№ას-936-2019 25 ივნისი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ა.ე–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.ბ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით:
- ე.ბ–ას (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- ა.ე–ს (შემდეგში მოსარჩელეს) დაევალა მოპასუხის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნების გზით:
სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს გადაცემა „არჩევანში“ გამოთქმული შემდეგი განცხადებები -- „... ამ საქმეზე ბ. (და კ.) ფეხს არ უცვლიდნენ, ესე იგი განაგრძობდნენ ძალიან გულმოდგინედ, დაჟინებით ჩემზე ზეწოლის მცდელობას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა, ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შეგვეტანა პრეზიდენტთან, რომ ციხიდან გამოსულიყო..“; ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ადამიანების ბედით. ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს...“ --- შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს ე.ბ–ას შესახებ.
- მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით;
- მოსარჩელეს სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;
- მოპასუხის შეგებებული სარჩელი გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და სასამართლოს მიერ დადენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
7. სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
8. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება პირადად ჩაიბარა კასატორის წარმომადგენელმა - ი.ნ–ძემ 2019 წლის 1 მაისს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით (ტ.2, ს.ფ. 113), შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების საფუძველზე.
9. სსსკ-ის 60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 2 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 22 მაისს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 7 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 6 ივნისს #0 საგადახდო დავალებით ივანე ნორაკიძის მიერ გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ე–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ა.ე–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი.ნ–ძის მიერ 2019 წლის 6 ივნისს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე