Facebook Twitter

№ას-947-912-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ვ.ზ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.ლ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 13 მაისს ვ.ზ–ასა (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ე.ლ–ს (შემდეგში გამსესხებელი, კრედიტორი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით - 15000 აშშ დოლარი მიიღო. სასესხო ურთიერთობის ვადა სამი თვით განისაზღვრა, ხოლო ყოველთვიური სარგებელი ძირითადი თანხის 3%-ით (450 აშშ დოლარი) დადგინდა.

2. მხარეებმა ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფ საშუალებად, პირგასამტეხლო გაითვალისწინეს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 0.15%.

3. მოვალემ, სესხის სარგებლის სახით, ორი თვის საპროცენტო სარგებელი - 900 აშშ დოლარი გადაიხადა.

4. 2014 წლის 31 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხის მოთხოვნის მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარით, დარიცხული პროცენტი 450 აშშ დოლარით, ხოლო ჯარიმა 0,12%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 16 აგვისტოდან მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებამდე.

5. 2014 წლის 23 ივნისს სასამართლოს სარჩელით მიმართა მსესხებელმა, რომელმაც სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 11 850 აშშ დოლარით განსაზღვრა და პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა - სესხის დასაბრუნებელი თანხის მოსარჩელის მიერ მითითებულ ოდენობამდე შემცირების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღებისას, თავად შეამცირა პირგასამტეხლო

0.12%-მდე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა 2014 წლის 31 მარტს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მოპასუხის მოთხოვნის უფლების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარით, დარიცხული პირგასამტეხლო 450 აშშ დოლარით, ხოლო ჯარიმა - ძირითადი დავალიანების 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 16 აგვისტოდან მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველის სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე და 429-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

7.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდეგარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

7.2. მოსარჩელის მტკიცება, 2013 წლის 15 აგვისტოს სარგებლის სახით 450 აშშ დოლარის გადახდისა და 2013 წლის 15 აგვისტოდან - 2014 წლის 1 მარტამდე ყოველთვიურად 450 აშშ დოლარის გადახდით კრედიტორისათვის სესხის ძირითადი თანხიდან - 3 150 აშშ დოლარის დაფარვის თაობაზე სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს არსებული გარემოება. სასამართლომ მოსარჩელეს სსკ-ის 429-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ მოვალეს შეეძლო მოპასუხისათვის მოეთხოვა თანხების გადახდის დამადასტურებელი ხელწერილები, რითაც მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურებას შეძლებდა.

7.3. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მიიჩნია, რომ გონივრული იყო პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობის 0.1%-მდე შემცირება.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

8.1. აპელანტის მტკიცებით, 2013 წლის აგვისტოს სესხის სარგებელი - 450 აშშ დოლარი გადაიხადა, ამასთან, 2014 წლის მარტამდე იგი ყოველთვიურად 450 აშშ დოლარის კრედიტორისათვის გადახდით ფარავდა ძირითად თანხას. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად აპელანტმა მოწმე ე.შ–ას დაკითხვა იშუამდგომლა სასამართლოში, რომელსაც შეეძლო, უტყუარად დაედასტურებინა მის მიერ სესხის დაფარვის მიზნით 3150 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოწმის გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები.

9.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, მის მიერ სესხის ნაწილის - 3150 აშშ დოლარის დაფარვის თაობაზე და გამოარკვია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის გადახდის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

9.3. მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლებოდა იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც ვალდებულების შესრულების/თანხის გადაცემის ფაქტის დასადგენად გამოდგებოდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რომლის მიზანსაც მოწმის გამოცხადების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. პალატამ სსკ-ის 429-ე მუხლზეც გაამახვილა ყურადღება და მხარეს მიუთითა, რომ მას შეეძლო, კრედიტორისთვის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მოეთხოვა, რაც მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებას უტყუარად დაადასტურებდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

10.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ სესხის თანხის - 3150 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით იმ პირის დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლა, რომლის მეშვეობითაც იხდიდა ყოველთვიურად თანხას, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

15.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემულ #170046808 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

15.2. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ Nას-1541-1547-2011,19.04.2012).

15.3. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაიცა. მოსარჩელემ განსახილველი დავის ფარგლებში სესხის სახით ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა გახადა სადავოდ, კერძოდ, კასატორი ძირითადი სესხის (15000 აშშ დოლარი) თანხიდან - 3150 აშშ დოლარის დაფარვის თაობაზე აპელირებს.

15.4. კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის განმსაზღვრელია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით სურს მოვალეს, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დადასტურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

15.5. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიმართ ფულადი დავალიანების ნაწილი დაფარა. ასეთ მტკიცებულებად კი კასატორი მოწმის ჩვენებას მოიაზრებს. საკასაციო პალატა მხარეს სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მიუთითებს, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს სასესხო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სესხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოწმის ჩვენება და განმარტავს, რომ მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებით დაუშვებელია სესხის დაბრუნების, ანუ ვალდებულების შესრულების, ფაქტობრივი გარემოების დადგენა. საკასაციო პალატა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად წერილობით საბუთს მიიჩნევს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი). მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ სესხად გაცემული თანხის ნაწილის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო.

15.6. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მოიხმოს სსკ-ის 429-ე მუხლი, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე არაერთხელ განმარტა, რომ, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომლის არსი ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (შდრ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი). განსახილველ დავაც სწორედ ასეთი შემთხვევაა, ვინაიდან მოსარჩელე შესაძლებლობას მოკლებული აღმოჩნდა, ფულადი ვალდებულების შესრულების დამდგენი წერილობითი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენით უცილობლად დაედასტურებინა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო საჩივარს წარატების პერსპექტივა არ აქვს.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1198-1158-2016, 18 მაისი, 2017 წელი; საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი).

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვ.ზ–ას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, შესაბამისად, ვინაიდან კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 385.40 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (385.40 ლარის, საგადახდო დავალება #25, გადახდის თარიღი 08.11.2016) 70% – 269.78 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ზ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ვ.ზ–ას დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე კ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (385.40 ლარის, საგადახდო დავალება #25, გადახდის თარიღი 08.11.2016) 70% – 269.78 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი