Facebook Twitter

29 დეკემბერი, 2016 წელი, ას-872-839-2016

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.კ.ა.ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც–ი “

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ა ო.ღ.ს.ე.ს.ც–ი” (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი) და შპს ,,ს.კ.ა.ჯ–ი” (შემდეგში: მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოპასუხე, კასატორი) ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები არიან.

2. 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ 2013 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ასანაზღაურებელმა ღირებულებამ 44 182 ლარი შეადგინა.

3. 2013 წლის 12 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებამ, სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ, სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 44 182 ლარისა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს (ასანაზღაურებელი თანხის 0.1%) მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, შემდეგი საფუძვლებით:

4.1. მზღვეველსა და სს“ ჩ.ო.კ–ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება, სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებასა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სამედიცინო მომსახურების გამწევისათვის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მზღვეველი არ წარმოადგენდა.

4.2. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რაც ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადაზღვევო კომპანიას 2013 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 44182.80 ლარის, ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სადაზღვევო კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ასანაზღაურებელი თანხის - 0.01%ის გადახდა დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 2 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5.1. სასამართლოს შეფასებით, მზღვეველის მითითება, რომ მან სამედიცინო მომსახურების გამწევზე სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება მესამე პირს გადასცა ხელშეკრულებით, რაზეც ინფორმირებული იყო მოსარჩელე, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობა, არ გამორიცხავდა მოპასუხის ვალდებულებას, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური.

5.2. მოცემულ სადავო ურთიერთობასთან მიმართებით, N177 დადგენილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ შუესაბამოდ მაღალ სანქციად მიიჩნია და, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩათვალა მისი 0.01% გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

6.1. აპელანტის განმარტებით, სამედიცინო ბიზნესის არსიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ქვეპუნქტის თანახმად, თანაზომიერ და გონივრულ პირგასამტეხლოდ მიიჩნია გადაუხდელი თანხის 0.1%. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი, რომელიც სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს შემცირების წესს განსაზღვრავდა, რადგან პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო არა მხარეთა მიერ, არამედ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

6.2. აპელანტის მტკიცებით, მზღვეველის მიერ ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობა, სამედიცინო დაწესებულებას (რომლის შემოსავლის წყარო სადაზღვევო კომპანიებისგან მიღებული ანაზღაურება იყო) კრიზისულ მდგომარეობაში აგდებდა და დამდგარი ზიანი ვერ კომპენსირდებოდა პირგასამტეხლოს სახით, მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის 0.01%-ს გადახდით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით - სადაზღვევო კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა შემდეგი წესითა და ოდენობით: 2013 წლის 2 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველდღიურად, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0.02% ყოველდღიურად.

7.1. საპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებას ანიჭებდა სასამართლოს, და მისი გამოყენება არ შეიძლებოდა, გავრცელებულიყო იმ შემთხვევაზე, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა მთავრობის დადგენილებით იყო განსაზღვრული.

7.2. დავის გადაწყვეტისას პალატამ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N528 დადგენილება მოიხმო, რომლის საფუძველზე ცვლილება შევიდა 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში. ნორმის ახალი რედაქციით დადგინდა, რომ 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე მზღვეველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ასანაზღაურებელი თანხის 0.1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს შემდგომ - ასანაზღაურებელი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეს ვალდებულების დარღვევისათვის ნორმატიულად დადგენილი პრიგასამტეხლო სწორედ ამ წესით უნდა გადაეხადა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

8.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს არამხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოც, თუ იგი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, დავის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა კანონით, თუ მიიჩნევდა, რომ კანონქვემდებარე აქტი არ შეესაბამებოდა კანონს.

8.2. საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებამ ანგარიშსწორებისათვის სავალდებულოდ განსაზღვრა მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, სადაც ზუსტად განისაზღვრებოდა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, გადახდის წესი და ვადები, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში -პირგასამტეხლო. ურთიერთშედარების აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა, რაც სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა და ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც სწორად დაკორექტირდა, სახელდობრ:

13.1. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა (პირგასამტეხლოს დაკისრება) ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის (მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება ჩაბარების აქტი , რაც ადასტურებს იმას , რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია , ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი), მე-5 პუნქტისა ( მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი , რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით .) და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის (2. მიმწოდებელი უფლებამოსილია :... ი) დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე . პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან .) შინაარსიდან გამომდინარეობს.

13.2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა არამხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოც, რაკი ის არაგონივრული მოცულობის იყო. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიას, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლო დაკისრებული აქვს ნორმატიული აქტის (სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში) საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს მთავრობის №177 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების მე-6 მუხლი შეიცავს რეგულაციას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობებისა და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ანგარიშგებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას კანონისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და ვერ იქნება გამოყენებული განსახილველი შემთხვევის მიმართ. კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირება სცილდება სასამართლოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებს („სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილებით განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მხარეებს შორის დავაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა. იხ. სუსგ-ები: №ას-859-809-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-1277-1198-2015, 15 მარტი, 2016 წელი; №ას-231-220-2016, 27 აპრილი, 2016 წელი; №ას-482-456-2015, 27 აპრილი, 2016 წელი).

13.3. საკასაციო პალატა ურთიერთშედარების აქტის არარსებობის თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით კასატორის ყურადღება მიაქცევს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების პირობებს და განსაზღვრავს, რომ მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა. ამგვარად, ცალსახაა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა და ისეთ პირობებში, როცა კლინიკას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მზღვეველს თანხების კორექტირების თაობაზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, მზღვევლის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობა არ შეიძლებოდა, გამხდარიყო კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღურებაზე უარის თქმის საფუძველი. საბოლოოდ, საკასაციო პლატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა, მოპასუხემ არაფერი მოიმოქმედა ურთიერთშედარების აქტის გასაფორმებლად, ის ფაქტობრივად დაეთანხმა მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი ანგარიშგების დოკუმენტების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებას.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-241-229-2016, 16 ივნისი, 2016 წელი, №ას-859-809-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-1277-1198-2015, 15 მარტი, 2016 წელი; №ას-231-220-2016, 27 აპრილი, 2016 წელი; №ას-482-456-2015, 27 აპრილი, 2016 წელი).

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, შესაბამისად, ვინაიდან კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი -1008.70 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1008.70 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 05.08.2016) 70% – 706.09 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ა.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს.კ.ა.ჯ–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1008.70 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 05.08.2016) 70% – 706.09 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი