Facebook Twitter

№ას-675-2019 28 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.ა.რ.ს.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –მ.ქ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 19 თებერვალს მ.ქ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მ.ა.ს.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მხარეთა შორის 2017 წლის 24 მარტს გაფორმებული გადახდის განვადების უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე, მოსაჩელეს საკუთრებაში დაუბრუნდა ქალაქ თბილისში, ...... (ს/კ #......) მდებარე მიწის ნაკვეთი მოპასუხისათვის 27 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 63-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლისათვის (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 72) ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 92), შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 24 იანვრიდან და 2019 წლის 7 თებერვალს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 1 მარტს (იხ. ს.ფ. 117), დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მეორე დღესვე მისმა წარმომადგენელმა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გადაწყვეტილება 2019 წლის 15 თებერვლამდე არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად რომ არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ადასტურებს, მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის 2019 წლის 22 იანვარს მიმართვაც, თუმცა გადაწყვეტილება 2019 წლის 18 თებერვლამდე მასაც არ ჩაჰბარებია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება.

9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 24 იანვრიდან და 2019 წლის 7 თებერვალს ამოიწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2019 წლის 1 მარტს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

11. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

13. სსსკ-ის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, ივარაუდება, რომ სასამართლოს მზად ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილება. ამასთან, თუ საქმის მასალების შეფასებით საპირისპირო გარემოება დადასტურდება, მაშინ ქარწყლდება ზემოხსენებული პრეზუმფცია და, დაინტერესებული პირის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიუხედავად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, როგორც ზემოთ ითქვა, მისი ჩაბარების მომენტიდან დაიწყება.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა, სახელდობრ, ერთ-ერთმა მხარემ (მოსარჩელემ) დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა მოითხოვა 2019 წლის 21 იანვარს (იხ. განცხადება, ს.ფ. 109), თუმცა მას დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 18 თებერვალს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 110), რაც უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. შესაბამისად, გასაზიარებელია მოპასუხის მოსაზრება, რომ იგი სთხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემას, მაგრამ, მისივე განმარტებით, ვერ მიიღო 15 თებერვლამდე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2019 წლის 16 თებერვლიდან და ამოწურულიყო ამავე წლის 1 მარტს, 24 საათზე. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 1 მარტს (იხ. ს.ფ. 117), შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.

15. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დასწყებოდა არა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს (შდრ. სუსგ. #ას-1853-2018; 27.02.2019წ)

16. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა.რ.ს.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი