Facebook Twitter

საქმე №ას-690-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ჩ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი, ნ.ს–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სესხის ძირითადი თანხის 29 200 აშშ დოლარით და სარგებლის 1000 აშშ დოლარით განსაზღვრა.

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ჩ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) და ნ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი, გამსესხებელი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2016 წლის 23 სექტემბერს, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლის სახელზე სესხი - 25000 აშშ დოლარი, 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით გაიცა, თვიური საპროცენტო განკვეთი განისაზღვრა 2%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 4-9).

2. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ........ /ს/კ ......./(ტ.1, ს.ფ. 4-9).

3. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, 2016 წლის 27 ოქტომბერს შევიდა ცვლილება - სესხის ძირითადი თანხა გაიზარდა და საბოლოოდ - 32 000 აშშ დოლარით განისაზღვრა (ტ.1,ს.ფ. 10-13).

4. მოვალემ კრედიტორისთვის სესხის დაბრუნების თაობაზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.

5. ნოტარიუსმა ნ.ს–ძემ (შემდეგში: ნოტარიუსი, მეორე მოპასუხე), 2017 წლის 25 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 32000 აშშ დოლარით, ორი თვის სარგებელი 1280 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0,12%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 23 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სარეალიზაციოდ მიექცა (ტ.1, ს.ფ. 15-17).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1 მოვალემ 2017 წლის 17 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და პირგასამტეხლოს შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.03%-მდე, 2017 წლის 25 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელის ნაწილობრივ გაუქმება და ძირითადი თანხის - 29200 აშშ დოლარითა და სარგებლის - 1000 აშშ დოლარით განსაზღვრა, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს 586.92 აშშ დოლარამდე შემცირება მოითხოვა.

6.2 მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცვლად 7000 აშშ დოლარისა, 4200 აშშ დოლარი მიიღო.

6.3 მოსარჩელის განმარტებით, არასწორად არის დათვლილი სარგებელიც, რომელიც 29000 აშშ დოლარიდან უნდა გამოთვლილიყო. მოვალის მითითებით, სარგებელი ნაცვლად 1280 აშშ დოლარისა, გადასახდელი აქვს - 1000 აშშ დოლარი.

6.4 მოსარჩელემ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზეც მიუთითა.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოვალის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

8.1.1 2017 წლის 25 მაისს გაცემული (#170566636) სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით 0.12%-ის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს მოცულობა 0.06%-ით განისაზღვრა.

8.1.2 მოსარჩელის მოთხოვნა, სესხის ძირითადი თანხის, 29200 აშშ დოლარით, სარგებლის - 1000 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოს - 586.92 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა;

8.2 საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლი; ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 38-ე მუხლი; ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლი.

8.3 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს კრედიტორის მიმართ თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში, შესაბამისად, 2017 წლის 25 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებები, ძირითადი თანხის - 32000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 1280 აშშ დოლარის ნაწილში სწორადაა მითითებული.

8.4 საქალაქო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ გონივრულ სტანდარტს არ შეესაბამება და 0.06%-მდე უნდა შემცირდეს.

8.5 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონი და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია არ ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილებას, შეამციროს ან გაზარდოს მხარეთა გარიგებაში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა და ამ გარემოებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის (მეორე მოპასუხის) მიმართ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მოვალემ), სესხის ძირითადი თანხის - 29200 აშშ დოლარითა და სარგებლის - 1000 აშშ დოლარით განსაზღვრაზე უარის თქმის ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

10.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3 დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის (მოსარჩელის) პრეტენზიაზე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც გადაცემული სესხის მოცულობის დასადასტურებლად, მოწმედ მისი მეუღლის გ.ლ–ძის (შემდეგში: მოწმე) დაკითხვის თაობაზე მოვალის შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა.

10.4 მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ,,საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ და განმარტა, რომ მოწმის ჩვენება, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რომელიც გაცემული სესხის მოცულობის დასადგენად გამოდგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

10.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მსესხებელმა, ნაცვლად 7 000 აშშ დოლარისა, 4200 აშშ დოლარი მიიღო, მოსარჩელეს ეკისრებოდა. იმ პირობებში კი, როდესაც უდავოა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ხელშეკრულებაში არაორაზროვნადაა განსაზღვრული სესხის მოცულობა და, ამასთან, მოპასუხე აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მიღების ფაქტს (სადავოდ ხდის მხოლოდ მიღებული თანხის ოდენობას) ადასტურებს, ხელშეკრულებაში ასახული დათქმა, მისი სანოტარო წესით დადასტურებისთანავე თანხის გადაცემის თაობაზე, ვერ გააქარწყლებს ფაქტს, რომლის თანახმადაც, მხარეთა შეთანხმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სესხის მთლიანი მოცულობა ცალსახად 32 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

10.6 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 429-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ კრედიტორისათვის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ არის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებები, ძირითადი თანხის - 32 000 აშშ დოლარისა და სარგებლის, 1280 აშშ დოლარის ნაწილში სწორადაა მითითებული სააღსრულებო ფურცელში.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, სესხის ძირითადი თანხის - 29200 აშშ დოლარითა და სარგებლის - 1000 აშშ დოლარით განსაზღვრაზე უარის თქმის ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადაანაწილა.

11.3 კასატორის მტკიცებით, საქმის მასალებით გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის 7000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, სესხის თანხის მიღებამდე იგი წარმოადგენს კრედიტორს, ხოლო პირველი მოპასუხე - მოვალეს.

11.4 კასატორის განმარტებით, ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხა უნდა გადაცემულიყო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს დაეკისრა, რაც მან ვერ დაადასტურა.

11.5 კასატორი მიუთითებს, რომ მისმა წარმომადგენელმა, 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცვლად 7000 აშშ დოლარისა - 4200 აშშ დოლარი მიიღო.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: # ას-705-2019, 12.07.2019წ; # ას-657-2019, 04.07.2019წ; #ას-808-2019, 20.09.2019წ).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, ამასთან, დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 27 ოქტომბრის ცვლილების და/ან დამატების შესახებ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის მიერ მიღებული თანხის ოდენობა სადავოა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესსზე (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის ტვირთი - სესხის თანხის დაფართვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით.

20. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 624-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სესხი ფორმასავალდებული გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფლები არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხისა და მისი ოდენობის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა - 7000 აშშ დოლარით გაიზარდა და საბოლოოდ - 32000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რომელიც მსესხებელს ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისთანავე უნდა გადასცემოდა.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსესხებლის (მოსარჩელის) პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მან სესხის თანხა მიიღო, თუმცა მისი მტკიცებით, ნაკლები ოდენობით და განმარტავს, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ნაცვლად, სხვა თანხის მიღება, ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მან სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც სანოტარო წესით დადასტურებულ წერილობით სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ თანხის ოდენობას (7000 აშშ დოლარს) გააქარწყლებდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 429-ე მუხლთან მიმართებითა და კრედიტორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებების ოდენობაზე მართებულად იმსჯელა.

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ჩ–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ.გ–ას (პ/ნ .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 415 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 22 აპრილი), 70% – 290,5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე