Facebook Twitter

საქმე №ა-5467-შ-136-2018 7 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ. თ.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ ქ. ბობრუისკის პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ბ. თ.“ (ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. თბილისი, ს. დაღმართი ..., ოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი: 400114...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2....03.20..., საიდენტიფიკაციო კოდი: 40011...) ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ (ადგილსამყოფელი: ბელარუსის რესპუბლიკა, მოგილევის ოლქი, ქ. ბობრუისკი, მ. გზატკეცილი; სარეგისტრაციო ნომერი: 700016...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2...09.20..., გადამხდელის აღრიცხვის ნომერი: 700016...) 2015 წლის 23 იანვრის №602-37-15 ხელშეკრულების თანახმად, დაეკისრა 400426,14 ევროსა და 7202875 რუსული რუბლის გადახდა, მათ შორის, ძირითადი ვალის - 350426,14 ევროსა და 6202875 რუსული რუბლის და 2016 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის საურავის - 50000 ევროსა და 1000000 რუსული რუბლის გადახდა; უარი ეთქვა ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ საურავის 66694,08 ევროსა და 1646487,45 რუსული რუბლის დაკისრების თაობაზე; ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ბ. თ.“ (ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. თბილისი, ს. დაღმართი ..., ოფ. ...; სარეგისტრაციო ნომერი: 400114...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2....03.20..., საიდენტიფიკაციო კოდი: 40011..) დაეკისრა რესპუბლიკის ბიუჯეტში (ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს მოგილევის ოლქის ინსპექცია; ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. მოგილევი, პ. ქუჩა ...) სახელმწიფო ბაჟის - 5404,69 ევროს გადახდა.

2. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკურმა სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოაგზავნა ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს „ბ. თ.ს“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით სასამართლო აღმასრულებელთა სამმართველოში მისი გადაგზავნის თაობაზე.

3. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, ამავე სასამართლოს ცნობებითა და სასამართლოს ბრძანებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადო წესით იყო გაფრთხილებული; ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს და ექვემდებარება აღსრულებას.

4. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის იუსტიციის მთავარი სამმართველოს იძულებითი აღსრულების სამმართველოს ცნობით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინების ასლი და ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს შპს „ბ. თ.“ რამდენჯერმე გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (კომპანიის სარეგისტრაციო მისამართზე) - თბილისი, ს. დაღმართი ..., ოფისი .... მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლოში დაბრუნებულ აქტებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ შპს „ბ. თ.“ აღნიშნულ მისამართზე არ მდებარეობს. შპს „ბ. თ.“ გზავნილი გაეგზავნა ასევე სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზეც, თუმცა ვერ ჩაბარდა, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზეც კომპანია არ ფუნქციონირებდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს „ბ. თ.“ ამავე პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯაროდ გამოქვეყნების მეშვეობით. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.

8. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2019 წლის 18 ივნისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.

9. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს „ბ. თ.“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 პუნქტი], ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.3 მუხლი].

12. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი].

13. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ბ. თ.“ (ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. თბილისი, ს. დაღმართი ..., ოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი: 400114...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2....03.20..., საიდენტიფიკაციო კოდი: 400114...) ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ (ადგილსამყოფელი: ბელარუსის რესპუბლიკა, მოგილევის ოლქი, ქ. ბობრუისკი, მ. გზატკეცილი; სარეგისტრაციო ნომერი: 70001...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2....09.20..., გადამხდელის აღრიცხვის ნომერი: 700016...) 2015 წლის 23 იანვრის №602-37-15 ხელშეკრულების თანახმად, დაეკისრა 400426,14 ევროსა და 7202875 რუსული რუბლის გადახდა, მათ შორის, ძირითადი ვალის - 350426,14 ევროსა და 6202875 რუსული რუბლის და 2016 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის საურავის - 50000 ევროსა და 1000000 რუსული რუბლის გადახდა; მოპასუხე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული; ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს და ექვემდებარება აღსრულებას; გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა; შპს „ბ. თ.“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (საიდენტიფიკაციო კოდი: 400114201; http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEpFc3Z9MoPu4bysYKfgCy2FUIcaOa2x5L7xGgptG7aO) და მისი სარეგისტრაციო მისამართია - საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიორგი სააკაძის დაღმართი №11.

16. მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და ამ კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2015 წლის 23 იანვრის №602-37-15 ხელშეკრულებაზე, რომლის 8.1. პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს განსჯადობასა და ასევე ბელარუსის რესპუბლიკის მატერიალური და საპროცესო სამართლის გამოყენების თაობაზე [8. დავების გადაწყვეტა 8.1. ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილობასთან, გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ექვემდებარება გადაწყვეტას მოგილევის ოლქის ეკონომიკურ სასამართლოში ბელარუსის რესპუბლიკის მატერიალური და საპროცესო სამართლის გამოყენებით. სამართალწარმოების ენა - რუსული]. ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება შპს „ბ. თ.“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

20. რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატამ უზრუნველყოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ მისი სასამართლოს აღმასრულებელთა სამმართველოში გადაგზავნა, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. გამომდინარე აქედან, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან გადაგზავნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და განემარტოს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაეგზავნება კრედიტორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20-21-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ. თ.“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ბ. თ.“ (ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. თბილისი, ს. დაღმართი ..., ოფ. ..., სარეგისტრაციო ნომერი: 400114...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2....03.20..., საიდენტიფიკაციო კოდი: 400114...) ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ სასარგებლოდ (ადგილსამყოფელი: ბელარუსის რესპუბლიკა, მოგილევის ოლქი, ქ. ბობრუისკი, მინსკის გზატკეცილი; სარეგისტრაციო ნომერი: 700016...; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 2....09.20..., გადამხდელის აღრიცხვის ნომერი: 700016...) 2015 წლის 23 იანვრის №602-37-15 ხელშეკრულების თანახმად, დაეკისრა 400426,14 ევროსა და 7202875 რუსული რუბლის გადახდა, მათ შორის, ძირითადი ვალის - 350426,14 ევროსა და 6202875 რუსული რუბლის და 2016 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდისთვის საურავის - 50000 ევროსა და 1000000 რუსული რუბლის გადახდა;

3. ღია სააქციო საზოგადოება „ბ.“ უარი ეთქვას მოცემული განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან გადაგზავნაზე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე