Facebook Twitter

№ ას-180-169-2017 19 ივლისი, 2018 წელი

№ ას-180-169-2017 საოლქო პროკურატურა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ--ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ი. ყ-–ი, ვ. ყ-–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ხ-ე (შემდგომში - „მოსარჩელე“) და ი. ყ–ი (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მეუღლე“ ან „მოსარჩელის მეუღლე“) დაქორწინდნენ 1988 წლის 17 დეკემბერს.

2. პირველი მოპასუხე არის ვ. (ამჟამად - ვ.) ყ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „სიმამრი“ ან „მოსარჩელის სიმამრი“) შვილი.

3. 2012 წლის 12 იანვარს მეორე მოპასუხეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „პროკურატურა“) შუამდგომლობის საფუძველზე:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის კუთვნილ რამდენიმე უძრავ ნივთს, კერძოდ:

3.1.1. ქ. თბილისში, შ-ს (ყოფილი ა.) ქუჩა №4, №6, მდებარე ბინა №14 (ს/კ №0-.;

3.1.2. ქ. თბილისში, პ-ის (ყოფილი გ-ს) გამზირი №33 მდებარე ბინა №4 (ს/კ №0-...);

3.1.3. ქ. ბათუმში, ყ-ის ქ. №11 მდებარე ბინა №45 (ს/კ №0-...) (შემდგომში ერთობლივად - „სადავო უძრავი ნივთები“).

3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო მსუბუქ ავტომობილს, მოდელი „ტოიოტა ვიტზი“, გამოშვებული 2002 წელს, სანომრე ნიშნით ,,I-...“ (შემდგომში - „სადავო ავტომანქანა“) („სადავო უძრავი ნივთები“ და „სადავო ავტომანქანა“ შემდგომში ერთობლივად - „სადავო უძრავ-მოძრავი ქონება“).

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით მეორე მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტამდე ძალაში დარჩა პირველი მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე დადებული ყადაღა.

5. მოსარჩელე ამჟამად საქმიანობს რუსეთის ფედერაციაში. იგი 2001 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 2 ივლისის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ქ-ში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მომარაგების დარგში და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 150 000 რუბლს. 2008 წლის 27 ივლისიდან 2010 წლის 10 ივნისის ჩათვლით იგი მუშაობდა შპს „№-ში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 162 068.51 რუბლს. 2010 წლის 28 ივნისიდან მოსარჩელე მუშაობს შპს ,,ს“-ში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 155 000 რუბლს.

6. მოსარჩელე რეგულარულად უგზავნიდა თანხას მეუღლეს. საქმის მასალების თანახმად, 2008-2014 წლებში მას მეუღლის ანგარიშზე სს „ს-ში“ ჩარიცხული აქვს 238 842 აშშ დოლარი, მათ შორის: 2008 წელს - 45, 2009 წელს - 2000, 2010 წელს - 48210, 2011 წელს - 80933, 2012 წელს - 42730, 2013 წელს - 60180, 2014 წელს - 4744 აშშ დოლარი; სს „ლ-ში“ გახსნილ პირველი მოპასუხის ანგარიშზე 2009-2012 წლებში ჩარიცხული აქვს 70723 აშშ დოლარი, მათ შორის: 2009 წელს - 9000, 2010 წელს - 14500, 2011 წელს - 19684, ხოლო 2012 წელს - 27539 აშშ დოლარი.

7. ზემოაღნიშნული თანხებით პირველ მოპასუხეს უნდა შეეძინა ქონება, რაც მან განახორციელა კიდეც და ის აღრიცხა საკუთარ სახელზე.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მეუღლის, სიმამრისა და პროკურატურის (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სადავო უძრავი ნივთებისა და ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა, დასახელებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 თებერვლისა და 21 თებერვლის განჩინებებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან მისი გათავისუფლება.

9. მოსარჩელის განმარტებით:

9.1. მეუღლესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. გამომდინარე აქედან, ამ პერიოდში მეუღლის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებათა საფუძველზე შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ნივთი შეძენილია პირველი მოპასუხის მიერ. სადავო უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის სახელზე, ამ უკანასკნელმა შეიძინა მოსარჩელის თანხებით და მათ შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ისინი უნდა აღრიცხულიყო მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით, რაც პირველმა მოპასუხემ ვერ განახორციელა იმის გამო, რომ 2012 წლის თებერვლიდან ნივთები ყადაღადადებულია სასამართლოს განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე;

9.2. მოსარჩელეს ქონების შესაძენი სახსრები მოპოვებული აქვს კანონიერად, ბიზნეს-საქმიანობის წარმოების პროცესში და ამ თანხების კრიმინალური წარმოშობა არ დასტურდება;

9.3. ყადაღის არსებობის გამო ვერ ხერხდება შესაბამისი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა და მის სახელზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია, რითაც უხეშად ირღვევა მისი, როგორც კანონიერი მესაკუთრის, უფლებები;

9.4. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის სიმამრის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის გამოც ყადაღა დაედო მოსარჩელის მეუღლის სახელზე აღრიცხულ ნივთებს, გამოძიება დამთავრდა და გამამტყუნებელი განაჩენიც არა მარტო მიექცა აღსასრულებლად, არამედ მისი სიმამრი მძიმე ავადმყოფობის გამო ამჟამად გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისგან, სადავო უძრავ-მოძრავი ქონება მაინც ყადაღადადებულია, მაშინ, როცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს უკანონო ქონებას, მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით ან დაუსაბუთებელია;

9.5. მოსარჩელის მეუღლე მუშაობს შპს „ს-თან“ არსებულ საბავშვო ბაღში პედაგოგად 2007 წლის სექტემბრიდან და მისი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 337 ლარს.

10. მოსარჩელის მეუღლემ და სიმამრმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი ცნეს.

11. პროკურატურამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

11.1. პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურა ვერ იქნება მოპასუხე, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს მასსა და მის მეუღლეს შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტას;

11.2. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელე ქონებაზე ყადაღის მოხსნის ნაწილში წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან ყადაღა არ არის გამოყენებული მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და იგი არ არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სათანადო მოსარჩელედ განისაზღვრა მოსარჩელე, ხოლო სათანადო მოპასუხედ - მისი მეუღლე; მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელედ განისაზღვრა მოსარჩელე, ხოლო სათანადო მოპასუხეებად - მოსარჩელის მეუღლე, სიმამრი და პროკურატურა.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონებები: 1) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, შ-ს ქუჩა (ყოფილი ა.) ქ. №4, №6, ბინა №14 (ს/კ №0-...), 2) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, პ-ის გამზირი №33 (გამზირი გ.) ბინა №4 (ს/კ №0-...), 3) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ყ-ის ქ. №11, ბინა №45 (ს/კ №0-...) და 4) მსუბუქი ავტომანქანა, მოდელი „ტოიოტა ვიტზი“, გამოშვებული 2002 წელს, სანომრე ნიშნით ,,ი.“, ცნობილ იქნა მოსარჩელის საკუთრებად; დადგინდა ზემოაღნიშნულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთა და მოსარჩელის საკუთრებად ცნობილი უძრავ-მოძრავი ქონების, კერძოდ: 1) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, შ-ს ქუჩა (ყოფილი ა.) ქ. №4, №6, ბინა №14 (ს/კ №0-...), 2) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, პ.ის გამზირი №33 (გამზირი გ.) ბინა №4 (ს/კ №0-...), 3) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ყ-ის ქ. №11, ბინა №45 (ს/კ №0-...) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან გათავისუფლება, ხოლო მსუბუქი ავტომანქანის, მოდელი „ტოიოტა ვიტზი“, გამოშვებული 2002 წელს, სანომრე ნიშნით ,,ი.“, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან გათავისუფლება.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურატურამ.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადავო ქონების სამართლებრივი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3562 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის საფუძველზე [რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ათი წლის ვადაში (2016 წლის 15 ნოემბერს მოქმედი რედაქცია)].

18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ამ ნორმის შესაბამისად, პროკურორს სარჩელის აღძვრის უფლება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში მესაკუთრეს საკუთრება ფაქტობრივად ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს. მესაკუთრე უფლებამოსილია სარჩელი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე აღძრას პროკურატურისათვის სარჩელის აღსაძრავად მინიჭებული ვადის გასვლამდეც, ოღონდ, ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3563 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, იგი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ.

19. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქონების ყადაღისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელია იმის დადგენა, აღნიშნული ქონება ეკუთვნის თუ არა მოსარჩელეს და იგი კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით არის თუ არა შეძენილი.

20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მეუღლეს საკმარისი, კანონიერი შემოსავალი ჰქონდა სადავო ქონების შესაძენად. პალატის მითითებით, პროკურატურას ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა სადავო ქონების კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით შეძენის გარემოება.

21. სააპელაციო პალატამ, ასევე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრება იყო. სასამართლოს მითითებით, რადგან სადავო ქონება მოსარჩელის მეუღლეს, ე.ი. მოსარჩელის სიმამრის ოჯახის წევრს ეკუთვნოდა, პროკურატურის მიმართ წარმოებულ დავაში მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ იგი კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით იყო შეძენილი. ქონებაზე საკუთრების საკითხი კი უშუალოდ მეუღლეებს უნდა გადაეწყვიტათ, ე.ი. ამ ნაწილში მოსარჩელის მოპასუხე მისი მეუღლე იყო და არა - პროკურატურა. ხოლო, მოსარჩელის მეუღლის ანუ ძირითადი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა მართებულად დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატის მითითებით, ასეც რომ არ ყოფილიყო, პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს დავალების ხელშეკრულება წარმოადგენდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ სადავო ქონება მისი დავალებითა და ხარჯით შეიძინა, თუმცა, მისთვის არ გადაუცია. ეს ფაქტები კი არცერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილით [რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით], მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად საფუძვლიანი იყო.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურატურამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

23.1. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები არასწორად ან საერთოდ არ დაადგინა, ხოლო სწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა მართებული სამართლებრივი შეფასება;

23.2. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2008-2014 წლებში მოსარჩელეს მეუღლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს გარკვეული თანხები და, რომ ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა შეეძინა ქონება, რაც მან განახორციელა, თუმცა ისინი აღრიცხა საკუთარ სახელზე. გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, რომ მხარეთა შორის მართლაც არსებობდა ასეთი მოლაპარაკება. საქმის მასალებში არ მოიპოვება მსგავსი შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება;

23.3. დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მეუღლეს საკმარისი შემოსავალი ჰქონდა ქონების შესაძენად და, რომ ეს ფაქტი პროკურატურას სადავოდ არ გაუხდია, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის მეუღლის ყოველთვიური შემოსავალი 337 ლარს შეადგენს;

23.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრება იყო, თუმცა, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, რა გახდა გაზიარების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ისმის კითხვა, სასამართლომ რა გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია აღნიშნული დადგენილად. შესაძლებელია თუ არა აღნიშნული გარემოების დადგენა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელის მეუღლემ სარჩელი ცნო;

23.5. სადავო ქონებები მოსარჩელის მეუღლის სახელზე დარეგისტრირებულია 2003 და 2011 წლებში. ხელშეკრულების მხარედ მითითებულია მოსარჩელის მეუღლე. დადგენილი არ არის, მხარეებს შორის საერთოდ არსებობდა თუ არა შეთანხმება მოსარჩელის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ. ასევე, არ არის დადგენილი, როდის შეიტყო მოსარჩელემ, რომ ქონება მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სამართლებრივი აქტი - დავალება ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე და ამ პირობებში სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად დავალების ხელშეკრულებას უთითებს, რაც აბსოლუტურად მცდარი მსჯელობაა;

23.6. 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით მეორე მოპასუხე დამნაშავედ იქნა ცნობილი. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და აღნიშნული განაჩენით ქონებაზე დადებული ყადაღა ძალაში დარჩა სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტამდე. სსსკ-ის 3562 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრობისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე პროკურორს უფლება აქვს სარჩელი აღძრას სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) წლის ვადაში.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით პროკურატურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით პროკურატურის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა [სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილი]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

28. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული იმ უძრავ-მოძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემისა და ყადაღისგან გათავისუფლების საკითხი, რომლებსაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის სიმამრის დანაშაულებრივი ქმედების გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 თებერვლისა და 21 თებერვლის განჩინებებით დაედო ყადაღა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი [სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული (კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქცია)] და მე-3 ნაწილების [სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული (კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქცია)] შესაბამისად, ხოლო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის განაჩენით პირველი მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე დადებული ყადაღა ძალაში დარჩა სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტამდე.

29. პროკურატურის პრეტენზიის თანახმად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის ცნობა სადავო უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ მხოლოდ მისივე მეუღლის მიერ სარჩელის ცნობის საფუძველზე.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი მხარეს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ [სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. ამ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი).

31. სსსკ-ის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპი გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია განკარგოს მხოლოდ საკუთარი უფლება, რომელიც მას გააჩნია კანონის ან/და ხელშეკრულების საფუძველზე. მაგალითად, სარჩელის ცნობა იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, მოპასუხის ამ უფლების განკარგვაში მოსამართლე არ ერევა, მაგრამ ამისათვის მოსამართლე თავისი ინიციატივით ადგენს სამართლებრივი ურთიერთობის სტრუქტურას (ვინ ვისგან, რას, რა საფუძვლით მოითხოვს). მოსარჩელე უნდა იყოს სათანადო - მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომლის დაცვასაც ის ახორციელებს სარჩელით და მოპასუხე უნდა იყოს სათანადო - მას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა მოსარჩელესთან არსებული ურთიერთობის ნორმატიული აღწერილობის თანახმად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს სარჩელი პროკურატურისა და საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ, ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ყადაღისაგან მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული აქვს გარემოებები, რომელთა თანახმად, პროკურატურის მოთხოვნით არასწორად დაყადაღდა მისი მეუღლის ქონება, რადგან აღნიშნული ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს. მოპასუხე-მეუღლემ სარჩელი ცნო. ისმის კითხვა: იწვევს თუ არა ეს სარჩელის დაკმაყოფილებას? ამ კითხვას უნდა გაეცეს უარყოფითი პასუხი, რადგან სადავო ურთიერთობა წარმოშობილია კრედიტორსა (პროკურატურა) და მოსარჩელეს შორის. ასეთ შემთხვევებში სარჩელი წარედგინება, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის (მეუღლე) წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, სამართლის რომელი ნორმით იყო დადებული ყადაღა მოპასუხის მიერ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები). სწორედ ამ ნორმით მინიჭებული უფლება იცავს ერთ-ერთ მოპასუხეს (პროკურატურას) იმისგან, რომ პირველი მოპასუხის (მეუღლის) მიერ სარჩელის ცნობას არ მოჰყვეს სარჩელის დაკმაყოფილება. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე-მეუღლემ შეიძლება განკარგოს მხოლოდ თავისი უფლება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა დატვირთულია სხვა პირის უფლებით (მოპასუხე-კრედიტორის უფლებით, რაც უნდა განისაზღვროს იმ სამართლის ნორმით, რომელიც აძლევდა ამ მოპასუხეს ყადაღის გამოყენების უფლებას), მხოლოდ მოპასუხე-მეუღლის მიერ სარჩელის ცნობა არ გამოიწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას. ეს ურთიერთობა ეხება მოპასუხე-კრედიტორის მიერ თავისი უფლების გამოყენების მართებულობის შემოწმებას და იმის დადგენას, დაარღვია თუ არა მან მოსარჩელის უფლება. მოპასუხე-მეუღლის მიერ სარჩელის ცნობაში, კონკრეტულ შემთხვევაში არ იგულისხმება მოპასუხე-კრედიტორის უფლების განკარგვა, კერძოდ, მის მიერ სარჩელის ცნობა არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე-კრედიტორი ეთანხმება მის მიერ მოსარჩელის უფლების დარღვევას ან სხვაგვარად - მისი უფლების დაკმაყოფილებას. სარჩელის ცნობას არ მოჰყვება სარჩელის დაკმაყოფილება, თუ ამით მესამე პირის უფლებები ირღვევა. ამ შემთხვევაში კონსტელაცია - „ვინ, ვისგან, რას და რა საფუძვლით მოითხოვს“, ეხება, პირველ რიგში, მოსარჩელისა და მოპასუხე-კრედიტორის ურთიერთობას და შემდეგ, მოსარჩელისა და მოპასუხე-მეუღლის ურთიერთობას. ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის ცნობით დავა არ წყდება წინა ურთიერთობის სუბიექტებს შორის.

32. ამავე დასაბუთებით არასწორად არის დადგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ მეუღლეთა შორის დავალების ხელშეკრულების [სსკ-ის 709-ე-722-ე მუხლები] არსებობის ფაქტიც მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელის მეუღლეს მისი არსებობა სადავოდ არ გაუხდია. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მეუღლის მიერ ზეპირი დავალების ხელშეკრულების არსებობის ფაქტის შეუდავებლობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოსარჩელის სადავო ქონების მესაკუთრედ აღიარებისთვის.

33. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოებას, არსებობდა თუ არა მეუღლეებს შორის დავალების ურთიერთობა, რაიმე მნიშვნელობა არ გააჩნია მოსარჩელის მეუღლის მიერ შეძენილი ქონების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრისთვის.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ [სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები] და საერთო თანაზიარ საკუთრებად [სსკ-ის 1158-ე მუხლი: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი]. „ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს... თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ. სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის“ (იხ. სუსგ №ას-1426-1346-2017, 02 მარტი, 2018 წელი).

36. დადგენილია, რომ მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1988 წლის 17 დეკემბრიდან (იხ. ქორწინების მოწმობის ასლი, ტ. 1. ს. ფ. 24) [სსკ-ის 1151-ე მუხლი: მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება]. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის მეუღლემ ქ. თბილისში, შ-ს ქუჩა (ყოფილი ა.) ქ. №4, №6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №14 (ს/კ №0-...) შეიძინა 2011 წელს (იხ. 2011 წლის 26 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ტ. 1. ს. ფ. 99-102); ქ. თბილისში, პ----ის გამზირი №33 (გამზირი გ.)-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №4 (ს/კ №0-.) – 2003 წელს (იხ. 2003 წლის 13 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ტ. 1. ს. ფ. 1031-109), ხოლო ქ. ბათუმში, ყ-ის ქ. №11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №45 (ს/კ №0-.) – 2011 წელს (იხ. 2011 წლის 12 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს. ფ. 111-113). სადავო ავტომანქანაც შეძენილია მოსარჩელის მეუღლის მიერ 2011 წელს (იხ. ტ. 1. ს. ფ. 115-116).

37. სადავო არ არის ისიც, რომ მეუღლეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა, რაც ქონების განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმზე მიუთითებდა.

38. ამდენად, პრეზუმირებულია, რომ სადავო უძრავ-მოძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში“ (იხ. სუსგ №ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

40. მესაკუთრედ აღიარების ნაწილში მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა ის, რომ სადავო ნივთები არ წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მოსარჩელეს მათზე გააჩნია ინდივიდუალური საკუთრება [სსკ-ის 1161-ე მუხლი: თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით; 1162-ე მუხლი: ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით], რაც მან ვერ განახორციელა. სადავო უძრავ-მოძრავი ქონება ქორწინების განმავლობაშია შეძენილი და, ამასთან, არ დასტურდება აღნიშნული ქონების მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღების ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სადავო ქონება მან შეიძინა პირადად, საკუთარი სახსრებით და მეუღლე მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან გააჩნია დაბალი ანაზღაურება, არ წარმოადგენს საერთო ქონების მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.

41. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პროკურატურის პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია, სადავო უძრავ-მოძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, მასში თითოეული მეუღლის წილი თანაბარია და შეადგენს ½ ნაწილს [სსკ-ის 1159-ე მუხლის პირველი წინადადება: თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები; სსკ-ის 1164-ე მუხლი: მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ; სსკ-ის 1168.1. მუხლი: იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული]. გამომდინარე აქედან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე აღიარებულ უნდა იქნეს სადავო უძრავ-მოძრავი ქონების ½-ის ნაწილის მესაკუთრედ.

42. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და ხელშეშლის აღკვეთა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია.

43. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

44. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1. მუხლი].

45. საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს. „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

46. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

47. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, სსსკ-ის 3562 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს ქურდული სამყაროს წევრობისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სასამართლოს სარჩელით მიმართოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) წლის ვადაში, რასთან დაკავშირებითაც პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პუნქტი) და განმარტავს, რომ პროკურორისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის 10-წლიანი ვადის დაწესება არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას დაიცვას თავისი ქონება დაუშვებელი ხელყოფისაგან, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მესაკუთრეს ეკისრება თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ვალდებულება [სსსკ-ის 3563 მუხლის მე-6 ნაწილი: მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ].

48. ამდენად, მეორე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა არა მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, არამედ, აღნიშნული დავის განხილვის თავისებურების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების დამტკიცებაც, რომ სადავო ქონება კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით არის შეძენილი.

49. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ამჟამად საქმიანობს რუსეთის ფედერაციაში. იგი 2001 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 2 ივლისის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ქ -ში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მომარაგების დარგში და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 150 000 რუბლს. ამის შემდეგ, 2008 წლის 27 ივლისიდან 2010 წლის 10 ივნისის ჩათვლით, იგი მუშაობდა შპს „№-ში“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 162 068.51 რუბლს. 2010 წლის 28 ივნისიდან მოსარჩელე მუშაობს შპს ,,ს.“-ში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 155 000 რუბლს.

50. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე რეგულარულად უგზავნიდა თანხას მეუღლეს. საქმის მასალების თანახმად, 2008-2014 წლებში მას მეუღლის ანგარიშზე სს „ს-ში“ ჩარიცხული აქვს 238 842 აშშ დოლარი, მათ შორის: 2008 წელს - 45, 2009 წელს - 2000, 2010 წელს - 48210, 2011 წელს - 80933, 2012 წელს - 42730, 2013 წელს - 60180, 2014 წელს - 4744 აშშ დოლარი; სს „ლ-ში“ გახსნილ პირველი მოპასუხის ანგარიშზე 2009-2012 წლებში ჩარიცხული აქვს 70723 აშშ დოლარი, მათ შორის: 2009 წელს - 9000, 2010 წელს - 14500, 2011 წელს - 19684, ხოლო 2012 წელს - 27539 აშშ დოლარი.

51. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ფაქტების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მეუღლეს ჰქონდა საკმარისი, კანონიერი შემოსავალი სადავო ქონების შესაძენად.

52. კასატორი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას მხოლოდ იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელის მეუღლის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 337 ლარს, რაც გამორიცხავდა მის მიერ სადავო ქონების კანონიერი საშუალებებით შეძენის ფაქტს. საკასაციო პალატა პროკურატურის აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლემ მოსარჩელის მიერ გადმორიცხული ფულადი სახსრებით შეიძინა თანასაკუთრებაში არსებული სადავო ქონება, მოსარჩელის მეუღლის დაბალი ანაზღაურების ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო პალატის დასკვნას არ ეწინააღმდეგება.

53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დადასტურდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით [სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი: კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). სსკ-ის 1170.3 მუხლი: ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით]. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა. განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული გარემოება, რომ სადავო ქონება მის მიერ კანონიერი და დასაბუთებული შემოსავლით არის შეძენილი. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სადავო ქონებაზე ყადაღის შენარჩუნების კანონიერი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეს, ხოლო მოსარჩელის მეუღლეს არ მოუთხოვია მის თანასაკუთრებაში არსებული სადავო ქონების დარჩენილი ½ ნაწილის ყადაღისგან გათავისუფლება და ხელშეშლის აღკვეთა [სსსკ-ის 248-ე მუხლი: სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა], საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების ყადაღისგან გათავისუფლებისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნას მისი მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სადავო უძრავ-მოძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ, უძრავი ნივთები ½ ნაწილში გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან, ხოლო სადავო ავტომანქანა ½ ნაწილში გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან და ზემოაღნიშნულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ½ ნაწილში აღიკვეთოს ხელშეშლა.

56. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

57. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

58. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ გადაიხადა 2541 ლარი (იხ. ტ. 1. ს. ფ. 181). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2541 ლარის ნახევრის 1270,5 ლარის გადახდა.

59. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

60. მოცემულ დავაში აპელანტსა და კასატორს წარმოადგენდა პროკურატურა, რომელიც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის [საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე] თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო აპელანტი, კასატორი (მოპასუხე), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

61. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მესაკუთრედ ცნობას, ქონების ყადაღისგან გათავისუფლებასა და ხელშეშლის აღკვეთას. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის შემთხვევაში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. სადავო უძრავ-მოძრავი ქონების ფასი, საქმის მასალებში არსებული აუდიტორული დასკვნების შესაბამისად, განისაზღვრება 84700 ლარით (საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0-....) ღირებულებაა 20 000 ლარი (იხ. ტ. 1. ს. ფ. 103); საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0--...) – 35 000 ლარი (იხ. ტ. 1. ს. ფ. 110); საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0-...) – 25 000 ლარი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 114), ხოლო ავტომანქანის ღირებულებაა 4700 ლარი (იხ. ტ. 1. ს. ფ. 118)). სსკ-ის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. გამომდინარე აქედან, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 169400 ლარით (84700 x 2).

62. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოებისთვის დავის საგნის ღირებულების 4%-ისა და 5%-ის გადახდა სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ვინაიდან დავის საგნის 4% შეადგენს 6776 ლარს (169400 ლარის 4%), ხოლო 5% - 8470 ლარს, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელია ფიზიკური პირისთვის დადგენილი მაქსიმალური ბაჟის თანხა - 5000 ლარი [სსსკ-ის 39.3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი], ხოლო საკასაციო საჩივარზე - 6000 ლარი [სსსკ-ის 39.3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტი]. გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს ორივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 11000 ლარის (5000 ლარს +6000 ლარი) ნახევარი - 5500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. მ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. მ. ხ-ე ცნობილ იქნას ი. ყ–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონებების: 1. საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, შ-ს ქუჩა (ყოფილი ა.) ქ. №4, №6, ბინა №14 (ს/კ №0-.), 2) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, პ-ის გამზირი №33 (გამზირი გ.) ბინა №4 (ს/კ №0-.), 3) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ყ-ის ქ. №11, ბინა №45 (ს/კ №0-...) და 4) მსუბუქი ავტომანქანა, მოდელი „ტოიოტა ვიტზი“, გამოშვებული 2002 წელს, სანომრე ნიშნით „ი.“, ½ ნაწილის მესაკუთრედ;

5. უძრავი ქონებები: 1. საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, შ-ს ქუჩა (ყოფილი ა.) ქ. №4, №6, ბინა №14 (ს/კ №0-.), 2) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, პ-ის გამზირი №33 (გამზირი გ.) ბინა №4 (ს/კ №0-...), 3) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ყ-ის ქ. №11, ბინა №45 (ს/კ №0-....) ½ ნაწილში გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან, ხოლო მსუბუქი ავტომანქანა, მოდელი „ტოიოტა ვიტზი“, გამოშვებული 2002 წელს, სანომრე ნიშნით „ი.“ ½ ნაწილში გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღისაგან და ზემოაღნიშნულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ½ ნაწილში აღიკვეთოს ხელშეშლა;

6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მ. ხ-ის (პ/ნ: 6-...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2541 ლარის 50%-ის - 1270 (ერთი ათას ორას სამოცდაათი) ლარისა და 50 თეთრი გადახდა;

7. მ. ხ-ეს (პ/ნ: 6-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150) დაეკისროს 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის გადახდა;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე