Facebook Twitter

¹ბს-344-328(კს-06) 25 ივლისი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ც. კ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. გ.-ეE

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მარტის განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერების მართლზომიერება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ. გ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აივნის დემონტაჟი და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა /იხ. ს.ფ.2/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ც. კ.-ე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლებით /იხ. ს.ფ.6-7/.

რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებითY საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. გ.-ეს დაეკისრა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აივნის დემონტაჟი და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა /იხ. ს.ფ. 47-48/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ.-ემ, რომლითაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 82/.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. გ.-ის წარმომადგენელმა კ. კ.-მა შუამდგომლობა აღძრა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რომლის მიხედვით დადგინდებოდა, შეესაბამებოდა თუ არა სადაო ნაგებობა დადგენილ სამშენებლო ნორმებს.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. გ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და ამავე განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, იმ საკითხის გარკვევა, სადაო ნაგებობა შეესაბამებოდა თუ არა სამშენებლო ნორმებს, ან არღვევდა თუ არა იგი ც. კ.-ის ინტერესებს, საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, რის გამოც დაინიშნა სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზა და შეჩერდა საქმის წარმოება ექსპერტიზის დამთავრებამდე /იხ.ს.ფ. 93-95/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. კ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდგომ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით კანონიერად იქნა მიჩნეული რეგიონალური არქმშენინსპექციის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹68 დადგენილება გ. გ.-ის უკანონოდ აშენებული კაპიტალური აივნის დემონტაჟის შესახებ და «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ" 2004 წლის 7 სექტემბრის ოქმი. შესაბამისად, სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, ფაქტები, რომლებიც სასამართლოს მიერ ცნობილადაა მიჩნეული და ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ საჭიროებს მტკიცებას. გ. გ.-ის მიერ ერთხელ უკვე იყო გასაჩივრებული რეგიონალური არქმშენინსპექციის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹68 დადგენილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ მსჯელობა იქონია, მისი ხელმეორედ გამოკვლევისათვის ექსპერტიზის დანიშნვა დაუშვებელი იყო და წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმებას.

სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 19 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ც. კ.-ის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის განჩინებაზე (საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში) და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 1 მარტის განჩინებით დაინიშნა სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზა აპელანტ გ. გ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სადავო ნაგებობის სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად, რის საფუძველზეც სსსკ-ის 281-ე მუხლის თანახმად შეჩერდა საქმის წარმოება ექსპერტიზის დამთავრებამდე. სასამართლო უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა წარმოება ექსპერტიზის დანიშვნის გამო, ხოლო განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის ნაწილში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად /იხ. ს.ფ. 119/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. კ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მარტის განჩინება (საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში) და 2006 წლის 19 მარტის განჩინება, შესაბამისად საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2 და 394. «ე» მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრება ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიცატივით დანიშნოს ექსპერტიზა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, ამასთან, სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნას სასამართლოსათვის არ გააჩნია სავალდებულო ძალა და მისი შეფასება სასამართლოს მიერ ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, ექსპერტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების შეფასება ხდება სასამართლოს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 280-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრულია სასამართლოს უფლებამოსილება რიგ შემთხვევებში საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, კერძოდ აღნიშნული ნორმის «ე» პუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნა. ამასთან სსსკ-ის 282-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე სასამართლოს მიერ გამოტანილი საპროცესო დოკუმენტის _ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სსსკ-ის 280-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის გამო შეეჩერებინა საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აფასებს რა გასაჩივრებულ განჩინებას საპროცესო კანონით დადგენილი გასაჩივრების ფარგლებში ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის გარეშეც სასამართლოს გააჩნია ყველა პროცესუალური შესაძლებლობა საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, კერძოდ:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ იქნა გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარე იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიმართ, მესამე პირის _ ც. კ.-ის მონაწილეობით, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის ¹68 დადგენილების _ უკანონო ნაგებობის დემონტაჟის კანონიერების თაობაზე /იხ.ს.ფ. 76-78/.

კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობაში დავის საგანს წარმოადენს გ. გ.-ის მიერ წარმოებული უკანონოდ აშენებული აივნის დემონტაჟი და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ამასთან საქმეში იგივე მხარეები მონაწილობენ.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებენ. კერძოდ, აღნიშნული ნორმის ,,ბ” პუნქტის თანახმად, ამგვარ ფაქტს მიეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილობდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის დადგენილების კანონიერების (გ. გ.-ის მიერ წარმოებული მშენელობის უკანონობის) შესახებ, ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოცემული საქმის განხილვისას არ იყო უფლებამოსილი, ექსპერტიზის დანიშვნის გზით სადავო გაეხადა ერთ სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ფაქტები _ გ. გ.-ის მიერ წარმოებული მშენებლობის უკანონობის თაობაზე, რამდენადაც ექპერტიზის დანიშვნით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად დაუშვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების რევიზიის შესაძლებლობა (გ. გვეცაძის მიერ წარმოებული მშენებლობის უკანონობის თაობაზე), რაც კანონსაწინააღმდეგოა, მისი მოქმედ კანონმდებლობასთან სრული შეუსაბამობის გამო.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის საფუძველზე განმარტავს, ექპერტიზის დასკვნას, როგორც მტკიცებულებების ერთ-ერთი ფორმას, არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მხოლოდ სასამართლოს მიერ მისი შეფასების შემთხვევაში იძენს ეს უკანასკნელი მნიშვნელობას, მაშინ, როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა გასაზიარებლად სასამართლოსათვის ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენადაც აღნიშნულს გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და არ არის დამოკიდებული სასამართლოს შეფასებაზე, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის, სსსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად.

ასევე, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეებს უფლება არა აქვთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი სადავოდ გახადონ.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება იყო რა შემაჯამებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, წარმოადგენდა იმ საპროცესო დოკუმენტს, რომელსაც კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ პრეიუდიციული ძალა ენიჭებოდა, რამდენადაც სსსკ-ის 266-ე მუხლი უკავშირდება სასარჩელო წარმოების წესით სასამართლოს მიერ გამოტანილ, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს არ შუძლიათ გახადონ სადავო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო იურიდიული ფაქტი, რომელიც დადგენილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის განჩინებით და გაზიარებულ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოადგენდა იმ საპროცესო დოკუმენტს, რომელსაც ენიჭებოდა პრეიუდიციული ძალა, სადავო სამართალურთიერთობაში.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 282-ე მუხლის თანახმად, მხარე უფლებამოსილი იყო შეეტანა კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე, ხოლო, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 283-ე მუხლის მიხედვით, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნდეს არსებითად განსახილველად, ვინაიდან სწორედ ექსპერტიზის დანიშვნას მოჰყვა პროცესუალური შედეგი _ საქმის წარმოების შეჩერება, ანუ სსსკ-ის 280-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება, მაშინ, როცა ასეთის პროცესუალური საჭიროება არ არსებობდა ზემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. კ.-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მარტის განჩინება (საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში) და 2006 წლის 19 მარტის განჩინება;

3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.