№ას-1047-1008-2016 31 იანვარი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „მ–ო“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 20 იანვარს შპს „მ–ოსა“ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, კრედიტორი) და გ.ს–ძეს (შემდეგში -მოპასუხე, მოვალე) შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის №L20012015/0200 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისთვის შეიძინა ავტომობილი 6480 ლარად. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის სახელზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა 4440 ლარი, თვეში 4.53%-ის დარიცხვით. კრედიტი უნდა დაფარულიყო 2018 წლის 20 იანვრამდე, ყოველთვიური 252.24 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2. 2016 წლის 25 იანვარს კრედიტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ფინანსური ლიზინგის #L20012015/0200 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 021,15 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მოპასუხეს დავალიანების ძირითადი თანხის ანგარიშში 66.24 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა. სააპელაციო სასამართლომ დასახელებული გარემოების შეფასებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 364-ე,369-ე, 2591-ე, 59-ე, 60-ე, 61-ე და 63-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი) აპელანტი/აპელანტის წარმომადგენელი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 (2016 წლის 18 ივლისისა) და არაუგვიანეს 30 დღისა (2016 წლის 28 ივლისისა) გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
აღნიშნული ქმედება აპელანტს არ შეუსრულებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების - 14 დღიანი ვადის ათვლა 2016 წლის 29 ივლისიდან დაიწყო და 2016 წლის 11 აგვისტოს ამოიწურა. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისათვის დადგენილი კანონისმიერი ვადის გასვლის შემდგომ 2016 წლის 9 სექტემბერს წარადგინა სასამართლოში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განმაპიროებებელ გარემოებას ქმნიდა.
5.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეზე გამოიკვეთა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სხვა საფუძველიც, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ 954.91 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფასი (954.91 ლარი) არ აღემატებოდა კანონით დადგენილ იმ ზღვარს, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დაიშვებოდა, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 1000 ლარს.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის საკითხთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში ფოსტის საშუალებით გააგზავნა, ფოსტას კი - გასაჩივრებისათვის განსაზღვრულ ვადაში ჩააბარა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დაცვით წარდგენილად უნდა მიეჩნია.
6.2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მეორე საფუძველთან (სააპელაციო საჩივრით დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს) დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება იმგვარი კანონდარღვევით მიიღო, რომ დავის საგნის ღირებულების მიუხედავად, სასამართლომ უნდა განიხილოს დავა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით ბათილად ცნო ხელშეკრულების პუნქტი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, რითაც კრედიტორის უფლება უკანონოდ დაირღვა, ამასთან, ამგვარი მიდგომა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტმა მოპასუხისათვის 954.91 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ფასი არ აღემატებოდა 1000 ლარს და, ამდენად, არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნას.
10. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა ზემოთ ხსენებული შემთხვევა უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო
საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). ამდენად, ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
11. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათი და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და, თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფასი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოცულობის გათვალისწინებით 954.91 ლარს შეადგენს, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმს.
12.1. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ ისეთი კანონდარღვევით განიხილა საქმე, რომ დავის საგნის ღირებულების მიუხედავად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განხილვის საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმის შინაარსობრივ მხარეზე მსჯელობა ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ წინმსწრებად შესრულებულია კანონის იმპერატიული მოთხოვნა, კერძოდ, თუ საპროცესო დოკუმენტი აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება ვერ პასუხობს საკანონმდებლო სტანდარტს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაირღვა თუ არა კანონმდებლობა და რა ზეგავლენა მოახდინა აღნიშნულმა ფაქტმა კრედიტორის უფლებრივ მდგომარეობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
13. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანა-შეუტანლობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია მისი მცირე ღირებულების (954.91 ლარი) გამო, მიზანშეწონილი არ არის სასამართლომ დამატებით იმსჯელოს დასახელებულ გარემოებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის ფაქტის გამორკვევა, გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პროცესუალურ სამართლებრივ შედეგზე.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი