საქმე №ას-852-2019 01 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,... ... ოპერატორი"
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,... Georgia"
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის 4650 ლარისა და ამავე თანხის 7.5%-ის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,... ოპერატორმა" (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს ,,... Georgia"-ს (შემდეგში: მოპასუხე და მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) დავალიანების თანხის - 18535 ლარის ანაზღაურება; ბ) 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (თარიღი, რომლის მდგომარეობითაც მოპასუხეს ფულადი ვალდებულებები შესრულებული უნდა ჰქონოდა) თანხის სრულ გადახდამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის დაკისრება.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2015 წლის 02 მხარეთა შორის დაიდო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხეს მიაწოდებდა ჯიპიეს მოწყობილოებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას. ხელშეკრულებით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი და პირობები, კერძოდ: ჯიპიეს სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 საბანკო დღეში, ხოლო ერთი ერთეული საწვავის დონის მზომი ხელსაწყოს ღირებულება განისაზღვრა 150 აშშ დოლარით (დღგ-ს გათვალისწინებით); ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ განახორციელა ჯიპიეს სისტემების და საწვავის მზომი ხელსაწყოების მონტაჟი მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ახდენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მონიტორინგს, უწევდა ჯიპიეს სისტემებით მომსახურებას, რაც დასტურდება სხვადასხვა დროს გამოწერილი და მოპასუხის მიერ დადასტურებული დღგ საგადასახადო ანგარიშფატურებით. მხარეთა შორის ეტაპობრივად, ჯიპიეს სისტემებისა და საწვავის მზომი ხელსაწყოების გადაცემა-მონტაჟის პარალელურად ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რითაც ასევე დასტურდება მოწყობილობების მოპასუხისათვის მიწოდების და მის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მონტაჟის ფაქტები; მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო 11 813,97 ლარის ღირებულების. მომსახურების ღირებულების ჩათვლით კი, თანხა შეადგენს 18 565 ლარს და სარჩელის აღძვრის დროისათვის ასანაზღაურებელი თანხაა 18 535 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მარტის თვეში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირის დეპოზიტებზე ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 7,5%-ს, მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით კი, მას ადგება ზიანი, ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც იგი მიიღებდა მოპასუხის მიერ თანხის გადახდისა და ამ თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს ვალდებულებები არ შეუსრულებია. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მოპასუხეს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ხელშეკრულების მოშლამდე რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია.
3. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის ნაწილობრივ გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დაადასტურა ჯიპიეს მოწყობილობებისა და საწვავის მზომი ხელსაწყოების მიწოდების, დამონტაჟებისა და მოპასუხის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში. თუმცა, გამორიცხა მხარეებს შორის ნასყიდობა საწვავის მზომი ხელსაწყოების ნაწილში. წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის სახით იურიდიული პირის დეპოზიტებზე თანხის განთავსების ნაწილში კი, მოპასუხემ ზიანის ანაზრაურება, მისი დაუდგომლობის გამო, უსაფუძვლოდ მიიჩნია. საწვავის მზომი ხელსაწყოების ნასყიდობასთან მიმართბით, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით ადგილი რომც ჰქონოდა საწვავის მზომი ხელსაწყოების ნასყიდობას, ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლიდან გამომდინარე, უნდა განხორციელებულიყო რესტიტუცია და ეს ხელსაწყოები მაინც უნდა დაებრუნებინა მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, საწვავის მზომი ხელსაწყოების ღირებულების დაკისრებას, ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
5. -მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საფასური 11 813,97 ლარი;
6. - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნარდობის საზღაურის გადაუხდელი ნაწილი - 2101 ლარი;
7. - სარჩელი ნარდობის საზღაურის სახით 4 650 ლარის დაკისრების ნაწილში და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
8. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
9. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ,,სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (13914,97ლ.) სრულ გადახდამდე, გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის, წლიური 7,5%-ის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში“ და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა დავალიანების 13914.97 ლარის წლიური 7,5%-ის გადახდა - 1043.62 ლარის ოდენობით, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
11. სააპელაციო სასამართლომ დავალიანების თანხის დაკისრებასთან მიმართებით დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. -2015 წლის 02 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხე მიაწოდებდა ჯიპიეს მოწყობილობებს და საწვავის მზომ ხელსაწყოებს, დაამონტაჟებდა მათ და მოახდენდა მოპასუხის პროგრამულ უზრუნველყოფას. ამავე ხელშეკრულების თანახმად:
13. - GPS მოწყობილობები წარმოადგენს ,,გამყიდველის“ საკუთრებას და ,,მყიდველს გადაეცემა კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში;
14. -მოწყობილობებზე დადგინდა საგარანტიო ვადა - 12 თვე;
15. -მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულება;
16. - ჯიპიეს სისტემებით მომსახურებისათვის სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიურად 55 ლარით (დღგ-ს გათვალისწინებით) ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე;
17. - ერთი საწვავის მზომის ღირებულებაა 150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით;
18. -მოწყობილობათა საფასურის ანაზღაურება ხორციელდება ფაქტიურად დამონტაჟებული მოწყობილობების საერთო რაოდენობის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. მოწყობილობების ღირებულება ნაწილდება თანაბრად 6 თვეზე (თვეში 875 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით), მოწყობილობის საერთო ღირებულების პირველი ნაწილის გადახდა ხორციელდება მონტაჟის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დანარჩენი თანხა ნაწილდება მომდევნო 5 თვეზე (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 16-20);
19. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული ჯიპიეს მოწყობილობა და 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა 28 სატრანსპორტო საშუალებაზე;
20. ანგარიშფაქტურების მიხედვით, მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა მოსარჩელის მიერ საქონლის (მომსახურების) მიწოდების შემდეგი ღირებულება (დღგ-ს და აქციზის ჩათვლით):
21. - 25/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 849.96 ლარის ოდენობით;
22. - 13/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 1187.88 ლარის ოდენობით;
23. - 10/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 2548.56 ლარის ოდენობით;
24. - 07/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 2121.1 ლარის ოდენობით;
25. - 06/11/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომი ES2-0800-ს ღირებულება 2123.4 ლარის ოდენობით;
26. - 31/03/2016წ. GPS-ს მომსახურების ღირებულება 1540 ლარის ოდენობით;
27. - 10/03/2016წ. GPS-ს მომსახურების ღირებულება 1540 ლარის ოდენობით;
28. - 06/02/2016წ. GPS-ს მომსახურების ღირებულება 1488.55 ლარის ოდენობით;
29. - 31/01/2016წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 429.76 ლარის ოდენობით; - 08/01/2016წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 855.08 ლარის ოდენობით;
30. - 05/01/2016წ. GPS-ს მომსახურების ღირებულება 1293.38 ლარის ოდენობით;
31. - 24/12/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 848.82 ლარის ოდენობით;
32. -15/12/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 423.69 ლარის ოდენობით;
33. - 06/12/2015წ. ავტომანქანის საწვავის დონის საზომის ღირებულება 425.72 ლარის ოდენობით;
34. - 30/11/2015წ. GPS-ს მომსახურების ღირებულება 889.16 ლარის ოდენობით;
35. ზემოაღნიშნული თანხა ჯამურად შეადგენს 18564.58 ლარს (იხ., ანგარიშფაქტურები, ს.ფ 21-35);
36. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა მომსახურების ღირებულება 08/04/2016წ. - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო 08/02/2016წ. – 1650 ლარის ოდენობით ანუ, ჯამში 4650 ლარი (იხ., საგადახდო დავალებები, ს.ფ 122-123, ანგარიშის ბარათი, ს.ფ 156);
37. უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 02 ნოემბრის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 15 ოქტომბერს;
38. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო შერეული ტიპის - განვადებით ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება.
39. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა განვადებით ნასყიდობის საფასურისა და შეთანხმებული საზღაურის გადახდა.
40. სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში; სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). თავის მხრივ, უდავოა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება, წარმოადგენდა გადახდის განვადებით ნასყიდობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 505-ე-508-ე მუხლებით რეგულირდება, თუმცა, არც ამ შემთხვევაში, გამოირიცხება ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამყიდველის წინმსწრები ვალდებულება. განსხვავებით ზოგადად ნასყიდობისაგან, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკა ისაა, რომ შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ფასის სრულად გადახდამდე (იხ. სუსგ №ას-463-445-2016, 8 ივლისი, 2016 წელი);
41. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
42. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა, რომ მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მომსახურებისა და მოწყობილობების ღირებულება; ამასთან, ხელშეკრულებაში გაწერილი იქნა მოწყობილობების საფასურის ანაზღაურების ოდენობა, ვადები და წესები. დადგენილია, რომ მოწყობილობები დამონტაჟდა ავტომობილებში. ამდენად, მოსარჩელემ შეასრულა მისი ვალდებულება ნივთის გადაცემის თაობაზე, რაც წარმოუშობს მას შეთანხმებული საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
43. მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოწყობილობები დაუბრუნდა მოსარჩელეს, რაც მან ვერ დაადასტურა.
44. სარჩელის დავის საგანს 2015 წლის 02 ნოემბრის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 18535 ლარის მოპასუხეზე დაკისრება წარმოადგენდა.
45. საქმეში წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ საქონლის (მომსახურების) მიწოდებისათვის ჯამში 18564.58 ღირებულების (დღგ-ს და აქციზის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშფაქტურა. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის ნოემბრის ხელშეკრულებითა და ანგარიშფაქტურებით მოსარჩელემ, სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, დაადასტურა მის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან ამ ხელშეკრულების ფარგლებში 18535 ლარის საქონელი/მომსახურება მიაწოდა/გაუწია მოპასუხეს.
46. მოპასუხემ წარმოადგინა გადახდის ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი იქნა მომსახურების ღირებულება ჯამში 4650 ლარის ოდენობით. ხოლო ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სხვა ვალდებულების შესრულების მიზნით და არა ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.
47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას უნდა გამოჰკლებოდა მოპასუხის მიერ 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი 4650 ლარი.
48. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნასყიდობის საფასურისა და ნასყიდობის საზღაურის გადახდის დაკისრების თაობაზე სწორად იქნა მიჩნეული;
49. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენდა 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის დროიდან) გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე გადასახდელად დარჩენილ ნაშთზე საბანკო დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7,5%-ის გადახდის დაკისრება, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით და 411-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2015 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც თავის მხრივ, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოშობდა.
50. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მეწარმე სუბიექტი იყო, ხოლო საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფული განიხილებოდა რა როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლეოდა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, მით უფრო, მეწარმე სუბიექტისათვის, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით, კრედიტორს დაკარგული ჰქონდა მიუღებელი შემოსავლის მიღების უფლება.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანად.
52. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა 4650 ლარისა და ამავე თანხის 7.5%-ის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ს.ფ. 379).
53. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების (ნარდობის) საზღაურის თანხიდან - 6721,03 ლარი - მოპასუხეს მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილი ჰქონდა მომსახურების საფასური ჯამში 4650 ლარი და გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა 2101 ლარი.
54. კასატორი განმარტავს, რომ სარჩელის დავის საგნის გარდა, სხვა თანხის გადაუხდელობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გადახდის ქვითრებს 4 650 ლარზე, გამოკლებული ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნაში ასახული დავალიანება.
55. სარჩელის აღძვრის დროისთვის გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 18 565.06 ლარს.
56. კასატორმა აღნიშნა, რომ აღნიშნულის დასტურად სასამართლოში წარდგენილი იქნა საბუღალტრო ბრუნივის ბარათი, საიდანაც ნათლად ჩანდა გადახდილი და გადასახდელად დარჩენილი თანხა. აღნიშნული მტკიცებულება, როგორც პირველი ინსტანციის ასევე, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეფასების მიღმა დარჩა.
57. ასევე, კასატორმა განმარტა, რომ 2016 წლის 15 ოქტომბრის წერილშიც იყო დაფიქსირებული, რომ მათი დავალიანება შეადგენდა ჯამში 18 565.06 ლარს, რომლის გადახდასაც ითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისაგან. აღნიშნული წერილის წარდგენის დროისთვისაც გაწეულ მომსახურებაზე გამოკლებული იყო საკასაციო საჩივრით სადავოდ ქცეული 4650 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
59. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
60. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეს სასარჩელო წარმოების წესით მოსთხოვა დავალიანების დაფარვა - 18535 ლარი (იხ., მოთხოვნა „ა“ - ამ განჩინების პ-1). სარჩელი უარყოფილი იქნა ნარდობის საზღაურის სახით 4 650 ლარის დაკისრების ნაწილში და ამავე თანხაზე წლიური 7,5%-ის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში (იხ., ამ განჩინების პ-7). ძირითადი დავალიანების დაკისრების ნაწილში (13914,97ლ.), ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით. სწორედ ამ ნაწილზე ამყარებს კასატორი თავის პრეტენზიას, სახლდობრ, მოითხოვს 4650 ლარისა და ამავე თანხის 7.5%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაზედაც უარი ეთქვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ს.ფ. 379). აღნიშნულ მოთხოვნას კასატორი ამყარებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების (ნარდობის) საზღაურიდან - 6721,03 ლარი - მოპასუხეს მოსარჩელეზე 2016 წლის 08 თებერვალს და 08 აპრილს გადახდილი ჰქონდა მომსახურების საფასურის სახით 4650 ლარი. გადასახდელად კი, დარჩენილი ჰქონდა 2101 ლარი.
61. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
62. უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 28 ერთეული ჯიპიეს მოწყობილობა და 28 ერთეული საწვავის მზომი ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟებული იქნა 28 სატრანსპორტო საშუალებაზე; მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა მოსარჩელის მიერ საქონლის (მომსახურების) მიწოდების შემდეგი ღირებულება (დღგ-ს და აქციზის ჩათვლით) (იხ., ამ განჩინების პპ: 21-34), რომელთა ჯამური ღირებულება 18564.58 ლარია (იხ., ანგარიშფაქტურები, ს.ფ 21-35).
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამოდინარე, აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადპროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებულობას თავად მხარე განაპირობებს, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია. ამ თვალსაზრისით საპროცესო სამართლისათვის აქსიომატურია 103-ე (1) მუხლის დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა მომსახურების ღირებულება 08/04/2016წ. - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო 08/02/2016წ. – 1650 ლარის ოდენობით ანუ, ჯამში 4650 ლარი (იხ., საგადახდო დავალებები, ს.ფ 122-123, ანგარიშის ბარათი, ს.ფ 156); 2015 წლის 02 ნოემბრის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება კი, შეწყდა 2016 წლის 15 ოქტომბერს(იხ., ამ განჩინების პპ: 36, 37). რაც შეეხება ამ განჩინების პ-56-ში მითითებულ კასატორის პრეტენზიას, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნას 4650 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებისა და ამავე თანხის გადაუხდელობის გამო, წლიური 7.5 %-ის დაკისრებას ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
64. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავოდ ქცეულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება (პრეტენზია) არ წარმოუდგენია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსაც (იხ., ამ განჩინების პპ: 40-42). შესაბამისად, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა.
65. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია განჩინებაში.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
68. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,... ოპერატორის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს ,,... ოპერატორის" (ს/კ: 40492...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 22 მაისს საგადახდო დავალება N155852... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (150 ლარი) და 2019 წლის 21 ივნისს საგადახდო დავალება N1561125229 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (150 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე