საქმე №ას-894-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „რ.“ (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ.-მ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.“ (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ პირგასამტეხლოს – 69948 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 21 მარტს მოსარჩელესა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქობულეთის კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი.
3. 2014 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით, ფუნდერმაქსის ეკვივალენტური მასალით, გენტასით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 291600 ლარით. შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა 1340 კვ.მ – 241000 ლარი.
4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.4 მუხლით, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა ან შესრულდა უხარისხოდ, შემკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 0,2%. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ დაშვებული ხარვეზები არ გამოასწორა და სამუშაოები არ დაასრულა.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების – 25230 ლარისა და ზიანის – 4363 ლარის გადახდა შემდეგი მოტივებით:
6. მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 291600. 2014 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა და მოსარჩელისაგან მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზრაურება.
7. მოსარჩელემ 2015 წლის 27 იანვრის წერილით მოითხოვა სამუშაოს შესრულების დროს დაშვებული ხარვეზის გამოსწორება. მოპასუხემ ხარვეზი გამოასწორა.
8. 2015 წლის 9 თებერვალს შედგა აქტი შესრულებული სამუშაოს მოცულობის აზომვის შესახებ, რომლითაც დადასტურდა, რომ შესრულდა სამუშაო 1340 კვ.მ-ს მოცულობით, თუმცა მოსარჩელემ უარი განაცხადა დარჩენილი დავალიანების ანაზღაურებაზე და მოპასუხეს მოსთხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაზეც ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო შეთანხმებული არ არის. საპასუხოდ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგაზვნა 2014 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება, რომლის პირველი და მეორე გვერდების შინაარსი განსხვავდება მოპასუხესთან არსებული ვარიანტისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 25230 ლარის ანაზღაურება, ძირითად სარჩელს კი ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით, ფუნდერმაქსის ეკვივალენტური მასალით გენტასით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი, ხელშეკრულების ღირებულებად კი – 291600 ლარი.
12. ამავე ხელშეკრულების მეორე გვერდზე, 4.4 პუნქტში მითითებულია, რომ შემკვეთი ვალდებულია, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა ან შესრულდა უხარისხოდ, შემკვეთს უხდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 0.2%-ს. ხელშეკრულების აღნიშნულ გვერდს ხელს აწერს „წარმომადგენელი ლ.ღ“. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხის 100%-იანი წილის მესაკუთრეს.
13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 27 იანვარს მოპასუხის დირექტორმა აცნობა მოსარჩელის დირექტორს, რომ კულტურის სახლის ფასადის მოპირკეთების სამუშაოები დასრულდა 2014 წლის დეკემბერში. სიტყვიერი შენიშვნების საფუძველზე გამოსწორდა მათ მიერ მითითებული ხარვეზები. ამავე მიმართვით მოითხოვა, მიეთითებინათ გამოსასწორებელი ფასადის ნაწილზე ან გაეგზავნათ გამოსასწორებელი ფასადის ფოტო, რათა მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია გამოსასწორებელი დეტალების შესახებ.
14. 2015 წლის 26 თებერვალს და 2015 წლის 6 მარტს მოსარჩელის დირექტორმა წერილით მიმართა მოპასუხის დირექტორს და შეატყობინა, რომ მათ მიერ სამუშაოები შესრულდა ხარვეზებით და ითხოვდა დაშვებული ხერვეზის გამოსწორებას.
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 25 თებერვალს, 6 მარტს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შესახებ.
16. 2015 წლის 6 მარტს მოსარჩელემ შეატყობინა მოპასუხეს, რომ ფასადზე გაკრული ფილა იყო დეფორმირებული, რაზეც იყო წარმოქმნილი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ტალღები, ასევე, ემჩნეოდა სხვადასხვა სახის ლაქები, რომელიც საჭიროებდა გამოსწორებას და ფასადის გასუფთავებას. შესაბამისად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად ითხოვა შესაბამისი ზომების მიღება, რადგან ობიექტი 2015 წლის 10 მარტს უნდა ჩაბარებულიყო.
17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 10 მარტს მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეუძლებელი იყო ხარვეზების 10 მარტამდე გამოსწორება. ასევე, მათ თავდაპირველად გააფრთხილეს, რომ 6 მმ-იანი კომპაქტ-ლამინატის მასალით ასეთი დიდი ზომის ფილებით შენობის შეფუთვა არქიტექტურულად გაუმართლებელი იყო და ხარვეზებიც ამის გამო გამოვლინდა. მათი აზრით, ხარვეზის გამოსწორება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ხოლო რაც შეეხება ფასადის გაწმენდითი სამუშოების შესრულებას, აღნიშნული არ შედიოდა მათი კომპანიის მოვალეობაში. ობიექტზე არსებული ხარვეზები არ იყო წარმოქმნილი მათი კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების გამო. შესაბამისად, ხარვეზების გამოსწორება მათ კომპეტენციას სცდებოდა.
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 11 მარტის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მათი მხრიდან დაირღვა 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულების შესრულების ვადა 75 დღით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მათ დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო – 36180 ლარი და, სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო, მიყენებული ზიანი.
19. 2015 წლის 25 მარტის წერილით მოპასუხის დირექტორი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტი პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ შეიცავდა.
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 6 აპრილს მოსარჩელის დირექტორმა შეატყობინა მოპასუხეს, რომ, მიუხედავად მრავალმხრივი გაფრთხილებისა, კულტურის სახლის ფასადი რჩება უხარისხოდ და გაუწმენდავად, რაც ხელს უშლიდა ობიექტის საბოლოო ჩაბარებას. მიმართვასთან ერთად გაეგზავნათ ახლად წარმოქმნილი ხარვეზების ფოტომასალა, რაც გამოხატული იყო ფასადზე დამაგრებული ფილების აძრობით. მოპასუხეს ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა ვადა 15 მაისამდე.
21. 2015 წლის 8 აპრილს მოსარჩელემ 2015 წლის 6 აპრილის წერილის პასუხად აცნობა მოპასუხეს, რომ მის მიერ გადმოგზავნილ ფოტოსურათებზე ასახულ ხარვეზებს ისინი გამოასწორებდნენ ამავე დღეს, ხოლო ფასადის გაწმენდა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და, შესაბამისად, ამ სამუშაოებს ისინი არ განახორციელებდნენ.
22. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 3 ივლისის ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოების დირექტორი –ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო გოგიტა ქუთათელაძე, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე ლაშა ღვინიანიძე.
23. 2016 წლის 11 თებერვლის №000707916 დოკუმენტების და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელმოწერა ლაშა ღვინიანიძის სახელით (მოკლე ხელმოწერა) განლაგებული ხელშეკრულებაზე №5/05, 2014 წლის 1 ივნისის თარიღით, პირველ და მეორე გვერდებზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ, მარცხენა მხარეს შესრულებულია ლ. ღ-ის მიერ. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე №5/05, დათარიღებული 1 ივნისი 2014 წლით (3 ფურცლად), რომელიც განთავსებულია სამოქალაქო №2-1349 საქმის ტომში (ს.ფ. 201-203), პირველ და მეორე გვერდებზე განთავსებული ბეჭდის (ბეჭდების) ანაბეჭდები, წარწერით: ,,საქართველოს შპს „რ.“ არ არის დატანილი რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით (ბეჭდებით).
24. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 2 აპრილის №002182... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ა) კულტურის სახლზე განხორციელებული ფასადის მოპირკეთების სამუშაოები უხარისხოა, ვინაიდან: აღნიშნული მოსაპირკეთებელი ფილები ადგილ-ადგილ მოშორებულია დამჭერებიდან ლითონის მილკვადრატებიდან და ზოგიერთ ადგილას აღენიშნებათ უსწორმასწორო ზედაპირები, ხოლო ზოგიერთ ადგილას ვენტილაციის ადგილებში ორივე შემხვედრ ფილას შორის (გადაბმის ადგილებში) ფილები გადაბმულია ლითონის დამჭერებით (სამაგრებით), რომელიც არ უნდა იყოს. რომლის მიხედვითაც ირღვევა თუ არა №5/05 ხელშეკრულების პირობები. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე 5.2 პუნქტი დარღვეულია, სადაც ნახსენებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი; ბ) არის თუ არა განხორციელებული შესრულებული სამუშაო ნორმებისა და სტანდარტების, პარამეტრების ხარისხისა და ტექნოლოგიური წესების მიხედვით, გარდა იმ დაზიანებებისა და უხარისხობისა, რაც აღწერილია, შეუძლებელია დადგენა თუ არ გაშიშვლდა ზემოთხსენებული ფასადი არ შედარდა პროექტსა და ზემოთხსენებულ საფასადე მოპირკეთების მონტაჟის ჟურნალს; გ) რაც შეეხება ხარჯებს თუ რა გაიხარჯა მის აღდგენაში, ამის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, თუ რა თანხები გაიხარჯა და რა მოცულობის სამუშაო შესრულდა აღსადგენად არ არის დოკუმენტაცია წარმოდგენილი. ხოლო რა უნდა დაიხარჯოს სამუშაოების გამოსასწორებლად, ასევე ამის დადგენაც შეუძლებელია, ვინაიდან, მოსაპირკეთებელ ფილებს მიღმა ჩატარებული სამუშაოები შეესაბამება თუ არა საპროექტო მონაცემებს და საფასადე სამუშაოების მოწყობის ჟურნალს ვერ დგინდება და ასევე გამოიყენება თუ არა დაზიანებული ფილები (შესაძლებელია თუ არა გამოყენება მეორედ ფილებად) დადგენა შეუძლებელია.
25. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 24 ივლისის №005115... საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ კულტურის სახლის ფასადზე არაჯეროვნად და უხარისხოდ სამუშაოები შესრულებულია 1340.00 კვ.მ მთლიან ფართზე, ხოლო რაც შეეხება ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების ოდენობის დადგენას, ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ ჯერ უნდა შემუშავდეს (მომზადდეს) შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც გათვალისწინეული და განსაზღვრული იქნება ფასადზე ჩასატარებელი სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოთა სახეობები, სპეციფიკაციებისა და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაბამისად, აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შემდეგ, ექსპერტიზის მიერ მოხდება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შემუშავება, სადაც განისაზღვრება ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო პროექტში მოცემული სამუშაოთა სახეობების გათვალისწინებით ჩასატარებელი სამუშაოთა ღირებულება, სამშენებლო ბაზარზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით.
26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ექსპერტის ჩვენებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს მთლიანი ფართი ფრაგმენტულად, ბევრ ადგილზე დაზიანებულია, რადგან ტექნოლოგიურად არ არის შესაბამისად მოწყობილი. კონსტრუქციას აღენიშნება დეფორმაციები, შვევების არათანაბარი დაშორება, იგი მოწყობილი უნდა იყოს უჟანგავ ლითონზე, ხოლო გამოყენებული ლითონი არ არის შესაბამისი მასალით დამუშავებული, რომელიც არ გამოიწვევს მის კოროზიას ანუ დაჟანგებას. ეს ყველაფერი ჩაითვალა ხარვეზებად. 2014 წელშივე სამუშაოები არ იქნა სათანადოდ შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა. სამუშაოების ჯეროვნად შესრულების პირობებში, კლიმატური და გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი საექსპლუატაციო ვადა 4 წელზე მეტი ყველა შემთხვევაში იქნებოდა. რაც შეეხება დიდი ფილების მოწყობას, მას აქვს თავისი მოწყობის ტექნოლოგიური წესები, რომლის დაცვის შემთხვევაში, ამ ზომის ფილების გამოყენება მოცემულ შედეგს ვერ გამოიწვევდა. ასე მაგ: აღსრულების ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ბიურო დიდი ზომის ფილებით არის შეფუთული.
27. ამდენად, აღნიშნული შედეგის გამომწვევი მიზეზი არ არის ფასადის დიდი ფილებით მოწყობა. ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე, ტექნოლოგიურად შეუძლებელია ლითონის კონსტრუქციის ყველა წიბოსა და კუთხის დამუშავება. მხოლოდ დემონტაჟის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, რა ვარგისი მასალა დარჩება ან საერთოდ დარჩება თუ არა დემონტაჟის შედეგად, მანამდე ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
28. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე დამატებითი კვლევისას მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა განმარტა, რომ ხარვეზები, რომლებიც აღმოსაფხვრელი იყო მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ, მან ნაწილობრივ აღმოფხვრა. თუმცა დირექტორის მიერვე დაზუსტდა, რომ, რა თქმა უნდა, ამ ხარვეზების აღმოფხვრაში მან იგულისხმა მხოლოდ ფასადის გაწმენდითი სამუშაოები ლაქებისგან და არა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც დღემდე რჩება და რომლის აღმოფხვრა შენობის ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე, ექსპერტის აზრითაც, შეუძლებელია.
29. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობოს ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღურების მართლზომიერება.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 417-ე, 418-ე მუხლის მიხედვით,
31. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 3 ივლისის ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხის დირექტორი – ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო გ. ქ-ე, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე – ლ. ღ-ე.
32. განსახილველ შემთხვევაში დადგენილა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილს, სადაც გათვალისწინებულია შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, ხელს აწერს მხოლოდ მოპასუხის 100%-იანი წილის მესაკუთრე ლ. ღ-ე და არა კომპანიის დირექტორი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამდენად, ამ ნაწილში პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით წერილობითი ფორმით იყვნენ შეთანხმებულნი პირგასამტეხლოზე,
33. რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებას.
34. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 639-ე მუხლის, 641-ე მუხლის პირველი ნაწილის, 642-ე, 645-ე მუხლების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილებით დადგენილია, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა ხარვეზებით. შემდგომში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით და თვით ექსპერტის ახსნა-განმარტებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებულია არაჯეროვნად, უხარისხოდ. ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე, ტექნოლოგიურად შეუძლებელია ლითონის კონსტრუქციის ყველა წიბოსა და კუთხის დამუშავება. ასევე დემონტაჟამდე შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა რა ოდენობის ვარგისი მასალა დარჩება მისგან ან საერთოდ დარჩება თუ არა, რომლის გამოყენება შემდგომში იქნება შესაძლებელი.
35. საქმეში წარმოდგენილი წერილებით სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შემკვეთი შემსრულებელს არაერთხელ მიმართავდა, მოუწოდებდა და სთხოვდა ხარვეზების გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი შემკვეთმა მიიღო არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ხოლო იმ საკითხის გარკვევა, თუ რა ხარჯებია საჭირო ხარვეზების აღმოსაფხვრელად ფასადის დემონტაჟის გარეშე, შეუძლებელია. შესრულებული სამუშაო საჭიროებს დემონტაჟს, ცხადია ისიც, რომ ხარვეზები შესრულებაში მთლიან 1340 კვ.მ ფასადზე შესრულებულ სამუშაოს ეხება, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უკარგავს მოპასუხეს შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოს ძირითადი ნაწილი მოსარჩელის მიერ ანაზღაურებულია და 291 600 ლარიდან ასანაზღაურებელია მხოლოდ 25 230 ლარი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
37. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელე ცდილობს, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო წარმოაჩინოს არაჯეროვნად, ხარვეზით შესრულებულად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამუშაო ჩაიბარა მუნიცილაპიტეტის საკრებულომ, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ხარჯის რეაციონალურობაზე. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ თავად გამოასწორა ხარვეზი, შესაბამისად, უხარისხოდ სამუშაო შესაძლოა თავად მოსარჩელემ შეასრულა. მოსარჩელეს არ მოუთხოვია სსკ-ის 644-ე მუხლით გათვალისწინებული ხარჯი და არც ხელშეკრულებაზე უთქვამს უარი.
38. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტში და არც სხვა პუნქტებში არ იყო განსაზღვრული პირობები, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლებოდა სამუშაო უხარისხოდ შესრულებულად. ამდენად, სადავო საკითხი უნდა შეფასდეს სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა არამარტო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხემ სადავო სამუშაო უხარისხოდ შეასრულა საკუთარი ბრალეულობით, არამედ მას უნდა ემტკიცებინა, რომ ეს სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს ან უვარგისი აღმოჩნდა ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჰქონდა მოსარჩელეს შემსრულებეთან პრეტენზიის წარდგენის უფლება.
39. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დანიშნა საინჟინრო ექსპერტიზა მაშინ, როცა მხარეს აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დარღვია სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცება მხარეთა მოვალეობაა. ამასთან, ექსპერტმა, კვლევის წარმოების ნაცვლად, სამუშაოს დასრულებიდან 5 წლის შემდეგ აღწერა ნაგებობის გაურკვეველი ნაწილი. ექსპერტმა დაარღვია სსსკ-ის 162-ე, 170-ე და 172-ე მუხლები და საექსპერტო ბიურისა და ინსტიტუტის დებულებანი. ექსპერტიზის შედეგად ვერა დადგინდა ფასადის ხარვეზის გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯის ოდენობა. ექსპერტმა აღნიშნულის მიზეზად საჭჲრო დოკუმენტაციის არარსებობაზე მიუთითა, თუმცა ასეთი დოკუმენტაცია გააჩნდა მოსარჩელეს, როგორც ტენდერში მონაწილეობის შედეგად მუნიციპალიტეტთან დადებული გარიგების მონაწილეს. საჭირო დოკუმენტაციას შეიცავდა სატენდერო მასალები.
40. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, შეასრულა თუ არა მოსარჩელემ დამატებითი სამუშაო, რათა გარკვეულიყო, ვისი შესრულებული სამუშაო შეაფასა ექსპერტიზამ ხარვეზიანად.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
44. 2014 წლის 1 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით, ფუნდერმაქსის ეკვივალენტური მასალით გენტასით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი, ხელშეკრულების ღირებულებად კი – 291600 ლარი.
45. ამავე ხელშეკრულების მეორე გვერდზე, 4.4 პუნქტში მითითებულია, რომ შემკვეთი ვალდებულია, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა ან შესრულდა უხარისხოდ, შემკვეთს უხდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 0.2%-ს. ხელშეკრულების აღნიშნულ გვერდს ხელს აწერს „წარმომადგენელი ლ.ღ“. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხის 100%-იანი წილის მესაკუთრეს.
46. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 27 იანვარს მოპასუხე საზოგადოების დირექტორმა აცნობა მოსარჩელის დირექტორს, რომ კულტურის სახლის ფასადის მოპირკეთების სამუშაოები დასრულდა 2014 წლის დეკემბერში. სიტყვიერი შენიშვნების საფუძველზე გამოსწორდა მათ მიერ მითითებული ხარვეზები. ამავე მიმართვით მოითხოვა, მიეთითებინათ გამოსასწორებელი ფასადის ნაწილზე ან გაეგზავნათ გამოსასწორებელი ფასადის ფოტო, რათა მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია გამოსასწორებელი დეტალების შესახებ.
47. 2015 წლის 26 თებერვალსა და 6 მარტს მოსარჩელის დირექტორმა წერილით მიმართა მოპასუხის დირექტორს და შეატყობინა, რომ მათ მიერ სამუშაოები შესრულდა ხარვეზებით და ითხოვდა დაშვებული ხერვეზის გამოსწორებას.
48. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 25 თებერვალსა და 6 მარტს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შესახებ.
49. 2015 წლის 6 მარტს მოსარჩელემ შეატყობინა მოპასუხეს, რომ ფასადზე გაკრული ფილა იყო დეფორმირებული, რაზეც იყო წარმოქმნილი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ტალღები, ასევე, ემჩნეოდა სხვადასხვა სახის ლაქები, რომელიც საჭიროებდა გამოსწორებას და ფასადის გასუფთავებას. შესაბამისად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად ითხოვა შესაბამისი ზომების მიღება, რადგან ობიექტი 2015 წლის 10 მარტს უნდა ჩაბარებულიყო.
50. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 10 მარტს მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეუძლებელი იყო ხარვეზების 10 მარტამდე გამოსწორება. ასევე, მათ თავდაპირველად გააფრთხილეს, რომ 6 მმ-იანი კომპაქტ-ლამინატის მასალით ასეთი დიდი ზომის ფილებით შენობის შეფუთვა არქიტექტურულად გაუმართლებელი იყო და ხარვეზებიც ამის გამო გამოვლინდა. მათი აზრით, ხარვეზის გამოსწორება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ფასადის გაწმენდითი სამუშოების შესრულებას, აღნიშნული არ შედიოდა მათი კომპანიის მოვალეობაში. ობიექტზე არსებული ხარვეზები არ იყო წარმოქმნილი მათი კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად. შესაბამისად, ხარვეზების გამოსწორება მათ კომპეტენციას სცდებოდა.
51. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 11 მარტის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მათი მხრიდან დაირღვა 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულების შესრულების ვადა 75 დღით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მათ დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო – 36180 ლარი და, სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო, მიყენებული ზიანი.
52. 2015 წლის 25 მარტის წერილით მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტი პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ შეიცავდა.
53. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 6 აპრილს მოსარჩელის დირექტორმა შეატყობინა მოპასუხეს, რომ, მიუხედავად მრავალმხრივი გაფრთხილებისა, კულტურის სახლის ფასადი რჩება უხარისხოდ და გაუწმენდავად, რაც ხელს უშლიდა ობიექტის საბოლოო ჩაბარებას. მიმართვასთან ერთად გაეგზავნათ ახლად წარმოქმნილი ხარვეზების ფოტომასალა, რაც გამოხატული იყო ფასადზე დამაგრებული ფილების აძრობით. მოპასუხეს ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა ვადა 15 მაისამდე.
54. 2015 წლის 8 აპრილს მოსარჩელემ 2015 წლის 6 აპრილის წერილის პასუხად აცნობა მოპასუხეს, რომ მის მიერ გადმოგზავნილ ფოტოსურათებზე ასახულ ხარვეზებს ისინი გამოასწორებდნენ ამავე დღეს, ხოლო ფასადის გაწმენდა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და, შესაბამისად, ამ სამუშაოებს ისინი არ განახორციელებდნენ.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
57. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მის მიერ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ხარვეზიანად შესრულების ფაქტს. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ თავად გამოასწორა ხარვეზი, შესაბამისად, უხარისხოდ სამუშაო შესაძლოა თავად მოსარჩელემ შეასრულა. ამდენად, გაუკვეველია, ვისი შესრულებული სამუშაო შეაფასა ექსპერტიზამ ხარვეზიანად.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
59. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
60. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).
61. განსახილველ საქმეზე საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 24 ივლისის №005115118 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ კულტურის სახლის ფასადზე არაჯეროვნად და უხარისხოდ სამუშაოები შესრულებულია 1340.00 კვ.მ მთლიან ფართზე, ხოლო რაც შეეხება ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების ოდენობის დადგენას, ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ ჯერ უნდა შემუშავდეს (მომზადდეს) შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც გათვალისწინეული და განსაზღვრული იქნება ფასადზე ჩასატარებელი სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოთა სახეობები, სპეციფიკაციებისა და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაბამისად, აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შემდეგ, ექსპერტიზის მიერ მოხდება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შემუშავება, სადაც განისაზღვრება ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო პროექტში მოცემული სამუშაოთა სახეობების გათვალისწინებით ჩასატარებელი სამუშაოთა ღირებულება, სამშენებლო ბაზარზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით.
62. ექსპერტის ჩვენებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს მთლიანი ფართი ფრაგმენტულად, ბევრ ადგილზე დაზიანებულია, რადგან ტექნოლოგიურად არ არის შესაბამისად მოწყობილი. კონსტრუქციას აღენიშნება დეფორმაციები, შვევების არათანაბარი დაშორება, იგი მოწყობილი უნდა იყოს უჟანგავ ლითონზე, ხოლო გამოყენებული ლითონი არ არის შესაბამისი მასალით დამუშავებული, რომელიც არ გამოიწვევს მის კოროზიას ანუ დაჟანგებას. ეს ყველაფერი ჩაითვალა ხარვეზებად. 2014 წელშივე სამუშაოები არ იქნა სათანადოდ შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა.
63. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის განმარტების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და აღნიშნული მსჯელობის სწინააღმდეგო მტკიცებულებაზე არ მიუთითებია.
64. სხვა სამოქალაქო საქმეზეც საკასაციო პალატამ მიიჩნია რომ „სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა ისეთ საკითხზე, რომლის განმარტებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისთვის და ამ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია“ (შდრ: სუსგ №ას-60-60-2018, 24 ივლისი, 2018 წელი, პ-20). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაენიშნა ექსპერტიზა თავისი ინიციატივით სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის იყო აუცილებელი (იხ. სუსგ 22.11.2018წ. საქმე №ას-867-834-2016).
65. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ ისე გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება 25 230 ლარის ანაზღაურების ნაწილში, რომ არ დაუდგენია სადავო ხარჯის ოდენობა.
66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა ექსპერტის განმარტება იმის შესახებ, რომ ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე, ტექნოლოგიურად შეუძლებელია ლითონის კონსტრუქციის ყველა წიბოსა და კუთხის დამუშავება. მხოლოდ დემონტაჟის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, რა ვარგისი მასალა დარჩება ან საერთოდ დარჩება თუ არა დემონტაჟის შედეგად, მანამდე ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
67. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის კანონდარღვევით დანიშვნის შესახებ და ამ ნაწილში მხარის პოზიცია დასაშვებ საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს.
68. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
69. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
70. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
71. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
73. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 5 ივლისს №8148467238 საგადახდო დავალებით გადახდილი 261,50 ლარისა და 2019 წლის 4 ივნისის №8021258169 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის, სულ – 1261,50 ლარის 70% – 883,05 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „რ.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №202457....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 5 ივლისს №8148467238 საგადახდო დავალებით გადახდილი 261,50 ლარისა და 2019 წლის 4 ივნისის №8021258169 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის, სულ – 1261,50 ლარის 70% – 883,05 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური