საქმე №ას-1043-2019 17 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოსარჩელის სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა; ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ. ა-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჯ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 5 ნოემბერს შეიძინა უძრავი ქონება და საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა მის სახელზე, თუმცა სახლში ცხოვრობს მოპასუხე და ხელს უშლის მოსარჩელეს, ისარგებლოს კუთვნილი ბინით.
მეორე სარჩელისა და მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის წინააღმდეგ მოსარჩელესა და მოპასუხის მეუღლეს შორის 2013 წლის 5 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მეორე სარჩელის საფუძვლები:
4. მოპასუხის მითითებით, 2018 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომლის ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეა. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მოსარჩელემ განუცხადა, რომ 2013 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს მისი ბინის მესაკუთრეს.
5. სადავო ბინა მოპასუხემ შეიძინა მეუღლესთან ერთად, სადაც ცხოვრობს 30 წელია. მართალია, მოსარჩელემ მის მეუღლესთან გააფორმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია, ამდენად, გარიგება ბათილია. ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად სხვა გარიგება – სამისდღეშიო რჩენის შეთანხმება დაფარეს, სადავო ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით. მოსარჩელესა და მის ოჯახს არანაირი განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა არ გამოუჩენია მოპასუხის მეუღლის მიმართ. მოსარჩელე ისევე, როგორც სხვა ნათესავები, პერიოდულად მიდიოდა და ნახულობდა მოპასუხის მეუღლეს, მიჰქონდა ტკბილეული, თუმცა, ფაქტობრივად, არ უვლიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ეთქვა უარი, მოპასუხის სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ყურადღება გაემახვილებინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.
9. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა, სესხი. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.
10. სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ხასიათი შესაძლებლობას გვაძლევს, ცალკე გამოვყოთ ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებები, რომლითაც იგი განსხვავდება ყველა სხვა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, კერძოდ: ა) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (დავალება, შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის-ამხანაგობის ხელშეკრულება); ბ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების გადაცემა საკუთრებაში. ამით იგი განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.); გ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრელებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას (სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები); დ) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ ვადა, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ განისაზღვრება, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. თუმცა ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამეც იყოს გათვალისწინებული, ანუ მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდნენ კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩენისათვის სარჩოს გადახდას.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ამით სამისდღეშიო რჩენა განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულებისაგან.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ 2013 წლის 5 ნოემბერს მოპასუხის მეუღლესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
13. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად გარიგების მონაწილეების მხრიდან ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობაზე უთითებს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო გარიგების საფუძველზე მყიდველი საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, ეს უკანასკნელი გარიგების საგანს ფაქტობრივად არ დაუფლებია. გარდა ამისა, მყიდველს არც ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება შეუსრულებია. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოპასუხე გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად იმ გარემოებაზეც უთითებს, რომ სადავო საცხოვრებელ სახლთან ერთად გარიგების საგანი გამყიდველის სახელზე რეგისტრირებული სარდაფი არ გამხდარა, რომელიც იმავე საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს.
14. გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოპასუხის მიერ დასახელებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, რაც, აპელანტის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომის მიმართ მათი ინტერესის არარსებობაზე მიუთითებს, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 477-ე მუხლის შინაარსით, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას და არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2013 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. მითითება, რომ ეს უკანასკნელი გამყიდველის გარდაცვალებამდე ნასყიდობის საგანს არ დაუფლებია, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ გახდება უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის უდავო გარემოება, რომ მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთის ნათესავები არიან, საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა ნათესავების/ახლობლების მხრიდან ხელშეკრულების მონაწილე პირის – მოპასუხის მეუღლის მიმართ როგორც ხანდაზმული ავადმყოფი ნათესავის მიმართ მზრუნველობაზე მიუთითეს, რაც მათი მხრიდან მისი საკვებით თუ სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებით უზრუნველყოფაში გამოიხატებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ხანდაზმული ნათესავისთვის ნასყიდობის საგნით სარგებლობის უფლების მიცემას გარიგების ბათილად გამოცხადების საფუძვლად ვერ მიიჩნევს.
15. მოპასუხემ მოსარჩელის მხრიდან მისი მეუღლის მოვლა-პატრონობა კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ზრუნავდა აწ გარდაცვლილზე სხვა ნათესავების მსგავსად. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხის მეუღლეზე, მოსარჩელის ოჯახთან ერთად, ასევე, სხვა ნათესავებიც ზრუნავდნენ. მათ შორის მისი დაკრძალვის ხარჯები ნათესავებმა/ახლობლებმა გაიღეს.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მეუღლე სადავო გარიგების გაფორმებიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა და მას თავის სიცოცხლეში მოპასუხესთან გაფორმებული გარიგება სადავოდ არ გაუხდია.
17. საბოლოოდ, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი ვერ დაადასტურა.
18. რაც შეეხება მოსარჩელეს, მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, შეძლო იმგვარ საპირწონე მტკიცებულებათა (ახსნა განმარტება, მოწმეთა ჩვენება) წარდგენა, რომლებმაც მოპასუხის მიერ განვითარებული მსჯელობა ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის შესახებ.
19. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში და აღნიშნა, რომ გარდა უძრავ ნივთთან მიმართებით მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის შედავებისა, მოპასუხეს უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სარჩელში მითითებულ გარემოებებს გააქარწყლებდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი დადგენილად მიიჩნია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოსარჩელის სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნასყიდობის თანხის გადაუხდელობა არ წარმოშობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ სადავო ნასყიდობის საფასური გამყიდველს გადაუხადა.
22. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რადგან მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას თანმდევი შედეგის დადგომას მიზნად არ ისახავდნენ. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ მყიდველს გარიგების დადების შემდეგ ბინის მისთვის გადაცემა არ მოუთხოვია. ფაქტობრივად, მოსარჩელემ მოპასუხის მეუღლესთან გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, თუმცა ისარგებლა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით და ხელი მოაწერინა ნასყიდობაზე. მოსარჩელემ მის მიერ წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა და მისივე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხის მეუღლეს მოპასუხისვე ოჯახი უვლიდა და მათვე გაიღეს დაკრძალვის ხარჯი.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
26. 2013 წლის 5 ნოემბერს მოპასუხის მეუღლესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც საცხოვრებელი ბინა აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. აღნიშნულ ქონებას ფლობს მოპასუხე და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს.
27. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია და რეალურად მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის შეთანხმება, თუმცა არც მისი პირობები არ შესრულებულა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
30. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და, ამავდროულად, მიუთითებს, რომ ნასყიდობით დაიფარა სხვა გარიგება – სამისდღეშიო რჩენა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
32. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.
33. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი.
34. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
35. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (სუსგ 11.11.2015, საქმე №ას-862-812-2015).
36. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს თვალთმაქცური გარიგების არსს და სამართლებრივი მახასიათებლებს, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
37. ამრიგად, კასატორი ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლებიც აუცილებელია სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე, რაც უნდა შეეფასებენა და არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ (სუსგ 2.04.2008წ. №ას-863-1174-07 საქმე).
38. სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.
39. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე.
40. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ 23.01.2015წ. საქმე №ას-1142-1088-2014).
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასაბუთებას არ ეწინააღმდეგება, ხოლო კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატებოდა სადავო გარიგების მოჩვენებითობა ან თვალთმაქცურობა.
42. ვინაიდან კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ გარიგება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, ბათილია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელი კანონიერად დააკმაყოფილა, რის საწინააღმდეგო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
43. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება ვერც იმ ნაწილში, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნასყიდობის თანხის გადაუხდელობა არ წარმოშობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობებს, რომლებიც (ის ნაწილი, რომლესაც კასატორი აფუძნებდა თავის მოთხოვნას) წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილში ზემოთ უკვე განხილულ იქნა. კასატორის მიერ მითითებული საფუძველი კი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ვერ გამოიწვევს.
44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური