Facebook Twitter

№ას-803-2019 28 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – სს „ს.ს.ე–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ფ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ა.ფ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სს „ს.ს.ე–ას (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს, 1696.30 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4.1. პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის იყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს, 1696 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 2 000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა და შემდეგ გარემოებაზე მიუთითა:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, დავის საგნის ღირებულება - 2700 ლარია, ანუ ის თანხა, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის, რაც აღემატება 2000 ლარს. ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 1696.30 ლარის გადახდა დააკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ, არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1696.30 ლარია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორად განმარტა კანონის მოთხოვნები. ამდენად, არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

5.2. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 15 წელია მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომლის დასრულებაც გათვალისწინებულია 2023 წელს. შესაბამისად, მის მიმართ საქმე სასამართლოში იწარმოება „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, ამ კანონის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, საჩივარი მიეღო წარმოებაში „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დასაშვებობაზე მსჯელობის გარეშე და არსებითად განეხილა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს, 1696.30 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა (იხ. სააპელაციო საჩივარი ს.ფ. 146-157) და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის 1696.30 ლარის დაკისრება, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

12. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, საჩივარი მიეღო წარმოებაში „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობაზე მსჯელობის გარეშე და არსებითად განეხილა. ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, მითითებული ნორმის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. განსახილველ შემთხვევაში, ქონებრივსამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის რაიმე სპეციალურ ნორმას ეს კანონი არ შეიცავს, შესაბამისად, გამოიყენება სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი.

13. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებასა და კანონის არასწორად განმარტებას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მხარეს მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი - მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. შესაბამისად, მითითებულ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებათა დასაბუთებულობასა და კანონიერებას ამოწმებს.

14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2 000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ს.ე–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი