11 ივნისი, 2019 წელი
№ას-692-2019 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ვ.ა.ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი შპს „ვ.ა.ე–ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ თნხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
7. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2019 წლის 18 აპრილს (ტ. 1, ს.ფ. 137). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 30 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2019 წლის 1 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
9. 2019 წლის 8 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 აპრილი თავდაცვის სამინისტროში გამოცხადდა დასვენების დღედ და სწორედ აღნიშნული გახდა კერძო საჩივრის ფოსტისთვის დროულად ჩაუბარებლობის მიზეზი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება კერძო საჩივრის ვადაში წარდგენილად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისის მომდევნო პირველი სამუშაო დღე) გულისხმობს მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ოფიციალურ უქმე დღეებს და არა ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების მიერ თავისი ინიციატივით გამოცხადებულ დასვენების დღეებს.
11. გარდა ამისა, არ არსებობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის აღდგენის საფუძველი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ვადა კი დადგენილია კანონით, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით დადგენილი ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე