№ას-985-948-2016 31 იანვარი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ი–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.მ.გ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ი–სა“ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, მენარდე) და მ.მ. თვითმმართველობას (შემდეგში მოპასუხე, დამკვეთი) შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N301 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების საგანს ქ. მარნეულში ........ ქუჩების სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა.
2. 2015 წლის 30 სექტემბერს მენარდემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დამკვეთისათვის მის სასარგებლოდ 58 831 ლარის დაკისრება მოითხოვა.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის 10 დღის ვადაში სასამართლოში წარდგენა.
6. 2016 წლის 7 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და, მძიმე ფინანსური მდგმომარეობის გამო, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით, აპელანტს მისი განცხადების პასუხად ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
8. ზემოაღნიშნული განჩინება 2016 წლის 20 ივლისს აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, განუხილველად დარჩა.
9.1. სააპელაციო პალატამ წინამდებარე განჩინების 5-8 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე, 73.1-ე, 59-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით მიცემული 10 - დღიანი ვადის დენა 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო და 2016 წლის 1 აგვისტოს ამოიწურა. აპელანტს მითითებულ პერიოდში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
10. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
10.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება არ ჩაჰბარებია, რის გამოც მისთვის უცნობი იყო ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დინების თაობაზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, რომლის არსი სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარუდგენლობაა.
14. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა, მას არ ჩაჰბარებია. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საქმეში დაცულია ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო განჩინება 2016 წლის 20 ივლისს პირადად ჩაიბარა აპელანტის წარმომადგენელმა, ხოლო ის გარემოება, რომ ხელწერილი ნამდვილად აპელანტის წარმომადგენელს ეკუთვნის, დასტურდება მისი საიდენტიფიკაციო რეკვიზიტით - პირადი ნომრითა და განჩინების ჩაბარების თაობაზე ხელწერილზე ხელმოწერით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებული განმარტება, დაუსაბუთებელია, ხოლო ხელწერილის სამართლებრივი მნიშვნელობის გამაქარწყლებელი მტკიცებულებებზე კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ მიუთითებია.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ს.ფ 57. ტ.1) ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 19 ივლისის განჩინება იმავე წლის 20 ივლისს პირადად ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 14. ტ.3). მითითებული განჩინებით განსაზღვრული იყო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგიც.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
16.1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოხმობილ საკანონმდებლო დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო (განჩინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და იმავე წლის 1 აგვისტოს ამოიწურა. (სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
17. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
18. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: Nას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; N ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; N ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი