საქმე №ას-978-2019 11 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. ჯ-ა, ქ. ხ-ი (მოსარჩელე, აპელანტები)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ი, გ. კ-ი, გ. კ-ი, ნ. კ-ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. კ-ი, ნ. ჯ-ა (ქორწინებამდელი გვარი „კ-ი“) და ქ. ხ-ი წარმოადგენენ გ. კ-ის და ც. ხ-ის შვილებს.
2. ც. ხ-ი და გ. კ-ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 19... წლის ... აპრილიდან. ისინი განქორწინდნენ 19... წლის .... დეკემბერს.
3. თ. კ-ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ტ-ი“) და დ. კ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 19... წლის ... ივნისიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 19... წლის ... აგვისტოს დაბადებული გ. კ-ი, 1990 წლის 27 აგვისტოს დაბადებული გ. კ-ი და 19... წლის ... ივლისს დაბადებული ნ. კ-ი.
4. გ. კ-ი გარდაიცვალა 19... წლის ... დეკემბერს.
5. 20... წლის 08 სექტემბერს გ. კ-ის დანაშთ ქონებაზე დ. კ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ მამკვიდრებელ გ. კ-ის მემკვიდრედ ცნობილია შვილი დ. კ-ი. სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდრო მასაში შემავალ ავტომანქანა ,,გაზ 24“-ზე (გამოშვებული 19... წელს, სახელმწიფო ნომერი - ...., ძარა 65...).
6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, სადავო უძრავი ქონება, კასპის რაიონი, ს. ქუჩა N..., მესაკუთრეთა, მოსარგებლეების გრაფაში მითითებულია გ. კ-ი და ლ. კ-ი-მ-ი. აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი წარმოადგენდა გ. კ-ის დანაშთ სამკვიდრო მასას.
7. დ. კ-ი გარდაიცვალა 20... წლის ... სექტემბერს; მას დარჩა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები: მეუღლე - თ. კ-ი, შვილები: გ. კ-ი, გ. კ-ი და ნ. კ-ი, დედა - ც. ხ-ი.
8. დ. კ-ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ..., გ. ბ. ქ. N..., ბინა N....
9. 2014 წლის 20 მაისს გ. კ-მა მიმართა ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ მას მამის, დ. კ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით არ მიუღია და აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება თ. კ-ის მიმართ. სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ იმავე შინაარსის განცხადებით მიმართეს ასევე დ. კ-ის პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებმაც, გ. კ-მა - 2014 წლის 28 აპრილს, ხოლო ნ. კ-მა - 2014 წლის 03 მაისს.
10. 20... წლის ... მაისს გარდაცვლილი დ. კ-ის მეუღლის- თ. კ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ. კ-მა, როგორც დ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ. ბ. ქუჩა N..., ბინა N.... აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნამდეც ირიცხებოდა დ. კ-ის და თ. კ-ის თანასაკუთრების უფლება; 2014 წლის 28 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე კი, უძრავი ქონების დანარჩენ ნაწილზეც დარეგისტრირდა თ. კ-ის საკუთრების უფლება;
11. 2015 წლის 22 სექტემბერს თ. კ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, თ. კ-მა, როგორც დ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, უძრავი და მოძრავი ქონება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე და ხელფასზე, მათი არსებობის შემთხვევაში და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივებით მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, და ასევე, დ. კ-ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ. კ-ის (გარდაცვალების თარიღი ... წელს) დანაშთი ქონება, კერძოდ, ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეოებების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა.
12. 20... წლის ... სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი კასპი, ... N..., 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. კ-ის სახელზე;
13. 2017 წლის 26 ივნისის დადგენილებით უარი ეთქვა ც. ხ-ს სამკვიდრო მოწმობის სანოტარო წესით დადასტურებასა და გაცემაზე მისი აწ გარდაცვლილი შვილის - დ. კ-ის და სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის - გ. კ-ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა;
14. 2017 წლის 13 ივლისს დადგენილებით უარი ეთქვას მოსარჩელეებს: ქ. ხ-ს და ნ. ჯ-ას სამკვიდრო მოწმობის ნოტარიული წესით დადასტურებასა და გაცემაზე აწ გარდაცვლილი მამის - გ. კ-ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 20... წლის ... სექტემბერს უკვე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა.
15. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, 2013 წლის 08 სექტემბერს გარდაცვლილი დ. კ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერი: 1. 2017 წლის 20 ივნისს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ ც. ხ-ის სახელით დამოწმებული განცხადება რეგისტრაციის N170682...). 2. 20... წლის ... ივნისს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ ც. ხ-ის სახელით დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N17068...). 3. 20... წლის ... სექტემბერს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა; 4. 20... წლის ... აგვისტოს ნოტარიუს თ. ბაქრაძის მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. 5. 2014 წლის ... მაისს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში კი, არ მოიძებნა ჩანაწერი 20... წლის ... სექტემბერს გარდაცვლილი დ. კ-ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
16. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, 19... წლის ... დეკემბერს გარდაცვლილი გ. კ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერი: 20... წლის ... ივნისს ნოტარიუსს თ. ბ-ის მიერ ციალა ხომერიკის სახელით დამოწმებული განცხადება (რეგისტრაციის N17068...); 2. 20... წლის ... ივნისს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ ც. ხ-ის სახელით დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ გაცხადება (რეგისტრაციის N17068....); 3. 20... წლის ... სექტემბერს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 4. 20... წლის ... სექტემბერს ნოტარიუსს მ. წ-ის მიერ შესრულებული სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება; ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი გ. კ-ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
17. ინდივიდუალურმა აუდიტორმა თ. კ-ემ შეაფასა სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი კასპი, ... ქ. N... მესაკუთრეები: ლ. მ-ი, თ. კ-ი. უძრავი ქონების მახასიათებლებია: მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 663.00 კვ.მ., შენობა-საცხოვერებელი სახლი - 416.03 კვ.მ., ძველი აშენებული, გაურომენტებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქონება აუდიტორის მიერ შეფასდა 25 000 ლარად;
18. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი ..., მარკა, მოდელი - „გაზ 24“, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 19...., შასის ნომერი - 661..., ძარის ნომერი - 653...., ძრავის ნომერი - 1111..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - AE0061..., გაცემული ...4წ, ...4წ ლიდან ...4 წლამდე რეგისტრირებული იყო თბილისი, ..., გ. ბ. ქ. ..., ბინა ...-ში მცხოვრებ დ. კ-ის სახელზე. ...4 წლიდან რეგისტრირებულია ახმეტა, ს. ... მცხოვრებ ა. ხ-ის სახელზე;
19. ნ. ჯ-ამ და ქ. ხ-მა სარჩელი აღძრეს თ. კ-ის, გ. კ-ის, გ. კ-ისა და ნ. კ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ა) 20.. წლის 0... სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის N2-..., 20... წლის ... მაისის სამკვიდრო მოწმობის N140536... და 20... წლის ... სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის N151049... ნაწილობრივ ბათილად ცნობა (კერძოდ, დ. კ-ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის, გ. კ-ის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილში ნ. ჯ-ას წილის და 1/3 ნაწილში ქ. ხ-ის წილის მიხედვით). ბ) დ. კ-ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ. კ-ის დანაშთი უძრავი ქონების, მდებარე ქ. კასპი, გ. ს. ქ. N.., ს/კ 67.01.54...., 1/2 ნაწილის 1/3 ის მესაკუთრედ ნ. ჯ-ას, ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ქ. ხ-ის ცნობა; გ) მოპასუხეებისათვის თ. კ-ის, გ. კ-ის, გ. კ-ის და ნ. კ-ისათვის მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ 166.66 ლარის, ხოლო ქ. ხ-ის სასარგებლოდ 166.66 ლარის დაკისრება;
20. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელეების ძმის, დ. კ--ის მეუღლემ თ. კ-მა კანონდარღვევით მიიღო თავისი მეუღლის დ. კ-ის და მის სამკვიდროში შემავალი გარდაცვლილი მამის, გ. კ-ის დანატოვარ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა 20... წლის ... მაისს (სანოტარო აქტი N14053...) და 20... წლის ... სექტემბერს (სანოტარო აქტი N15104...).
21. მოსარჩელეთა მითითებით გარდაცვლილი გ. კ-ის სამკვიდრო მასაში შედიოდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქალაქი კასპი, გ. ს. ქუჩა N..., 1/2 ნაწილი და ავტომანქანა ,,გაზ 24“, გამოშვებული 1980 წელს, სახელმწიფო ნომერი - ..., ძარა 653....
22. გარდაცვლილი გ. კ-ს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ნ. ჯ-ა, ქ. ხ-ი და დ. კ-ი, რომელიც გარდაიცვალა 20... წლის ... სექტემბერს. ხოლო დ. კ-ს ჰყავდა კიდევ ერთი პირველი რიგის მემკვიდრე, დედა - ც. ხ-ი. შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა ...4 წლიდან რეგისტრირებულია ახმეტა, ს. ... მცხოვრებ ა. ხ-ის სახელზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ ავტომანქანის ღირებულების დაკისრებას მათი კუთვნილი წილების პროპორციულად.
23. მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც მიუთითეს, რომ თ. კ-მა სამკვიდრო მოწმობა მიიღო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ჯერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა დ. კ-იდან მოპასუხე თ. კ-ის სახელზე და შემდეგ გ. კ-ის დანაშთ ქონებაზე. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ ავტომანქანაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა დ. კ-ის სახელზე და ეს ფაქტი მოსარჩელეებისათვის კარგად იყო ცნობილი და დავითის სიცოცხლეში ამაზე პრეტენზია არ ჰქონიათ. მოსარჩელეები არიან მემკვიდრეები, მაგრამ სამკვიდროს მიღებას აქვს კანონით განსაზღვრული ვადა, ასევე კანონის თანახმად, სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმა სადავო უნდა გაეხადათ მოსარჩელეებს 2 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მათ შეიტყვეს, რომ ამისთვის არსებობდა სათანადო საფუძველი. ამ შემთხვევაში, სადავო სამკვიდრო მოწმობები გაცემულია ....0 წელს და ...4 წელს. მოსარჩელეთა მამის სამკვიდროს წარმოადგენდა ავტომანქანა ,,გაზ 24“, რომლითაც დადიოდა მისი შვილი, დ. კ-ი. მისი გადაფორმება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოახდინა მოსარჩელეთა ძმამ, დ. კ-მა. აღნიშნულის შესახებ იცოდა ორივე მოსარჩელემ, მათ ამის შესახებ სარჩელის შემოტანამდე პრეტენზია არ განუცხადებიათ. სარჩელს ერთვის უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, დათარიღებული ...7წ. და სარჩელიც თითქოს შემოტანილია კანონის დაცვით 2 თვიან ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ სამკვიდრო მოწმობების არსებობის შესახებ, 2000 წლიდან და 2014 წლიდან და მათ ორი თვის ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. არც ერთი მოსარჩელე არ გამოჩენილა სამკვიდროს ადგილსამყოფელზე კასპში. მოსარჩელეები მოვიდნენ ორმოცზე. ასევე გამოჩნდნენ მას შემდეგ, როდესაც სარჩელი წარადგინეს სასამართლოში. არანაირი შესაწევარი მათ არ გაუღიათ, არც გასვენების ხარჯი გაუღიათ და არც სამკვიდროს დაუფლებიან. 200... წლის ... სექტემბერს სამკვიდრო მოწმობა N2-...-ის გაცემა მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. არც ნ. ჯ-ას და არც ქ. ხ-ს არ წარუდგენიათ განცხადება სანოტარო ბიუროში კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში და არც მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაუფლებიან კანონით დადგენილ ვადაში.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა და გაუქმდა ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
25. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
27. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-25-ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება.
28. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი გ. კ-ი გარდაიცვალა 19... წლის ... დეკემბერს. გარდაცვალების მომენტისათვის სახეზე იყვნენ კანონისმიერი პირველი რიგის შემდეგი მემკვიდრეები შვილები: დ. კ-ი, ნ. ჯ-ა (ქორწინებამდელი გვარი „კ-ი“) და ქ. ხ-ი.
29. თ. კ-ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ტ-ი“) და დ. კ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 19... წლის .. ივნისიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: გ. კ-ი, გ. კ-ი და ნ. კ-ი (იხ. ტ.1, ს.ფ. 57; 264-268).
30. 20... წლის ... სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, გ. კ-ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა შვილი დ. კ-ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 58);
31. გ. კ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონების მდებარე - კასპის რაიონი, ს. ქუჩა N..., ½ ნაწილი.
32. 20... წლის ... სექტემბერს გარდაცვლილი დ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან - მეუღლე თ. კ-ი, შვილები: გ. კ-ი, გ. კ-ი და ნ. კ-ი, დედა - ც. ხ-კი.
33. 20... წლის ... მაისს თ. კ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ. კ-მა, როგორც დ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ. ბ. ქუჩა N..., ბინა N....
34. 20... წლის ... მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, გ. ბ. ქუჩა N..., ბინა N...) დარეგისტრირდა თ. კ-ის საკუთრების უფლება.
35. 20... წლის ... სექტემბერს თ. კ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ. კ-მა, როგორც დ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა. ასევე, დ. კ-ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ. კ-ის (გარდაცვალების თარიღი ...7 წელს) დანაშთი ქონება, კერძოდ, ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა;
36. ...5 წელს გაცემული დამატებითი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი კასპი, გ. ს. N..., 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. კ-ის სახელზე.
37. 20... წლის ... ივლისს დადგენილებით ქ. ხ-ს და ნ. ჯ-ას უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის ნოტარიული წესით დადასტურებასა და გაცემაზე აწ გარდაცვლილი მამის გ. კ-ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 20... წლის ... სექტემბერს უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტომი 1, ს. ფ. 94-95).
38. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან გ. კ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითებენ, რომ ისინი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლენ მამის - გ. კ-ის სამკვიდროს. მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით, აპელანტები მიუთითებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე.
39. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
40. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება, მამის - გ. კ-ის სამკვიდროს, ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის მხარეზე დაკითხულმა მოწმეებმა: ლ. მ-მა (მამკვიდრებლის და), მართალია მიუთითა მოსარჩელეთა მიერ გარკვეული ნივთების წაღების შესახებ, თუმცა მისივე განმარტებით, ეს ნივთხები მოსარჩელეებმა მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე წაიღეს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. სხდომის ოქმი, 17.01.59სთ; 17.05.27სთ; 17.08.05სთ; 17.25.35სთ). ქ. ც-ე მიუთითებს (ნ. ქ-ას ბავშვობის მეგობარი), მოძრავი ნივთების - „თასის“, „ავტომანქანის“ დაუფლებაზე, რომელიც მისი განმარტებით ჩამოტანილი ჰქონდა მოსარჩელეს კასპიდან, თუცმა აღსანიშნავია, რომ მოწმე სარწმუნოდ და ვერ უთითებს დროის პერიოდზე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რა პერიოდში მოხდა ნივთების დაუფლება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. სხდომის ოქმი). რაც შეეხება ლ. შ-ას ჩვენებას (მამკვიდრებლის ნათლული), მისი განმარტებით, სადავო სახლის - ჭიშკრის გასაღები ეკიდა გარეთ.., მოსარჩელეებმა მოძრავი ნივთები წამოიღეს მაშინ როდესაც მამკვიდრებელი ახალი გარდაცვლილი იყო, მოწმემ აღნიშნული პერიოდი დაუკვაშვირა ნაახალწლევს, იანვრის თვეს, მისი განმარტებით იყო გარდაცვლილის დაბადების დღე და გასულები იყვნენ საფლავზე, რის შემდეგაც მამამისი დაეხმარათ გარკვეული ნივთების მანქანაში ჩალაგების პროცესში. მოწმე უთითებს ავტომანგანის მოდელზე, რომელიც მისი განმარტებით ხელში ეჭირა ნ. ჯ-ა შვილს. (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2018წ. სხდომის ოქმი 15.54.სთ.). ამასთან, ახსანიშნავია, რომ მოწმე ლ. მ-ის ჩვენების მიხედვით, ძმის გარდაცვალების შემდგომ ავტომანგანის მოდელი მას ჰქონდა შენახული რამოდენიმე წელი, რომელიც მან გადასცა მოსარჩელეებს მამამისის სახსოვრად (თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. სხდომის ოქმი 17.09.36 სთ). ამდენად, მოწმეები იძლევიან ურთიერთსაწინაარმდეგო ჩვენებას, რაც ბუნებრივია მითითებული ფაქტის არსებობიდან დროის ხანგრძლივი ინტერვალის გასვლის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებები მათი არადამაჯერებელი შინაარსის გათვალისწინებით ვერ გახდება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. გარდა ამისა მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეებს, ასევე არ მიუთითებიათ ისეთი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებას დაადასტურებდა ((იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. და 06.07.2018წ. სხდომის ოქმები)
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხთან დაკავშირებით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, მასზედ, რომ მოსარჩელეები ნ. ჯ-ა და ქ. ხ-ი ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებიან მამის – გ. კ-ის სამკვიდრო ქონებას.
42. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეებმა, რომელმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
43. კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ მისცა მოსარჩელეებს საშუალება წარედგინათ მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმედ დაეკითხა მოსარჩელეთა დეიდაშვილი - ნ. რ-ე-მ-ი, როდესაც იგი იმყოფებოდა საქართველოში, არც დისტანციურად დაკითხა იგი და არც სანოტარო ფორმით შედგენილი განმარტება მიიღო მტკიცებულების სახით. თუმცა, ამ უკანსკნელს შეეძლო დაედასტურებინა, რომ კასატორებმა დადგენილ 6-თვიან ვადაში მიიღეს სამკვიდრო.
44. კასატორები მიუთითებენ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელეებს სახლში არ უცხოვრიათ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვიან ვადაში და ამ ვადაში არც ქონებას მართავდნენ და სარგებლობდნენ. აღნიშნულ ფაქტის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმე ლ. მ-ის განმარტებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ ლ. მ-ი არის 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელსაც გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია გულზე. იგი ვერ ერთსა და იმავე კითხვაზე სხვადასხვა პასუხს სცემდა, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებულ მათი პოზიცია აღნიშნული მოწმის ჩვენების არასარწმუნოობასა და არასანდოობასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ უარყო. ამას გარდა, სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. და ნ. კასპში იყვნენ წასულები, საიდანაც წამოიღეს მამის კუთვნილი ნივთები (ლოგინი, ზეწრები, ბალიშები, მუთაქები და ადიელები).
45. კასატორები აღნიშნავენ, რომ არცერთ მოპასუხეს არ უცხოვრია მუდმივად სამკვიდრო სახლში. ყველა მოპასუხეს აქვს ბინა თბილისში და მათი ძირითადი საცხოვრებელი თბილისია.
46. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეთა მოწმეების განმარტებით მოსარჩელეები პერიოდულად ჩადიოდნენ სამკვიდრო სახლში, მათ იცოდნენ თუ სად იყო ეზოში და სახლში შესასვლელი გასაღებები განთავსებული. ამ მტკიცებულებების ფონზე, კასატორებისთვის გაუგებარია თუ რატომ უარყო სასამართლმ მოსარჩელეთა მხრიდან სამკვიდროს 6 თვიან ვადაში ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი.
47. კასატორების მითითებით სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რატომ უარყოფს მოსარჩელეთა მხარეზე დაკითხულ მოწმეებს და რატომ იღებს მხედველობაში მოპასუხეთა მხარეზე დაკითხულ მოწმეებს.
48. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოწმე ქ. ც-ემ დაადასტურა თასის ე.წ. ვიმპელების დაუფლების ფაქტი. მოწმემ აღნიშნა, რომ ნ. და ნ. ბავშვთან ერთად გამოიარეს ჩემთან (თბ., .... მასივი) სახლში და თან ჰქონდათ გადაცვლილი მამის ნივთები წამოღებულიო.
49. მოწმე ლ. შ-ამ კი, დაადასტურა, რომ გ. იყო მისი ნათლია, ის მამის მანქანით ჩადიოდა მამასთან კასპში, გ. გარდაცვალების შემდეგ მამის მანქანით წამოაღებინა ქ. და ნ. სამკვიდრო ნივთები. 19... წლის იანვრის დასაწყისში, კერძოდ, ხალიჩა. ასევე აღნიშნა, რომ რკინის მანქანა-საფერფლე ხელში ეჭირა ბავშვს - ლ. (ნ. შვილს), ხოლო ნ. ხელში ეჭირა ქარვის ჭიქა და ეშინოდა რომ არ გატეხოდა.
50. მოწმე რ. ტ-ე აღნიშნავდა, რომ ის დაეხმარა ნ. მამის დაკრძალვაში და ასესხა 1200 აშშ დოლარი. ორმოცზე კი, მეზობლებმა აკრიბეს თანხა. მერე კი, თქვა რომ ეს თანხა ორმოცის ხარჯებს არ ეყოფოდა. კასატორებისთვის გაუგებარია აღნიშნული მოწმის ჩვენებას რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
51. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კასატორების მოსაზრებით, მათ შესძლეს სამკვიდრო მასაში შემავალი როგორც უძრავი ასევე მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტის დადასტურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
53. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
54. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ქ. ხ-ს და ნ. ჯ-ას მამის, გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ (1997 წლის 12 დეკემბერი) ექვსი თვის ვადაში დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. 2017 წლის 13 ივლისის დადგენილებით კი, მოსარჩელეებს: ქ. ხ-ს და ნ. ჯ-ას უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის ნოტარიული წესით დადასტურებასა და გაცემაზე აწ გარდაცვლილი მამის - გ. კ-ის დანაშთ ქონებაზე (იხ. ტომი 1, ს. ფ. 94-95).
55. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ ხდიან გარდაცვლილი გ. კ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას და თავიან პრეტენზიას ამყარებენ გარდაცვლილის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაეუფლების ფაქტზე. თავიანთი პრეტენზიების დასაბუთებას კი, კასატორები ცდილობენ მოწმეთა ჩვენებებით. ისინი მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის რელევანტური მოწმე - მოსარჩელეთა დეიდაშვილი - ნ. რ-ე-მ-ი, არ დაჰკითხა და არც მისი ნოტარიულად დადასტურებული განმარტება მიიღო, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს შეეძლო დაედასტურებინა, რომ კასატორებმა 6-თვიან ვადაში მიიღეს სამკვიდრო. (იხ., ამ განჩინების პ. 43).
56. საკასაციო პალატა კასატორების პრეტენზიას მტკიცებულებათა არამართლზომიერი მიუღებლობის შესახებ ვერ გაიზიარებს და პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა მოწმედ ნ. რ-ის დაკითხვისა და ამავდროულად, ამავე პირის წერილობითი განმარტების საქმისათვის დართვის შესახებ (იხ., სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 10:46 სთ. და 10:53 სთ.). ამავე ოქმით აპელანტებს განემარტათ, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ საოქმო განჩინება გაესაჩივრებინათ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. თუმცა, დადგენილია, რომ აპელანტებს (კასატორებს) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი, რომლითაც უარყოფილი იქნა მათი შუამდგომლობები (მოწმის დაკითხვა, წერილობითი განმარტების საქმეზე დართვა) საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ს.ფ. 90. ტ.3).
57. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების (კასატორები) დეიდაშვილის - ნ. რ-ის მოწმის სახით დაკითხვა და/ან მისივე წერილობითი ახსნა განმარტების საქმისათვის დართვა, დაუშვებელი იყო სსსკ-ის 219-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლითაც, სახელდობრ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შეადრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითებისასთან დაკავშირებით სუსგ-ები №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49). მოცემულ შემთხვევაში, მოწმის სახით ნ. რ-ის დაკითხვასა და მისივე წერილობითი ახსნა-განმარტების საქმისათვის დართვის შესახებ, მოსარჩელეებს (კასატორები) სარჩელში არ მიუთითებიათ. შესაბამისად, ამ მტკიცებულებათა მიუღებლობის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინეს.
58. რაც შეეხება კასატორების დანარჩენ საკასაციო პრეტენზიებს, რომლებიც გ. კ-ის სამკვიდრო ქონების მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლების სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებას შეეხება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც ამ ნაწილშია დასაშვები და დასაბუთებული. კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა პრეტენზიას გარდაცვლილი გ. კ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების შესახებ მოპასუხებმა დაუპირისპირეს შესაგებელი რომლის მიხედვით, „..მოსარჩელეთა მამის სამკვიდროს წარმოადგენდა ავტომანქანა ,,გაზ 24“, რომლითაც დადიოდა მისი შვილი, დ. კ-ი. მისი გადაფორმება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოახდინა მოსარჩელეთა ძმამ, დ. კ-მა. აღნიშნულის შესახებ იცოდა ორივე მოსარჩელემ, მათ ამის შესახებ სარჩელის შემოტანამდე პრეტენზია არ განუცხადებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ სამკვიდრო მოწმობების არსებობის შესახებ, 2000 წლიდან და 2014 წლიდან და მათ ორი თვის ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. არც ერთი მოსარჩელე არ გამოჩენილა სამკვიდროს ადგილსამყოფელზე კასპში. არც ნ. ჯ-ას და არც ქ. ხ-ს არ წარუდგენიათ განცხადება სანოტარო ბიუროში კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში და არც მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაუფლებიან კანონით დადგენილ ვადაში...“ (იხ., შესაგებელი ამ განჩინების პ-23). ამასთან, საქმის მასალებითაა დადგენილი, რომ მოსარჩელეებს მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ უცხოვრიათ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. კასპი, გ. ს. N....-ში, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მართვა და სარგებლობა არ განუხორციელებიათ. მოსარჩელეებს მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელი სახლის კომუნალური გადასახადები არ გადაუხდიათ და ამ ქონებაზე მოვლა-პატრონობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენიათ. უფრო მეტიც, საკასაციო პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლიანა მერებაშვილის ჩვენებაზე, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეების გარდაცვლილი მამის, გ. კ-ის დას (მოსარჩელეთა მამიდა). მისი განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სახლის ნახევარი არის მისი კუთვნილება. სახლი გაყოფილი არ ყოფილა, თუმცა მოწმე მიუთითებს, რომ სახლის მარჯვენა ნაწილი მას ეკუთვნოდა, ხოლო მარცხენა მის ძმას გ. კ-ს. საძინებელი ოთახები ჰქონდათ ცალ-ცალკე, თუმცა სამზარეულო, მისაღები, მარანი იყო საერთო სარგებლობაში. ლ. მ-ი მიუთითებს, რომ ქ. ხ-ს, ნ. ჯ-ას მამამ გ. კ-მა ხალიჩა, ლოგინი აჩუქა სიცოცხლეშივე. თავად გ. კ-ს კი აღნიშნული ხალიჩა და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაცემული ჰქონდა დედისგან, ნ. კ-ისაგან. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს როდის წაიღო აღნიშნული ნივთები ქ. ხ-მა და ნ. ჯ-ამ. მოწმის მითითებით, შესაძლოა აღნიშნული ნივთები მოსარჩელეებს, თავისი ძმის სიცოცხლეში გაცემული ნებართვის შესაბამისად გადასცა მისი გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის მერე. რაც შეეხება გურამ კულუმბეგაშვილის კუთვნილ ნივთს - ავტომანქანა (სუვენირის), რომელიც მას, როგორც ავტომრბოლელს, გადასცეს პრიზის სახით, მოწმე ლ. მ-ის განმარტებით, გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ, წამოიღო მან (ლ. მ-მა) და იგი ინახავდა რამდენიმე წელი და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადასცა ეს ნივთი ძმისშვილებს ნ. ჯ-ას და ქ. ხ-ს. ლ. მ-ი ძირითადად ცხოვრობდა კასპის რაიონში, სადავო საცხოვრებელ სახლში და ასევე, იმყოფებოდა თბილისშიც. ასაკის გამო ამჟამად, ხშირად ვეღარ ახერხებს ჩასვლას. ლ. მ-ი აცხადებს, რომ მოსარჩელეები ქ. ხ-ი და ნ. ჯ-ა ჩამოდიოდნენ სოფელში მამის გარდაცვალების შემდეგაც, მიდიოდნენ საფლავზე და იშვიათად რჩებოდნენ ხოლმე, რა დროსაც მამიდა, ლ. მ-ი მასპინძლობდა მათ (იხ.,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების პ. 3.2.1). კასატორებს მოცემულ შემთხვევაში, მითითებული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სპირისპოროდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
59. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლით განსაზღვრულ. ის იურიდიული მოქმედებები, რაც, სამართლებრივად სამკვიდროს მიღებად განიხილება, კერძოდ, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამასთანავე, იმისათვის, რათა მემკვიდრემ გარდაცვლილი პირის ქონებაზე საკუთრება მოიპოვოს, დაცული უნდა იყოს ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის წინაპირობა - სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ასეთ შემთხვევაში, პირი, რომელმაც ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა სამკვიდროს გახსნის დღიდან (სკ 1433-ე მუხლი). როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელეებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებაზე დააფუძნეს, რაც მათ მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ისინი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენების შეფასებასაც (სსსკ-ის 105-ე მუხლი), თუმცა, არც ამ განჩინების პპ:44 და 50 -ში მითითებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრტენზია.
60. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. საპროცესო ხარჯები:
64. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ქ. ხ-ს სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უკან უნდა დაუბრუნდეს 126.7 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ მას საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 216.70 ლარი (იხ., ტ.3. ს.ფ. 103), ხოლო დარჩენილი 83.3 ლარი გადავადებული ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საქმის გადაწყვეტამდე.
65. ნატალია ჯიქია კი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ასა და ქ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ქ. ხ-ს (პ/ნ 0101702...) უკან დაუბრუნდეს ...9-ში ნ. ჯ-ას მიერ საგადახდო დავალება N804866... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (216.70 ლარი) 126.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე