმის მიხედვით, 2018 წლის 01 თებერვალს, სკოლაში, ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სკოლის დერეფანში, კიბესთან შეხვდა მე-7 კლასის მოსწავლეს. მოსარჩელეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკლასო ოთახში მოსწავლემ ჩამოაგდო ფარდა, რის გამოც, პასუხი მოსთხოვა მოსწავლეს. ამასთან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი. დისციპლინური წარმოების მასალები მოიცავს სკოლის მოსწავლის ახსნა-განმარტებას, მშობლის ახსნა-განმარტებას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ახსნა-განმარტებას, სასწავლო ნაწილის ახსნა-განმარტებას, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.
48. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის პროცედურული წესების დარღვევით ჩატარებას ემყარება. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ. ხ-ის განმარტებაზე, რომლის მიხედვით მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად აცნობა, რომ ტარდებოდა დისციპლინური კომიტეტის სხდომა, სადაც იხილებოდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი, თუმცა, სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით განმარტება არ მიუცია. სკოლის, 2018 წლის 8 თებერვლის დისციპლინური კომიტეტის №1 აქტით კი, ირკვევა, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 8 თებერვალს 11:45 საათზე. მოსარჩელეს ეცნობა, რომ სხდომაზე განხილული იქნებოდა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საკითხი, თუმცა, იგი სხდომას არ დაესწრო (იხ., ამ განჩინების პპ: 16, 19). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, კასატორს არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს დასაშვები პრეტენზია კომიტეტის სხდომის პროცედურის დარღვევასთან მიმართებით არ წარმოუდგენია.
49. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია დირექტორის სახელზე დაწერილი ახსნა-განმარტების ნამდვილობის საკითხზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაშვები საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, არ დაუდასტურებია რომ მის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტება არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას; აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ მოიხმო მხოლოდ მოწმის სახით დაკითხული მისი მეუღლის ახსნა-განმარტება (იხ., ამ განჩინების პ-23), რომლის მიხედვით, „მოსარჩელე, მეუღლესთან ერთად მიემართებოდა ოზურგეთში. გზაში, ტელეფონით აცნობეს, რომ პრობლემა იყო მოსწავლესთან დაკავშირებით, რომლის მშობლები სკოლაში იყვნენ მისულები. უკან დაბრუნდნენ. სკოლაში მისული მოსწავლის მამა ძალიან აღელვებული იყო, თითქმის ყვიროდა. სკოლიდან გამოსულმა მოსარჩელემ უთხრა, რომ დაწერა ახსნა-განმარტება, სადაც დააფიქსირა, რომ ბავშვს ხელი გაარტყა. ამ ნათქვამზე აღელდა და მეუღლეს უსაყვედურა, თუ რატომ დაწერა ის, რაც არ ჩაუდენია. შემდეგ მოსარჩელე კვლავ შებრუნდა სკოლაში. მოსარჩელემ ახსნა-განმარტება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ დაწერა“. საკასაციო პალატა მოსარჩელის მეუღლის ჩვენებას, სადავო გარემოების დასადგენად სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი, ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს მოსარჩელის მეუღლის მხოლოდ პირად შეფასებას და ამასთან, ჩვენების მიმცემი მოსარჩელის მეუღლეა და ამდენად, საქმის განხილვის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირია (შდრ: სუსგ №ას-929-891-2014, 22 აპრილი, 2015 წელი).
50. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნას, რომელსაც სკოლის დირექტორის სახელზე მოსარჩელის მიერვე დაწერილი 2018 წლის 01 თებერვლის ახსნა-განმარტების ბათილად ცნობა წარმოადგენს, ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგებათა ბათილად ცნობის სხვადასხვა საფუძვლებს, როგორიცაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება (სსკ-ის 56-ე მუხლი), შეცდომით დადებული გარიგება (სსკ-ის 72-ე და მომდევნო მუხლები), მოტყუებით დადებული გარიგება (სსკ-ის 81-ე მუხლი), იძულებით დადებული გარიგება (სსკ-ის 85-ე მუხლი) და ა.შ. თავად გარიგება შესაძლებელია იყოს ცალმხრივი ნების გამოვლენაც (სსკ-ის 50-ე მუხლი). მაშასადამე, გარიგების არსებობისთვის განმსაზღვრელია არა პირთა სიმრავლე გაიგებაში (ორმხრივი ან მრავალმხრივი), არამედ, მისი მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას უკავშირდება (სსკ-ის 50-ე მუხლი).
52. მოცემულ შემთთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას - სკოლის დირექტორის სახელზე მოსარჩელის მიერვე დაწერილი 2018 წლის 01 თებერვლის ახსნა-განმარტების ბათილად ცნობა - არ გააჩნია გარიგების არცერი ნიშანი; ამასთან, ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს კონკრეტულად გარიგების ბათილობის რომელი სამართლებრივი საფუძველია სახეზე (სსკ-ის 72-ე, 81-ე, 85-ე და მომდევნო მუხლები), რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში, უარსაყოფია.
53. რაც შეეხება კასატორის შედავებას საქმის ძირითადი ფაქტობრივი გარემოების ნაწილში, რომელიც შეეხება მოსწავლეზე ხელით შეხების ფაქტს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, კერძოდ:
54. - საქმეში წარმოდგენილ მოსწავლის წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, ზარის დარეკვისას, როდესაც შედიოდა საკლასო ოთახში, მასწავლებელმა გააჩერა კიბესთან და ჰკითხა, თუ რატომ ჩამოაგდო ფარდა. შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახეში გაარტყა, რის გამოც, მან დაიწყო ტირილი და შევიდა საკლასო ოთახში. ამის შემდეგ დაურეკა მშობლებს და უთხრა მისულიყვნენ სკოლაში. აღნიშნულის თაობაზე ასევე შეატყობინა დირექტორს.
55. - სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის წერილობით ახსნა-განმარტებაში კი, დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს, ზარის დარეკვის შემდეგ, სიის მოკითხვისას, საკლასო ოთახში შევიდა აცრემლებული მოსწავლე. იგი გაესაუბრა მას და ჰკითხა,თუ რატომ ტიროდა, რაზეც მან უპასუხა, რომ მასწავლებელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
56. - სკოლის სასწავლო ნაწილის წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს ინციდენტი მოხდა სკოლის მათემატიკის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. აღელვებულმა მოსწავლემ ტელეფონით დაურეკა მის მშობლებს. მშობლები სკოლაში შეშინებულები მივიდნენ. ამ დროს, მოსარჩელე სკოლაში არ იმყოფებოდა. მოსვლისას არ უარყვია, რომ ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს.
57. - მოსწავლის მშობლის, წერილობით ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულია, რომ 2018 წლის 1 თებერვალს მას, გაკვეთილების პერიოდში დაურეკა მისმა შვილმა და უთხრა, რომ დაპირისპირება მოუვიდა მასწავლებელთან, რის გამოც, სთხოვა სკოლაში მისვლა. ის შეხვდა სკოლის დირექტორს, რომელმაც მის შვილთან ერთად, ასევე დაიბარა მოსარჩელე, რომელმაც აღიარა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი გაარტყა მის შვილს, რის გამოც, მათ წინაშე ბოდიშიც მოიხადა.
58. - თავად მასწავლებლის (მოსარჩელე) 2018 წლის 1 თებერვლის წერილობით ახსნა- განმარტებაში, რომელიც საკასაციო პალატის შეფასებით ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს და გაქარწლებული არაა მისი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, დაფიქსირებულია, რომ მოსარჩელემ, მეშვიდე კლასის მოსწავლეს, მისცა სიტყვიერი შენიშვნა და სახეში შემოარტყა. მისივე განმარტებით, მას არ უნდა მიექცია ყურადღება გოგონასათვის, რომელმაც დაასმინა მოსწავლის ფარდის ჩამოგდების თაობაზე.
59. ამდენად, მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოქმედება, საკმარის პირობას წარმოადგენდა, როგორც დისციპლინური კომიტეტისათვის, ისე დირექტორისათვის, გამოეყენებინათ დისციპლინური სახდელი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სამუშაოდან გათავისუფლება).
60. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი. ამ პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (შდრ: სუსგ №ას-238-238-2018, 30 მარტი, 2018 წელი, სუსგ №ას-12-12-2018, 16 მარტი, 2018 წელი; სუსგ №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-602-577-2016, 02 სექტემბერი, 2016 წელი).
61. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. გარდა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა, სასწავლო დაწესებულებებში ასევე მოქმედებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი’’, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში – „ეთიკის კოდექსი“) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: ა) ,,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; ბ) საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ამავე ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტის ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში.
62. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომა, სწორად იქნა შეფასებული უხეშ დარღვევად, რასაც დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
67. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. კ-ეს (პ/ნ:330010...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 5 აგვისტოს საგადახადო დავალება N826592... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე