Facebook Twitter

№ას-661-632-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - გ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ......, 2012 წლის 3 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ.კ–ის (შემდეგში: მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი, მოანდერძე) სახელზე.

2. 2012 წლის 1 მაისს მოპასუხემ შეადგინა ანდერძი კუთვნილი უძრავი ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნების თაობაზე.

3. 2012 წლის 1 მაისის შემდეგ მოპასუხემ თ.დ–ისგან (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე აპელანტი, ანდერძისმიერი მემკვიდრე) გარკვეული პერიოდულობით, მთლიანად 6225 აშშ დოლარი მიიღო.

4. 2014 წლის 4 აპრილს ანდერძისმიერმა მემკვიდრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს - მოპასუხისათვის უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადაცემული 15 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

4.1. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეები შეთანხმდნენ მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემის თაობაზე, თუმცა მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცედურების დასრულებამდე, მოპასუხემ ანდერძის შედგენით მოსარჩელეს გარანტია მისცა ნასყიდობის ხელშეკრულების სამომავლოდ გაფორმების თაობაზე. ანდერძის არსებობის პირობებში, მოსარჩელემ მოანდერძეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წინსწრებით გადაუხადა 5000 აშშ დოლარი და შემდეგში დავის წამოწყებამდე პერიოდული გადახდით დაფარა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის (45 000 აშშ დოლარი) ნაწილი - 10000 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონების სხვა პირზე გასხვისების ეჭვიც გამოხატა და დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მოპასუხისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა შემდეგი საფუძვლებით:

5.1. მხარეები არ შეთანხმებულან მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე გასხვისების თაობაზე; მოპასუხემ უარყო 5000 აშშ დოლარის მიღების ფაქტიც.

5.2. მოპასუხემ მოსარჩელეს უანდერძა ქონება, რის სანაცვლოდაც ანდერძისმიერი მემკვიდრე მას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ მისთვის დროდადრო ჩარიცხული თანხა იყო საჩუქარი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, 6225 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 346 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოსარჩელეს უარი ეთქვა 8775 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 317-ე, 385-ე, 976-ე, 942-ე, 59-ე, მუხლებით იხელმძღვანელა.

6.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

6.2. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობის თაობაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებათა ერთობლიობაზე: მოპასუხემ ანდერძი მოსარჩელის სასარგებლოდ შეადგინა, მხარეთა ურთიერთობა დაიწყო 2012 წელს და მიმდინარეობდა წლების მანძილზე, ურთიერთობა ატარებდა მზრუნველობით ხასიათს. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის შეთანხმება თვისებრივად წარმოადგენდა სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობას, მოსარჩელე უზრუნველყოფდა მოპასუხეს ფულადი თანხით, ხოლო სანაცვლოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას.

6.3. სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 15 000 აშშ დოლარი გადასცა. სასამართლომ მოპასუხის აღიარების და საქმეში წარმოდგენილი გადარიცხვების საფუძველზე გამოარკვია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო 6225 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხის - 8775 აშშ დოლარის (მათ შორის - წინასწარ ერთჯერადად 5000 აშშ დოლარის) გადახდის ფაქტის მტკიცებისა და მოთხოვნის მიმართ განმარტა, რომ 8775 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადახდას მოპასუხის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება ვერ დაადასტურებდა, ხოლო მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მოპასუხისთვის დამატებით 8775 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, სასამართლომ არარელევანტურად მიიჩნია, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სოციალური ქსელით მოპასუხესთან მიმოწერის დოკუმენტი, ვინაიდან მიმოწერა არ ასახავდა, თუ ჯამურად რამდენი თანხა მიიღო მოანდერძემ მოსარჩელისგან.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

7.1. პირველი აპელანტის მითითებით, სასამართლოს დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა სამისდღეშიო რჩენის მარეგულირებელი (სსკ-ის 941-ე და 949-ე) ნორმები. გასათვალისწინებელი იყო, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოანდერძის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით, უარი თქვა მოპასუხის რჩენაზე, სსკ-ის 949-ე მუხლის მეორე ნაწილმა კი, ასეთ ვითარებაში გამორიცხა სარჩენზე გაწეული ხარჯების მარჩენლისთვის დაბრუნება.

7.2. ამავე აპელანტის მტკიცებით, მან მოსარჩელისგან საჩუქრად მიიღო 6225 აშშ დოლარი. მოანდერძე მოსარჩელეს ამგვარი თანხის მიცემას არ სთხოვდა, ამას მოსარჩელე საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით აკეთებდა.

7.3. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არსებითად სარჩელში მითითებულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1 პუნქტი).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით, მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს.

8.2. პალატამ მიიჩნია, რომ ანდერძის შედგენის შემდეგ მოსარჩელის მხრიდან მოანდერძის სასარგებლოდ თანხების გადახდა მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის შესახებ შეთანხმების არსებობაზე მიუთითებდა, თუმცა სამისდღეშიო რჩენის შესახებ ურთიერთობა, რომელიც უძრავი ქონების გადაცემას ითვალისწინებდა, მხარეებს სსკ-ის 942-ე მუხლით დადგენილი წესით, რთული წერილობითი ფორმით არ გაუფორმებიათ. პალატამ დავის გადაწყვეტისას სსკ-ის 59-ე მუხლი მოიხმო და განმარტა, რომ, ვინაიდან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მხარეთა შორის კანონით გათვალისწინებული ფორმით არ დადებულა, გარიგება იყო ბათილი და, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოიშვა გარიგების ფარგლებში მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება.

8.3. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა პირველი აპელანტის მოსაზრება მოსარჩელისგან მიღებული თანხის - 6225 აშშ დოლარის საჩუქრად მიჩნევის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მხარეს განუმარტა, რომ, სსკ-ის 524-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქება უსასყიდლო ბუნების გარიგებაა, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ნივთი უანდერძა. ამ ფაქტობრივმა გარემოებამ, პალატის მოსაზრებით, გამორიცხა სადავო ურთიერთობის უსასყიდლო ხასიათი.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. კასატორმა საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

9.1. სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა უსაფუძვლო გამდიდრების, არამედ სამისდღეშიო რჩენის მომწესრიგებელი სსკ-ის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სარჩენზე გაწეული ხარჯების უკან დაბრუნებას გამორიცხავს.

9.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესით და ფორმადაუცველი გარიგება ბათილად მიიჩნია, თუმცა არ გაითვალისწინა დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილი, რომელიც მიღებულის უკან დაბრუნების მოთხოვნას გამორიცხავს, თუ შესრულება შეესაბამება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზნეობრივ მოვალეობას. მოსარჩელემ, როგორც მემკვიდრემ, საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, თანხის გადახდით გამოეხატა მადლიერება მოანდერძის მიმართ. შესაბამისად, მისი ქმედება წარმოდგენდა ზნეობრივ მოვალეობას. კასატორის განმარტებით, თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამორიცხავს უკან დაბრუნების შესაძლებლობას, სადავოობის შემთხვევაში, მისი უკან დაბრუნება გამორიცხულია. კასატორმა აქვე მიუთითა, რომ, თუ შემსრულებელმა იცოდა შესრულების დროს საკუთარი ვალდებულების არარსებობის შესახებ, გამოირიცხება უკუმოთხოვნის უფლება.

9.4. კასატორმა მსჯელობისას მოიხმო სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიც, რომელიც შესრულების უკან დაბრუნებას გამორიცხავს, თუ მიმღებს შეეძლო, ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

14.1. მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) დანაწესიდან გამომდინარეობს.

14.2. სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან სადავო თანხა საფუძვლის გარეშე გადასცა მოპასუხეს, რითაც ეს უკანასკნელი გამდიდრდა. შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოდავე მხარეთა შორის სადავო არაა 6225 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, კასატორის აპელირება, მხოლოდ დასახელებული თანხის მოპასუხისათვის გადაცემის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის თაობაზე შედავებას ემყარება. ამდენად, შესამოწმებელია ზემოხსენებული ნორმის გამოყენების შემდეგი წინაპირობა - ბ) გადაცემა განხორციელდა თუ არა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ დავაზე, კასატორი შესრულების კონდიქციას გამორიცხავს და სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მიანიშნებს, უფრო ზუსტად კი, სსკ-ის 949.2 მუხლზე (გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მითითებით ცდილობს, გამორიცხოს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში, ყურადღებას მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფორმაზე ამახვილებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება, რომელიც უძრავ ქონებას შეეხება სამოქალაქო კანონმდებლობით სპეციალური მოწესრიგების საგანია, რაც უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ფორმასავალდებულოობაში ვლინდება. აღნიშნული ვრცელდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზეც, ასეთის არსებობის შემთხევაში, კერძოდ, სსკ-ის 942-ე მუხლი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობას, რომლის საგანიც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემაა, სანოტარო წესით დამოწმებულ, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირებს. ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას კი, სამოქალაქო კანონმდებლობა (სსკ-ის 59-ე მუხლი) უცილოდ ბათილ გარიგებად განიხილავს, რაც შესაბამისისი სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. ცალსახაა, რომ მოსარჩელე რამდენიმე წლის განმავლობაში მოპასუხისათვის თანხის ჩარიცხვით ასრულებდა ამ უკანასკნელის რჩენის ვალდებულებას, თუმცა ამ შეთანხმებას, ხელშეკრულების ფორმის მიმართ კანონის იმპერატიული მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის გამო, არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ თანხის გადახდებს არ მოჰყვებოდა ის სამართლებრივი შედეგი, რისთვისაც მხარე იღვწოდა. აქედან გამომდინარე, რაკი ზემოხსენებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება კანონით დადგენილი ფორმის დაუცველობის გამო, უცილოდ ბათილი გარიგებაა, სრულიად დაუსაბუთებელია სსკ-ის 949.2 მუხლზე კასატორის მითითება, ვინაიდან ამ ნორმით დადგენილი დანაწესი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნამდვილია და ამასთან, თუ მარჩენალი გადის ხელშეკრულებიდან კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვით. სადავო ურთიერთობაზე სსკ-ის 976.1 მუხლის გავრცელების შემდეგი წინაპირობა - გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენაში მდგომარეობს, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, ვინაიდან მოპასუხე გამდიდრდა იმ თანხით, რაც მოსარჩელისგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო.

14.3 პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების შეუქცევადი ნაკლით (მხარეს არ გააჩნდა გარიგების დადასტურების იურიდიული ინტერესი) დამდგარი ნეგატიური შედეგის მაკომპენსირებელი ფუნქციითა აღჭურვილი შესრულების კონდიქციის მარეგულირებელი სსკ-ის 976-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, გარიგების ბათილობის გამო მანამდე განხორციელებული შესრულების უკუქცევის შესაძლებლობას განსაზღვრავს. „უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.“ (შდრ. საქმე Nას-1193-1122-2015. 31.05.2016წ.). კონკრეტული საქმის გარემოებები ცხადყოფს რა სსკ-ის 976.1 მუხლის გამოყენების თანმხვედრი წინაპირობების არსებობას, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის განკარგვის სფეროში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეული თანხების მოსარჩელისთვის დაბრუნება მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივ წონასწორობის აღდგენას უზრუნველყოფს.

14.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას განსახილველ შემთხვევაზე შესრულების კონდიქციის გამომრიცხველი გარემოების (976-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ა“ (უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს) და „გ“ (მიმღებს შეეძლო, ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები) ქვეპუნქტების გავრცელების თაობაზე. კასატორის აპელირება, რომ შესრულება შეესაბამებოდა მოსარჩელის ზნეობრივ მოვალეობას მამკვიდრებლის მიმართ, უსაფუძვლოა და ვერ უზრუნველყოფს კასატორის პროცესუალური ინტერესის შესატყვის სამართლებრივ შედეგს.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას შესაბამის საკითხზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე ამახვილებს: „განსახილველ შემთხვევაში ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის. შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა (შდრ. სუსგ საქმე Nას-528-501-2015; საქმე Nას-1202-1131-2012). კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების (მხარეთა შორის ნათესაური კავშირის არარსებობა, მოსარჩელის დაინტერესება მოპასუხის ქონების შესყიდვით, ანდერძის გაფორმების თანამდევ შედეგად თანხის გადახდა, თავად მოპასუხის მტკიცება მოდავე მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე) ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა იმგვარი ურთიერთკავშირი, რაც მოსარჩელის მხრიდან ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას დაადასტურებდა.

14.5. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტზე, ვინაიდან ამ უკანასკნელის პრეტენზია მოკლებულია არგუმენტირებულ მსჯელობას, დაასაბუთოს თუ რატომ უნდა ევარაუდა მიმღებს, რომ შემსრულებელს (მოსარჩელეს) სურდა თანხის მოპასუხისთვის გადაცემა.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე Nას-225-215-2016, 25 მაისი, 2016 წელი, საქმე N ას-74-71-2016, 25 მაისი, 2016 წელი, საქმე Nას-184-171-2015, 20 მაისი, 2016 წელი).

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 740.80 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (740.80 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 08.07.2016) 70% – 518.56 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ.კ–ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (740.80 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 08.07.2016) 70% – 518.56 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი