Facebook Twitter

10 სექტემბერი, 2019 წელი,

№ას-1009-2019 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – სს ”თ.ბ–ი”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შ.ზ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის” (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი შ.ზ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1673.72 აშშ დოლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1591.84 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 1591.94 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

- დადგინდა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულება მოპასუხის კუთვნილ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: № .....;

- თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რელიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა ვალდებულების სრულად შესასრულებლად, დადგინდა აღსრულების მიქცევა მოპასუხის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით დაეკისრა 3494.59 აშშ დოლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1312.6 აშშ დოლარის გადახდა;

- ასევე 2908.53 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 აშშ დოლარის გადახდა;

- ასევე დამატებით ყოველდღიურად 2908.43 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა 2017 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით, საკასაციო მოთხოვნის დაზუსტება და დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).

12. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ კასატორს სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 30 ივლისს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 31 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 5 აგვისტოს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე