Facebook Twitter

№ა-2518-შ-68-2019 9 სექტემბერი, 2019წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.მ–ძე

განხილვის საგანი – კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების (ბრძანებულების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – შვილად აყვანა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ბრძანებულებით) ვ.გ–მა და თ.ბ–მა იშვილეს სრულწლოვანი ს.მ–ძე, დაბადებული 1997 წლის 28 აგვისტოს და მისი სახელი განისაზღვრა, როგორც ს.გ–ის.

2. კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით, შესწორდა შვილად აყვანის შესახებ 2016 წლის 4 ივლისის განცხადება და 2016 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება, კერძოდ: შესწორდა სრულწლოვანის სახელი და გვარი, რომელიც ჩაწერილი იყო განცხადების სათაურში, განცხადების დაკმაყოფილებულ სარჩელში, ფაქტებსა და თანხმობებში, გვარი მ-დან (M–GE) გასწორდა და მიეთითა მ–ძე (M–ZE).

3. ს.მ–ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების (ბრძანებულების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 5 დეკემბრის კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების (ბრძანებულების) დედნის წარმოდგენა შესაბამისი სანოტარო წესით დადასტურებული თარგმანით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე, კერძოდ, დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 5 დეკემბრის კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების (ბრძანებულების) დედანის წარმოდგენა შესაბამისი სანოტარო წესით დადასტურებული თარგმანით და მის შესავსებად განესაზღვრა 15 დღის ვადა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

6. საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2019 წლის 24 ივნისს.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 15-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2019 წლის 25 ივნისს და დასრულდა 2019 წლის 9 ივლისს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.

10. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.მ–ძის შუამდგომლობა კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე