Facebook Twitter

№ას-1216-1175-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ჩ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ბ.ტ–ძე, კ.ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 16 ოქტომბერს ნ.ჩ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი,) ბ.ტ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე) გასხვისების მიზნით, 147კვ.მ პარკეტი გადასცა. პარკეტის ღირებულება, 5100 ლარით განისაზღვრა. მოპასუხემ გადაცემული საგნის საერთო ღირებულებიდან 4100 ლარი შეთანხმებისთანავე აანაზღაურა. დარჩენილი 1000 ლარი კი, 2013 წლის ივნისში პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის წარმომადგენელს - ლ.ჭ–ძეს გადაუხადა.

2. პირველი მოპასუხისგან მიღებული თანხიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა მარწმუნებელს თანხა არასრულად, ნაწილ-ნაწილ გადასცა, სულ - 600 ლარი.

3. 2016 წლის 31 მარტს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და პირველი მოპასუხისათვის 1110 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელის მოპასუხედ კ.ჩ–იც (შემდეგში მეორე მოპასუხე) მიუთითა და მისთვის წარმომადგენლისგან მისაღები თანხის, 400 ლარის დაკისრება მოითხოვა.

3.1. მოსარჩელის მტკიცებით, პირველ მოპასუხეს პარკეტის ღირებულების -4100 ლარის მისთვის გადაცემის შემდგომ, დამატებით უნდა გადაეხადა 2110 ლარი, რომელიც პარკეტის ღირებულების ასანაზღაურებელ ნაწილს - 1000 ლარს და პირველი მოპასუხის მიერ გასაყიდად წაღებულ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების საფასურს - 1110 ლარს აერთიანებდა. მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 8 ოქტომბერს მან პირველ მოპასუხეს თანხის მიღების მოთხოვნით მიმართა, რაზეც პამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მოსარჩელემ სადავო თანხის ამოღება მიანდო წარმომადგენელს, რომელსაც ამ მიზნით 2013 წლის 5 სექტემბერს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობით მიანიჭა. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის წარმომადგენელს პარკეტის საფასურის სახით - 1000 ლარი გადასცა, თუმცა წარმომადგენელმა მოსარჩელეს მხოლოდ თანხის ნაწილი - 200 ლარი მიაწოდა და დაჰპირდა, რომ მოპასუხეს დარჩენილ 1910 ლარსაც გადაახდევინებდა. მოსარჩელის განმარტებით, მისი რწმუნებულის ნათესავმა (მეორე მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეხადა წარმომადგენლის მიერ ასანაზღაურებელი თანხა - 800 ლარი, საიდანაც მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ 400 ლარი გადაუხადა. 2015 წლის 5 დეკემბერს გამყიდველის წარმომადგენელი გარდაიცვალა, რის გამოც მოსარჩელემ წარმომადგენლის მიერ მისთვის მისაცემი 400 ლარის გადახდის ანაზღაურება მეორე მოპასუხისგან მოითხოვა.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი შემდეგი საფუძვლებით წარადგინეს:

4.1. პირველი მოპასუხის მტკიცებით, მას მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა მხოლოდ 1000 ლარი (პარკეტის ღირებულების ნაწილი). მისივე მითითებით, მან ეს თანხა მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა და, ამდენად, გამყიდველის მიმართ პარკეტის ღირებულების ასანაზღაურებელი დავალიანება არ გააჩნდა, ხოლო, რაც შეეხება სხვა ნივთებს, მოსარჩელისგან წამოღებული კონდინციონერი და ჰაერის ფილტრი, რომელიც მოსარჩელემ 645 ლარად შეაფასა, არ გაყიდულა, ამიტომ მოპასუხემ მათი დაბრუნების ნება გამოხატა. მოსარჩელემ ნივთები არ დაიბრუნა. სხვა ნივთები მას მოსარჩელისგან არ წამოუღია. პირველი მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ამავდროულად ხანდაზმულიც იყო.

4.2. მეორე მოპასუხის განმარტებით, მან ერთჯერადად, მოსარჩელის წარმომადგენლის თხოვნით, მოსარჩელეს 400 ლარი გადასცა, თუმცა პირადად მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება არ გააჩნდა.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე, 429-ე, 361-ე, 316-317-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

5.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

5.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხისათვის 1110 ლარის დაკისრების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან ვალდებულების არსებობა დადასტურებული არ იყო მტკიცებულებებით. სასამართლომ მოსარჩელის რწმუნებულის ხელწერილის საფუძველზე გამოარკვია, რომ მოსარჩელე პირველი მოპასუხისგან მოითხოვდა 1645 ლარის გადახდას. მითითებული თანხის ნაწილი - 1000 ლარი კი პირველი მოპასუხისგან მოსარჩელის წარმომადგენელმა მიიღო. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, ხოლო, რაც შეეხება ასანაზღაურებელ 645 ლარს, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ პირველი მოპასუხე წინააღმდეგი არ იყო მოსარჩელის სახლიდან წაღებული ნივთები (კონდინციონერი და ჰაერის გამწოვი) უკან დაებრუნებინა გამყიდველისათვის. მეორე მოპასუხისათვის 400 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა, სასამართლომ, დაუსაბუთებლობის გამო, უსაფუძვლოდ მიიჩნია.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.1. სააპელაციო საჩივარი არსებითად, სარჩელში მითითებულ გარემოებებს ეფუძნება (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1. პუნქტი).

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.1. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი მოიხმო და აპელანტს მიუთითა, რომ მისი პროცესუალური მტკიცების ტვირთი იყო, დაედასტურებინა, რომ პირველი მოპასუხის დავალიანება მის წინაშე 6100 ლარს შეადგენდა, თუმცა აპელანტს სასამართლოსთვის აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

7.2. პალატის განმარტებით, ვალდებულების არსებობა რომც დადასტურებულიყო, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო, უპერსპექტივო იყო. სასამართლომ აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობისას მიუთითა, რომ მოსარჩელემ უფლების დარღვევის თაობაზე 2012 წლის 8 ოქტომბერს შეიტყო, როდესაც პირველმა მოპასუხემ უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, ხოლო სასამართლოს სარჩელით 2016 წლის 31 მარტს - სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ მიმართა.

7.3. პალატამ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

8. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

8.1. საკასაციო საჩივარი არსებითად სარჩელში მითითებულ გარემოებებს ემყარება (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1. პუნქტი).

8.2. კასატორის განმარტებით, მან 2012 წლის 8 ოქტომბერს პირველ მოპასუხეს მიმართა გადაცემული ნივთების ღირებულების (დარჩენილი თანხის) ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, 2013 წელს თანხის ამოღება დავალების ხელშეკრულებით წარმომადგენელს მიანდო, 2014 წელს მიმართა პროკურატურასაც, ხოლო 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, სარჩელის ხანდაზმულობაზე სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან მან მყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის შემდგომ ყველა შესაძლო ღონისძიებას მიმართა კუთვნილი თანხის მისაღებად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ შეფასებას სახელშეკრულებო ურთიერთობის რაობის თაობაზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი შედეგი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს, დასახელებული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს დავის პროცესუალურ სამართლებრივ შედეგზე.

13.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 709-ე მუხლისა (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.) და 715.1 მუხლის ( რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.) შინაარსიდან გამომდინარეობს.

13.2. საქმეზე გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებების (მოსარჩელემ მოპასუხეს განსაზღვრული ნივთები გადასცა გასხვისების მიზნით) ანალიზი ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მხარეები მოქმედებდნენ არა ნასყიდობის, არამედ - დავალების ხელშეკრულების ფარგლებში. ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა იდენტიფიცირებადი შემძენი, ანუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს მყიდველი, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ სადავო ნივთები პირველ მოპასუხეს არა შესასყიდად, არამედ მესამე პირებზე გასხვისების მიზნით გადასცა. სახელშეკრულებო ურთიერთობის ამგვარი ფორმულირება, როდესაც პირველ მოპასუხეს არ გააჩნდა მისთვის გადაცემულ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვების ნება და მოქმედებდა მოსარჩელის სახელით, მოდავე სუბიექტთა სახელშეკრულებო ურთიერთობა დავალების ხელშეკრულების ჩარჩოებში მოაქცია.

13.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან 5100 ლარად შეფასებული პარკეტის პირველი მოპასუხისათვის გასაყიდად გადაცემას, რომელმაც გაასხვისა რა ეს ნივთი მესამე პირზე, 4100 ლარი მოსარჩელეს გადასცა, ხოლო დარჩენილი 1000 ლარი კი, 2013 წელს მოსარჩელის წარმომადგენლს გადაუხადა. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს მისთვის გასაყიდად გადაცემული პარკეტის ღირებულება სარჩელის აღძვრის მომენტისათვის სრულად ჰქონდა ანაზღაურებული.

13.4. რაც შეეხება პირველი მოპასუხის მიმართ შედავებულ 1110 ლარს, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

13.4.1. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

13.4.2. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოსარჩელემ განმარტა, რომ პირველ მოპასუხეს 1110 ლარად ღირებული სხვადასხვა დასახელების ნივთი გადასცა გასაყიდად, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხე აღიარებს მისთვის 645 ლარად ღირებული კონდინციონერისა და ჰაერის ფილტრის გასაყიდად მიღების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ნივთები არ გაიყიდა და მზადაა დაუბრუნოს მოსარჩელეს, რაზეც ეს უკანასკნელი უარს აცხადებს. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 715.1 მუხლის საფუძველზე კასატორი უფლებამოსილია, რწმუნებულისგან დაიბრუნოს მისთვის გასაყიდად გადაცემული ის ნივთები (კონდინციონერი და ჰაერის გამწოვი), რომელთა გადაცემის ფაქტიც მხარეთა შორის სადავო არ არის. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რწმუნებულს მათი რეალიზაცია არ განუხორციელებია, მითითებული ნივთების ღირებულების ანაზღაურების პირველი მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

13.5. მეორე მოპასუხის მიმართ 400 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 203.1. მუხლის (1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.) მიხედვით უნდა შემოწმდეს.

13.5.1. მოსარჩელის განმარტებით, მეორე მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, გადაეხადა წარმომადგენლის მიერ ასანაზღაურებელი თანხა - 800 ლარი, რა მიზნითაც 400 ლარი დაფარა. საქმეზე გამოკვლეული გარემოებებით დასტურდება, რომ მეორე მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას, და აღნიშნა, რომ მან მოსარჩელის წარმომადგენლის თხოვნით, ამ უკანასკნელისგან მიღებული 400 ლარი გადასცა მოსარჩელეს, ხოლო პირადად მას კასატორის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ უკისრია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვალის გადაკისრების თაობაზე მოდავე მხარეებმა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები დააფიქსირეს, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო, დაედასტურებინა ვალის გადაკისრების არსებობის ნამდვილობა. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა ვალის გადაკისრების ურთიერთობის მიმართ სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლებას ავრცელებს, თუმცა სადავოობისას მოსარჩელემ შესაბამისი გარემოების უცილობლად დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა უზრუნველყოს ვალის გადაკისრების დადასტურება, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი