Facebook Twitter

№ას-1038-958-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ს.ფ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 31 დეკემბერს შპს ,,ს.ფ–ას“ (შემდეგში დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.ბ–ძეს (შემდეგში - დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შორის შრომის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო.

2. შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებით, დასაქმებული დაინიშნა სერვისცენტრების მართვის სამსახურის ქუთაისის N4602 სერვისცენტრის კურიერად. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 437.5 ლარით განისაზღვრა.

3.დამსაქმებლის 23.12.2014 წლის N15-02/1595 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისთვის დასაქმებულს მიეცა შენიშვნა, ხოლო 27.10.2015 წლის N15-02/1569 ბრძანებით, გამოეცხადა ,,საყვედური“.

4. დამსაქმებელი ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფმა გზავნილების სააღრიცხვო პროგრამა ,,Geopost-იდან” შერჩეულ 10 ერთეულ გზავნილზე (040029474396; 040029419379; 010045193443; 040029375338; 040030942941; 010044775499; 040029263506; 040031148894; HB000002392359; HB000002364465), მისამართებზე გასვლით შეამოწმა დასაქმებულის მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს პროგრამულად გაფორმებული ვიზიტების განხორციელების ნამდვილობა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებული მისამართებიდან არცერთზე არ იყო შეტყობინება (სტიკერი). ამასთან, 3 (სამ) მისამართზე (გზავნილებზე: 040029474396; 040029375338; 040030942941) ადრესატის ადგილმდებარეობის აღწერილობა არ შეესაბამებოდა კომენტარში მითითებულს, რაც ადასტურებდა, რომ კურიერმა გზავნილზე ვიზიტები პროგრამულად გააფორმა, მისამართზე მისვლის გარეშე.

5. მონიტორინგის შედეგები აისახა დამსაქმებლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის 16.11.2015 წლის ანგარიშში, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას.

6. დამსაქმებელი ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ,,დასაქმებული პირი ვალდებულია, დამსაქმებლის შიდა ორგანიზაციული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, შეადგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება, სამსახურებრივი სამუშაოს შესრულების ფარგლებში“.

7. მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის თანახმად, დასაქმებულმა უარი განაცხადა შემოწმებით დაფიქსირებულ ფაქტებზე ახსნა- განმარტებითი ბარათის მიცემაზე, რაზეც სერვისცენტრის მენეჯერთან ერთად შედგა აქტი.

8. დამსაქმებლის 2015 წლის 24 ნოემბრის №15/8/7-5263 შეტყობინებით, დასაქმებულს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2015 წლის 1 დეკემბრიდან მასთან შეწყდებოდა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობა. დამსაქმებლმა ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად შემოწმების შედეგები მიუთითა.

9. 2015 წლის 24 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №15/8/7-5264 შეთანხმებაც. შეტყობინებასა და შეთანხმებაზე ფიქსირდება დასაქმებულის ხელმოწერა.

10. დამსაქმებლის 2015 წლის 24 ნოემბრის №15-02/1706 ბრძანებით, 2015 წლის 1 დეკემბრიდან დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

11. 2015 წლის 21 დეკემბერს დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების, შეტყობინებისა და ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

11.1. მოსარჩელის მითითებით, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შრომითი კანონმდებლობა და დამსაქმებელი ორგანიზაციის შინაგანაწესი არ დაურღვევია და არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

12. დამსაქმებელმა საჩელი არ ცნო და საქმეზე მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა შემდეგი საფუძვლებით:

12.1. დასაქმებულმა არაერთხელ დაარღვია შრომითი ხელშეკრულების პირობები, რისთვისაც მას დისციპლინური სახდელი შეეფარდა, ხოლო გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი საქმიანობის მონიტორინგი, როდესაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. მოპასუხის მტკიცებით, დასაქმებულმა სწორედ მისი შრომითი მოვალეობების დარღვევის გამოვლენის გამო მოაწერა ხელი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმებას, რაც, მოპასუხის მოსაზრებით, გამორიცხავდა გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული ბრძანების ბათილად ცნობას და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) მე-2 მუხლითა და 37-ე მუხლის „ზ“ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 115-ე და 54-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

13.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

13.2. საქმის გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული ვალდებულებები უხეშად დაარღვია (იხ. მონიტორინგის სამსახურის ანგარიში), დასაქმებულმა შეცდომაში შეიყვანა დამსაქმებელი, თითქოს საფოსტო მომსახურების ადრესატებთან რეალურად მიდიოდა. ასეთი ქმედებები სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებლის კონტრაქტორებს უქმნიდა ქონებრივ და სამართლებრივ რისკებს და საფრთხეს უქმნიდა დამსაქმებელი ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას.

13.3. სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ემსჯელა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მხარეთა შეთანხმების ნამდვილობასთან დაკავშირებით, რომელიც მხარემ საცილოდ პაექრობის ეტაპზე გახადა. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით შეთანხმების უკანონობის დასაბუთებისათვის გასული იყო შეცდომით დადებული გარიგების შეცილების კანონისმიერი ერთთვიანი ვადა.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, შემდეგი საფუძვლებით:

14.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას გაითვალისწინა, მხოლოდ შპს ,,ს.ფ–ის” ხარისხის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის 16.11.2015 წლის ანგარიში და შეფასების გარეშე დატოვა როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

14.2. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე დამსაქმებელს ჰქონდა მტკიცების ტვირთი, დაედასტურებინა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.1. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

15.2. პალატამ დავის შეფასებისას მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მოიხმო, რომელიც დასაქმებულის მიერ შრომითი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა. პალატის განმარტებით, მოსარჩელემ მითითებული მტკიცებულების გასაქარწყლებლად, წარმოადგინა მარტივი წერილობით ფორმით შედგენილი საფოსტო გზავნილის ადრესატთა განცხადებები, ვისთან მიმართებაშიც დამსაქმებლის მითითებით, მოსარჩელემ დაარღვია შრომის შინაგანაწესი და ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი ნამდვილობის თვალსაზრისით, სადავო გახადა მოპასუხე მხარემ, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო მტკიცებულებები შედგენილი იყო სწორედ მასში მითითებული პირების მიერ და ასახავდა რეალობას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ ანგარიშში მითითებული ფაქტები, რაც მოსარჩელის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, სწორად ასახავდა არსებულ ვითარებას და აპელანტის ვარაუდი მისი სიყალბის თაობაზე საფუძველს მოკლებული იყო.

15.3. პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულმა დაარღვია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულება, რაც გამოიხატა ადრესატებისათვის საფოსტო გზავნილების ჩაუბარებლობით. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ასევე იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ აპელანტს გათავისუფლებამდე შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური სახდელები, რომელიც არ იყო გაქარწყლებული და მიიჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება კანონიერი იყო და სრულად გამომდინარეობდა შსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ზ'' ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან.

16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

16.1. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული იყო ემტკიცებინა მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონშესაბამისობა. კასატორის მოსაზრებით, მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების შემთხვევაში, თავად დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა და მასვე უნდა უზრუნველეყო საფოსტო გზავნილის ადრესატების სასამართლოში მოწმედ დაკითხვა. კასატორის განმარტებით, დამსაქმებელს დავის სასამართლოში განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარუდგენია მონიტორინგის ანგარიშში ასახული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი მტიკიცებულებები.

16.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გადაწყვეტილების მიღებისას მიეთითებინა მტკიცების ფარგლებს გარეთ არსებულ გარემოებაზე, ასეთად კი, ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ გამოყენებული სახდელის სასამართლოს მიერ გათვალისწინება მიიჩნია.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

21.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) , სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

21.2. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტისა და 2015 წლის 16 ნოემბრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე, რაც დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობდა. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა გამოიხატა დასაქმებულზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც, ერთი მხრივ, დამსაქმებლის საქმიან რეპუტაციას და მისი სერვისის მომხამრებელების ინტერესებს აზიანებდა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სტანდარტების ისეთი დარღვევის შემადგენლობა შექმნა, რომელიც დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შერჩეული ღონისძიების გამოყენებას ამართლებდა.

21.3. საკასაციო პალატა საქმეზე დამტკიცებულ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას, რომელიც წინამდებარე განჩინების 3-7 პუნქტებშია აკუმულირებლი. დადგენილია, რომ მონიტორინგის ანგარიშით, დასაქმებულმა სამსახურებრივი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ხელყოფა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია, თუმცა დიციპლინური პასუხისმგებლობის რომელი სახე უნდა შეეფარდოს ცალკეულ ვითარებაში დასაქმებულს, თავად დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარეობს და, დავის შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანიც ხდება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენა, სახელდობრ: მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო სეგმენტში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი ეთიკური სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

21.4. დასაქმებულმა მოცემული დავის პირობებში მონიტორინგის ანგარიშის სიყალბეზე აპელირებით, მის ბათილობაზე მიანიშნა, რაც არსობრივად დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის დადგენილი ფაქტის შეცილებას წარმოადგენდა. დავის სწორი სამართლებრივი მოწესრიგებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოგვიანებით ამ დავის პროცესში განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი რამდენად იყო იმ შედეგის განმაპირობებელი, რისთვისაც მოსარჩელე იღვწოდა.

21.5. სიყალბის ნიშნით დოკუმენტის ბათილობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მიანიშნებს, რომლის თანახმადაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართალია, სსსკ-ის 180-ე მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო სამართალწარმოების განმახორციელებელი სასამართლო განიხილავს დოკუმენტის სიყალბის თაობაზე აღიარებით სარჩელს, რომლის მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება დასაქმებულის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, თუმცა დოკუმენტის სიყალბე საჭიროებს დადგენას საამისოდ რელევანტური მტკიცებულებებით. დასაქმებულის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი აპელირება, რომ მონიტორინგი რეალურად არ განხორციელებულა და ანგარიში გაყალბებული იყო, ვერ უზურნველყოფდა მის მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებას, ხოლო შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის გასაქარწყლებელი წონადი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. უფრო მეტიც, საქმეზე დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, რომ მონიტორინგის ანგარიშის თაობაზე დასაქმებულს სარჩელის აღძვრამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზეც კი შეთანხმდა დამსაქმებელთან. დასაქმებულის მხრიდან ამგვარი ქმედებების განხორციელებამ სასამართლოს შეუქმნა მყარი და სამართლებრივად დასაბუთებადი შინაგანი რწმენა, რომ მოპასუხე შემოწმების შედეგებს დაეთანხმა. საკასაციო პალატა კიდევ ერთ გარემოებასაც მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ, დასაქმებულს დამსაქმებლისთვის არ მოუთხოვია სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების დასაბუთება, რაც მხოლოდ იმ გარემოებით შეიძლება აიხსნას, რომ ის ინფორმირებული იყო მონიტორინგის შედეგებზე და მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივი. დასაქმებულის ქმედებები დავის აღძვრამდე არ შეესაბამება იმ სუბიექტის ქცევას, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან გამოყენებულ დისციპლინურ ღონისძიებას არასამართლიანად და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს. თუკი დასაქმებული მონიტორინგის ანგარიშს არ ეთანხმებოდა, მას სულ მცირე შეეძლო, გამოეყენებინა მასზე შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ახნა-განმარტების მიცემის ვალდებულება და დამსაქმებლისთვის მიეთითებინა როგორც მონიტორინგის ანგარიშის ნამდვილობის საეჭვოობაზე, ასევე - საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე. კონკრეტულ ვითარებაში, იმ პირობებში, როდესაც კასატორს დავის აღძვრამდე არ გაუპროტესტებია მონიტორინგის ანგარიშის შედეგები, დამსაქმებლის მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის არ მიუცია ახსნა-განმარტება ზემოხსენებული ანგარიშის თაობაზე და ამ ყველაფერთან ერთად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებასაც დაეთანახმა ხელმოწერით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დაკარგა საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მტკიცების რეალური შესაძლებლობა და მისი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება, მოკლებულია შესაძლებლობას, დაძლიოს საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ძალა და მნიშვნელობა.

21.6. კასატორის ერთ-ერთი საკასაციო პრეტენზია, სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებაში მდგომარეობს. კასატორის მოსაზრებით, დამსაქმებელი იყო ვალდებული, ემტკიცებინა მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონშესაბამისობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

21.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით განმტკიცებული მტკიცების ტვირთის განაწილების ეს წესი, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან თავად დასაქმებულმა შექმნა ისეთი გარემოებები, რამაც სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობის მტკიცების ტვირთი დასაქმებულ მხარეს დააკისრა. დამსაქმებელი ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ,,დასაქმებული პირი ვალდებულია, დამსაქმებლის შიდა ორგანიზაციული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, შეადგინოს წერილობითი ახსნა-განმარტება, სამსახურებრივი სამუშაოს შესრულების ფარგლებში“. განსახილველ დავაზე გამოირკვა, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შემოწმებით დაფიქსირებულ ფაქტებზე ახსნა-განმარტებითი ბარათის მიცემაზე. გარემოებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დასაქმებულმა უარი თქვა მის მიმართ შედავებულ დარღვევებზე ახსნა-განმარტების მიცემაზე, მან, ერთი მხრივ, დაკარგა მონიტორინგის ანგარიშზე შემდგომი შედავების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებლის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერიების მტკიცების ტვირთი დასაქმებულზე შეაბრუნა.

21.8. რაც შეეხება დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევით შექმნა მისი სამსახურიდან დათხოვნის - სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც, როგორც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის ფაქტს ეყრდნობა და დასაქმებულს შეფარდებული ჰქონდა თუ არა დისციპლინური სახდელი, ამ გარემოებაზე მითითება-მიუთითებლობის საკითხი, ვერც პროცესუალურად და ვერც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, გავლენას ვერ მოახდენს სარჩელის იურიდიულ შედეგზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ა–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის ქვითარი #14303664, გადახდის თარიღი 29.09.2017) 70% – 210.00 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.ბ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე თ.ა–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის ქვითარი #14303664, გადახდის თარიღი 29.09.2017) 70% – 210.00 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი