Facebook Twitter

საქმე №ას-1303-2019 11 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შ. გ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით თ. თ-ას (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი შ. (შემდგომ – საჩივრის ავტორი მოპასუხე) და გ. გ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება სადავო ზედდების – 32,60 კვ.მ-ის ნაწილში და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნეს მოსარჩელე, ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 20 ოქტომბერს ერთ-ერთი მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა 440 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომლითაც მემკვიდრემ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის №160 გადაწყვეტილების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ნივთი და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა:

2. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაში მოპასუხე მხარის წილის გასხვისებისა და იპოთეკით ან/და სხვა ვალდებულებით დატვირთვის აკრძალვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჩივრის ავტორ მოპასუხეს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალა უძრავ ქონებაში მისი წილის გასხვისება და იპოთეკით ან/და სხვა ვალდებულებით დატვირთვა, რაზეც ზემოაღნიშნულმა მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და განმარტა, რომ ზოგადად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობაა მისი წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.

6. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება გაეგზავნა საჩივრის ავტორ მოპასუხეს და, როგორც უკუგზავნილით ირკვევა, 2019 წლის 25 მარტს ჩაბარდა მის დედას.

7. ამდენად, სსსკ-ის 60-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მიხედვით, საჩივრის ავტორი ვალდებული იყო, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინება გაესაჩივრებინა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში – 2019 წლის 1 აპრილის 24 საათამდე (რადგან ვადის უკანასკნელი დღე – 2019 წლის 30 მარტი და მისი მომდევნო დღე – 31 მარტი იყო დასვენების დღეები – შაბათი და კვირა). საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 2019 წლის 29 ივლისს (საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2019 წლის 26 ივლისს). შესაბამისად, მოცემული საჩივარი სასამართლოში შეტანილია დაგვიანებით, რის გამოც იგი დაუშვებელია და ვერ იქნება არსებითად განხილული.

8. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, რომ საჩივრის ავტორმა თავდაპირველად საჩივარი არ წარადგინა იმის გამო, რომ არ არსებობდა ამის აუცილებლობა და იურიდიული საჭიროება, დღევანდელი მდგომარეობით კი მას აქვს ამის იურიდიული ინტერესი, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო კანონმდებლობა საჩივრის შეტანისათვის ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს, მოცემულ შემთხვევაში 5 დღეს და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება, რაც გულისხმობს, მითითებული საპროცესო მოქმედების შესრულებას სწორედ ამ ვადაში და მისი დენის დასაწყისი არ არის მიბმული მხარის საჭიროებაზე, არამედ კანონი უკავშირებს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 2019 წლის 25 მარტის თარიღდება. შესაბამისად, მომჩივნის მითითებული არგუმენტი ვერ იქნება მიღებული მხედველობაში მისი უსაფუძვლობის გამო.

9. მოცემული საქმე სსსკ-ის 1971 მუხლის საფუძველზე გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

12. სსსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.

13. კანონის მითითებული დანაწესი განამტკიცების მხარის უფლებას, საჩივრის შეტანის გზით სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა განუსაზღვრელი არ არის და შემოფარგლულია საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი კონკრეტული ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება მხარის მიერ გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან და გრძელდება 5 დღის განმავლობაში. მითითებული ვადის დარღვევისას მხარე კარგავს საჩივრის წარდგენის უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება გაეგზავნა საჩივრის ავტორ მოპასუხეს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ 2019 წლის 25 მარტს გზავნილი ჩაბარდა ადრესატის დედას, რასაც ადასტურებს მიმღები პირის ხელმოწერა და პირადობის მოწმობის ნომერი (ს.ფ 80). ამავდროულად, საჩივრის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარება სადავოდ არ გაუხდია და დაადასტურა კიდეც საჩივარში.

15. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

16. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინების გასაჩივრების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 26 მარტს და დასრულდა 2019 წლის 1 აპრილს (30-31 მარტი იყო დასვენების დღეები). საჩივარი სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 29 ივლისს (საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2019 წლის 26 ივლისს).

17. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნის დარღვევით, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

18. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა საჩივრის იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივრის წარდგენის ინტერესი მხარეს გაუჩნდა მოგვიანებით.

19. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოში საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ ვადაში, რომლის გასვლის შემდეგ მხარე საჩივრის შეტანის უფლებას კარგავს იმის მიუხედავად, თუ რა სახის ინტერესი წარმოეშვა დავის მიმართ (იგივეს ითვალისწინებს სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დანაწესიც).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ას საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე