საქმე №ას-259-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ბ–ძე, მ.თ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მეუღლეების, ზ.ბ–ძისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მყიდველი, მოვალე, პირველი კასატორი) და მ.თ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხის ყოფილი მეუღლე) თანაცხოვრების პერიოდში, პირველ მოპასუხესა და ხ.თ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხის და, გამყიდველი) შორის, 2014 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ ბათუმში, ......., /ს/კ ......./ (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-20).
2. ზემოხსენებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა, ამ უკანასკნელმა კი, 2015 წლის 9 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ყოფილ მეუღლეს (მეორე მოპასუხეს) მიჰყიდა უძრავი ქონება (იხ.ტ.1, ს.ფ. 21-24).
3. პირველმა მოპასუხემ 2015 წლის 10 ივნისის ხელწერილით დაადასტურა ი.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, აპელანტი) მიმართ არსებული ვალი - 14000 ლარი და მიუთითა, რომ თანხას 90 დღის ვადაში გადაიხდიდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 18).
4. პირველი და მეორე მოპასუხეები 2015 წლის 10 ივნისს განქორწინდნენ (ტ.1, ს.ფ. 76).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 მოსარჩელემ 2017 წლის 1 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და პირველი მოპასუხისათვის 14000 ლარის დაკისრება, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.
5.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 2-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ პირველი მოპასუხე მოსარჩელისგან 2013 წლის იანვრიდან, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, დროდადრო ხორცს ყიდულობდა, თუმცა 2014 წლის 1 ივლისიდან შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა შეწყვიტა. დავალიანებამ ჯამში 14000 ლარი შეადგინა, რაც პირველმა მოპასუხემ ვალის აღიარების ხელწერილით დაადასტურა.
5.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა 2015 წლის 9 იანვარს, ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგება გააფორმეს, რომლის საფუძველზე პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება მეუღლეს მიჰყიდა, ხოლო შემდეგ კი მასთან განქორწინდა.
5.4 მოსარჩელის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით გაფორმდა, რაც ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.
6. მოპასუხეების შესაგებელი
6.1 პირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 14000 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ მან უძრავი ქონება მოსარჩელესთან ვალის აღიარების ხელწერილის დადებამდე ექვსი თვით ადრე, 2015 წლის 9 იანვარს გაასხვისა, რაც გარიგების მოჩვენებითობას გამორიცხავს.
6.2 პირველი მოპასუხის განმარტებით, უძრავი ქონების მესაკუთრე თავდაპირველად მისი ყოფილი მეუღლის და იყო, რომელმაც მას უძრავი ქონება ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად გადაუფორმა.
6.3 პირველი მოპასუხის განმარტებით, როცა მის ბიზნესს პრობლემა შეექმნა, წარმოიშვა უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხეც, მისმა ყოფილმა მეუღლემ კი, ბანკში თანხის გადახდის სანაცვლოდ, უძრავი ქონების გადაფორმება შესთავაზა, რათა შემდგომ უძრავი ქონება დისთვის დაებრუნებინა, რასაც მოვალე დათანხმდა.
6.4 მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და წინამდებარე განჩინების 6.2-6.3 ქვპუნქტში მითითებულ გარემოებებზე მიუთითა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
7.1.1 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდა დაეკისრა;
7.1.2 სარჩელი წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
7.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 56-ე, 317-ე, 341-ე, 477-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 131-ე მუხლებით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
7.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს შექმნიდა.
7.4 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონება 2014 წლის 25 აგვისტოს იყიდა, ხოლო მოსარჩელისაგან შეძენილი ხორცის საფასური პირველ მოპასუხეს 2014 წლის ივლისიდან არ გადაუხდია (იხ. 5.2 ქვეპუნქტი). ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, მოპასუხემ არათუ გაასხვისა, არამედ შეიძინა უძრავი ქონება, რაც მოჩვენებითი გარიგების დადების გზით პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების შესახებ მის განზრახვას გამორიცხავს.
7.5 საქალაქო სასამართლომ მოპასუხეთა შორის მოჩვენებითი გარიგების დადების განზრახვის არარსებობასთან დაკავშირებით, გაიზიარა პირველი მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებაც (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1 პუნქტი).
7.6 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ პირველმა მოპასუხემ, სადავო უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა, 2014 წლის 8 დეკემბერს სს ,,ბ.ბ–თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მოპასუხეთა განმარტებით, პირველმა მოპასუხემ, ბიზნესსესხის აღების მიზნით, უძრავი ქონება თავისი მეუღლის დისგან გადაიფორმა, ხოლო, ვინაიდან სესხი ვერ დაფარა, ქონება მეუღლეს გადაუფორმა, რომელმაც, თავის მხრივ, სესხი გადაიხადა, რაც 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონება უფლებრივი დატვირთვისაგან თავისუფალია.
7.7 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო გარიგება ცოლ-ქმარს შორის დაიდო, ამ გარიგებას მოჩვენებით გარიგებად ვერ აქცევს. სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა მიერ დასახული მიზანი - სესხის უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში, გარიგების ნამდვილობას განაპირობებს.
8. სააპელაციო საჩივარი
8.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ხოლო ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
9.1.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1.2 ქვეპუნტი) და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
9.1.2 პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ და ამ უფლების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვა დადგინდა.
9.2 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სარჩელი აღიარებითია, მოსარჩელის ინტერესია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, რომ მან, როგორც კრედიტორმა, პირველი მოპასუხისაგან (მოვალისაგან) თანხა ამ უკანასკნელის საკუთრებად აღირიცხული ქონების რეალიზაციის გზით მიიღოს.
9.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ განქორწინების მოწმობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება 2015 წლის 10 ივნისს შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება მეორე მოპასუხის სახელზე სწორედ მეუღლეთა განქორწინებამდე - 2015 წლის 15 იანვარს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
9.4 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1151-ე, 1158-ე, 1161-1162-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა ქორწინების განმავლობაშია შეძენილი, შესაბამისად, იგი თანაზიარ ქონებას წარმოადგენს, რის გამოც თითოეული მოპასუხის წილი ამ უძრავ ქონებაზე ½ ნაწილს შეადგენს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მეუღლეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ განქორწინებამდე გაფორმდა.
9.5 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართოლომ დაასკვნა, რომ ამ ნაწილში სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს, რაც, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
9.6 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იკვეთება ნასყიდობის ხელშეკრულების დადება პირველი მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, შესაბამისად, პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე უნდა გავრცელდეს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილში მოსარჩელის სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
10.2 კასატორების განმარტებით, სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ აპელანტი (მოსარჩელე) მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილობის საფუძვლით ითხოვდა. სასამართლომ კი იმსჯელა არა ხელშეკრულების ბათილობის მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე, არამედ იმაზე - წარმოადგენდა თუ არა უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას. ამით კი, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდა, სასარჩელო მოთხოვნა თავად გარდაქმნა და დავა სხვა სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა.
10.3 კასატორების განმარტებით, მათი შესაგებელი აგებული იყო მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე და, შესაბამისად, მასში არ იყო მოსაზრებები იმ საკითხებზე, რაც სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის სახეცვლილების შედეგად გამოკვეთა.
10.4 კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია, ვლინდებოდა თუ არა სსკ-ის 1161-1162-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, ქონება შეძენილი იყო თუ არა ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით ან, თუ ერთი მეუღლის მიერ იყო შეძენილი, ასეთ შემთხვევაში, მეორე მეუღლეს ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზები დამოუკიდებელი შემოსავლების არქონის, ეწეოდა თუ არა საოჯახო საქმიანობას და ასე შემდეგ. სასამართლომ არ გამოიკვლია სსკ-ის 1158-ე მუხლში მითითებული, საქორწინო კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხებიც.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით, მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მსჯელობს აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე, რომელმაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შედეგად მხარის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა გამოიწვიოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ.), სადაც განმარტებულია: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). დიდი პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; (იხ. სუსგ-ები # ას17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.“).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე სავსებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტი), რაც შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენის გზით, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც მიიღწევა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობითა და უძრავი ქონების პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვით, რაც შემდეგ, საფუძვლად დაედება მოვალის (პირველი მოპასუხის) სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების რეალიზაციასა და კრედიტორის (მოსარჩელის) სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელე მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობაზე სარჩელში უთითებს, რომ პირველ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ქონება, გარდა თავისი ოჯახის წევრზე, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გასხვისებული უძრავი ქონებისა, რაც მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, სასარგებლოდ პირველი მოპასუხისათვის (მოვალისათვის) თანხის დაკისრების შემთხვევაშიც, აღუსრულებელად აქცევს სასამართლო გადაწყვეტილებას (იხ. სარჩელი - ს.ფ. 2), რაც სავსებით აკმაყოფილებს აღიარებითი სარჩელის განხილვისათვის (სადავო გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში) ნამდვილი იურიდიული ინტერესის სტანდარტს.
19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 404-ე მუხლზე მითითებით ,,საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში...“, განმარტავს, კასატორის საკასაციო პრეტენზიები სსსკ-ის მე-4 და 248-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ; საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
21. საკასაციო სასამართლო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მოქმედების ვალდებულებასთან დაკავშირებით, მიუთითებს სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ დისპოზიციურობის პრინციპზე ,,დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ“ და განმარტავს, რომ როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების, მათ მიერვე წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების ფარგლებში (შდრ: სუსგ №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი).
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 248-ე მუხლის ,,სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“ მოთხოვნის დარღვევაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, მეუღლეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუქნტი) და უძრავი ქონების პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს შექმნიდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობაზეც, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მეუღლეებს შორის განქორწინებამდე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნია, დადებული იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებით, შესაბამისი იურიდიული შედეგი განისაზღვრა, თუმცა სასამართლო სსკ-ის 1158-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო უძრავი ქონების თანასაკუთრებაზე ემსჯელა. აღნიშნულით კი, სასამართლო არათუ არ გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, არამედ პირიქით - სწორედ სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად განახორციელა მართლმსაჯულება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება მოჩვენებითად მიიჩნია და საკასაციო საჩივარით აღნიშნული სადავოდ არ არის გამხდარი (სსსკ-ის 404-ე მუხლი), კასატორის პრეტენზია უძრავი ქონების მოპასუხეთა თანასაკუთრებად მიჩნევასთან დაკავშირებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზიები სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის ფარგლებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე, დაუსაბუთებელია.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ბ–ძის და მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ბ–ძეს (პ/ნ .......) და მ.თ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ტ.ჭ–ძის (პ/ნ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის (გადახდის ქვითარი N5156184874, გადახდის თარიღი 2019 წლის 20 მაისი), 70% – 245 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე