Facebook Twitter

საქმე №ზ-317-ა-14-2019 19 სექტემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე – სს „ს. ბ.“ სარჩელის გამო, შ. ბ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თანხის დაკისრების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო სასამართლოს გადმოეცა შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, მას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის; ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით კი, კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას დაკისრებული საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად გაუგრძელდა ვადა 5 დღით.

მოგვიანებით კასატორმა არაერთი განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლებიც საკასაციო პალატამ დეტალურად შეისწავლა და 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით მისი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების განმარტების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. ამავე განჩინებით კასატორის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო მოსამართლისა და მისი თანაშემწის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე მის განცხადებას განსახილველად მიღებაზე ეთქვა უარი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ.ბ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის აღდგენა, ასევე, მოსამართლე ბ.ა-ის საქმის განხილვისაგან აცილება.

საკასაციო სასამართლო მხარის ზემოხსენებულ პრეტენზიებს შეაფასებს ცალ-ცალკე:

მოსამართლის აცილების მოთხოვნა:

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოსამართლის აცილებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი შუამდგომლობები არ იქნა დაკმაყოფილებული, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მიღებული განჩინება ადასტურებს მოსამართლის დაინტერესებას საქმის შედეგით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე და 396.4 მუხლების თანახმად, მომხსენებელი მოსამართლე ერთპიროვნულად წყვეტს, შესაბამისად, მისი აცილების საკითხიც ამ მოსამართლის მიერ წყდება ერთპიროვნულად, თანახმად ამავე კოდექსის 34.3 მუხლისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების საფუძვლები რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით და მისი პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის აცილებისათვის სახეზე უნდა იყოს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც დააკმაყოფილებს ობიექტური ტესტის მოთხოვნებს და ნეიტრალური, საშუალო წინდახედულობის მქონე ნებისმიერ პირში აღძრავს მოსამართლის მხრიდან მიკერძოების განცდას, ასეთად, რა საკვირველია, ვერ მიიჩნევა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც მხარის არგუმენტს გამორიცხავს. პალატა აქვე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფორმალური თვალსაზრისითაც კი, სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლის წინაპირობები, ხოლო მომხსენებელი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა ვერ პასუხობს ამავე კოდექსის 33-ე მუხლით დადგენილ აცილების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობის საკითხს.

საქმის წარმოების განახლება და საპროცესო ვადის აღდგენა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში, მხარე საქმის წარმოების განახლების საპროცესო საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებს, ხოლო, ფაქტობრივ საფუძვლად _ მისი შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობას მიიჩნევს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;

ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;

გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;

დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;

ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული საქმის წარმოების განახლების შესახებ ფაქტობრივი საფუძვლები ფორმალური თვალსაზრისითაც კი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფძველს, რაც განცხადების დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა. გასაჩივრებული განჩინებით საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა თუ საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხებზე და მიიღო შესაბამისი განჩინება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე არ ეთანხმება საპროცესო შედეგს, არ შეიძლება საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად.

რაც შეეხება შ.ბ-ის შუამდგომლობას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა არ ქმნის საქმის წარმოების განახლების ფორმალურ წინაპირობასაც კი, პალატა შეფასების გარეშე ტოვებს მას, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მხარე ვერ მიუთითებს საპროცესო ვადის აღდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 215.3 მუხლების წინაპირობებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე, 34-ე, 396-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ბ. ა-ის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე