საქმე №ას-1023-2019 25 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ფ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - დ. დ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. კ-ძემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-ასა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და ზ. ფ-ას (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. პირველმა მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 აშშ დოლარის გადახდა. ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული 2014 წლის 7 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა უძრავი ქონების, მდებარე: მარტვილის რაიონი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №41.01.35..., საკუთრების უფლებით პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. ხარვეზის შევსების მიზნით მას დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობისა და მტკიცებულებების, რომლებიც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა, სასამართლოსთვის წარდგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება 2019 წლის 28 მაისს ჩაბარდა მეორე მოპასუხის წარმომადგენელს, დ. ა-ძეს. შესაბამისად, მეორე მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2019 წლის 7 ივნისის ჩათვლით უნდა შეევსო. თუმცა მისმა წარმომადგენელმა განცხადება, სსიპ „შემოსავლების სამსახურისა“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 11 ივნისს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა. ამავე დროს, იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში განცხადებაზე დართული მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მხარის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებული იყო. შესაბამისად, არსებობდა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.
10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მეორე მოპასუხემ ხარვეზის შევსების ვადა გაუშვა საპატიო მიზეზით, რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების მოსაპოვებლად, რომ ასაკით პენსიონერ მეორე მოპასუხეს, პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ აქვს.
11. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ერთიანი სასამართლო პრაქტიკისთვის მიზანშეწონილია უზენაესმა სასამართლომ განმარტოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის ასაკით პენსიონერებმა, პენსიის ცნობასთან ერთად, რომელი ცნობები და რომელი ორგანიზაციებიდან უნდა წარადგინონ სასამართლოში.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა. ამასთან, განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ.1. ს.ფ. 439-444).
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება 2019 წლის 28 მაისს პირადად ჩაბარდა მეორე მოპასუხის წარმომადგენელს (იხ. ტ.1. ს.ფ. 448), რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 431).
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
19. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, მეორე მოპასუხისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დენა დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომდევნო დღეს – 2019 წლის 29 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივნისს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ვადაში მეორე მოპასუხეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
20. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2019 წლის 11 ივნისს და იშუამდგომლა ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე. განმცხადებლის მითითებით, მან ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში ვერ შეძლო განცხადებაზე დართული მტკიცებულებების მოპოვება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია მხოლოდ 2019 წლის 10 ივნისს მიიღო (იხ. ტ.1. ს.ფ. 449).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
22. მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
23. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო. კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა ხარვეზის შევსებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
26. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაზე ვერ განაპირობებს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უშვებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებას ითვალისწინებს მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი). შესაბამისად, თუკი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მეორე მოპასუხე ვერ ახერხებდა ხარვეზის აღმოფხვრას, მას შეეძლო სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე. თუმცა მას აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოუყენებია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი.
29. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში დასმულ საკითხს, ასაკით პენსიონერი პირების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ მხარის მიერ მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ პენსიის მიღების ფაქტი ვერ ჩაითვლება გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს პირის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან (მაგალითად, როგორიცაა: ცნობები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლის, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის, ამა თუ იმ ვალდებულების შესახებ და სხვა) ერთობლიობაში. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე