Facebook Twitter

№ას-25-23-2017 30 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – ლ.ფ-ი, მ.ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონში, სოფელ ...... მდებარე 63200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N..... (ნაკვეთის წინა ნომერი - 66.07.17.340), აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 12 ივნისის #06/12714 მიმართვის საფუძველზე, მითითებულ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა(იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 49. ტ.1).

2. 2012 წლის 13 ივლისს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი.ფ-ს (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამინისტრომ მოსარჩელეს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საფუძველზე, 6320 ლარად მიჰყიდა 63200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთი (ს/კ N .....), მდებარე გორის რაიონში/....., სოფელ ...... (შემდეგში - უძრავი ქონება/ მიწის ნაკვეთი). უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მყიდველის სახელზე აღირიცხა (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 47-49, ტ.1).

3. უძრავი ქონების დაყოფის შემდეგ წარმოიქმნა ოთხი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით: N ....., N ......, N ..... და N ..... (იხ. საჯარო რეესტრის ცნობა, ს.ფ. 44. ტ.1).

4. გორის რაიონში, სოფელ ...... მდებარე N .....(ნაკვეთის წინა ნომერი ......) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი უძრავი ნივთის დაყოფის თაობაზე წარმოებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გაიყო ორ ნაკვეთად, რომელთაგან ერთ-ერთი - 3250 კვ.მ მიწის ნაკვეთი N ...... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 12-13, ტ.1, ს.ფ. 106-107. ტ. 3).

5. 2013 წლის 22 იანვარს ლ.ფ-მა (შემდეგში პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ...... მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

6. მოპასუხის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 28 იანვრის N ... ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტში მითითებულია შემდეგი: სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № ......) საზღვრებში, რომლის მესაკუთრე იყო მოსარჩელე. მოპასუხეს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის და ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტის საჯარო რეესტრში წარდგენა (იხ. ტ.1, ს.ფ. 50). სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მარეგისტრირებელ ორგანოში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო მოპასუხის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

7. 2013 წლის 5 აგვისტოს უძრავი ქონების მესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და კუთვნილი ქონებიდან პირველი მოპასუხის და მ.ფ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) გამოსახლება მოითხოვა.

7.1. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები წლების განმავლობაში კანონიერი საფუძვლის გარეშე სარგებლობდნენ მის საკუთრებაში რიცხული ქონებით და ხელს უშლიდნენ განკარგვაში.

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს შემდეგი საფუძვლებით:

8.1. მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთი შეისყიდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. მოპასუხეები სადავო ქონებას ფლობდნენ 2004 წლიდან და, მითითებული მიწის ნაკვეთის დაკანონების მიზნით, 2004 წლიდან 2011 წლამდე არაერთხელ მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა უშედეგოდ. 2012 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესით აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს ისე გადასცა, რომ აუქციონი არ გამართულა და მათთვის, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელებისთვის არ უცნობებიათ მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე, რითაც შესაბამისი ვითარების მომწესრიგებელი კანონმდებლობა უხეშად დაირღვა.

8.2. მოპასუხეთა მტკიცებით, მოსარჩელემ პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა № ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მათ დაკავებული ჰქონდათ სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით № ..... შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შედავებული ხელშეშლის აღკვეთის საგანი (ს/კ .....) და მოპასუხეთა მიერ დაკავებული ნაკვეთი (ს/კ № .......) იყო სხვადასხვა და ისინი მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ.

8.3. მოპასუხეებმა სასამართლოს წინაშე ასევე საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე, იშუამდგომლეს და მიუთითეს, რომ მათ ადმინისტრაციული წესით აღძრეს სარჩელი სასამართლოში და სადავო მიწის ნაკვეთის - მოსარჩელის (ამ საქმეზე) საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი გახადეს სადავოდ. მოპასუხეთა მტკიცებით, ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმე კავშირში იყო სამოქალაქო სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავის საგანთან და შეეძლო, გავლენა მოეხდინა სამოქალაქო საქმის შედეგზე.

9. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სამოქალაქო სამართალწარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

10. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 183-ე, 311-ე, 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

10.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

10.2. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხეები უკანონოდ სარგებლობდნენ მოსარჩელის ქონებით. სასამართლომ მსჯელობისას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აქტზე გაამახვილა ყურადღება, სადაც მოპასუხეებს მიეთითათ, რომ მათ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო ნახაზი საჭიროებდა კორექტირებას, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა ზედდება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთისა და მოპასუხეთა მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დიფერენცირებულობის შემთხვევაში, მოპასუხეებს არ ექნებოდათ იურიდიული ინტერესი, ადმინისტრაციულსამართლებრივი დავის ფარგლებში ედავათ მოსარჩელის მიერ სხვა საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთის (და არა მათ მიერ დაკავებულის) შესყიდვის კანონიერებაზე.

10.3. სასამართლოს განმარტებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ ისინი ქონებას 2004 წლიდან ფლობდნენ, არ იყო საკმარისი ნივთის ფლობის მართლზომიერების დასადგენად.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შემდეგი საფუძვლებით:

11.1. აპელანტთა განმარტებით, სასამართლოს არ დაუდგენია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტს. N ..... საკადასტრო კოდზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენა არ ნიშნავდა, რომ მათი მხრიდან სწორედ ამ ნაკვეთზე განხორციელდა ხელშეშლა.

11.2. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოპასუხე მხარეს დაავალა იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მას არ ჰქონდა დაკავებული მოსარჩელის მიწის ნაკვეთი, მაშინ, როდესაც სასამართლოს მოსარჩელისაგან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა მიერ ფლობისა და ხელშეშლის ფაქტის დადასტურება არ მოუთხოვია.

11.3. აპელანტებმა წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული საოქმო განჩინებაც გაასაჩივრეს და მიუთითეს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შედავებული იყო მოსარჩელის მიერ 6.32 ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ N66.47.17.026) შესყიდვის კანონიერება, რომელმაც მოიცვა მათ კანონიერ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთიც. აღნიშნულის გამო კი, მიზანშეწონილი იყო ადმინისტრაციული წესით დავის გადაწყვეტამდე (იყო თუ არა მოსარჩელე სადავო ნაკვეთის მართლზომიერი მესაკუთრე) სამოქალაქო საქმეზე შეჩერებულიყო სამართალწარმოება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

12.2. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეები ფლობდნენ მის საკუთრებაში არსებულ N ........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, ხოლო მოპასუხეებს იმ გარემოებისა, რომ ისინი ფლობდნენ არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, არამედ სხვა მიწის ნაკვეთს. ამასთან, საპროცესო კოდექსი არ გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და პირიქით.

12.3. მითითებული სადავო გარემოების დადგენის მიზნით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხეთა შესაგებელზე, ასევე - გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 28 იანვრის N ...... გადაწყვეტილებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ს/კ N ..... (ნაკვეთის წინა N..... .) საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება თავისთავად მიუთითებდა ნაკვეთების იდენტურობასა და იმ გარემოებაზე, რომ ის ნაკვეთი, რომელსაც ფლობდნენ მოპასუხეები, შეიჭრა მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრებში. აქედან გამომდინარეობდა მოპასუხეთა დაინტერესებაც შესაბამის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტის ჩანაწერის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრების მიმართ, რომლის განხილვის დასრულებამდეც მოპასუხეებმა მოითხოვეს სამოქალაქო სამართალწარმოების შეჩერება. პალატამ მხარეს მიუთითა მოთხოვნილი საპროცესო საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერებისათვის აუცილებელ წინაპირობაზე - მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო სხვა საქმის განხილვის დასრულებამდე. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი შეუძლებლობა დავის განხილვისას არ გამოკვეთილა, რაც გამორიცხავდა საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლიანობას.

12.4. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული 2011 წლის 6 იანვრის განცხადება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N 110008576) და 2005 წლის 2 ივლისის ხელწერილი არ ადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა მხრიდან მართლზომიერი მფლობელობის შესახებ გარემოების არსებობას. პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციით შესაძლებელი იყო არა სადავო ნაკვეთით მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება, არამედ მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ შესაბამისი უძრავი ნივთის ფლობის ფაქტის დადგენა.

13. აღნიშნული განჩინება საკასაცო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე:

13.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, ნამდვილად იკვეთებოდა თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელშეშლა სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კN .....). კასატორებმა უარყვეს მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ქონების დაკავების ფაქტი, მათი მტკიცებით ისინი სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მართლზომიერი მფლობელები არიან და მოსარჩელის დავა მათ მიმართ უსაფუძვლოა.

13.2. კასატორების მითითებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქმის გადაწყვეტასას მათ მიერ შესაგებელში მითითებულ სიტყვათა შეთანხმებას - „სადავო მიწის ნაკვეთი“, აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორებმა განმარტეს, რომ „სადავო მიწის ნაკვეთში“ არ უგულისხმიათ, რომ მოპასუხეებს დაკავებული ჰქონდათ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ქონება.

13.3. კასატორების განმარტებით, 2013 წლის 28 იანვრის გორის სარეგისტრაციო სამსახურის №882013022024-03 გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ზედდების გამო, მაგრამ ეს იყო ზედდება ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N ..... და არა N ...... მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთის თავდაპირველი კოდი იყო N ....., ეს არ ადასტურებდა, კასატორის მიერ მოსარჩელის ნაკვეთის დაკავებას, სასამართლოს კი არ დაუდგენია ს/კ N .... და ს/კN ..... რეგისტრირებული ნაკვეთების იდენტურობა.

13.4. კასატორების მოსაზრებით, სანოტარო მოქმედების აქტი სასამართლოს არ უნდა დაყენებინა ეჭვქვეშ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აქტზე ხელმომწერი პირების ახსნა-განმარტება სასამართლოს არ მოუსმენია.

13.5. საკასაციო საჩივართან ერთად კასატორებმა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზეც იშუამდგომლეს. კასატორების განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება საფუძველს აცლის სამოქალაქო საქმეზე დაყენებულ სარჩელს. კასატორთა მტკიცებით, თუ დადასტურდება, რომ მოსარჩელე არ არის მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრე, მას არ ექნება უფლება, მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სადავოდ ქცეულ მიწის ნაკვეთზე ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

18.1. უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) შინაარსიდან გამომდინარეობს.

18.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

18.3. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

18.4. ამდენად, მოცემული დავის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის განმსაზღვრელია სწორედ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობების დადგენა. მოსარჩელისა და მოპასუხეთა უფლების კონკურენციის პირობებში სადავო უძრავ ნივთზე უნდა შემოწმდეს, ერთი მხრივ, მოსარჩელის საკუთრების უფლებამოსილების ლეგიტიმურობა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოირიცხოს მიწის ნაკვეთით მოპასუხეთა კანონიერი ფლობის უფლება.

18.5. განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ გორის რაიონში/....სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონებაზე (ს/კN .....), საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება.

18.6. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებას დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ((ს/კ N .....)) დაყოფის შემდეგ წარმოიქმნა ოთხი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდებით: N ......, N ......., N ..... და N......, ხოლო შემდგომში N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებას გამოეყო N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება წინამდებარე განჩინების 13.3 პუნქტში მითითებულ კასატორთა მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ წარმოიქმნა N ..... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რაც მითითითებულია როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძვლებში. ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის, პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საკადასტრო კოდის ცვლილების საფუძველია ნაკვეთის დაყოფა, რა დროსაც თითოეულ ახალ ნაკვეთს ენიჭება ახალი საკადასტრო კოდი და სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე მიანიშნა სასამართლომ, როდესაც მიუთითა N ..... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან წარმომავლობაზე. საბოლოო ჯამში, მიწის ნაკვეთის (ს/კN .....) არაერთგზის დაყოფის შედეგად მოსარჩელე საჯარო რეესტრში არაერთი უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა და მათ შორისაა სადავო მიწის ნაკვეთიც (ს/კ N .....), რომლის ნაწილიც (0.3ჰა) დაკავებული აქვთ მოპასუხეებს. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულმა ადმინისტრაციულმა სამართლებრივმა აქტმა ცხადყო მოპასუხეთა მიერ რეგისტრაციამოთხოვნილი უძრავი ნივთის მოსარჩელის სამართლებრივ გამგებლობაში არსებობის ფაქტი, რამაც, თავის მხრივ, მოპასუხეთა მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია გამორიცხა.

18.7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორების დამოკიდებულება სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ურთიერთწინააღმდეგობრივია და არ განაპირობებს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რისთვისაც მხარე იღვწის. კასატორები ,ერთი მხრივ, უარყოფენ მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას და ამტკიცებენ, რომ ისინი არა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული, არამედ სხვა ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები არიან, ხოლო მეორე მხრივ, მათივე მტკიცების საწინააღმდეგოდ და პარალელურად სადავოდ ხდიან მოსარჩელის საკუთრების უფლების ლეგიტიმურობას, რაც მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ ნაკვეთზე კასატორების მიერ უფლების მოპოვების იურიდიული ინტერესის ინდიკატორია.

18.8. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული და მოპასუხის მიერ არამართლზომიერად დაკავებული უძრავი ნივთის იდენტურობის შესახებ. დავის სამართლებრივი შეფასებისას გასათვალისწინებელია, მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილი შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის შინაარსიც. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოიხმოს სააპელაციო საჩივრიდან ის მონაკვეთი, სადაც მოპასუხეებმა თავად მიანიშნეს მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელის ქონებასთან იდენტურობაზე, კერძოდ: აპელანტების მითითებით მათ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სადავოდ გახადეს მოსარჩელის მიერ 6.32 ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ N .....) შესყიდვის კანონიერება, რომელმაც მოიცვა მათ კანონიერ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთიც. (იხ. საქმის მასალები, ტ. 3, ს/ფ.137). პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ამგვარი ფორმულირება მოპასუხეთა მხრიდან ფაქტობრივად სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის დეკლარირებაა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიზნაშეწონილად არ მიაჩნია დამატებით უპასუხოს წინამდებარე განჩინების 13.2. პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას, რამდენადაც საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობა მოკლებულია რესურსს, დაძლიოს საქმეში დაცული მტკიცებულებების ძალა.

18.9. პალატის მოსაზრებით, კასატორების იურიდიულ ინტერესში სწორედ მოსარჩელის ქონებაზე მარლზომიერი მფლობელობის დადასტურება შედის, თუმცა მათ ვერ შეძლეს საკუთარი მოთხოვნის რელევანტური მტკიცებულებების საქმეზე დართვით უზრუნველეყოთ სადავო ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება. უშედეგოა კასატორების აპელირება, რომ მათ მიერ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილებს სასამართლომ არ მიანიჭა კასატორების მართლზომიერი მფლობელობის განმსაზღვრელი მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოპასუხეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების სასამართლოს მხრიდან მოწმეთა ჩვენების გარეშე გაზიარების შემთხვევაშიც, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა შესაგებელი ვერ გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციას, ვინაიდან, დასახელებული ხელწერილებით სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დადასტურება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორებს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ. უფრო მეტიც, საქმეში დაცულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინება, რომლის საფუძველზეც ძალაში შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება. შესაბამისი გადაწყვეტილებით კი, პირველი მოპასუხის სარჩელი N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 25084კვ.მ მიწიდან 0.3 ჰა მიწის მისთვის საკუთრებაში გადაცემის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული დოკუმენტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მოპასუხეთა მიერ ნაკვეთის ფლობის მართლზომიერების საკითხი.

18.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხები სწორედ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ, თუმცა მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

18.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგენა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

18.12. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

19. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორების მოთხოვნას სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმისწარმოების შეჩერების თაობაზეც და აღნიშნავს, რომ, მართალია, სხვა სარჩელით მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერებას, თუმცა ისინი სადავო უძრავ ქონებაზე თავიანთი მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებენ.

19.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს, რადგან არ იკვეთება უძრავ ქონებასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის შეუძლებლობა. მითითებული მუხლის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის

279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ - №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13აპრილის განჩინება).

21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ფ-ისა და მ.ფ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ.ფ-ისა და მ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი