Facebook Twitter

№ას-653-624-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ს.პ.ჯ–ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - აღნაგობის საზღაურის გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ.მ.ს–ოს 2012 წლის 24 იანვრის NE-88-1-4389 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „ს.პ.ჯ–ა“ (შემდეგში მეაღნაგე, მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) გამოცხადდა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ იგი გათანაბრებული იყო ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს სარგებლობის (აღნაგობის) პირობები შეადგენდა.

2. ქ. თბილისის მერიასა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) და აღნაგობის უფლების მქონე სუბიექტს შორის 2012 წლის 24 იანვარს დადებული აღნაგობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, მეაღნაგეს აღნაგობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...... - რესპუბლიკური საავადმყოფოს მახლობლად მდებარე 960 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნაგობის ხელშეკრულება 25 წლის ვადით დაიდო, ხოლო აღნაგობის საზღაური წლიურად 120 000 ლარით განისაზღვრა.

3. სარგებლობის პირობების თანახმად, აღნაგობის საზღაურის გადახდის წესად დადგინდა - 60 000 ლარის გადახდა ექვს თვეში ერთხელ, შესაბამისი საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. სარგებლობის პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ სარგებლობის საფასურის გადახდის ვადის ათვლის წესზე და ასეთად გადაწყვეტილების გაცნობის დრო განსაზღვრეს.

4. მხარეთა შეთანხმებით, აღნაგობის საზღაურის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევ მხარისათვის სანქციის სახით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა აღნაგობის საზღაურის 0.1%-ის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5. ხელშეკრულების პირობების შესატყვისად, მეაღნაგეს პირველი ვადამოსული გადახდა უნდა განეხორციელებინა 2012 წლის 4 ივლისს, ხოლო წლიური საზღაური მომდევნო ტრანშის გადახდით სრულად უნდა დაფარულიყო 2013 წლის 4 იანვრამდე. მეაღნაგეს შესაბამის თარიღებში აღნაგობის საზღაური არ გადაუხდია. აღნაგობის უფლებით სარგებლობის წლიური საფასური მოპასუხემ 2013 წლის 14 თებერვალს აანაზღაურა.

6. 2013 წლის 14 თებერვალს მეაღნაგემ აღნაგობის საზღაურის გადახდასთან ერთად, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით გადაიხადა 15840 ლარი.

7. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 17 თებერვლის N52891 გადაწყვეტილებით, მოპასუხის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ დაკმაყოფილდა; მოგვიანებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის N550556 გადაწყვეტილებით მოპასუხეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სარეკრეაციო ზონა 1-ის სატრანსპორტო ზონა 2-ით ცვლილებაზე უარი ეთქვა.

8. სარგებლობის პირობების მეშვიდე პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქონების მიმღები პირი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ვერ მოიპოვებდა მშენებლობის განხორციელების ნებართვას, მას უფლება ეძლეოდა ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში ქონების მიმღებს არ დაუბრუნდებოდა გადახდილი თანხა და არ დაეკისრებოდა რაიმე სახის ჯარიმა ან/და სანქცია.

9. ქ.მ.ს–ოს 2013 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა გადაწყვეტილება უძრავი ქონების მოპასუხისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

10. 2013 წლის 5 ივლისს მეაღნაგემ 2013 წლის 5 იანვრიდან 2013 წლის 29 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის აღნაგობის საზღაურის ანგარიშში გადაიხადა 29 989.25 ლარი.

11. საქმეში დაცული 3.06.2013 წლისა და 12.07. 2013 წლის წერილებით და მასზე დართული აღნაგობის საზღაურის გადახდის ცხრილის თანახმად, სსიპ ქ.მ.ს–ომ მეაღნაგეს აცნობა, რომ 4.07.2012 წელს, ქირის სახით 60 000 ლარის გადაუხდელობის გამო ვადაგადაცილებულ 184 დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის - 60 000 ლარის 0.1%, რამაც მთლიანად 11040 ლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლის 4 იანვრიდან 2013 წლის 14 თებერვლამდე 120 000 ლარის გადაუხდელობის გამო, ვადაგადაცილებულ 41 დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 4920 ლარი. პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ - 15960 ლარი შეადგინა. მეაღნაგეს, წინამდებარე წერილებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კალკულაციის წესის გათვალისწინებით, ეცნობა, რომ პირგასამტეხლოს სახით დამატებით გადასახდელი ჰქონდა 120 ლარი.

12. მეაღნაგემ 2013 წლის 26 ივლისს პირგასამტეხლოს სახით დამატებით 48.56 ლარი გადაიხადა, შესაბამისად, მის მიერ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხის სრულმა მოცულობამ - 15888.56 ლარი შეადგინა.

13. 2013 წლის 14 ნოებერს კრედიტორმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოპასუხისათვის აღნაგობის საზღაურის - 7 818,97 ლარის, პირგასამტეხლოს - 11 111.44 ლარისა და 2013 წლის 29 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნაგობის საბოლოო საზღაურის გადახდამდე 120 000 ლარის 0,1% პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.

14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის სასამართლოში წარდგენით უარყო აღნაგობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დავალიანების არსებობა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით, საქმე განსაჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აღნაგობის საზღაურის - 7 818.97 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5 555.8 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. მოპასუხეს 2013 წლის 29 აპრილიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 120 000 ლარის 0,05%-ის გადახდაც დაეკისრა აღნაგობის საბოლოო საზღაურის გადახდამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 233-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე,417-ე და 420-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

16.1. სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

16.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს როგორც პირველი ვადამოსული შესრულების, ისე - მეორე შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სახით უნდა დაჰკისრებოდა 120 000 ლარის (წლიური საზღაურის) 0.1% - 22080 ლარი, ხოლო შემდგომ პერიოდზე - მეაღნაგის მიერ 2012 წლის აღნაგობის წლიური საზღაურის სრულად გადახდამდე (2013 წლის 14 თებერვალი) ვადაგადაცილებული 41 დღისათვის - 4920 ლარი (120 000 ლარის 0.1%). შესაბამისად, მეაღნაგის მიერ პირგასამტეხლოს ანაგარიშში გადახდილის გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6, მე-10, მე-12 პუნქტები) სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დამატებით გადასახდელი ჰქონდა 11 111, 44 ლარი. ამასთან, სასამართლომ პირგასამტეხლოს დასახელებული ოდენობა გონივრულ ოდენობად არ მიიჩნია და მიზანშეწონილად ცნო მისი შემცირება 5 555.8 ლარამდე.

16.3. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ დაფარა 2012 წლის აღნაგობის საზღაური, თუმცა მას დამატებით გადასახდელი ჰქონდა 2013 წლის 5 იანვრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე 115 დღის აღნაგობის უფლებით სარგებლობის საზღაური - რამაც მთლიანად 37 808,22 ლარი შეადგინა. 2013 წლის 5 ივლისს მოპასუხის მიერ გადახდილი 29 989,5 ლარის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა - 7 818,97 ლარი.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

17.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა აღნაგობის ხელშეკრულების დადების თარიღი. 2012 წლის 24 იანვარს მეაღნაგე გამოვლინდა აუქციონში გამარჯვებულად, რის შესახებაც მოპასუხემ 2012 წლის 26 იანვარს შეიტყო. აპელანტის მითითებით, მან აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში 2012 წლის 31 იანვარს დაარეგისტრირა და, შესაბამისად, აღნაგობის წლიური საზღაური გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო აღნაგობის უფლების წარმოშობის (რეგისტრაციის) თარიღიდან.

17.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა აღნაგობისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპი და ოდენობა. აპელანტის მტკიცებით, აღნაგობის უფლების ვადის 2012 წლის 24 იანვრიდან ათვლის შემთხვევაში, ერთწლიანი სარგებლობის ვადის ამოწურვის თარიღი იყო 2013 წლის 24 იანვარი და არა 2013 წლის 5 იანვარი. აღნაგობის საზღაურის დარიცხვაც ხელშეკრულების შეწყვეტამდე (29.04.2013) უნდა ათვლილიყო 2013 წლის 25 იანვრიდან, ნაცვლად 2013 წლის 4 იანვრისა. შესაბამისი პერიოდი 95 დღეს მოიცავდა და აღნაგობის საზღაური 31160 ლარს (120000/365*95) შეადგენდა. აპელანტმა მიუთითა, რომ მან აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში მთლიანად საზღაურის სახით 149 989.25 ლარი გადაიხადა, შესაბამისად, სადავო იყო მხოლოდ 1170.75 ლარის (120000+31160-149 989,25) დავალიანება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო რეგისტრაციის თარიღიდან აითვლიდა საზღაურის გადასახდელ ოდენობას, აპელანტს ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 797,25 ლარი.

17.3. აპელანტის მოსაზრებით, მის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდან, ქ.მ.ს–ოს 2013 წლის 29 აპრილის ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა აუქციონის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, აღნაგობის ხელშეკრულებაც, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. ამასთან, ამ პერიოდისთვის უკვე სრულად იყო დაფარული აღნაგობის საზღაური. აპელანტმა, პირგასამტეხლოს დათვლის წესთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნაგობის საზღაურის პირველი ნაწილის გადახდისთვის ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით (184 დღე) პირგასამტეხლოს თანხამ 11040 ლარი შეადგინა (60*184). სასამართლომ კი არასწორად გამოიანგარიშა აღნიშნული პერიოდისთვის გადასახდელი პირგასამტეხლო აღნაგობის წლიური გადასახდელიდან (120000 ლარი). 05.01.2013 წლიდან 14.02.2013 წლამდე ვადაგადაცილებული იყო 41 დღე, რამაც თანხობრივი გამოხატულებით 4920 ლარი (120000*0.1/100=120) შეადგინა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სრული მოცულობა 15960 ლარი იყო, საიდანაც აპელანტის მტკიცებით, მის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილი თანხის (15888.56) გათვალისწინებით სადავო იყო 71.44 ლარი.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აღნაგობის საზღაურის სახით 1 170,75 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოპასუხეს 71.44 ლარი პირგასამტეხლოს გადახდაც დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 29 აპრილიდან აღნაგობის საზღაურის გადახდამდე მოპასუხისათვის ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 120 000 ლარის 0,1%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

18.1. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია აღნაგობის საფასურის გადახდის ათვლის თარიღად აღნაგობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღის მიჩნევის თაობაზე და მეაღნაგეს შეთანხმებულ სარგებლობის პირობებზე გაუმახვილა ყურადღება, რომლის თანახმად სარგებლობის საფასურის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გაცნობის თარიღიდან იყო გათვალისწინებული. საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, პალატამ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები. პალატის მოსაზრებით, მართალია, აღნაგობის საზღაურის გადახდის თარიღად ყოველი მეექვსე თვის 5 რიცხვამდე პერიოდი განისაზღვრა, თუმცა გადახდის აღნიშნულ წესზე შეთანხმება არ ცვლიდა გარემოებას, რომ 2012 წლის 24 იანვარს დადებული ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა მომდევნო წლის იმავე რიცხვში დასრულდებოდა. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ 2013 წლის 29 აპრილამდე აღნაგობის საზღაურის გადასახდელი ოდენობა 2013 წლის 25 იანვრიდან უნდა ათვლილიყო. მეაღნაგის მიერ აღნაგობის საზღაურის სახით გადახდილი თანხების გათვალისწინებით, პალატამ მხოლოდ 1170.75 ლარის შეუსრულებელი ვალდებულების არსებობა გამოარკვია.

18.2. პალატამ მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნების გონივრული განსჯის შედეგად დაასკვნა, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო შესაბამისი პერიოდისათვის შეუსრულებელი ვალდებულებიდან და არა წლიური საზღაურიდან, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხეს პირგასამტეხლოს ანგარიშში დარჩენილი ჰქონდა 71.44 ლარის გადახდის ვალდებულება.

18.3. 2013 წლის 29 აპრილის შემდგომი პერიოდისათვის აღნაგობის საზღაურის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ აღნაგობის ხელშეკრულება მოიხმო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) და განმარტა, რომ არ არსებობდა აპელანტისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

19. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

19.1. სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების პუნქტები და არასწორად დაადგინა აღნაგობის საზღაურის დარიცხვის პრინციპი. მხარეებმა ნება გამოხატეს, აღნაგობის საზღაურის პირველი ნაწილი გადახდილიყო 2012 წლის 20 იანვრიდან 6 თვის შემდეგ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე, შემდგომ კი 2012 წლის 4 ივნისიდან 2013 წლის 4 იანვრამდე. მეაღნაგემ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადის დარღვევით 2013 წლის 14 თებერვალს გადაიხადა 2012 წლის 24 იანვრიდან 2013 წლის 4 იანვრამდე პერიოდის აღნაგობის წლიური საზღაური - 120 000 ლარი. შესაბამისად, კასატორის გამოანგარიშებით, მოპასუხეს აღნაგობის საზღაურის სახით გადასახდელი ჰქონდა 2013 წლის 4 იანვრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2013 წლის 29 აპრილამდე სარგებლობის საფასური - 37 808.22 ლარი (120000/365(დღე)*115(დღე)). მოპასუხის მიერ 2013 წლის 5 ივლისს გადახდილი 29 989,25 ლარის გათვალისწინებით, მეაღნაგის შეუსრულებელმა ვალდებულებამ 7 818,97 ლარი შეადგინა.

19.2. კასატორის მისაზრებით, სასამართლოსეული შეფასება პირგასამტეხლოს - შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამოანგარიშების თაობაზე არ გამომდინარეობს აღნაგობის ხელშეკრულების შინაარსიდან. კასატორის განმარტებით, სარგებლობის პირობების მე-19-ე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნაგობის საზღაურის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ქირის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა, დარღვევის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს NE-88-1-4389 გადაწყვეტილების თანახმად, „ქირა“ ანუ სარგებლობის საზღაური კი, 120 000 ლარით განისაზღვრა და სწორედ შესაბამისი თანხიდან უნდა გამოანგარიშებულიყო პირგასამტეხლოს დასაკისრებელი ოდენობა.

19.3. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასასამთლოს სამართლებრივ შეფასებას, 2013 წლის 29 აპრილიდან მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე და მიუთითებს, რომ სსიპ ქ.მ.ს–ოს 2013 წლის 29 აპრილის #01-7/69 ბრძანებით - აღნაგობის ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ გამოცხადებულა ძალადაკარგულად და მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, პირგასამტეხლო გადაეხადა აღნაგობის საზღაურის სრულად გადახდამდე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია , რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

24.1. მოცემულ შემთხვევაში, აღნაგობის საზღაურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 236.1 და (აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.

24.2. საკასაციო საჩივარი რამდენიმე საკასაციო პრეტენზიას აერთიანებს, რომლებზეც საკასაციო სასამართლო თანმიმდევრულად იმსჯელებს. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზიის არსი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნაგობის საზღაურის დარიცხვის პრინციპის არასწორად განსაზღვრაა. წინამდებარე განჩინების 2-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამოირკვა, რომ აღნაგობის ხელშეკრულება 2012 წლის 24 იანვარს დაიდო, ხოლო აღნაგობის საზღაურის პირველი ნაწილის გადახდის თარიღად - 5 ივლისი განისაზღვრა. მორიგი ტრანშის და ამავდროულად წლიური გადასახადის დაფარვის თარიღად 2013 წლის 5 იანვარი დადგინდა. სადავო არაა, რომ მოპასუხემ პირველი სახელშეკრულებო წლის აღნაგობის საზღაური ვადაგადაცილებით, მაგრამ სრულად დაფარა. მხარეთა შორის სადავოა შემდგომი არასრული სახელშეკრულებო წლის აღნაგობის საზღაურის ოდენობა და მისი გამოანგარიშების წესი. კასატორის მიერ შედავებულ შესაბამის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ სარგებლობის პირობებით ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ორ ტრანშად - 6 თვეში ერთხელ. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 123-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას. სამოქალაქო კანონმდებლობის ზემოხსენებული დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, აღნაგობის საზღაურის გადახდის მიზნებისათვის 6 - თვიანი ვადა მოიცავდა დროს 2012 წლის 24 იანვრიდან - 2012 წლის 24 ივლისამდე, 1 - წლიანი ვადა კი 2012 წლის 24 იანვრიდან - 2013 წლის 24 იანვრამდე. შემდგომი წლის აღნაგობის საზღაურის გადასახდელი ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო 2013 წლის 24 იანვრიდან - ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2013 წლის 29 აპრილამდე). საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ივლისის „5“ რიცხვი მხარეთა მიერ პირობითად შეთანხმებული გადახდის თარიღია, რომელსაც აღნაგობის საზღაურის გადასახდელი ოდენობის გამოანგარიშების მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. მხარეთა მიერ შეთანხმებული ვალდებულების შესრულების თარიღი, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელობას იძენს პირგასამტეხლოს გამოანგარიშების დროს, ვინაიდან, მოპასუხემ ვალდებულების შესრულების დაყოვნებით, დაარღვია ხელშეკრულება და პირგასამტეხლოს სანქციის ამოქმედების სამართლებრივი წინაპირობა შექმნა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აღნაგობის საზღაურის სახით გადასახდელი თანხისა და მისგან გამომდინარე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოცულობა.

24.3. კასატორის მორიგი პრეტენზია პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესს უკავშირდება. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობა აღნაგობის წლიური საზღაურის თანხიდან უნდა გამოანგარიშებულიყო და იგი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს მოცულობის შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამოანგარიშების მართებულობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე - სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა აღნაგობის წლიური საზღაურის ოდენობიდან და არა იმ კონკრეტული საზღაურის გადახდის ვადაგადაცილების გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. პირგასამტეხლოს ამგვარი დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა კი, არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან, და უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების პრინციპს.

24.3.1. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.....პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15).

24.3.2. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება (სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

ამასთან, უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოთვლა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

24.3.3. კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო გამოანგარიშდება 2012 წლის 4 ივლისამდე გადასახდელი აღნაგობის საზღაურის ვალდებულების დარღვევისათვის წლიური საზღაურის (120000 ლარი) თანხიდან, მაშინ, როდესაც მოპასუხეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დარღვეული შემდგომი 6 - თვიანი პერიოდის საზღაურის გადახდის ვალდებულება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობის არსს, ვინაიდან ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება, დაეკისროს სანქცია იმ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომლის შესრულების ვადაც არ დამდგარა, ხოლო 2012 წლის 5 ივლისისთვის მოვალემ მხოლოდ აღნაგობის საზღაურის პირველი ნაწილის - 60000 ლარის გადახდის ვალდებულება დაარღვია და პირგასამტეხოს ოდენობაც შესაბამისი პერიოდისთვის სწორედ ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილიდან უნდა გამოანგარიშებულიყო.

24.3.4. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება აღნაგობის წლიური საზღაურიდან ხელშეკრულების შინაარსს შეესატყვისებოდა, საკასაციო სასამართლო კასატორის მსჯელობის საპირისპიროდ ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებულ კრედიტორის წერილების შინაარსს, რომელიც პირგასამტეხლოს ნაწილში სწორედ მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრას უკავშირდება. პალატა, კრედიტორის წერილებთან კავშირში, მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე მოიხმოს სსკ-ის 52-ე მუხლის დანაწესი (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.) და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების წესის გათვალისწინებით (აღნაგობის საზღაურის ნაწილ-ნაწილ და არა ერთჯერადად, სრული მოცულობით გადახდა), პირგასამტეხლოს დამდგენი ნორმის მიმართ ხელშეკრულების მხარეთა ნების გონივრული განსჯიდან გამომდინარე, კონტრაჰენტი მხარეების სურვილს, ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება და, ამდენად, თითოეული ვადამოსული საზღაურის გადახდის ვადაგადაცილების სანქცირება წარმოადგენდა.

24.4. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა 2013 წლის 29 აპრილის შემდგომ (აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ) პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. სარგებლობის პირობების მეშვიდე პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქონების მიმღები პირი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ვერ მოიპოვებდა მშენებლობის განხორციელების ნებართვას, მას უფლება ეძლეოდა, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, ქონების მიმღებს არ დაუბრუნდებოდა გადახდილი თანხა და არ დაეკისრებოდა რაიმე სახის ჯარიმა ან/და სანქცია. საქმეზე დადგენილია, რომ არქიტექტურის სამსახურმა მოპასუხეს უარი უთხრა მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სარეკრეაციო ზონა 1-ის სატრანსპორტო ზონა 2-ით ცვლილებაზე, რაც აღნაგობის საგანზე მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი მშენებლობის უფლების მოპოვების შესაძლებლობას გამორიცხავდა. მოპასუხის ინიციატივის საფუძველზე 2013 წლის 29 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადდა აუქციონის გადაწყვეტილების შედეგები და შეწყდა აღნაგობის უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, სარგებლობის პირობების შესაბამისი დანაწესის გათვალისწინებით, რომელსაც სავალდებულო ძალა ჰქონდა კონტრაჰენტი მხარეებისთვის, არ არსებობდა მოვალისათვის 2013 წლის 29 აპრილის შემდგომ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი).

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი