საქმე №ა-4120-შ-113-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ე-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ე-ესა და ი. ქ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ლ. ე-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლიდან და რწმუნებულებიდან ირკვევა, რომ ლ. ე-ე საქართველოს მოქალაქეა.
შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა ი. ქ-ის აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ მისთვის ცნობილია, რომ უზენაეს სასამართლოში იხილება ლ. ე-ის შუამდგომლობა და იგი თანახმაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ლ. ე-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლევან ეფრემიძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ე-ესა და ი. ქ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლიდან და რწმუნებულებიდან ირკვევა, რომ ლ. ე-ე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ე-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ე-ესა და ი. ქ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე