Facebook Twitter

საქმე №ას-1059-2019 20 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი, ა. ვ-ი (მოსარჩელეები, აპელანტები)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ა.“, კ. ხ-ი (მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დადგენილია, რომ შპს „ა.“ (შემდეგში: კომპანია ან პირველი მოპასუხე) რეგისტრირებულია 2011 წლის 3 ივნისს და საზოგადოების დირექტორია კ. ხ-ი (შემდეგში: დირექტორი ან მეორე მოპასუხე). საზოგადოების ძირითადი საქმიანობა არის: მცენარეთა დაცვის საშუალებების, მინერალური სასუქების, სათესლე და სანერგე მასალის, ვეტერინარული პრეპარატების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა-დანადგარების, სამრეწველო დანიშნულების ქიმიკატების წარმოება, შესყიდვა, იმპორტი, რეექსპორტი, რეალიზაცია; სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ფერმების, ხეხილის ბაღების, ვენახების და პლანტაციების დაარსება, ექსპლუატაცია; მცენარეთა დაცვის საშუალებების, მინერალური სასუქების, მცენარეთა ჰიბრიდებისა და ჯიშების, ვეტერინარული პრეპარატების გამოცდა და რეგისტრაცია.

2. კომპანიის პარტნიორები არიან: მეორე მოპასუხე - 70% წილის, ა. ვ-ი (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე კასატორი) - 15% წილის, და ნ. კ-ი (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი კასატორი)15% წილის მფლობელი პარტნიორი.

3. დადგენილია, რომ დირექტორის 2018 წლის 13 მარტის წერილით პირველ და მეორე პარტნიორებს ეცნობათ, რომ 2018 წლის 16 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება დამფუძნებელ პარტნიორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) დივიდენდის გაცემის მიზანშეწონილობის განხილვა; ბ) პირველი და მეორე მოსარჩელეების მიერ წილების დათმობა დირექტორის სასარგებლოდ; გ) კომპანიის საწესდებო კაპიტალში შენატანის გაკეთების შესაძლებლობა 100 000 აშშ დოლარის ოდენობით; დ) გრძელვადიანი სესხის დაბრუნება.

4. დადგენილია, რომ კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2018 წლის 16 მარტის კრებაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული კომპანიის მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ, წილების დათმობის შესახებ და კომპანიის საწესდებო კაპიტალში 100 000 აშშ დოლარის ოდენობით შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით. მათ შორის: საზოგადოების 70%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა და იმავდროულად, დირექტორმა მხარი არ დაუჭირა საკითხის დადებითად გადაწყვეტას კომპანიის მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ, ხოლო საზოგადოების 15-15% -იანი წილის მფლობელმა პარტნიორებმა მხარი არ დაუჭირეს საკითხის დადებითად გადაწყვეტას კომპანიის საწესდებო კაპიტალში 100 000 აშშ დოლარის ოდენობით შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამავე კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველი და მეორე მოსარჩელეების გრძელვადიანი სესხის დაბრუნების შესახებ.

5. 2018 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს პირველმა და მეორე მოსარჩელეებმა კომპანიისა და მისი დირექტორის მიმართ და მოითხოვეს კომპანიის პარტნიორთა კრების 2018 წლის 16 მარტის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა - პარტნიორებისათვის დივიდენდის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში და პარტნიორების - პირველი და მეორე მოსარჩელისათვის ამავე საზოგადოებაში არსებული მათი კუთვნილი 15-15% წილის შესაბამისი დივიდენდის თანხის გაცემა, რაც 2015-2017 წლების მოგებიდან შეადგენს პირველი მოსარჩელისათვის 104619,752 ლარს და მეორე მოსარჩელისათვის 104619,752 ლარს.

6. მოსარჩელეთა განმარტებით ისინი წარმოადგენენ კომპანიის 15-15%-იანი წილის მფლობელ პარტნიორებს. კომპანიის 2018 წლის 16 მარტის პარტნიორთა კრების ოქმით, საზოგადოების დირექტორისა და 70% წილის მფლობელი პარტნიორის (მეორე მოპასუხე) უკანონო და დაუსაბუთებელი წინააღმდეგობის გამო, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ კუთვნილი დივიდენდის გაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი მოგება ბოლო სამი წლის განმავლობაში. პარტნიორთა კრება მოწვეული იქნა მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ დირექტორმა შეცვალა დღის წესრიგი და განხილული იქნა დივიდენდის გაცემის მიზანშეწონილობა. მოსარჩელეთა განმარტებით 70% წილის მფლობელი პარტნიორისა და ამავდროულად დირექტორის გადაწყვეტილება არ გაიცეს დივიდენდი, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. კრების ოქმში მითითებული მოტივაცია რეინვესტირების განხორციელების თაობაზე მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს წინააღმდეგობაშია თვით საზოგადოების წესდების 5.7.12 და 5.7.15 პუნქტების მოთხოვნებთან, ხოლო წესდების 5.7.16 პუნქტის თანახმად საზოგადოების მიერ მსხვილი გარიგების დამტკიცება დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოების პარტნიორების მიერ, რომელთა ჯამური ხმების რაოდენობა აღემატება საზოგადოების პარტნიორთა ხმების საერთო რაოდენობის ¾-ს, რასაც ადგილი არ ჰქონია.

7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით 2018 წლის 16 მარტის კრება მოწვეული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, რადგან დღის წესრიგს, რომლის პროექტიც წარმოადგინეს 15-15%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორებმა, დაემატა საკითხები, რისი უფლებაც კომპანიის დირექტორს აქვს საზოგადოების წესდების 5.16 მუხლის საფუძველზე, ხოლო როგორც კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელს, აქვს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. სააპელაციო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და კომპანიის პარტნიორთა 2018 წლის 16 მარტის კრების ოქმის გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობა (იხ., ტ.2. ს.ფ. 25- განცხადება სააპელაციო საჩივრის დაზუსტების შესახებ).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო სარჩელი დარჩა განუხილველი.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოასამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსამართლეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეატნილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინედება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; Nას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). (სუსგ Nას-91-91-2018).

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, რომლის თანახმად: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების/საქმე # ას-664-635-2016; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო აღიარებითი სარჩელი კომპანიის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის მიმართაც მოსარჩელეებს არ გააჩნდათ იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივაზე შეწყდა საქმის წარმოება და სარჩელი დარჩა განუხილველად.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

15. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მტკიცება, აღიარებითი სარჩელის მიკუთვნებითი სარჩელის თანხლების გარეშე უსაფუძვლობის თაობაზე, მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობაში მიკუთვნებითი სარჩელის საფუძველი უშუალოდ და პირდაპირ უკავშირდება დივიდენდის განაწილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და შემდგომ, მისგან გამომდინარე უფლებას. გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმა კი აბრკოლებს ამ მოთხოვნის რეალიზებას.

16. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, განჩინების უკანონობაზე მეტყველებს ისიც, რომ სააპელაციო პალატამ ყოვლად დაუსაბუთებლად უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა პრეტენზია საზოგადოების დამფუძნებლისა და დირექტორის, მეორე მოპასუხის მიერ დღის წესრიგის შეცვლის დაუშვებლობის თაობაზე, რაც თავის მხრივ გამოყენებული იქნა ამ უკანასკნელის მხრიდან სწორედ მოსარჩელე პარტნიორებზე კუთვნილი დივიდენდის განაწილების საკითხის განხილვა-გადაწყვეტაზე უარის თქმის მოტივად.

17. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც, მოპასუხეს არა თუ მოგების განაწილებაზე, არამედ, თვით მოგების განაწილებაზე უარზე არ უმსჯელია, ყოვლად გაუგებარი ხდება ამ ვითარებაში როგორ უნდა ესარგებლა აპელანტს მიკუთვნებითი სარჩელის სავალდებულო წარდგენით.

18. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, აღიარებითი სარჩელისადმი მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი ცალსახად სახეზეა, მათ შორის, თვით პალატის მიერ მითითებული საამისო კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით, რაც ცხადყოფს, რომ ამგვარი აღიარების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება ქმნის მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველს, რაც მოსარჩელეთა კანონისმიერი უფლებაა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

23. კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2018 წლის 16 მარტის კრებაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული კომპანიის მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ, წილების დათმობის შესახებ და კომპანიის საწესდებო კაპიტალში 100 000 აშშ დოლარის ოდენობით შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით. მათ შორის: საზოგადოების 70%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა და იმავდროულად, დირექტორმა მხარი არ დაუჭირა საკითხის დადებითად გადაწყვეტას კომპანიის მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ, ხოლო საზოგადოების 15-15% -იანი წილის მფლობელმა პარტნიორებმა მხარი არ დაუჭირეს საკითხის დადებითად გადაწყვეტას კომპანიის საწესდებო კაპიტალში 100 000 აშშ დოლარის ოდენობით შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამავე კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველი და მეორე მოსარჩელეების გრძელვადიანი სესხის დაბრუნების შესახებ.

24. 2018 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს პირველმა და მეორე მოსარჩელეებმა კომპანიისა და მისი დირექტორის მიმართ და მოითხოვეს კომპანიის პარტნიორთა კრების 2018 წლის 16 მარტის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა - პარტნიორებისათვის დივიდენდის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში და პარტნიორების - პირველი და მეორე მოსარჩელისათვის ამავე საზოგადოებაში არსებული მათი კუთვნილი 15-15% წილის შესაბამისი დივიდენდის თანხის გაცემა, რაც 2015-2017 წლების მოგებიდან შეადგენს პირველი მოსარჩელისათვის 104619,752 ლარს და მეორე მოსარჩელისათვის 104619,752 ლარს.

25. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და არიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება, რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი კომპანიის პარტნიორთა 2018 წლის 16 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს. შესაბამისად, რომც დავუშვათ ვარაუდი ამ სახით სარჩელის წარმატების თაობაზე, იგი მატერიალური სარგებლის მომტანი მოსარჩელეთათვის მაინც ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი აღძრულია კომპანიის 15%-15% -იანი წილის მფლობელი პარტნიორების მიერ. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან კი ირკევევა, რომ მოსარჩელეთა მიზანი და იურდიული ინტერესი კომპანიის მოგებიდან დივიდენდის მიღებაა, რაც კომპანიის პარტნიორთა კრებაზე მისაღებ გადაწყვეტილებას განეკუთვნება, რა დროსაც, კომპანიის პარტნიორები დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობენ. შესაბამისად, არ დასტურება სადავო კრების ოქმის ბათილობის შემთხვევაშიც კი, რა მატერიალური სარგებელი შეიძლება მიიღონ მოსარჩელეებმა.

28. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით პარტნიორები ხმათა უმრავლესობით ავლენენ ნებას, რომელიც ემსახურება კაპიტალური საზოგადოების, როგორც ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი სამეწარმეო სუბიექტის, განვითარებას და შემდგომ ამოცანებს. პარტნიორთა კრების, რომელიც ეკონომიკური მოგების მიღების მიზნით დაფუძნებული საზოგადოების მმართველი უმაღლესი ორგანოა, გადასაწყვეტია საწარმოში წლიური დივიდენდის განაწილება და მისი ოდენობის განსაზღვრა, რაც მეწარმეობის თავისუფალი განვითარებისათვის საწარმოს მართვისა და შიდაპარტნიორული ურთიერთობების პოლიტიკის საკითხს განეკუთვნება და მისი გადაწყვეტა სასამართლო დავის გზით შეუძლებელია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ -ები №ას-851-795-2017, 20 აპრილი, 2018 წელი, №ას-612-571-2017, 28 ივლისი, 2017 წელი, პ-24.3; №ას-1141-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი, 3.2.).

29. მაშასადამე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის იურიდული ინტერესის აუცილებლობის შესახებ (შდრ: სუსგ №ას-609-609-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი) და მიაჩნია, რომ სარჩელში დასახელებული ინტერესი უნდა შეფასდეს მხარის სუბიექტურ ინტერესად, რომელსაც არავითარი მატერიალურ-სამართლებრივი სარგებლის მოტანა მოსარჩელისათვის არ შეუძლია.

30. იმავდროულად, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა. გადაწყვეტილებაში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება, განიმარტა, რომ გადაწყვეტილებია აღსრულების უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე” საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდს, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) (ციტ: სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი, პ-15.4.3).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმა სარჩელის განუხილველად დატოვებისას. ამასთან, სსსკ-ი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის მე-2 მუხლი]. ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. ამ პრინციპების კონკრეტულ გამოხატულებას ვხვდებით სსსკ-ის 178-ე მუხლის დისპოზიციურ დანაწესში, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები და სხვა [სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“, „ე“], ხოლო აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მიუთითოს იურიდიულ ინტერესზე ან აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი, თუკი მოსარჩელისათვის იურიდული შედეგის მომტანი მიკუთვნებითი სარჩელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ისა და ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე