Facebook Twitter

საქმე №ას-1027-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს 7 532.90 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც კომპანიამ აიღო ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდებულება. მოპასუხემ 2018 წლის 15 თებერვლის წერილით მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ერთ-ერთი პროდუქტი, კერძოდ, დანართის №1 პოზიციით განსაზღვრული მოდელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია შეუძლებელია და ამ საფუძვლით მოითხოვა ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა.

3. 2018 წლის 15 თებერვლის წერილის საფუძველზე მოსარჩელემ მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, და ხელშეკრულების 11.4 მუხლის საფუძველზე დააკისრა მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 7 532.90 ლარს.

4. 2018 წლის 21 თებერვლის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და ეთხოვა შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის №1232 განკარგულების შესაბამისად, მოპასუხე, 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, რეგისტრირებულია შავ სიაში.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია წინასწარ ვერ შეუთანხმდება მწარმოებელ კომპანიებს რაიმე პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ტენდერის დასრულებამდე უცნობია რომელი პრეტენდენტის სატენდერო შეთავაზება დაიმსახურებს მოწონებას და გაიმარჯვებს. სატენდერო შეთავაზებები მზადდება იმ რესურსის გამოყენებით, რაც ხელმისაწვდომია მწარმოებლებთან რაიმე შეთანხმებების დადების გარეშე. ამასთან, ტენდერის მონაწილე პრეტენდენტებს აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ პროდუქტის შეძენა ზოგადად შესაძლებელია, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გასათვალისწინებელი გარემოებები და მათ შორის არის ბაზრის კვლევის შედეგები.

7. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვალდებულების შესრულება შეუძლებელი იყო ნებისმიერი ძალისხმევისა და ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა ალტერნატიული შესრულება გაუმჯობესებული ვიდეოკამერის სახით ფასის გაუზრდელად, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო და არ არსებობს უკეთესი ალტერნატიული ხერხი ვალდებულების შესრულებისა, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

8. მოპასუხის განმარტებით, აშკარაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო პირობების არასწორად ჩამოყალიბება და ამით გამოწვეული დაუძლეველი ძალის არსებობა, შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძვლოა.

9. მიუხედავად მოსარჩელის მიერ იმთავითვე შეუსრულებადი პირობის განსაზღვრისა, მაინც გამოყენებულ იქნა შესაბამისი სანქცია შპს „სოფთმასტერის“ შავ სიაში რეგისტრაციის სახით, რაც ერთი წლის განმავლობაში კომპანიას ართმევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად წაერთვა საქმიანობის უფლება და იგი დადგა სრული პარალიზების საფრთხის წინაშე, დამატებითი სანქციის სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა გაუმართლებელი და შეუსაბამოდ მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 000 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც მოპასუხეს ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 75 329 ლარით.

13. 2018 წლის 15 თებერვლის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ერთ-ერთი პროდუქტი, კერძოდ, დანართის №1 პოზიციით განსაზღვრული მოდელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია შეუძლებელი იყო და ამ საფუძვლით მოითხოვა ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა.

14. 2018 წლის 15 თებერვლის წერილის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ხელშეკრულების 11.4 მუხლის საფუძველზე მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით (სულ – 7 532.90 ლარი).

15. 2018 წლის 21 თებერვლის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და ეთხოვა შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

16. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის №1232 განკარგულების შესაბამისად, მოპასუხე 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარეგისტრირდა შავ სიაში.

17. მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შემკვეთს 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრონები და აქსესუარები ვერ მიაწოდა.

18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის მოსარჩელის აპელანტის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 000 ლარამდე მართებულად შემცირდა და მისი შემსრულებლისთვის სრულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე. შესაბამისად, მაშინ როდესაც არ არსებობს ვალდებულების დარღვევა, ვერც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები იარსებებს.

20. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს ვალდებულების დარღვევა/შეუსრულებლობა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითებდა, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა აპელანტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების შედეგი იყო, კერძოდ, მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გასათვალისწინებელი გარემოებები და მათ შორის არის ბაზრის კვლევის შედეგები. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო ჩაატარებდა ბაზრის კვლევას ნათელი გახდებოდა, რომ იმ კონკრეტული ფირმისა და მოდელის დრონების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, რომლებიც ტენდერის ობიექტს წარმოადგენდა, შეუძლებელი იყო. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებდა აპელანტი მხარე და აცხადებდა, რომ მოპასუხე საწარმოს, როგორც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მოეძიებინა ინფორმაცია, დაკავშირებოდა მწარმოებლებს და გაერკვია სადავო დრონებისა და აქსესუარების საქართველოში შემოტანას შეძლებდა თუ არა. როგორც წინამდებარე განჩინებაში უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო მხარეს მხოლოდ ვალდებულების ბრალეული დარღვევის შემთხვევაში უნდა დაეკისროს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს სწორედ იმ გარემოების დადგენა წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თუ არა მხოლოდ მოპასუხის ბრალეული ქმედებით.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმგვარი გარიგებების სპეციფიურობას, რომელშიც კონტრაჰენტად სახელმწიფო გვევლინება. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. როგორც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა ამ შემთხვევაში გამოსავალი სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას უნდა მიენიჭოს ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა – დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1184-1145-2016).

22. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

23. განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) განსაზღვრა; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზეც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია; ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. პალატა განმარტავს, რომ ხსენებული კანონი შეძლებისდაგვარად ამომწურავად ჩამოთვლის იმ წინაპირობებს, რომლებიც შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს, ანუ ადგილი აქვს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება, კერძოდ მინიმუმამდე დაჰყავს სატენდერო პირობების იმგვარი ფორმით ჩამოყალიბება, რომლებიც პრეტენდენტისთვის ობიექტურად შეუძლებელს გახდის ვალდებულების შესრულებას, გააძნელებს პრეტენდენტის მოპოვებას ან/და სხვაგვარად შეუშლის ხელს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. ჩამონათვალში ერთ-ერთ წინაპირობას შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის ჩატარება წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ტენდერში მონაწილე მხარეს ივარაუდება, რომ აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფოსადმი, იგი დარწმუნებულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის მოკვლევა განხორციელებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს არ შეიძლება შეექმნას ეჭვი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ობიექტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის შეუძლებლობის შესახებ.

24. სამოქალაქო სამართალში პროცესის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

25. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

26. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობა სადავო არ არის, თუმცა მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ობიექტურად განხორციელებადი არ იყო, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ობიექტის (კონკრეტული ფირმისა და მოდელის დრონი) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა შეუძლებელი იყო. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ბრუნდება სახელმწიფოზე და სწორედ მან უნდა ამტკიცოს გარემოება, რომ ბაზრის კვლევა საფუძვლიანად იყო ჩატარებული, მითითებული ფირმისა და მოდელის დრონების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო და იგი მოპასუხის ბრალეული მოქმედების შედეგად ვერ განხორციელდა. საქმის მასალებში სამინისტროს მიერ ბაზრის კვლევის შედეგები წარმოდგენილი არ არის, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სამინისტრომ მითითებული ფირმისა და მოდელის დრონები სხვა გზით მოიპოვა ან/და გამოაცხადა იდენტური ტენდერი, რომლის ფარგლებშიც ხსენებული ტექნიკის საქართველოში შემოტანა განხორციელდა. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სრულად ვერ დასძლია.

27. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მას უნდა ემტკიცებინა ის გარემოება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მთლიანად მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, მიმწოდებლისთვის სატენდერო წინადადების წარდგენამდე ცნობილი იყო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა სატენდერო დოკუმენტაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით მოეთხოვა სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და საკუთარი შესაძლებლობის შეფასების შემდგომ წარედგინა ან არ წარედგინა სატენდერო წინადადება. ამასთან, თუ იგი თვლიდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო არასწორად, მას შეეძლო, აღნიშნული გაესაჩივრებინა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, რაც მას არ განუხორციელებია. მიმწოდებელი მის 2018 წლის 15 თებერვლის წერილში თავადვე უთითებდა, რომ არც შემსყიდველმა ორგანიზაციამ და არც მან არ გადაამოწმა მწარმოებელი კომპანიის პოზიცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, მეტი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში საწარმო თავიდან აიცილებდა იმ ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას, რომლის შესრულებასაც მოგვიანებით ვერ შეძლებდა.

28. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 000 ლარამდე შემცირებას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი იძლევა სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს არა უბრალოდ მაღალი, არამედ მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო.

29. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

30. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ შეუძლია, გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

31. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება იმაში მდგომარეობს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი – სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

32. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ აპელანტმა სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის შედეგები, მოგვიანებით კი, აღმოჩნდა, რომ მოპასუხე საწარმოს ხელშეკრულებით შეთანხმებული კონკრეტული ფირმისა და მოდელის დრონების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე არ შეეძლო, ასევე, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმომ არ გამოიჩინა საჭირო გულმოდგინება და წინდახედულობა, არ შეამოწმა სატენდერო პირობებში მითითებული ობიექტების ხელმისაწვდომობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო. აღნიშნული დასკვნის საფუძველს, გარდა წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი მსჯელობისა, ასევე ქმნის საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც იკვეთება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს შესთავაზა უფრო მაღალფასიანი ტექნიკის სატენდერო ფასად მიწოდება რაზეც სამინისტრომ უარი განაცხადა. აღნიშნული მოწმობს, რომ მოპასუხე მხარე კეთილსინდისიერად იქცეოდა და ვალდებულების შესრულების ალტერნატიული გზების მოძიებას ცდილობდა. გარდა ამისა, საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის განკარგულებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოპასუხე საწარმო დროებით შავ სიაში დარეგისტრირდა, ანუ გარკვეული სანქცია ვალდებულების დარღვევისთვის მას უკვე დაეკისრა და დამატებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სრული ოდენობით დაკისრება გასცდება იმ მიზანს, რომელსაც მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ემსახურება და სადამსჯელო ღონისძიებად იქცევა, რაც სასამართლოს უქმნიდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა მის ხელთ არსებული დისკრეცია და, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

34. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია ის კრიტერიუმები, რომლითაც შეიძლება, შემცირდეს სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (სუსგ 28.12.2012წ. საქმე №ას-1560-1463-2012; 16.05.2014წ. საქმე №ას-1200-1145-2013).

35. საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო პირგასამტეხლო განისაზღვრა მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად და მისი შემცირების წინაპირობა არ არსებობდა.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

39. 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც მოპასუხეს ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 75 329 ლარით.

40. 2018 წლის 15 თებერვლის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ერთ-ერთი პროდუქტი, კერძოდ, დანართის №1 პოზიციით განსაზღვრული მოდელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია შეუძლებელი იყო და ამ საფუძვლით მოითხოვა ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა.

41. 2018 წლის 15 თებერვლის წერილის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ხელშეკრულების 11.4 მუხლის საფუძველზე მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით (სულ – 7 532.90 ლარი).

42. 2018 წლის 21 თებერვლის წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და ეთხოვა შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

43. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის №1232 განკარგულების შესაბამისად, მოპასუხე 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დარეგისტრირდა შავ სიაში.

44. მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შემკვეთს 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრონები და აქსესუარები ვერ მიაწოდა.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

48. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

49. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

51. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

52. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

53. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

54. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

56. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

57. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

58. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

59. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქმე №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.)

60. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

61. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

62. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

64. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

65. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

66. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

67. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ნ. ბაქაქური