საქმე №ას-1163-2019 9 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი– ა. ლ-ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მეორე კასატორი– ე. ქ-ი (მოწინააღმდეგე მხარე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივლისის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ლ-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა ე. ქ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისს გადაწყვეტილებით (საქმე N2/5747-18) მამისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 3000 ლარის შემცირება და დედისათვის არასრულწლოვანი შვილების, 20... წლის .. მარტს დაბადებული კ. ლ-ს და 20... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ა. ლ-ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად ჯამში 500 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 04 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. ფ-ასთან 20... წლის ... ივლისიდან. ქორწინების პერიოდში, 20... წლის ... თებერვალს, შეეძინათ შვილი ნ. ლ-ი. დღეის მდგომარეობით, ისინი ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 30 მაისის, გადაწყვეტილებით (საქმე N2/5747-18), მამას ალიმენტის სახით დაკისრებული აქვს თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 1500 – 1500 ლარი. მოსარჩელის მთლიანი ქონება და ანგარიშები არის დაყადაღებული. მოსარჩელის შემოსავლებმა საკმაოდ იკლო და ყოველთვიურად, საშუალოდ, შეადგენს 3114.83 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მას სარჩენი ჰყავს მესამე არასულწლოვანი შვილიც ამჟამიდელი ქორწინებიდან, მოსარჩელე ვეღარ ახერხებს, ალიმენტის გადახდას.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მითითება ფინანსური შემოსავლის შემცირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მითუმეტეს, მას არ წარმოუდგენია სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, 2018 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. მოპასუხის განმარტებით, 2013 წელს მხარეთა ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემცირდა ალიმენტის ოდენობა 1500-1500 ლარიდან 750-750 ლარამდე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების: კ. ლ-ის და ა. ლ-ის რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 750-750 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20... წლის ... სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, ხოლო მოსარჩელემ - სარჩელის დაკმაყოფილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 20... წლის ... მარტს დაბადებული კ. ლ-ი და 20... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ა. ლ-ი.
10. მხარეები 2013 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანო ბავშვები, კ. ლ-ი და ა. ლ-ი ცხოვრობენ დედასთან ერთად;
11. ქორწინების მოწმობა N0115101...-ის და აქტის ჩანაწერი N0115300...-ის მიხედვით, ნ. ფ-ამ და ა. ლ-მა იქორწინეს 20... წლის ... ივლისს. დაბადების მოწმობა N011660..., აქტის ჩანაწერი N0116003...-ის მიხედვით, ნ. ლ-ი დაიბადა 20... წლის ... თებერვალს, ქალაქ თბილისში.
12. შპს შემოსავლების სამსახურის 17.08.2018 წლის ცნობის თანახმად, 17.08.2018 წლის მდომარეობით, მოსარჩელის მიერ 01.03.2018 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 625 ლარი, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 125 ლარი.
13. აპელანტის მიერ შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილი ცნობით, 2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ფ/პ „ა. ლ-ი“-ს მიერ 2018 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 125 ლარს.
14. არასრულწლოვანი კ. ლ-ი და ა. ლ-ი სწავლობენ შპს ,,მ. ს. ს.“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კ. ლ-ისათვის, 20...-20... წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ა. ლ-ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ. ვ-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები დადებულია შპს ,,მ. ს. ს.“ და ფიზიკურ პირს ა. ლ-ს შორის. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ საფასურს იხდის ზემოაღიშნული პირი.
15. არასრულწლოვანი კ. ლ-ი და ა. ლ-ი ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ,,მ. ც-ის ს. ფ. ს. მ. ს. ც.“, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს - 150 ლარს.
16. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „მ. ს. ს.“ 2019 წლის 04 ივლისს დადებული ხელშეკრულებებით, სკოლამ მიიღო მოსწავლე - ა. ლ-ი VI კლასში, ხოლო მოსწავლე - კ. ლ-ი VII კლასში, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მისი ხელმოწერიდან 2020 წლის 10 ივლისამდე და სწავლის საფასურის ღირებულება ა. ლ-ის შემთხვევაში შეადგენს 2 000 აშშ დოლარს, ხოლო კ. ლ-ის შემთხვევაში 1 400 აშშ დოლარს.
17. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას გააჩნია არასტაბილური შემოსავალი. იგი თვეში შესაძლოა შეადგენდეს დაახლოებით 3000-3500 ლარს, თუმცა ყავს სხვა ოჯახის წვერებიც, მცირეწლოვანი შვილიც კი, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან. არ გამორიცხავს მომავალში შემოსავლები გაეზარდოს, რის შემდგომაც შეძლებს ალიმენტის სრულყოფილად გადახდას და შვილების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, თუმცა, ამჟამად მის კომპანიას შეკვეთები არ გააჩნია და შემოსავლებიც არ არის.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვების ასაკისა და ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის არსებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით და არ არსებობდა მისი კიდევ უფრო შემცირების რაიმე საფუძველი.
19. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით და განმარტა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების გათვალისწიენებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულლება.
20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
22. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ე.ი. ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
23. ალიმენტვალდებული პირის შემოსავლებისა და იმის გათვალისწინებით რომ მას ჰყავს კმაყოფაზე მყოფი შვილი, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საერთო ჯამში, ალიმენტის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის თაობაზე. რამეთუ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია თითოეულ ბავშვზე 750 ლარი, რამდენადაც დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს სხვადასხვა გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. კერძოდ, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი პროფესიული უნარ-ჩვევებებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოიძიონ დამატებითი შემოსავლები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
24. პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მოსარჩელის მიერ შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილი ცნობით, 2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ფ/პ „აკაკი ლოჩოშვილი“-ს მიერ 2018 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 125 ლარს. დასახელებული გარემოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მხედველობაში და შესაბამისად, ის აისახა კიდეც მიღებულ გადაწყვეტილებაში. რის გამოც, გონივრულ ფარგლებში ობიექტურად შემცირდა ალიმენტის ოდენობაც. ამდენად, ალიმენტის ოდენობის კვლავ შემცირების მოტივით აწ უკვე სასამართლოს მიერ გაზიარებულ და გათვალისწინებული გარემოებაზე დაყრდნობა, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია წონად არგუმენტად.
25. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ზეპირი განმარტებები, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა პრაქტიკულად არ გაუარესებულა და აქვს ისეთი დამატებითი შემოსავლები, რაც არ ჩანს. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ დაუსაბუთებელი ეჭვებით.
26. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,მეექვსე საავტორო სკოლასთან“ 2019 წელს დადებული ახალი ხელშეკრულებები არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი ვინაიდან, ალიმენტის გონივრული ოდენობა, დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
27. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
28. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე კასატორმა - სარჩელის უარყოფა.
30. პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
31. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს სისტემატიური შემოსავალი, მისი ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებულია კონკრეტულ შეკვეთებზე, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია კასატორს. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს არა მხოლოდ მხარის შემოსავლის ოდენობით, არამედ იმ აუცილებლობითაც, რაც განსაზღვრულია თავად არასრულწლოვანი შვილებისთვის. პირველი კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 4.1.8 პუნქტში არასწორი ინტერპრეტაცია მისცა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემულ განმარტებას, თითქოს მისი არასტაბილური შემოსავალი თვის განმავლობაში შეადგენს 3000-3500 ლარს. ამასთან, პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მას ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი. შესაბამისად, მისი ფინანსური ხარჯი გაზრდილია.
32. მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
33. მეორე საკასაციო საჩივარში ძირითადად განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ნორმატიული საფუძვლები, ხოლო საკითხი იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას მიიჩნევს მეორე კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა, რის გამოც, არ არსებობდა ალიმენტის შემცირების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
36. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის დადგენილი ალიმენტის ოდენობად სასამართლომ შეუსაბამო თანხა განსაზღვრა და მისი გადახდის ფინანსური შესაძლებლობა მოსარჩელეს არ გააჩნია.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის შემცირების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სსკ-ის 1221-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
38. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებული პირისათვის ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირებულიყო თვეში 750 ლარის ოდენობით თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. თუმცა, პირველი კასატორი მოითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რაც საერთო ჯამში, ალიმენტის 500 ლარამდე შემცირებას გულისხმობს.
39. პირველი კასატორის მოთხოვნას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე, შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა.
40. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ არასრულწლოვანი კ. ლ-ი და ა. ლ-ი სწავლობენ შპს ,,მ. ს. ს.“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კ. ლ-ისათვის, 2017-2018 წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ა. ლ-ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ. ვ-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები დადებულია შპს ,,მ. ს. ს.“ და ფიზიკურ პირს ა. ლ-ს შორის. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ საფასურს იხდის ზემოაღიშნული პირი.
41. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი კ. ლ-ი და ა. ლ-ი ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ,,მ. ც-ის ს. ფ. ს. მ. ს. ც.“, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს - 150 ლარს.
42. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „მ. ს. ს.“ 2019 წლის 04 ივლისს დადებული ხელშეკრულებებით, სკოლამ მიიღო მოსწავლე - ა. ლ-ი VI კლასში, ხოლო მოსწავლე - კ. ლ-ი VII კლასში, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მისი ხელმოწერიდან 2020 წლის 10 ივლისამდე და სწავლის საფასურის ღირებულება ა. ლ-ის შემთხვევაში შეადგენს 2 000 აშშ დოლარს, ხოლო კ. ლ-ის შემთხვევაში 1 400 აშშ დოლარს.
43. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პირველ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ალიმენტის სახით 750 ლარის გადახდა გონივრულია და შეესაბამება ბავშვების რეალურ საჭიროებებს.
44. რაც შეეხება პირველი კასატორის ფინანსურ მდგომარეობას, საქმის მასალებითაა დადგენილი, რომ შპს შემოსავლების სამსახურის 17.08.2018 წლის ცნობის თანახმად, 17.08.2018 წლის მდომარეობით, მოსარჩელის მიერ 01.03.2018 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 625 ლარი, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 125 ლარი. შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილი ცნობით, 2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ფ/პ „ა. ლ-ი“-ს მიერ 2018 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 125 ლარს. გარდა ამისა, როგორც ამ განჩინების პ.17-ით დადგენილია მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას გააჩნია არასტაბილური შემოსავალი. იგი თვეში შესაძლოა შეადგენდეს დაახლოებით 3000-3500 ლარს... ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი კასატორის მატერიალური შემოსავლის შემცირების კვალობაზე სწორად შემცირდა ალიმენტის თანხა 1500 ლარიდან 750 ლარამდე, თუმცა მისი კიდევ უფრო შემცირების წინაპირობების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. მით უმეტეს, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს მხოლოდ ბავშვების სრულწლოვნებამდე [გარდა ქონებრივი მდგომარეობისა და შემხვედრი საჭიროებებისა - სსკ-ის 1221-ე მუხლი]. სადავო შემთხვევაში, ამოსავალი პრინციპი ბავშვების ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (შდრ: სუსგ №ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).
45. აქვე საკასაციო პალატა დასძენს, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (ბავშვის მიმართ მშობელთა ვალდებულების ნორმატიული მოწესრიგების თვალსაზრისით იხ., სუსგ №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.).
46. ამასთან, გასათვალისწინებელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, „უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების თვალსაზრისით ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელს აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს მისი ოდენობის საკითხი (იხ. სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი).
47. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეორე ქორწინებიდან შვილი და გააჩნია სხვა პირები რჩენის ვლდებულებები, აღნიშნული გათვალისწინებული იქნა ალიმენტის შემცირების შესახებ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისას, შესაბამისად, კასაციის განხილვის ეტაპზე, არ არსებობს უკვე შემცირებული თანხის შემცირების წინაპირობები.
48. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მეორე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობებიც. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა შეცვლილია, რასაც მართალია მეორე კასატორი არ იზიარებს, თუმცა, იგი ვერც საწინააღმდეგოს ადასტურებს (იხ., ამ განჩინების პ. 24). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი გარემოებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მხედველობაში და შესაბამისად, ის აისახა კიდეც მიღებულ გადაწყვეტილებაში. რის გამოც, გონივრულ ფარგლებში ობიექტურად შემცირდა ალიმენტის ოდენობა.
49. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
50. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
51. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
52. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
53. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
54. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია განჩინებაში.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70%.
57. მეორე კასატორი კი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ ა. ლ-ს (პ/ნ 0100800...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 26 აგვისტოს საგადახდო დავალება N8345913... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (600 ლარი) 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე