საქმე №ას-1107-2019 11 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა. ლ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გაგნიძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 თებერვლის განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლებით შეიძინა უძრავი ქონება, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბაჟის 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; ბ) მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა; გ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
7. ხსენებული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2019 წლის 21 მარტს.
8. 2019 წლის 1 აპრილს აპელანტი მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
9. სააპელაციო პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; ბ) მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა; გ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
10. ხსენებული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2019 წლის 4 მაისს.
11. 2019 წლის 10 მაისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (განცხადებას ერთვის სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი).
12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის განმარტებით, მან წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. განცხადებას კი ერთვის სააპელაციო საჩივარი, რომელშიც არ არის მითითებული, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა; არ არის მითითებული გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი სრულად არ შეავსო (არ მიუეთითა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, არ მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2019 წლის 4 მაისს, მისთვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 5 მაისიდან, აღნიშნული ვადა ამოწურა 2019 წლის 13 მაისს.
14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა სრულად არ შეავსო ხარვეზი მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო საჩივარში, თუმცა მორიგების იმედით დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დასაბუთება საჭიროდ არ ჩათვალა.
17. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არაერთ საქმეზე მიუღია წარმოებაში სააპელაციო საჩივარი, რომელშიც საუბარი იყო მხოლოდ მხარეთა მორიგებაზე და ნახსენები არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული დარღვევები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
22. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბაჟის 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; ბ) მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა; გ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
23. აღნიშნული ვადა აპელანტის მოთხოვნით 7 დღით გაგრძელდა, ამასთან, აპელანტს განემარტა მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები.
24. ხსენებული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2019 წლის 4 მაისს.
25. 2019 წლის 10 მაისს მან განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რადგან ხარვეზის განჩინებით აპელანტს დაეკისრა რამდენიმე საპროცესო მოქმედების შესრულება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნულ მოქმედებათა მხოლოდ კუმულატიურად შესრულების საფუძველზე იყო შესაძლებელი ხარვეზის სრულად გამოსწორება. აპელანტმა კი, ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟის ნაწილში გამოასწორა, ხოლო დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობაზე არ მიუთითა.
27. წარმოდგენილ კერძო საჩივარში მოპასუხემ დაადასტურა, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებულ დასაბუთებას არ შეიცავდა, რაც ახსნა მხარეთა შორის მიმდინარე მორიგების პროცესით, თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.
28. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვა საქმეებზე წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივარი, რომელიც არ შეიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილ კრიტიკას, თუმცა მხარეები უთითებდნენ მორიგების შესაძლებლობაზე.
29. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.
32. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
34. შესაბამისად, აპელანტს გონივრული ვადა ჰქონდა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენისათვის, თუმცა განსახილველ საქმეზე მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, მასში არ იქნა მითითებული ის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და დარღვევები, რომლებზეც აპელანტს თავისი პრეტენზია უნდა დაეფუძნებინა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
35. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მხარეთა შორის მორიგების მიღწევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მორიგება შესაძლებელია საქმის წარმოების ნებისმიერ, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც. ამდენად, მხარეებს აღნიშნული უფლება არ შეზღუდვიათ.
36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე