Facebook Twitter

№ას-822-788-2016 29 დეკემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ს.ფ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „თ.ბ.ც–ი “

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 10 იანვარს შპს „თ.ბ.ც–სა“ (შემდეგში მიმწოდებელი, მომსახურების გამწევი, მენარდე, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „ს.ფ–ას “ (შემდეგში შემსყიდველი, დამკვეთი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის N2/01 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს საკონსულტაციო მომსახურება წარმოადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, შემსყიდველისათვის გაეწია საკონსულტაციო მომსახურება ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად, პროცესების ფასილიტაციის გზით.

2. ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოსთვის დამკვეთის მიერ მენარდისთვის ასანაზღაურებელი თანხა 11 640 ლარით განისაზღვრა.

3. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესყიდვის ობიექტი უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კვირის ვადაში .

4. ხელშეკრულების 8.2. მუხლის თანახმად, ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილი იყო, პირგასამტეხლოს სახით - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების თანხის 0,1% მოეთხოვა.

5. ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მენარდეს პროექტის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები უნდა შეესრულებინა: არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა; მენეჯმენტის 3 - წლიანი ხედვის მომზადება; ფოსტის სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და პრიორიტეტიზაცია; ფოსტის სტრატეგიული ამოცანების დამუშავება; პროექტების და მოქმედებების ჩამონათვალზე შეთანხმება; საოპერაციო გეგმის გაწერა; საოპერაციო გეგმის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური გეგმის გაწერა.

6. პროექტის ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხესთან არაერთი სამუშაო შეხვედრა და პრეზენტაცია გამართა, კერძოდ, 2014 წლის იანვარში მოსარჩელემ მოამზადა და მოპასუხეს პრეზენტაციის სახით წარუდგინა დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა სტრატეგიის ფორმულირების კონტექსტი, როლები, პროექტის საბოლოო შედეგები, პროექტის განხორციელების დეტალიზებული მიდგომა, პროექტის კომუნიკაციის მიდგომა და მეთოდები; 2014 წლის თებერვალში მიმწოდებელმა პრეზენტაციაზე წარადგინა ს.ფ–ის სტრატეგიის ფორმულირების პროექტი - არსებული მდგომარეობა და სტრატეგიული გამოწვევები. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელემ დაასრულა პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა ს.ფ–ის არსებული ვითარებისა და სტრატეგიული გამოწვევების შესწავლას; 2014 წლის თებერვალში მოსარჩელემ პრეზენტაციაზე წარადგინა ს.ფ–ის მენეჯმენტის გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგიული პროექტების აღწერაც.

7. 2014 წლის 28 იანვრის ელექტრონული წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ როგორი ჯგუფებიც არ უნდა შეექმნათ, ამ მიმართულებით შედეგს ვერ მიიღებდნენ; უნივერსალური საფოსტო მომსახურების, როგორც ცალკე აღებული ბიზნესპროცესის ხარჯების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და პირობითი მონაცემების განსაზღვრა არ მიაჩნდა სწორად.

8. 2014 წლის 20 თებერვალს მენარდემ წერილით მიმართა დამკვეთს რომლითაც აცნობა, რომ მოამზადა და დამკვეთს მიაწოდა 8 სტრატეგიული პროექტი. შეხვედრაზე პოზიციების შეჯერების შემდეგ მხარეები შემოიფარგლნენ კორექტირებული ორი პროექტით, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულებიდან წარმოშობილი ზარალის განსაზღვრას ეხებოდა, გაგზავნილი იყო დამკვეთისათვის, ხოლო მეორე პროექტი შეეხებოდა პოტენციური პრეფერენციების განსაზღვრას და შესაბამისი ტარიფების დადგენას. აღნიშნული წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მოსარჩელის აზრით, მოპასუხის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უმჯობესი იყო მხოლოდ ზემოაღნიშნულ ორ პროექტზე კონცენტრირება სტრატეგიის ფორმულირების პროექტის ფარგლებში. შესაბამისად, მათ მიერ შეთავაზებული სხვა ინიციატივები ამ პროექტის ფარგლებში ვეღარ გაკეთდებოდა, თუმცა მიმწოდებლის აზრით, მათი (ინიციატივების) განხორციელება მომავალში ფოსტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო. მოსარჩელემ მოპასუხეს სთხოვა დაედასტურებინა, რომ თანხმდებოდნენ აღნიშნულ მიდგომაზე. მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა,რომ პროექტისათვის საჭირო იყო სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება მოპასუხის მხრიდან, რადგან სამუშაოების ნაწილი ფინანსურ კალკულაციებს მოიცავდა, რასაც ისინი დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდნენ (იხ: 2014 წლის 20 თებერვლის ელექტრონული წერილი ს.ფ.101); ასევე, მიზანშეწონილი იყო მათი შეხვედრა (იხ: 2014 წლის 4 მარტის ელექტრონული წერილი ს.ფ. 102-103).

9. 2014 წლის 8 აპრილის ელექტრონული შეტყობინებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ წერილებში გამოთქმული მოსარჩელის მოსაზრებები და სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ თხოვნა მოპასუხემ უპასუხოდ დატოვა, რაც, ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხის წინმსწრებ ვალდებულებას წარმოადგენდა და, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს ობიექტურად ვერ ექნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შესაძლებლობა.

10. მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 80% შეასრულა, რომლის ასანაზღაურებელი ღირებულება 9 312 ლარს შეადგენს. მოპასუხეს მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებია.

11. 2014 წლის 31 ივლისს მენარდემ დამკვეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 9312 ლარისა და ხელშეკრულების დარღვევისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს (2014 წლის 1 მარტიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) დაკისრება მოითხოვა.

12. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა.

12.1 მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, თავის მნიშვნელობიდან და არსიდან გამომდინარე, არ შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სტრატეგია უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების ხარჯების განსაზღვრაზე 2013-2020 წლისათვის არ იყო დასაბუთებული და წარმოდგენილი დოკუმენტებით უნივერსალური მომსახურების, როგორც ცალკე აღებული ბიზნესმომსახურების ხარჯის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მოსარჩელემ არ გაითვალისწინა დამკვეთის მოსაზრებები სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დამკვეთს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 9312 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხესთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა 2014 წლის 1 მარტიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე,317-ე, 327-ე, 629-ე, 380-ე, 417-ე, 418-ე,420-ე მუხლებით.

13.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

13.2. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების 80% კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და საჭიროებდა მის გონივრულ ოდენობამდე, ყოველდღიურ 1 ლარამდე შემცირებას.

13.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მან მოსარჩელისაგან ვერ მიიღო მაქსიმალურად ზუსტი და სწორი საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტთან ერთად სტრატეგიული ბიზნესამოცანების იდენტიფიცირებაზე და განსახორციელებელი გეგმის შემუშავება-ფორმირებასთან დაკავშირებით და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სტრატეგია უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების ხარჯების განსაზღვრაზე 2013-2020 წლისათვის არ იყო დასაბუთებული და წარმოდგენილი დოკუმენტებით, უნივერსალური მომსახურების, როგორც ცალკე აღებული ბიზნესმომსახურების ხარჯების დადგენა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ უნივერსალური მომსახურების, როგორც ცალკე აღებული ბიზნესპროცესის ხარჯების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მოპასუხეს არ უცნობებია მოსარჩელისათვის, რომ შესაბამისი ხარჯების განსაზღვრის შეუძლებლობა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარეობდა.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამკვეთმა, რომელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

14.1. აპელანტის სააპელაციო საჩივარი არსებითად შესაგებელში მითითებულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა (იხ. წინამდებარე განჩინების 12.1 პუნქტი). ამასთან, აპელანტის მტკიცებით, საკონსულტაციო კომპანიამ წარუდგინა ზოგადი სახის სამუშაო ვარიანტები ორმხრივ შეხვედრებზე, სადაც პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე დამკვეთმა დაიწუნა წარმოდგენილი ინფორმაცია, ვინაიდან საჭირო იყო მისი დამკვეთის მიერ დასახული მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა. მენარდეს შემსყიდველ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე უნდა აღმოეფხვრა ხარვეზი, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, თავისი მნიშვნელობიდან და არსიდან გამომდინარე, არ შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ დადგენილ სტრატეგიას.

14.2. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 80% შეასრულა.

14.3. აპელანტის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2014 წლის 28 თებერვალს გაუვიდა და შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო, მომსახურება მიეწოდებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და ხარვეზიც ამ ვადის ფარგლებში გამოესწორებინა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.1. პალატის შეფასებით, წარმოდგენილი ხელშეკრულება შესრულების არსიდან გამომდინარე, ყველაზე ახლოს ნარდობის ხელშეკრულებასთან იდგა, თუმცა ნარდობის სამართალურთიერთობისაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით მისაღწევი შედეგი არ იყო კონკრეტული და ხელშესახები, დამკვეთის ნებას და შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მიზანს საკონსულტაციო მომსახურების მიღება წარმოადგენდა, რაც ამ უკანასკნელის ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებულ პროექტებზე მუშაობით უნდა განხორციელებულიყო.

15.2. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ უარყო ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის აქტივობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7, მე-9 პუნქტები), თუმცა მიიჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, არ შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ დადგენილ სტრატეგიას. პალატის მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხემ მოსარჩელის მხრიდან დამკვეთის მოთხოვნებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე მიუთითა, მას წარმოეშვა აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი. პალატის მითითებით, ერთადერთი მტკიცებულება, რაზედაც მოპასუხემ ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითა 2014 წლის 28 იანვრის ელექტრონული წერილია (იხ. წინამდებარე განჩინების ..პუნქტი), პალატის განმარტებით, დასახელებული მტკიცების საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება რომ 2014 წლის 28 იანვრის წერილის შემდგომ - 2014 წლის თებერვალში მოსარჩელემ ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული მიზნის ფარგლებში, მრავალი აქტივობა განახორციელა და არაერთი პრეზენტაცია წარუდგინა მოპასუხეს, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დამკვეთმა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო დაიწუნა და მუშაობის სხვაგვარად წარმართვა მოითხოვა, ხოლო მოსარჩელემ მოპასუხის შენიშვნები და ინტერესები არ გაითვალისწინა.

15.3. პალატამ დამატებით განმარტა, რომ მომსახურების ხელშეკრულების დროს, ანაზღაურებას ექვემდებარება შესრულება. საკონსულტაციო მომსახურების არსი და სპეციფიკა სწორედ ისაა, რომ კონსულტაცია ეფუძნება კონსულტაციის გამწევის ცოდნასა და გამოცდილებას. კონსულტაციის შინაარსი შეიძლება მიუღებელი იყოს ხელშემკვრელი მხარისათვის, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ გაწეული მომსახურება არ უნდა ანაზღაურდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება გაწეული კონსულტაციის არაჯეროვანება, საკონსულტაციო ჯგუფის არაკეთილსინდისიერი ქცევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ფაქტი, რომ კონსულტაციის შინაარსი არ შეესაბამებოდა დამკვეთის ხედვას, მიღებული მომსახურების ანაზღაურებას არ გამორიცხავდა.

16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამკვეთმა, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

16.1. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ მენეჯმენტის გრძელვადიან ხედვას. საკონსულტაციო კომპანიამ წარმოადგინა ზოგადი სახის სამუშაო ვარიანტები ორმხრივ შეხვედრებზე, სადაც პროექტი განიხილეს.სამუშაო შეხვედრაზე დამკვეთმა დაიწუნა ინფორმაცია, ვინადიან საჭირო იყო კორექტირება. სატენდერო ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა იყო, მომსახურების გამწევს ხარვეზი აღმოეფხვა შემკვეთის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. კომპანია, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებას ასრულებს ანაზღაურების სანაცვლოდ, ვალდებულია,მის მიერ გაწეული მომსახურება მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს დამკვეთის მოთხოვნებს.

16.2. მოსარჩელის მიერ წარგენილი სტრატეგია უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების ხარჯების განსაზღვრაზე (2013-2020 წწ.) არ იყო დასაბუთებული, მისი ხარჯების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. კასატორის მოსაზრებით მოცემულ საქმეზე არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამებოდა დამკვეთის სატენდერო წინადადებას,

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია , რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

21.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში სსკ-ის 629.1 მუხლიდან ( ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.), ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.

21.2. განსახილველ შემთხვევაში, მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა, ამ უკანასკნელმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება იყო მოპასუხის კუთვნილი მტკიცების საგანი, რაც მან ვერ დაასაბუთა (იხ. სუსგ # ას- 32-31-2010, 12 აპრილი, 2010 წელი).

21.3. საკასაციო პალატამ წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დადასტურდა. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ შეასრულა წინამდებარე განჩინების 7-9 პუნქტებში მითითებული სამუშაოები. უფრო მეტიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მომსახურების გამწევი სუბიექტი დაინტერესებული იყო მოსარჩელესთან შეხვედრით და მომსახურების გაწევის შემდგომი ეტაპის დაწყებით. მომსახურების შემსყიდველმა მომსახურების გამწევი სუბიექტის არაერთი ინიციატივა უპასუხოდ დატოვა და მას არც მომსახურების საფასური არ აუნაზღაურა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველმა თავი აარიდა მოსარჩელესთან კომუნიკაციას, რომელიც მას სახელშეკრულებო მიზნის მიღწევისათვის უნდა გამოეყენებინა, კასატორის აპელირება გარემოებაზე, რომ გაწეული მომსახურების შედეგები არ პასუხობდა სატენდერო წინადადების მოთხოვნებს და მოსარჩელემ სამუშაოს შესრულების პერიოდში მოპასუხის მითითების მიუხედავად, არ აღმოფხვრა ხარვეზი, ვერ უზურნველყოფს კასატორის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადადსტურებას, ხოლო მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები მომსახურების შემსყიდველს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

21.4. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს თავად ხელშეკრულების სფეციფიკურობას. მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი იმგვარი მომსახურების გაწევაა, რომელსაც მატერიალური შედეგი არ გააჩნია, ესაა აბსტრაქტული მნიშვნელობის მომსახურება, რომელიც ინფორმაციის დამუშავებასა და მომსახურების გამწევის კვალიფიკაციის ფარგლებში არსებულ ცოდნას ემყარება. სსკ-ის 319-ე მუხლი ხელშეკრულების დადებას მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში დეკლარირებს, რაც თავის თავში არა მხოლოდ ხელშეკრულების პირობების თავისუფლად განსაზღვრას მოიაზრებს, არამედ კონტრაჰენტი მხარის არჩევის თავისუფლებასაც. სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი თავისუფალია არჩევანში, თუ ვისთან შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში, და ასეთ დროს, თითოეული მხარე წევს რისკს კეთილსინდისიერი და შესასრულებელი სამუშაოს მიმართ კვალიფიციური კრედიტორისა თუ მოვალის შერჩევაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ტენდერში, სადაც მოპასუხემ მოიწონა მისი სატენდერო წინადადება, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხისთვის მისაღები იყო მომსახურების მიმწოდებლის კვალიფიკაცია და სამუშაოს შესრულების შესაძლებლობათა ფარგლები, შესაბამისად, იმ გარემოების ხაზგასმა, რომ კონსულტაციის შინაარსი არ შეესაბამებოდა დამკვეთის ხედვას, არ განიხილება მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად. მომსახურების გამწევმა მისი კვალიფიკაციისა და ცოდნის ფარგლებში დამკვეთს წარუდგინა არაერთი პრეზენტაცია და მიაწოდა არაერთი პროექტი, მათ შორის, კორექტირებულიც, რის საწინააღმდეგოდაც დამკვეთს, თუკი მისთვის მიუღებელი იყო შესრულებული სამუშაო, არაფერი მოუმოქმედებია ხელშეკრულების ნაკლის აღმოსაფხვრელად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულებული ნაწილის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობის თაობაზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორმა გადაიხადა საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 510.25 ლარი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (510.25 ლარის, საგადახდო დავალება #203, გადახდის თარიღი 21.09.2016) 70% – 357.17 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს.ფ–ას“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (510.25 ლარის, საგადახდო დავალება #203, გადახდის თარიღი 21.09.2016) 70% – 357.17 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი