№ას-151-151-2018 30 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს “T.G.”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსქ.ქ.ი.ს.ნ.თ.თ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს "ქ.ქ.ი.ს.ნ.თ.თ–მა" (შემდეგში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2013-2014 წლებში შპს “T.G–”ს (შემდეგში მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) თურქეთიდან საქართველოში რამდენიმე პარტიად მიაწოდა 156736.80 აშშ დოლარის ღირებულების სამრეწველო საქონელი (სამშენებლო არმატურა), რაც მოპასუხემ მიიღო და ქ. ბათუმში ...... მიმდინარე მშენებლობაში გამოიყენა.
2. მოპასუხეს მიწოდებული მომსახურების ღირებულება მიწოდებების მიხედვით ყოველი თვის ბოლოს უნდა გადაეხადა, თუმცა მომსახურების საფასურის მხოლოდ ნაწილი - 22860,80 აშშ დოლარი გადაიხადა. მოპასუხეს არ დაუფარია მიწოდებული მომსახურების დარჩენილი ნაწილის ღირებულება - 133 860,00 აშშ დოლარი.
3. 2015 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიწოდებული პროდუქციის აუნაზღაურებელი ღირებულების - 133860,00 აშშ დოლარისა და 7095 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის წინაშე ვადამოსული შესასრულებელი ვალდებულებები, რომლის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებაც შეიძლებოდა ჰქონოდა მოსარჩელეს, არ არსებობდა. ამასთან, შეუსრულებელი ვალდებულების არ არსებობაზე მითითების პირობებეში, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაც, მოპასუხის მტკიცებით, მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება როგორც ერთჯერადი, ისე პროცენტით განსაზღვრული საურავის დაკისრების თაობაზე არ არსებობდა.
5. სარჩელის განხილვა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, 2017 წლის 17 იანვარს 14:00 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ. კერძოდ, მოპასუხეს მოსამზადებელი სხდომის დღის თაობაზე ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც გაიგზავნა მოპასუხის რეგისტრირებულ მისამართზე და 2016 წლის 16 დეკემბერს ჩაბარდა ამ დაწესებულების ოფის მენეჯერს ს.გ–ს (ტომი 2ს.ფ.5).
6. 2017 წლის 17 იანვარის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის.
7. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და უარი განაცხადა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, ამასთან მხარემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზეც იშუამდგომლა.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 133 860,00 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
9. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას საქათველოს სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 74-ე, 53-ე, 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები მოიხმო და დაუსწრებელ გადაწყვეტილების მარეგულირებელ ნორმების, განსახილველი შემთხვევის გარემოებებთან ერთობლიობაში გაანალიზების საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხეს სასამართლო სხდომის შესახებ აცნობეს 2016 წლის 16 დეკემბერს და მას საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლის გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
10. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.
10.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორმა იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ სამოქალაქო დავა სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევით განიხილა. კომპანიის წარმომადგენლისათვის გონივრული ვადით გაცემული მინდობილობა საქმის განხილვის მომენტისათვის ვადაგასული აღმოჩნდა, რის გამოც სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა პირს, რომელიც არ იყო უფლებამოსილი გზავნილის ჩაბარებაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას საქმის განსახილველად დანიშვნის პერიოდისათვის არ ჰყავდა წარმომადგენელი, უწყება სხდომის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის შესაბამისი ბრძანებით საამისოდ სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, ნ.ლ–ას უნდა ჩაჰბარებოდა. რაც შეეხება უწყების მიმღებ პირს - ს.გ–ს, ის მართალია დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში, მაგრამ არ წარმოადგენდა საწარმოში დოკუმენტების ბრუნვაზე - მიღება/გაცემაზე უფლებამოსილ პირს. გარდა ამისა, საჩივრის ავტორის მტკიცებით, უწყების ჩამბარებელი პირი სამართალწარმოების ენას არ ფლობდა.
10.2. აღნიშნული საჩივრის განხილვა 2017 წლის 27 ივნისს, 14:15 საათზე დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ.
10.3. საჩივრის ავტორს 2017 წლის 26 ივნისს დანიშნული სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყებით 2017 წლის 16 ივნისს ეცნობა. უწყება მოპასუხის უფლებამოსილ პირს ნ.ლ–ას ჩაჰბარდა, მაგრამ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე აცნობა სასამართლოს.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11.1 სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადასტურდა, რომ მოპასუხეს 2017 წლის 17 იანვარს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თაობაზე უწყება გაეგზავნა დაახლოებით ერთი თვით ადრე, იმ ვარაუდით, რომ მხარეს ჰქონოდა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. უწყება 2016 წლის 16 დეკემბერს ჩაიბარა მოპასუხე ორგანიზაციის ოფის მენეჯერმა ს.გ–მა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
11.2. საჩივრის განმხილველი სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულმა პირმა კურიერისაგან პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა. შესაბამისად, სასამართლოს სრულიად საფუძვლიანად შეეძლო ევარაუდა, რომ გზავნილი კომპანიის უფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა.
11.3. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ უწყების მიმღები პირი არ ფლობდა ქართულ ენას, ვინაიდან ეს გარემოება გამოირიცხა საქმეში დაცულ უწყებებზე ს.გ–ის მიერ ქართულ ენაზე გამართულად შესრულებული ჩანაწერებითა ("ჩავიბარე, შპს "T.G."-ს ოფის მენეჯერი ს.გ–ი) და ხელმოწერებით.
11.4. წინამდებარე განჩინების 10.1-10.3 პუქნტები მითითებული გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.
12. აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
12.1. აპელანტის სააპელაციო პრეტენზია წინამდებარე განჩინების 9.1. პუნქტში მითითებულ გარემოებებს ემყარება.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 27ივნისის განჩინება.
13.1. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე უწყება, კანონით დადგენილი წესით მოპასუხეს რეგისტრირებულ მისამართზე გაეგზავნა და 2016 წლის 16 დეკემბერს დაწესებულების ოფის მენეჯერს ს.გ–ს (ტ.2.ს.ფ.5) ჩაჰბარდა. სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ორგანიზაციასთან, ს.გ–ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობა იყო და სასამართლო უწყებაზე ამ პირის ხელის მოწერა, სასამართლოს აძლევდა სრულ შესაძლებლობას, მხარე ჩაეთვალა ინფორმირებულად და განეხორციელებინა ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი არ წარმოადგენდა უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, რადგან მას არ ჰქონდა კომპანიისაგან მინიჭებული უფლებამოსილება ჩაებარებინა სასამართლო აქტები, პალატამ არ გაიზიარა.
14. სააპელაციო სასამართოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
14.1. კასატორმა სასამართლო დავის საპროცესო ვადაში განუხილველობაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ წარმომადგენელზე გონივრული ვადით გაცემული მინდობილობა სხდომის ჩანიშვნის დღეს, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ვადაგასული აღმოჩნდა. ამასთან, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორებს/პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა დავა წილის სამართავად გადაცემისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ვიდრე აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდოდა და აღსასრულებლად მიექცეოდა, კომპანიის მართვასა და წარმომადგნელობაზე უფლებამოსილი არცერთი დირექტორი, არც დავის წარმოების პერიოდში და არც შემდგომ საქართველოში არ იმყოფებოდა, რაც ადასტურებდა, რომ სხდომის თაობაზე უწყებით სათანადოდ არ ეცნობათ შესაბამის პირებს და სასამართლოს ეს ფაქტი საერთოდ არ გამოუკვლევია.
14.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლო უწყება ჩაბარდა მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, ს.გ–ს, რომელიც საწარმოში დოკუმენტაციის ბრუნვის, მიღებისა და გაცემის საკითხებზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, ასევე არ ფლობდა სამართალწარმოების ენას. მის მიერ, სახელმწიფო ენის ცოდნა არ შეესაბამებოდა დოკუმენტის შინაარსის აღქმის, გაგების და სათანადო რეაგირების დონეს. კასატორის მითითებით, მოპასუხეს დოკუმენტების მიღება-ჩაბარებასა და გაცემაზე უფლებამოსილი პირად ბრძანებით განსაზღვრული ჰყავდა - ნ.ლ–ა და შეუძლებელი იყო სხვა პირზე ჩაბარებული უწყება პროცესუალური ნორმების დაცვით ჩაბარებულ კორესპოდენციად მიჩნეულიყო.
14.3. კასატორის განმარტებით, საქმეზე წარდგენილი შესაგებლით ნათლად ჩანდა კომპანიის პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა დავალიანების არსებობას, სასამართლომ კი ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მის იურიდიულ საფუძვლიანობაზე არ იმსჯელა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, სახელდობრ:
19.1. მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 17იანვარს 14:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე მოპასუხეს სასამართლო უწყებით ეცნობა. კერძოდ, უწყება გაიგზავნა მოპასუხის რეგისტრირებულ მისამართზე და 2016 წლის 16 დეკემბერს დაწესებულების ოფის მენეჯერის სტატუსის მქონე პირს - ს.გ–ს ჩაჰბარდა. კასატორი ედავება მისთვის უწყების ჩაბარების კანონიერებას და სასამართლო კორესპოდენციის ჩაბარებაზე ს.გ–ის უფლებამოსილების არქონაზე აპელირებს.
19.2. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი ნორმების მოხმობისა და გაანაზილების საფუძველზე უპასუხოს მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას.
19.3. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ. საქმე N 554-1474-2017 29 ივნისი, 2018 წელი).
19.4. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს აწესებს და ასეთად სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან მხარის ისეთი სხვა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას მოიაზრებს, რომლის შესახებაც გამოუცხდებელ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
19.5. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე მკაცრად დეტალიზებულია მხარისათვის სასამართლო საპროცესო ღონისძიებების თაობაზე ინფრომაციის გადაცემის წესებთან დაკავშირებითაც, კერძოდ: სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩათვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე kodeqsis 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის ემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
19.6. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლო უწყება მოსარჩელეს (იურიდიულ პირს) გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და მოსარჩელე კომპანიის ოფის მენეჯერს ჩაჰბარდა. მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მითითებული მისამართი მოპასუხე კომპანიის ადგილსამყოფელს წარმოადგენს. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ იურიდიული პირის მენეჯერისათვის უწყების ჩაბარება კომპანიისათვის უწყების ჩაბარებას არ ნიშნავს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საწარმოს მენეჯერი, ზოგადი განმარტების თანახმად, საწარმოს მმართველს ნიშნავს, რომელიც პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე საწარმოში, რაც გულისხმობს, დამატებითი უფლებამოსილების (მინდობილობის) მინიჭების გარეშე, ორგანიზაციის სახელზე შესული კორესპონდენციის როგორც ჩაბარების, ისე შესაბამისი პირისა თუ სამსახურისათვის გადაცემის ვალდებულებასაც. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ მენეჯერისათვის უწყების ჩაბარება ნიშნავს საწარმოსათვის უწყების ჩაბარებას (შდრ. იხ. სუსგ: #ას-1310-1154-2010, 15.02.2011წ; #ას-766-733-2014, 22.09.2014წ; #ას-1707-1601-2012, 4.02.2013წ).
19.7. დაუსაბუთებელია და შესაბამისად, საქმის განხილვის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დოკუმენტების მიღება-ჩაბარებასა და გაცემაზე უფლებამოსილი პირად ბრძანებით განსაზღვრული ჰყავდა სხვა პირი და ოფისის მენეჯერზე ჩაბარებული უწყება პროცესუალური ნორმების დაცვით ჩაბარებულ კორესპოდენციას არ წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეზუმირებულია, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე უწყების მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს კორესპოდენცია. თუკი ასეთი უფლებამოსილება სინამდვილეში არ არსებობს, აღნიშნული საწარმოს მენეჯმენეტისა და შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე მიუთითებს, რაც განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. იგულისხმება, რომ ორგანიზაციამ ისეთი პირობები შექმნა, რომ უწყების ჩამბარებელი სუბიექტი კეთილსინდისიერად ვარაუდობდა გზავნილის მიმღების სათანადო უფლებამოსილების არსებობას (შდრ.სუსგ. №ას-610-583-2016 , 5 ოქტომბერი, 2016 წელი).
19.8. საკასაციო პალატის მოსაზრებით ასევე უადგილოა და სამართლებრივ შედეგის განმაპირობებელი არ არის კასატორის აქცენტირება იმ გარემოებაზე, რომ საქმის სასამართლო წარმოების შესაბამის ეტაპზე მოპასუხე ორგანიზაციის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა. მოპასუხე მხარეს იურიდიულ მისამართზე სასამართლო სხდომის დღის დანიშვნის თაობაზე უწყება სასამართლო სხდომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაჰბარდა, რაც სავსებით საკმარისი დროის შუალედი იყო როგორც იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ინფორმირებულობის, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადებისათვის ადეკვატური ღონისძიებების გასატარებლად. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ერთმანეთთან გაიგივებული არ არის კომპანიის საპროცესო და კორპორაციული წარმომადგენელი, შესაბამისად დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთა საქართველოში ყოფნა-არყოფნის საკითხი, ვერ გაამართლებს მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას. ფაქტია, რომ მხარე გაფრთხილებული იყო სხდომის თარიღის თაობაზე და მოპასუხეს გონივრული დრო ჰქონდა უზრუნველეყო წარმომადგენლის სასამართლოზე გამოცხადება, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნებოდა საწარმოს დირექტორი თუ დანიშნული საპროცესო წარმომადგენელი.
19.9. რაც შეეხება კასატორის მორიგ საკასაციო პრეტენზიას, რომ კომპანიის მენეჯერი (რომელსაც ჩაჰბარდა სასამართლო უწყება) არ ფლობდა ქართულ ენას და ამრიგად არ შეეძლო აღექვა სახელმწიფო ენაზე შესრულებული კორესპოდენციის შინაარსი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და კასატორის ყურადღებას სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე მიაქცევს, რომლის თანახმად, (სსსკ-ის 102.1. მუხლი) თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება რომ უწყების ჩაბარების თაობაზე ოფის მენეჯერმა სამართალწარმოების ენაზე მიუთითა. ამ პირობებში კასატორის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი აპელირება, რომ კომპანიის მენეჯერი არ ფლობდა სახელმწიფო ენას, ვერ უზურნველყოფს კასატორის მტკიცების სფეროში არსებული გარემოების უცილობელ დადასტურებას, შესაბამისი გარემოების დამდგენი მტკიცებულება კი მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
19.10. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია საქმის არსებით გარემოებებს შეეხება, მისი მოსაზრებით, საქმეზე წარდგენილი შესაგებლით კომპანია არ ეთანხმებოდა დავალიანების არსებობას, სასამართლომ კი, ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მის იურიდიულ საფუძვლიანობაზე არ იმსჯელა.
19.10.1. შესაბამის საკითხზე საკასაციო პალატა კასატორს სსსკ-ის 230-ე მუხლზე (მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობისას თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე) მიანიშნებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი წანამძღვრები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს - სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 361-ე (1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას; 2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და 316.1. (1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.) მუხლები წარმოადგენს. სარჩელში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ მისგან შეისყიდა 156 736.80 აშშ დოლარის საქონელი, რომელიც მას ეტაპობრივად მიაწოდა. მოპასუხეს ყოველი მიწოდებისას თვის ბოლოს უნდა გადაეხადა საზღაური. მოპასუხემ მხოლოდ მიწოდებული საქონლის ნაწილის საფასური - 22 860,80 აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად მოპასუხეს დამატებით გადასახდელი ჰქონდა 133 860 აშშ დოლარი. ეს ფაქტები სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე დააზუსტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას მხარის გამოუცხადებლობის ფაქტობრივი მდგომარეობა განაპირობებს და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს წარადგინა თუ არა მოპასუხემ შესაგებელი ან რა მიუთითა მასში, მთავარია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები (რომლებიც დამტკიცებულად ითვლება) იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის ვითარება სამართლებრივად სწორად შეაფასეს, ვინაიდან საქმეზე არსებობდა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე №ას-1554-1474-2017, 29 ივნისი, 2018 წელი).
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 30%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ კასატორს ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის 6693 ლარის 30%-ის - 2007,9 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „T.G-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „T.G.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (6693 ლარის) 30%-ის, 2007,9 ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი