საქმე №ას-1079-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 9 522,78 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტი“, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ 75 კვ.მ საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით მოპასუხეს დაეკისრა სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადაეხადა 1 კვ.მ-ზე 200 ლარი, სულ – 15000 ლარი. მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადა და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით.
3. 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმებული „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტით“ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხის მიერ წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ გადაუხადა მხოლოდ 9500 ლარი და გადასახდელი დარჩა 5500 ლარი. შესაბამისად, წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ სადავო ფართის სანაცვლოდ გადაიხადა 9500 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 5500 ლარი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ დარჩენილი დავალიანება ვერ დაფარა ავადმყოფობის გამო.
6. ამასთან, მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში და მიიჩნია, რომ იგი გამოანგარიშებულ იქნა კანონდარღვევით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 1187,85 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტი“, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ქ.ბათუმის მერიამ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ 75 კვ.მ საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება.
10. ამავე აქტით მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება, საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ, გადაეხადა 1 კვ.მ-ზე 200 ლარი, სულ – 15000 ლარი.
11. თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული დანართით, კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო: 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1500 ლარი; 2010 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2011 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2011 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2012 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2012 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2013 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2014 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2014 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი.
12. 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმებული „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტით“ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ, წინამდებარე აქტით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. მის მიერ გადასახდელი 15000 ლარიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, ანუ 2017 წლის 6 ოქტომბრამდე გადახდილ იქნა მხოლოდ 9500 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ – დარჩენილი 5500 ლარი. ეს თანხა მოსარჩელის მიერ ჩაითვალა ძირი დავალიანების დაფარვაში.
14. შესაბამისად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის, შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 11 878,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-420-ე მუხლები.
16. სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა.
17. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული საზღაურის დარჩენილი ნაწილი – 5500 ლარი მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევით, სარჩელის წარდგენის შემდგომ, რაც ჩაითვალა დავალიანების ძირ თანხაში.
18. სსკ-ის 417-418-ე მუხლების მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არის შეთანხმებული.
19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
20. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
21. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
22. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
23. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, გრაფიკით განსაზღვრული ნარდობის საფასურის ნაწილის – 5500 ლარის, დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ყოველდღიურად ამ თანხის 0.1%-ს, რაც ჯამურად შეადგენს 11878,50 ლარს.
24. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაკისრებული აქვს 10-ჯერ, 0.01%-მდე შემცირებული – 1187,50 ლარი.
25. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც სარჩელის წარდგენის შემდეგ მოსარჩელისათვის სრულად ანაზღაურებულია დავალიანება ძირი თანხის ნაწილში, ამასთან არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, ზიანის წარმოშობის ფაქტი, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა (1187,50 ლარი) სრულად უზრუნველყოფს მენარდის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემკვეთს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,1%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს მენარდის გამდიდრებას.
26. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 1187,50 ლარამდე დასაბუთებულია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
28. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% არის შეუსაბამოდ დიდი ოდენობა და იგი შეამცირა ათჯერ. მხარისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რომ მოწინააღმდეგე მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს ხელშეკრულების პირობებზე. მოპასუხეს შედგენილი ჰქონდა თანხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, ყველა პირობა იყო შექმნილი მოწინააღმდეგე მხარისთვის გადასახდელი თანხის შეღავათიან პირობებში დასაფარად.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
32. 2010 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტი“, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ქ.ბათუმის მერიამ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ 75 კვ.მ საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება.
33. ამავე აქტით მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება, საცხოვრებელ სახლზე მოსარჩელის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ, გადაეხადა 1 კვ.მ-ზე 200 ლარი, სულ – 15000 ლარი.
34. თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული დანართით, კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო: 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1500 ლარი; 2010 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2011 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2011 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2012 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2012 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2013 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი; 2014 წლის 15 ივნისამდე – 1500 ლარი; 2014 წლის 15 დეკემბრამდე – 1500 ლარი.
35. 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმებული „სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების აქტით“ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ, წინამდებარე აქტით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. მის მიერ გადასახდელი 15000 ლარიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, ანუ 2017 წლის 6 ოქტომბრამდე გადახდილ იქნა მხოლოდ 9500 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ – დარჩენილი 5500 ლარი. ეს თანხა მოსარჩელის მიერ ჩაითვალა ძირი დავალიანების დაფარვაში.
37. შესაბამისად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის, შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 11 878,50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
41. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
42. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
44. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
45. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
46. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
47. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
49. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
50. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
51. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
52. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქმე №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.)
53. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
54. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
55. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
57. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
59. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილების, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისა და სხვა ზემოთ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონშესაბამისად.
60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური