Facebook Twitter

საქმე №ას-945-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჟ. ს-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. თ-ა, ბმა „ძ. ს.“ (თავმჯდომარე - ა. გ-ი) (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამხანაგობა ,,ძ. ს.’’ (შემდეგში - ამხანაგობა ან მეორე მოპასუხე) ოცდათერთმეტი წევრისგან შედგება.

2. ჟ. ს-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა ამხანაგობისა და რ. თ-ას (შემდეგში - პირველი მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ამხანაგობის 2015 წლის 16 აპრილის N2 კრების ოქმისა და ამხანაგობის 2016 წლის 9 აპრილის N1და N2 კრების ოქმის ბათილად ცნობა.

3. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითეულია, რომ ამხანაგობის 2015 წლის 16 აპრილის კრება არ ჩატარებულა და გადაწყვეტილება ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე არ მიღებულა. კრების ოქმში მითითებულია, რომ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 21 პირმა. წევრთა სიაში შეყვანილია ის პირებიც რომლებიც არაუფლებამოსილ პირებს წარმოადგენდნენ, მათ შორის, ა. გ-ი (შემდეგი - თავმჯდომარე), რომელიც არ სარგებლობდა ხმის უფლებით. კრების ოქმზე დართული წევრთა სიიდან რამდენიმე პირი არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრს. 2016 წლის 9 აპრილს ამხანაგობის კრებაზე სხვენის პირველი მოპასუხისათვის გადაცემის საკითხი არ განხილულა და კრებას რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. ერთი და იმავე დღეს შედგენილია ორი კრების ოქმი. ამხანაგობა 2016 წლის 9 აპრილის N1 კრების ოქმის საჯარო რეესტრში წარდგენის შემდგომ პირველ მოპასუხეს დაუდგინდა ხარვეზი, აზომვითი ნახაზის არ ქონის გამო, ხოლო 2016 წლის 9 აპრილს შედგენილი N2 კრების ოქმის საფუძველზე, რომელსაც დაერთო ნახაზი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა პირველი მოპასუხე. მოსარჩელის მითითებით, კრების უფლებამოსილებას სჭირდებოდა მინიმუმ 27 წევრის დასწრება, მაშინ, როდესაც 10 ამავე ამხანაგობის წევრის მიერ ხელმოწერილი ოქმიც არსებობს, რომელშიც თანხმობაა გამოთქმული სადავო ფართი გადაეცეს საკუთრების უფლებით მოსარჩელეს; ამავე ოქმში აცხადებენ იგივე ამხანაგობის წევრები, რომ მათ არავითარი თანხმობა არ განუცხადებიათ სხვენის სხვაზე გადაცემისთვის (ტ.1. ს.ფ. 10).

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებების მოწვევის წესი და უფლებამოსილება არ დარღვეულა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2016 წლის 9 აპრილის N2 კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისში, დ. ა. N-..........-ში, სხვენი 65,50 კვ.მ. სარჩელი ამხანაგობის 2015 წლის 16 აპრილის N2 და 2016 წლის 9 აპრილის N1 კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პ-1-ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება.

9. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის 09.04.2016წ.-ის კრება მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კრების მოწვევის კანონიერების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები.

10. მოწმედ დაკითხულმა არჩილ ქურდევანიძემ განმარტა, რომ 09.04.2016წ. კრების მოწვევასთან დაკავშირებით განცხადება იყო გამოკრული... კრებას თავადაც დაესწო, კრებაზე დიდი რაოდენობით ხალხი იყო შეკრებილი... კრებაზე კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი სხვენის ნაწილი მოსარჩელეს და ე. თ-ას შორის ვის გადასცემოდა... გამოითქვა აზრი გადასცემოდა მას, ვინც მეტს გადაიხდიდა... (იხ. სხდომის ოქმი. 31.07.2017წ. 11:16:16:11:17:28).

11. მოწმე გ. წ-ის განმარტებით, მას სადარბაზოსთან უნახავს გამოკრული განცხადება კრების ჩატარებასთან დაკავშირებით, სადავო კრებამდე ერთხელ დაესწრო კიდეც ამხანაგობის კრებას, თუმცა, მას შემდეგ კრებაზე დასწრების სურვილი აღარ გასჩენია.. (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 11:58:31-11:58:33).

12. მოწმე ჯ. ა-ანის განმარტებით, იგი 09.04.2016წ. ამხანაგობის კრებას დაესწრო, კრება თავის მხრივ ძალიან ხმაურიანი იყო... კრებაზე დაისვა საკითხი აუქციონის წესით სხვენის გასხვისებასთან დააკავშირებით. (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 12:10:09-12:10:12).

13. მოწმე ს. ჯ-ის განმარტებით, ინფორმაცია ამხანაგობის კრების ჩატარების თაობაზე გამოკრულია ხოლმე... 2016 წლის 09 ან 16 აპრილს ჩატარდა დიდი კრება სხვენის აუქციონის წესით გასხვისების თაობაზე... კრებაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ითხოვა ვადა აუქციონის შესახებ საკითხის მარწმუნებელთან შეთანხმების მიზნით...ამის შემდეგ კიდევ ჩატარდა კრება, სადაც მოაწერა ხელი სხვენის რ. თ-სთვის გადაცემის თაობაზე.. (იხ. 31.07.2017წ. სხდომის ოქმი. 12:22:46; 12:28:41).

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებისა, რომლებიც მიუთითებენ როგორც 09.04.2016წ. კრების ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების და მასში მონაწილეობის, ასევე ამხანაგობის კრებაზე ადრე მონაწილეობის მიღების შემდეგ კრებაზე დასწრების სურვილის არ არსებობის თაობაზე (გ. წიქარიძე), სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, რომელიც მხარეთა მითითებით კრების ჩატარების მომენტისთვის ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის მეშვეობით.

15. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამხანაგობის 09.04.2016წ. კრება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარდა, კრებაზე განხილული იქნა ამხანაგობის საერთო ქონების, კერძოდ, სხვენის ნაწილის (65.50 კვ.მ.) გასხვისების საკითხი ისე, რომ სხვენის შეძენის მსურველ ამხანაგობის წევრ ორ კანდიდატს: რ. თ-ას და ჟ. ს-ს შორის უპირატესობა მიენიჭებოდა მას, ვინც ამხანაგობის საერთო ქონების (მესამე სადარბაზოს მე-2 და მე-3 სართულების შუშაბანდების) სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა.

16. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.2 პუნქტით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის 09.04.2016წ.-ის კრება მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა: ა. ქ-ემ, ჯ. ა-მა და ს. ჯ-მა, რომლებიც თავის მხრივ, ამხანაგობის კრებას ესწრებოდნენ, დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ კრებაზე დაისვა საკითხი სხვენის ნაწილის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ სხვენის შეძენის მსურველი ამხანაგობის ორი წევრიდან, რომელთა შორისაც იყვნენ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე, სხვენი საკუთრებაში გადაეცემოდა მას, ვინც ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (მესამე სადარბაზოს მე-2 და მე-3 სართულების შუშაბანდების) საწარმოებლად, მეტ თანხას გადაიხდიდა. აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა ასევე მიუთითეს სხვენის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე კრებაზე გაჟღერებული პირობების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთი კანდიდატის -მოსარჩელისათვის (რომელიც სხდომაზე წარდგენილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით), მიწოდების მიზნით მისი წარმომადგენლისთვის გარკვეული ვადის მიცემის შესახებ. მოწმეებმა ასევე მიუთითეს სხდომაზე დამსწრე საზოგადოების მრავალრიცხოვნების და იქ არსებული ხმაურის შესახებ. (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 11:17:28; 11:39:52; 11:41:09; 12:10:09-12:10:12; 12:22:46; 12:28:41).

17. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა ამხანაგობის სადავო კრების ოქმში (რომელიც 20.04.2016 წელს შედგენია, როგორც 09.04.2016წ. კრების ოქმის გაგრძელება) ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი (რომელიც მოსარჩელის სახელით 09.04.2016წ. კრებას ესწრებოდა და რომელმაც ამ უკანასკნელისთვის 09.04.2016წ. კრებაზე გაჟღერებული პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გარკვეული ვადა ითხოვა) 19.04.2016 წელს დაუკავშირდა ამხანაგობის თავმჯდომარეს და ამ უკანასკნელს მოსარჩელის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, კერძოდ, ამხანაგობის თავმჯდომარეს აცნობა, რომ მოსარჩელე ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენის ნაწილის მისთვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ მხოლოდ მესამე სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯებს გაიღებდა (იხ. 05.02.2019წ. სხდომის ოქმი 16:01:57-16:03:34; 16:21:10). გათვალისწინებით იმისა, რომ: 1. 09.04.2016წ. კრების დღის წესრიგს და კრებაზე განხილულ საკითხს წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენის ნაწილის (65.50 კვ.მ.) ამხანაგობის ორი წევრიდან (პირველი მოპასუხე და მოსარჩელე) ერთ-ერთისთვის, კერძოდ, იმ წევრისთვის საკუთრებაში გადაცემა, რომელიც ამხანაგობის საერთო სიკეთის გაუმჯობესების მიზნით უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა; 2. აღნიშნული პირობის მარწმუნებელისთვის გაცნობის და მისი გადაწყვეტილების შესახებ ამხანაგობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელს მიეცა ვადა, რომელმაც ამხანაგობის თავმჯდომარეს 19.04.2016 წელს აცნობა მარწმუნებლის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად ის გამოთქვამდა თანხმობას, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენის ნაწილის მისთვის გადაცემის სანაცვლოდ მხოლოდ მესამე სართულის სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარებისთვის საჭირო თანხის გადახდის შესახებ, მიუხედავად ჟანა საფოიანის წარმომადგენლის მიერ ამხანაგობის თავმჯდომარისთვის ჟანა საფოიანის გადაწყვეტილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარისთვის ინფორმაციის 19.04.2016 წელს მიწოდებისა, იმ პირობებში, როდესაც 09.04.2016 წლის სხდომაზე უკვე განხილულ საკითხს წარმოადგენდა სხვენის ნაწილის ამხანაგობის ორი წევრიდან ერთ-ერთისთვის, კერძოდ, მისთვის გადაცემა ვინც ამხანაგობის სასარგებლოდ მეტ თანხას გადაიხდიდა, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს სადავო სხვენზე (65.50 კვ.მ.) საკუთრების უფლება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, კერძოდ, მესამე სადარბაზოს მე-2 და მე-3 სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო თანხის გადახდის სანაცვლოდ ამხანაგობის 09.04.2016წ. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა.

18. სააპელაციო პალატამ არ გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ პირველ მოპასუხეს სადავო სხვენზე (65.50 კვ.მ.) საკუთრების უფლება ამხანაგობის 09.04.2016წ. კრების №2 ოქმის საფუძველზე გადაეცა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 30.05.2016 წლის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა პირველი მოპასუხის მიერ ქ. თბილისი, დ. ა. გამზირი №...-ში მდებარე 65.50 კვ.მ. სხვენის სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამხანაგობის კრების ოქმი და აზომვითი ნახაზი ხარვეზიანად მიიჩნია იმაზე მითითებით, რომ წარდგენილი დოკუმენტებიდან არ ირკვეოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვენი ხომ არ მოიცავდა პირველი მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებულ 42.38 კვ.მ. სხვენს, აღნიშნულის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო სამსახურის 30.05.2016წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს მიეცა ვადა გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზის ამხანაგობის კრებაზე ხმათა 2/3 მიღებული კრების ოქმის წარდგენით აღმოფხვრის შესახებ. სააპელაციო პალატა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ: 1. ამხანაგობის 09.04.2016 წელს გამართულ კრებაზე განხილული იქნა საკითხი ამხანაგობის ორი წევრიდან ერთ-ერთისთვის სხვენის ნაწილის აუქციონის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ; 2. 19.04.2016 წელს ამხანაგობის თავმჯდომარეს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ეცნობა მისი მარწმუნებლის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც ის გამოხატავდა ნებას სხვენის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ მხოლოდ მესამე სართულის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის გაღებაზე, მაშინ როდესაც პირველ მოპასუხეს გამოვლენილი ჰქონდა ნება მე-2 და მე-3 სართულების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის გაღების შესახებ, რაც მას უკვე აუქციონში გამარჯვებულად და შესაბამისად სხვენის საკუთებაში გადაცემაზე/მიღებაზე უფლებამოსილ პირად აქცევდა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს სადავო სხვენზე საკუთრების უფლება 09.04.2016წ. კრების ოქმი №1 -ით გადაეცა, სარეგისტრაციო სამსახურის 30.05.2016წ. გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი კრების ოქმი №2-ით კი დაზუსტდა, რომ პირველი მოპასუხისათვის 09.04.2016წ. კრების ოქმი №1-ით საკუთრებაში გადაცემული სხვენი მის სახელზე უკვე რეგისტრირებულ სხვენს არ ფარავდა. აღნიშნული გარემობები კი იძლევა დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ამხანაგობის 09.04.2016წ. №1 და №2 კრების ოქმები თავისი შინაარსით ერთ მთლიანობას, ერთიან დოკუმენტს წარმოადგენს, რადგან როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 30.05.2016წ. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, პირველი მოპასუხისათვის სადავო სხვენის სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე ხარვეზის დადგენის საფუძველს მხოლოდ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 09.04.2016წ. კრების ოქმიდან აზომვით ნახაზთთან ერთად არ ირკვეოდა, წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული 65.50 კვ.მ. ფართის სხვენი ხომ არ ფარავდა საჯარო რეესტრში განმცხადებლის სახელზე უკვე რეგისტრირებულ 42.38 კვ.მ ფართის სხვენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან პირველი მოპასუხისათვის ხარვეზის დადგენის და შესაბამისად, ამხანაგობის მიერ კრების ოქმი №2-ის მიღების წინაპირობას წარმოადგენდა არა სარეგისტაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში (09.04.2016წ. კრების ოქმი №1) პირველი მოპასუხისათვის სხვენის საკუთრების გადაცემაზე ამხანაგობის წევრების მიერ გამოვლენილი ნების ნაკლი, არამედ წარდგენილ დოკუმენტებში იმ გარემოების მიუთითებლობა, რომ პირველი მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული 65.50 კვ.მ. სხვენი არ ფარავდა მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებულ 42.38 კვ.მ სხვენს.

19. ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი.

20. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება: ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისების, გაქირავების, იჯარით გაცემის, დაგირავების, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლების სხვა პირებისათვის გადაცემის წესები.

21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 09.04.2016წ. კრების ოქმიდანაც ირკვევა, რომ სადავო სხვენი არც პირველ მოპასუხეს და არც მოსარჩელეს ფაქტობრივ მფლობელობაში არ ყოფილა.

22. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.3 პუნქტით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამხანაგობის 09.04.2016წ. კრებაზე განხილული იქნა ამხანაგობის საერთო ქონების, კერძოდ, სხვენის ნაწილის გასხვისების საკითხი ისე, რომ სხვენის შეძენის მსურველ ამხანაგობის წევრ ორ კანდიდატს: პირველ მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის უპირატესობა მიენიჭებოდა მას, ვინც ამხანაგობის ქონების (მესამე სადარბაზოს მე-2 და მე-3 სართულების შუშაბანდების) სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად კრების დღის წესრიგისა, რომლის მიხედვით კრებაზე განსახილველ საკითხს არა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურება, არამედ სხვენის აუქციონის წესით გასხვისება და მასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა წარმოადგენდა, ამხანაგობამ, მისმა წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება კრებაზე განსახილველი საკითხის ხმათა 2/3-ით გადაწყვეტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გარემოება ამხანაგობის მიერ 09.04.2016წ. კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების ხმათა 2/3-ით მიღების შესახებ მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა არც თავად ამხანაგობის კრებაზე და არც აღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელით.

24. მოსარჩელე სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობას იმაზე მითითებით მოითხოვდა, რომ კრება მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, კრების ოქმზე ხელმომწერ პირებს მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება არ გააჩნდათ, რადგან ისინი ამხანაგობის წევრებს არ წარმოადგენდნენ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სადავო კრებაზე ხმების 2/3-ით მიღებული გადაწყვეტილებით განიკარგა ამხანგობის საერთო ქონება, რომელიც ამხანაგობის არც ერთი წევრის, მათ შორის, არც პირველი მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არ ყოფილა, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული საკითხი ამხანაგობის წევრების, მითუმეტეს, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით სადავო არ გამხდარა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის წევრები, მიუხედავად ამხანაგობის წესდების არ არსებობისა, მათი კონკლუდენტური მოქმედებით, ამხანაგობის საერთო ქონების, კერძოდ, სადავო სხვენის ხმათა 2/3 -ით გასხვისების წესზე შეთანხმდნენ.

25. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ძ. ს.’’ სადავო კრების ოქმი ხელმოწერილია გადაწყვეტილების მისაღებად ხმის უფლების მქონე ამხანაგობის წევრთა 2/3 -ის მიერ.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა 09.04.2016წ. კრების ოქმზე ხელმომწერი პირების: თ. მ-ის, ლ. ღ-ის, თ. მ-ის და ლ. მ-ის უფლებამოსილებას და განმარტავდა, რომ მადონა ბერიძის, ი. ჭ-ის და ი.ხ-ას წერილობითი თანხმობები, რომლითაც მათ ამხანაგობის საერთო ქონების გასხვისხვისების ნება გამოავლინეს, არ შეიძლება ჩაითვალოს პირველი მოპასუხისათვის სადავო სხვენზე საკუთრების უფლების გადაცემაზე თანხმობად და შესაბამისად, კრების ოქმზე ხელმოწერად.

27. საქმეში წარმოდგენილი იყო მ. ბ-ის, ი. ჭ-ის და ი. ხ-ას ხელწერილები, სადაც ისინი გამოხატავდნენ ნებას სხვენში არსებული თავისუფალი ფართის ამხანაგობის იმ წევრზე გასხვისების შესახებ, რომელიც ამხანაგობის სასარგებლოდ (სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად) მეტ თანხას გადაიხდიდა. ამხანაგობის 09.04.2016წ. კრებაზე სადავო სხვენის გასხვისების მიზნით ამხანაგობის წევრებს შორის აუქციონის გამოცხადების და საბოლოოდ, სხვენის ამხანაგობის იმ წევრისთვის საკუთრებაში გადაცემის გათვალისწინებით, რომელმაც ამხანაგობის სასარგებლოდ სხვენის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ ამხანაგობის მეორე წევთან შედარებით მეტი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა, სააპელააციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ის, ი. ჭ-ის და ი. ხ-ას მიერ სადავო ხელწერილებში წერილობით გამოხატული ნება, თავად აღნიშნული ხელწერილების ლოგიკური ახსნა-განმარტების და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სხვენის ნაწილზე საკუთრების უფლება ამხანაგობის სასარგებლოდ უფრო მეტი თანხის გადახდის ვალდებულების მქონე პირს გადაეცა, მიჩნეული უნდა ყოფილიყო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერად და შესაბამისად, ამ უკანასკნელთა მხრიდან მასზე ხელმოწერად.

28. რაც შეეხება, თ. მ-ეს (№10), ლ. ღ-ის (№21), თ. მ-ის (№25), ე. მ-ის (№27) და თ. კ-ის (№26) ხელმოწრებს, საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვეოდა, რომ დ. ა. გამზ. №...-ში ანა მაისურაძის სახელზე რეგისტრირებულია ექვსი ერთეული ურავი ქონება, საკუთრების წარმოშობის საფუძველს 07.07.2015წ. ჩუქების ხელშეკრულებები წარმოადგენს, (ტ.1.ს.ფ. 40-42) მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ თ. მ-ე ა. მ-ის დედაა.

29. ბინათმესაკუთრეთა ამახანგობის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები.

30. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ა. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ექვსი ერთეული უძრავი ქონება ირიცხება, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. მ-ეს, როგორც ამხანაგობის წევრს ამხანაგობაში მისი ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმების რაოდენობა გააჩნდა. მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ თ. მ-ე, რომელიც სადავო კრების ოქმს მე-10 ნომრად აწერდა ხელს ა. მ-ის დედაა. სადავო ოქმზე ა. მ-ის და თ. მ-ის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შესრულებული ხელმოწერების, ამხანაგობაში ა. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ ბინათა რაოდენობის და იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნული პირები ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ ა. მ-ემ სადავო კრებაზე ორი დამოუკიდებელი ხმის უფლებით ისარგებლა, საიდანაც ერთი განახორციელა პირადად, ხოლო მეორე წარმომადგენლის თ. მ-ის მეშვეობით.

31. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ კრების ოქმზე 21-ე ნომრად მითითებულ ლ. ღ-ს, კრების ოქმზე ხელმოწერით გამოხატული აქვს არა სხვენის გასხვისების, არამედ ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის ნება, თავად 09.04.2016წ. კრების დღის წესრიგის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ლ. ღ-ი ხელმოწერასთან ერთად არ აკეთებს კონკრეტულ დათქმას კრების ოქმით განსაზღვრული საკითხისგან განსხვავებულ საკითხზე ნების გამოვლენის თაობაზე, არ იქნა გაზიარებული მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ დაეთანხმა მისი მოწინააღმდეგე მხარე, რომ სადავო კრების ოქმზე ხელმოწერით ლ. ღ-ს სხვენის გასხვისების ნება არ გამოუვლენია.

32. რაც შეეხება თ. მ-ის (№25), მ-ის №(27) და თ. კ-ის (№26) ხელმოწერებს, ხელმოწერები შესრულებულია ამ უკანასკნელთა ოჯახის წევრების მიერ. აღნიშნული ფაქტი, არ იყო უარყოფილი არც თავად მოსარჩელის მიერ, თუმცა ეს უკანასკნელი სადავოდ ხდიდა უფლებამოსილი პირების (ამხანაგობის წევრების) მიერ კრების ოქმზე ხელმომწერი პირებისთვის ხელმოწერის უფლების მინიჭების ფაქტს.

33. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოება, რომ კრების ოქმზე თამარ მარგიანის, მ. კ-ის და მ-ის სახელით ხელმომწერ პირებს ხელმოწერის უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

34. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე კრების ოქმზე ა. მ-ის, თ. მ-ის, მ. კ-ის და მ-ის ნაცვლად ხელმომწერი პირების უფლებამოსილების არარსებობის მტკიცების ტვირთი, მითუმეტეს, რომ არ დასტურდება თავად წარმოდგენილი პირების მიერ მათი სახელით ნების გამოვლენასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიის გაცხდების ფაქტი, მოსარჩელეს დაეკისრა.

35. მოსარჩელის მხრიდან არც ერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

36. ამასთან, სადავო კრებას მოსარჩელე მხარე თავადაც წარმომადგენლის მეშვეობით .

37. უარყოფილი იქნა მოსარჩელის პრეტენზია მასზედ, თითქოს თ. მ-ის, მ-ის და თ.კ-ის სახელით მათი ოჯახის წევრებს, როგორც მათ წარმომადგელებს კრების ოქმზე ხელმოწერის და შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად ხმის მიცემის უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

38. ასევე უარყოფილი იქნა მოსარჩელის პრეტენზია მასზედ, რომ მ. კ-ს სადავო კრების გამართვის პერიოდისთვის ამხანაგობაში საკუთრება და შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად ხმის მიცემის უფლება არ გააჩნდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვეოდა, რომ მ. კ-ს დ. ა. გამზ. №..-ში 15.01.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ტ. ჯ-თან ერთად უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება გააჩნდა. როგორც საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით ირკვეოდა, ტ. ჯ-ის სახელზე გარდა ზემოაღნიშნული თანასაკუთრების უფლებისა, თანასაკუთრების უფლებით ასევე ირიცხებოდა 14 კვ.მ სარდაფზე თანსაკუთრების უფლებაც.

39. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც მ. კ-ს, ასევე ტ. ჯ-ს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხმის უფლება გააჩნდათ, რადგან მათ, როგორც ერთობლივად, ასევე ტ. ჯ-ს მისგან დამოუკიდებელად საკუთრებაში უძრავი ქონება გააჩნდა.

40. საბოლოოდ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, მან ამხანაგობის 09.04.2016წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ვერ დაადასტურა.

41. რაც შეეხება მოპასუხეს (აპელანტს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებმაც მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობა ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი სადავო კრების ოქმის კანონიერების შესახებ.

42. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ ნაწილში.

43. კასატორის განმარტებით, ამხანაგობის მიერ 2016 წლის 9 აპრილს შედგენილი ამხანაგობის საერთო კრების N1 და ოქმი N2 შედგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ფაქტები და მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებულად და სრულიად სახეცვლილად არის გადმოცემული. სააპელაციო პალატას მსჯელობისას მოჰყავს კრების ჩატარების სხვადასხვა რიცხვი - 9 და 16 აპრილი, რაც სრულიად გაუგებარია, რადგან კრების N1 და N2 ოქმები შედგენილია 2016 წლის 9 აპრილს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოწმის ჩვენება, იმის შესახებ, რომ 9 აპრილის კრების შემდეგ კიდევ ჩატარდა კრება, რაც არასწორია. ის ფაქტი, რომ სხვა დამატებითი კრება არ ჩატარებულა დასტურდება თბილისის საქალაქო სასამარტლოს 23.10.2017 წლის სხდომის ოქმით (15:06:15-15:07:04).

44. კასატორის განცხადებით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ ამხანაგობის 09.04.2016 წლის ამხანაგობის კრება მოწვეული იყო და ჩატარდა კანონით დადგენილი წესით.

45. ბმა-ს წევრები არ იყვნენ მოწვეულნი წერილობითი შეტყობინებით, რასაც ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი, კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, ვინაიდან არ შედგა კვორუმი, რაც დასტურდება მოწმე - ჯ. ა-ის ჩვენებით.

46. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სხვენი საკუთრებაში გადასცემოდა მას, ვინც ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად მეტ თანხას გადაიხდიდა, კასატორის განმარტებით, გაჟღერდა კრებაზე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიღებულა, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

47. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ რევაზ თოდრიას სადავო სხვენზე საკუთრების უფლება ამხანაგობის 09.04.16 წლის კრების N2 ოქმის საფუძველზე გადაეცა. მაგრამ სწორედ აღნიშნულ კრების ოქმს მოჰყვა იურიდიული შედეგი და ბმა-ს საერთო საკუთრებაში არსებული ქონება აღირიცხა პირველი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად საჯარო რეესტრში.

48. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობის წევრები, მიუხედავად ამხანაგობის წესდების არარსებობისა, მათი კონკლუდენტური მოქმედებით, ამხანაგობის საერთო ქონების, კერძოდ, სადავო სხვენის ხმათა 2/3-ით გასხვისების წესზე შეთანხმდნენ. კასატორისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს სააპელაციო პალატა კონკლუდენტურ მოქმედებაში, როდესაც კანონის ყველა მოთხოვნა დარღვეულია.

49. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1.6. პუნქტში განვითარებული მსჯელობა, სადაც სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეათა ამხანაგობის სადავო კრების ოქმი ხელმოწერილია გადაწყვეტილების მისაღებად ხმის უფლების მქონე ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ არის მცდარი, არ ეყრდნობა მტკიცებულებებს, მტკიცებულებათა მთელი ნუსხა, რომელიც წარდგენილი იყო პირველ ინსტანციაში, რომელსაც ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მხედველობაში არ მიიღო სააპელაციო პალატამ.

50. რაც შეეხება ხმის უფლებას, აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი ციტირებს ბმა-ს შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტს და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატა არ დაინტერესდა საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, სადაც დაფიქსირებულია მესაკუთრეთა ნუსხა თავისი საკადასტრო კოდებით, თუ ვინ რა სახის უძრავ ქონებას ფლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა შეამჩნევდა, რომ 6 უძრავი ქონებიდან მხოლოდ ერთი წარმოადგენს ბინას და შესაბამისად ა. მ-ეს გააჩნდა ერთი ხმა, რითაც ისარგებლა კიდეც, ხოლო დედის - თ. მ-ის ხელმოწერა ბათილად უნდა ეცნო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

52. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

53. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაასაბუთა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი] -იხ., ამ განჩინების პ-3).

54. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა ამხანაგობის 2015 წლის 16 აპრილის N2 კრების ოქმისა და 2016 წლის 9 აპრილის N1 და N2 კრების ოქმის ბათილად ცნობას. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხოლოდ ამხანაგობის 2016 წლის 9 აპრილის N2 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისში, დ. ა. N...-ში, სხვენი 65,50 კვ.მ., ხოლო დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, ამხანაგობის 2015 წლის 16 აპრილის N2 და 2016 წლის 9 აპრილის N1 კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე, მოთხოვნა უარყოფილი იქნა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. მაშასადამე, სარჩელი უარყოფის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც, სარჩელის მითითებულ მოთხოვნებზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს.

55. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ მოსარჩელის იმ მოთხოვნის მართლზომიერება, რომელიც შეეხება ამხანაგობის 2016 წლის 9 აპრილის N2 კრების ოქმის ბათილობის წინაპირობების არსებობას (იხ., კასატორის მოთხოვნა - ტ.2. ს.ფ. 225).

56. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის 2016 წლის 9 აპრილის N2 კრების ოქმის საფუძველზე პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისში, დ. ა. N...-ში, სხვენი 65,50 კვ.მ.,

57. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა ქცეული ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებოსილება, სახელდობრ, კასატორი პრეტენზიას ამყარებს ამხანაგობის კრების უხეში დარღვევით ჩატარების ფაქტზე, სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ ბმა-ს წევრები არ იყვნენ მოწვეულნი წერილობითი შეტყობინებით, რასაც ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი; კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, ვინაიდან არ შედგა კვორუმი.

58. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავოდ ქცეულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება (პრეტენზია) არ წარმოუდგენია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

59. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრების მოწვევის კანონიერების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები; მოწმედ დაკითხულმა ა. ქ-ემ განმარტა, რომ 09.04.2016წ. კრების მოწვევასთან დაკავშირებით განცხადება იყო გამოკრული... კრებას თავადაც დაესწო, კრებაზე დიდი რაოდენობით ხალხი იყო შეკრებილი... კრებაზე კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი სხვენის ნაწილი მოსარჩელეს და ე. თ-ას შორის ვის გადასცემოდა... გამოითქვა აზრი გადასცემოდა მას, ვინც მეტს გადაიხდიდა... (იხ. სხდომის ოქმი. 31.07.2017წ. 11:16:16:11:17:28). მოწმე გ. წ-ის განმარტებით, მას სადარბაზოსთან უნახავს გამოკრული განცხადება კრების ჩატარებასთან დაკავშირებით, სადავო კრებამდე ერთხელ დაესწრო კიდეც ამხანაგობის კრებას, თუმცა, მას შემდეგ კრებაზე დასწრების სურვილი აღარ გასჩენია.. (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 11:58:31-11:58:33). მოწმე ჯ. ა-ის განმარტებით, იგი 09.04.2016წ. ამხანაგობის კრებას დაესწრო, კრება თავის მხრივ ძალიან ხმაურიანი იყო... კრებაზე დაისვა საკითხი აუქციონის წესით სხვენის გასხვისებასთან დააკავშირებით. (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 12:10:09-12:10:12). მოწმე ს. ჯ-ის განმარტებით, ინფორმაცია ამხანაგობის კრების ჩატარების თაობაზე გამოკრულია ხოლმე... 2016 წლის 09 ან 16 აპრილს ჩატარდა დიდი კრება სხვენის აუქციონის წესით გასხვისების თაობაზე... კრებაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ითხოვა ვადა აუქციონის შესახებ საკითხის მარწმუნებელთან შეთანხმების მიზნით...ამის შემდეგ კიდევ ჩატარდა კრება, სადაც მოაწერა ხელი სხვენის რ. თ-ასთვის გადაცემის თაობაზე.. (იხ. 31.07.2017წ. სხდომის ოქმი. 12:22:46; 12:28:41).

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამხანაგობის კრების ჩატარების კანონიერების საკითხის კვლევისას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც მიუთითებენ როგორც 09.04.2016წ. კრების ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების და მასში მონაწილეობის, ასევე, ამხანაგობის კრებაზე ადრე მონაწილეობის მიღების შემდეგ კრებაზე დასწრების სურვილის არ ქონის თაობაზე (გ. წიქარიძე); საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელე, რომელიც მხარეთა მითითებით კრების ჩატარების მომენტისთვის ქვეყანაში არ იმყოფებოდა, კრებაზე მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

61. კასატორი ეყრდნობა მოწმე ჯულიეტა ასლამაზიანის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ ამ პირის ჩვენება ადასტურებს, რომ ბმა-ს წევრები არ იყვნენ მოწვეულნი წერილობითი შეტყობინებით (იხ., საკასაციო საჩივრის პრეტენზია ამ განჩინების პ - 45), თუმცა, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია საპირისპორო (იხ., ამ განჩინების პ-58), კერძოდ, მოწმე ჯ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 09.04.2016წ. ამხანაგობის კრებას დაესწრო, კრება თავის მხრივ ძალიან ხმაურიანი იყო... კრებაზე დაისვა საკითხი აუქციონის წესით სხვენის გასხვისებასთან დააკავშირებით (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 12:10:09-12:10:12).

62. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამხანაგობის 09.04.2016წ. კრება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარდა და 09.04.2016წ.-ის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მიეთითება პროცედურულ დარღვევებზე.

63. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს კრებაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა იმგვარ საკითხზე რომ სხვენის საკუთრებაში გადასცემა დამოკიდებული იყო მასზე ვინ უფრო მეტ თანხას გადაიხდიდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად.

64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მოწმედ დაკითხულმა პირებმა: ა. ქ-ემ, ჯ. ა-მა და ს. ჯ-მა, რომლებიც თავის მხრივ, ამხანაგობის კრებას ესწრებოდნენ, დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ კრებაზე დაისვა საკითხი სხვენის ნაწილის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ სხვენის შეძენის მსურველი ამხანაგობის ორი წევრიდან, რომელთა შორისაც იყვნენ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე, სხვენი საკუთრებაში გადაეცემოდა მას, ვინც ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (მესამე სადარბაზოს მე-2 და მე-3 სართულების შუშაბანდების) საწარმოებლად, მეტ თანხას გადაიხდიდა.

65. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმეებმა ასევე მიუთითეს სხვენის ნაწილის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე კრებაზე გაჟღერებული პირობების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთი კანდიდატის - მოსარჩელისათვის (რომელიც სხდომაზე წარდგენილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით) მიწოდების მიზნით მისი წარმომადგენლისთვის გარკვეული ვადის მიცემის შესახებ (იხ. სხდომის ოქმი 31.07.2017წ. 11:17:28; 11:39:52; 11:41:09; 12:10:09-12:10:12; 12:22:46; 12:28:41).

66. უფო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა ამხანაგობის სადავო კრების ოქმში (რომელიც 20.04.2016 წელსაა შედგენილი, როგორც 09.04.2016წ. კრების ოქმის გაგრძელება) ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი (რომელიც მოსარჩელის სახელით 09.04.2016წ. კრებას ესწრებოდა და რომელმაც ამ უკანასკნელისთვის 09.04.2016წ. კრებაზე გაჟღერებული პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გარკვეული ვადა ითხოვა) 19.04.2016 წელს დაუკავშირდა ამხანაგობის თავმჯდომარეს და აცნობა მოსარჩელის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომ სხვენის ნაწილის მისთვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ მხოლოდ მესამე სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯებს გაიღებდა (იხ. 05.02.2019წ. სხდომის ოქმი 16:01:57-16:03:34; 16:21:10).

67. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ განჩინების პ-62-ში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

68. გასაზიარებელი არაა კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაც, ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს ა. მ-ეს გააჩნდა ერთი ხმა, რითაც ისარგებლა კიდეც, ხოლო დედის - თ. მ-ის ხელმოწერა ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი (იხ., საკასაციო პრეტენზია ამ განჩინების პ-50).

69. ბინათმესაკუთრეთა ამხანგობის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ა. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით ექვსი ერთეული უძრავი ქონება ირიცხება, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. მ-ეს, როგორც ამხანაგობის წევრს ამხანაგობაში მისი ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმების რაოდენობა გააჩნდა. მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ თ. მ-ე, რომელიც სადავო კრების ოქმს მე-10 ნომრად აწერდა ხელს ა. მ-ის დედაა. სადავო ოქმზე ა. მ-ის და თ. მ-ის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შესრულებული ხელმოწერების, ამხანაგობაში ა. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ ბინათა რაოდენობის და იმ უდავო გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნული პირები ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, იძლეოდა დასკვნის საფუძველს, რომ ა. მ-ემ სადავო კრებაზე ორი დამოუკიდებელი ხმის უფლებით ისარგებლა, საიდანაც ერთი განახორციელა პირადად, ხოლო მეორე წარმომადგენლის თ. მ-ის მეშვეობით.

70. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გარიგების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნორმები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონს, რამდენადაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ გარიგების ნამდვილობის მარეგულირებელ ნორმებს, ისინი სამოქალაქო სამართლის სფეროში წარმოშობილი ურთიერთობების მარეგულირებელი ზოგადი ნორმებია, რომელთა მოქმედება ვრცელდება ნებისმიერი გარიგების, მათ შორის, ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოხატვის კანონიერებაზე, თავის მხრივ, ცალმხრივი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ნების გამოვლენით მიღწეული შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნისას. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონტექსტში კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების ნამდვილობის დადგენისათვის უნდა შემოწმდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კრებაზე კვორუმის არსებობა, წევრთა მოწვევა და სხვა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამხანაგობის 2016 წლის 9 აპრილის N2 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

71. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

72. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ამხანაგობის კრების ოქმის ბათილობის საფუძვლებთან დაკავშირებით დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

74. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ჟ. ს-ს (პ/ნ 010050...) უკან დაუბრუნდეს 18/06/2019-ში თ. გ-ის მიერ საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე