საქმე №ას-959-2019 16 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა(ა)იპ „თ. ს. ბ. ა.,“ ა(ა)იპ „თ. №.... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. ვ. ს. ბ.“ და ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორები, მეორე აპელანტები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.“ (მოსარჩელე, შგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ე.“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოსარჩელე კომპანია ან პირველი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხების: ა(ა)იპ „თ. ს. ბ. ა.,“ ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ...,“ ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ...,“ ა(ა)იპ „თ. ვ. ს. ბ.“ და ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ...“ მიმართ (შემდეგში: მოპასუხეები ან შეგებებული სარჩელის ავტორები ან კასატორები), რომლითაც მოითხოვა: ა) ააიპ ,,თ. ს. ბ. ა.“მომსახურეობის ღირებულების - 850.75 ლარის, პირგასამტეხლოს - 231 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 776 ლარის დაკისრება; ბ) ააიპ ,,თ. N... ს. ბ...“ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 9 530.15 ლარის, პირგასამტეხლოს - 720 ლარის გადახდა საბანკო გარანტიის თანხის - 1 751 ლარის დაკისრება; გ) ააიპ ,,თ. N.. ს. ბ.“ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 18 746.4 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 440 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 3 034 ლარის გადახდის დაკისრება; დ) ააიპ ,,თ. ვ. ს. ბ. ბ.“ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 6 544.45 ლარის, პირგასამტეხლოს - 540 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 1 037 ლარის გადახდის დაკისრება; ე) ააიპ ,,თ. N... ს. ბ. ბ. გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 28 937.2 ლარის, პირგასამტეხლოს - 2 156 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 4 892 ლარის გადახდის დაკისრება; ვ) ააიპ ,,თ. N... ს. ბ.“ გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 16 165.85 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 232 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 2 988 ლარის გადახდის დაკისრება; ზ) ააიპ ,,თ. N... ს. ბ. გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 13 450.25 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 040 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 2 358 ლარის გადახდის დაკისრება; თ) ააიპ ,,თ. N... ს. ბ. გაწეული მომსახურეობის ღირებულების - 14 559.85 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 260 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 2 343 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის ძირითად ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე კომპანიასა და მოპასუხეებს შორის დაიდო სხვადასხვა ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა მომსახურების გაწევას სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვების საკითხში. ხელშეკრულებების დადებას საფუძვლად დაედო ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, სადაც გაიმარჯვა მოსარჩელე კომპანიამ. ამ ხელშეკრულებების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. მოსარჩელემ მოპასუხეებს სხვადასხვა დროს გაუწია ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე, მასზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც არსებითად დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მოსარჩელეს აცნობა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად, არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით. შესაბამისად, დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ არ წარმოშობილა მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება. აღნიშნულის გამო საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება. მოსარჩელე კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეფუძნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორე მხრივ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც მოსარჩელე კომპანიის ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა, ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე კომპანიის მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს. სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N 13-01173143295 წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 074241117801 საქმეზე, 2016-2017 წლებში ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.
4. მოპასუხეებმა თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინეს შეგებებული სარჩელიც, რომლითაც მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 23599.6 ლარის ოდენობით, იმ საფუძვლით რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ააიპ „თ. ს. ბ. ა.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 3 850.75 ლარის და პირგასამტეხლოს 231 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9530.15 ლარის და პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18746.4 ლარის და პირგასამტეხლოს 1 440 ლარის გადახდა; ააიპ „თ. ვ. ს. ბ. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 6544.45 ლარის და პირგასამტეხლოს 540 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 28937.2 ლარის და პირგასამტეხლოს 2156 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16165.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1232 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 13450.25 ლარის და პირგასამტეხლოს 1 040 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. „ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14559.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1260 ლარის გადახდა; უარყოფილი იქნა სარჩელის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მოპასუხეების მიმართ საბანკო გარანტიის თანხის დაკისრებას შეეხებოდა. აგრეთვე, უარყოფილი იქნა შეგებებული სარჩელიც.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. პირველმა აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტებმა - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგი შეიცვალა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ააიპ „თ. ს. ბ. ა.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 3 839.12 ლარის, პირგასამტეხლოს 231 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 776 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9501.15 ლარის, პირგასამტეხლოს 720 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 1751 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18689.11 ლარის, პირგასამტეხლოს 1440 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 3034 ლარის გადახდა; ააიპ „თ. ვ. ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 6524.43 ლარის, პირგასამტეხლოს 540 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 1037 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 28847.45 ლარის, პირგასამტეხლოს 2156 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 4892 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16116.6 ლარის, პირგასამტეხლოს 1232 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2988 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №.... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების Rირებულების 13378 ლარის, პირგასამტეხლოს 1040 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2358 ლარის გადახდა; ააიპ „თ. №... ს. ბ.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14476.33 ლარის, პირგასამტეხლოს 1260 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2343 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ სს „ბ.“ საგარანტიო თანხა გადაურიცხა ააიპ „თ. ს. ბ. ა.“ - 776 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 1751 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 3034 ლარის, ააიპ „თ. ვ. ს. ბ.“ - 1037 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“-4892 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2988 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2358 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2343 ლარის ოდენობით.
9. მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
10. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
11. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, მხარეთა შორის სადავო არ იყო. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების მიხედვით კი, კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
12. უარყოფილი იქნა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე, უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).
13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მეორე აპელანტების მოსაზრება, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა ნაკლებია 80%-ზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა პირნათლად.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის, პირგასამტეხლოსა, უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 477.2, 417-ე, 991-ე, 494.1, 394.1, 408.1 და 409-ე მუხლები წარმოადგენს.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიაწოდა ბაგა-ბაღებს შეთანხმებული საქონელი, ამ უკანასკნელს კი შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
16. სსსკ-ის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტი -ყველი „იმერული“ ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.
18. სსსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
19. სსსკ-ის კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
20. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ბაგა-ბაღებმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებით გამოიყენეს. ასევე, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ.
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და პირველი აპელანტის განმარტებით დადგენილი იქა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ნაკლიანი ყველის ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე, სახელდობრ, ფასებს შორის სხვაობა შეადგენს: ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი აისის“ შემთხვევაში - 11.63 ლარს, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ შემთხვევაში - 89.75 ლარს, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ შემთხვევაში - 49.25 ლარს, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ შემთხვევაში - 29 ლარს, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ შემთხვევაში - 57.29 ლარს, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ შემთხვევაში - 72.25 ლარს, ააიპ „თ. ვ. ს. ბ.“ შემთხვევაში - 20.02 ლარს, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ შემთხვევაში - 83.52 ლარს.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით, შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ ააიპ „თ. ს. ბ. ა.“ უნდა დაეკისრებოდა პროდუქციის ღირებულება 3 839.12 (3 850.75 – 11.63) ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ 9501.15 (9 530.15 - 29) ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ 18689.11 (18746.4 – 57.29) ლარის, ააიპ „თ. ვ. ს. ბ.“ 6524.43 (6544.45 – 20.02) ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ 28847.45 (28937.2 - 89.75) ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ 16116.6 (16165.85 -49.25) ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ 13378 (13450.25 - 72.25) ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“-ს 14476.33 (14559.85 - 83.52) ლარის ოდენობით.
23. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა მოთხოვნილი ოდენობით სსსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად.
24. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
25. პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობათან მიმართებით.
27. შესაბამისად, ბაგა-ბაღებისთვის მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
28. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნა, რომ სსკ-ის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. სსსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
29. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
30. განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მე-2 აპელანტებს მიადგათ რაიმე სახის ზიანი. დადგენილი იქნა მოპასუხე კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, მაგრამ საქმის მასალებით არ დადგინდა მისგან გამომდინარე მოსარჩელისთვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი.
31. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
32. უდავო იყო, რომ ბანკის მიერ მოპასუხე კომპანიის სახელშეკრულებო ვალდებულების (პროდუქციის მიწოდების) უზრუნველყოფის მიზნით გაცემული იყო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე უდავო იყო, რომ ბაგა-ბაღების მოთხოვნების შესაბამისად, ბანკმა „ბაგა-ბაღებს“ გადაურიცხა საგარანტიო თანხა. სსსკ-ის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
33. განსახილველ შემთხვევაში ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
34. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან.
35. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში.
36. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბაგა-ბაღებს რაიმე ზიანი არ მისდგომიათ. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღები მიღებული საგარანტიო თანხებით, კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდნენ ზიანის არარსებობის გამო.
38. სსსკ-ის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. განსახილველ შემთხვევაში, საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ბენეფიციარებს რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდიათ.
39. რაც შეეხება კომპანიას, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარებისთვის გადახდილი საგარანტიო თანხების (ააიპ „თბილისის საბავშო ბაგა-ბაღი აისისთვის“ - 776 ლარის, ააიპ „თ. №.... ს. ბ.“ - 1751 ლარის, ააიპ „თ. №.... ს. ბ.“ - 3034 ლარის, ააიპ „თ. ვ. ს. ბ. ბ.“ - 1037 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“- 4892 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2988 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2358 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2343 ლარის) ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბაღები საგარანტიო თანხებით უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაღებს უნდა დაეკისროთ ხსენებული თანხების პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.
40. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს მოპასუხეებმა.
41. კასატორები მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას (გადაწყვეტილება გვ.11). თუმცა, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად.
42. კასატორები აღნიშნავენ, რომ შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.
43. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნომებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმც აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და შესაბამისად, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მერადე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება.
44. კასატორები განმარტავენ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით განეხორციელებინა მომსახურება ანუ, თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება. ზემოთ მითითებული სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ასევე მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. ამ ვალდებულების ჭრილში, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დადებული 2016 და 2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ისე რომ არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის.
45. კასატორი განმარტავს შემდეგს: იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ამ შემთხვევაში, ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებელი საზოგადოებისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები, ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ეს კი დასტურდება, საქმეში თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ.“-ის წერილით, რომელშიც ავტორი ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნულთან მიმართებაში კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასასმართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას (რომელზეც მითითება იქნა გაკეთებული სააპელაციო სასამართლოში თუმცა, მსჯელობა არ იქნა გაზიარებული გაუგებარი საფუძვლით), რომლის თანახმადაც, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (შეადრ: სუსგ 10.11.2017 საქმე №ას-629-588-2017). ეს კი ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმებების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
46. კასატორები განმარტავენ, რომ შემსყიდველის მიერ მოწვევა ოფერტზე წარდგენის ეტაპზე ზედმიწევნით, ყველა შესაძლო პარამეტრით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები. აღნიშნული განპირობებული იყო არა სატენდერო დოკუმენტაციის მოცულობაში გაზრდის მიზნით, არამედ, იმ ინტერესით, რომელიც სავალდებულოდ დაცული უნდა ყოფილიყო შესყიდვის განხორციელების შედეგად მიღებული შესრულებისას. ამ ინტერესს კი წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლება, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. ხელშეკრულების დანართებიდანაც ჩანს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია მცირეწლოვანი ბავშვების დღის კვების რაციონის, კალორაჟისა და სხვა კომპონენტების დათვლის საფუძველზე, საჭირო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოყენებით. შესაბამისად, ნებისმიერი კომპონენტის, თუნდაც ერთი ინგრედიენტის ცვლილება განაპირობებდა მთლიანი დღის რაციონში ცვლილებას. მისი ეფექტი კი რა თქმა უნდა არ არის მყისიერი, ხელშესახები და ვიზუალურად აღქმადი, რადგან აისახება მხოლოდ პერსპექტივაში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, და შედეგობრივად დიაგნოსტირება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუნდაც, დღის მენიუში ერთი კვების სრულიად ამოკლებით ბავშვების მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრა იქნებოდა შეუძლებელი, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ზიანი არ იარსებებდა. საბავშვო ბაგა-ბაღს კი ამ ინტერესის გათვალისწინებით უფლება არ ჰქონდა შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორები ციტირებენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლს და განმარტავენ, რომ მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა და აქვს იმოქმედოს ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო სამართლებრივი თვალთახედვიდან. ეს ინტერესი კიდევ ერთი გარემოებაა, რის გამოც, საბავშვო ბაგა-ბაღებს არ ჰქონდათ უფლება, თვითნებურად, სპეციალისტების ჩარვის გარეშე განეხორციელებინათ წინასწარ დადგენილი მახასიათებლის პროდუქტში ცვლილება, შეცვლილი პარამეტრების მქონე ყველის მაგვარი მასის შესყიდვა. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მოსარჩელემ კასატორებისთვის მომსახურების გაწევისას მოახდინა, წარმოადგენდა თვითნებობას და არსებული სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე წინასწარ განჭვრეტადი იყო, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანოს მხრიდან ვერ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
47. კასატორებს მიაჩნიათ, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსაც უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რაზეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ განხორციელებულა მითითება. შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვა პრეცედენტი ბავშვთა უფლებებისა და კერძოსამართლებრივი ინტერესების შეპირისპირებისას, სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში სამოქალაქო ნორმების გარკვეული სახით ინტერპრეტაციის უპირატესობისა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ბავშვთა უფლებათა დაცვის სახელმწიფო ვალებულებასთან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო ხელისუფლება.
48. კასატორები განმარტავენ, რომ რომ მოსარჩელესა და ბაგა-ბაღებს შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება/შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და კასატორებს მიეწოდებოდათ მზა კერძის სახით. ანუ, უშუალოდ პროდუქტთან კასატორებს შეხება არ ჰქონიათ. ეს გარემოება კი უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია ყველი რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია.
49. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ნაკლიანი შესრულებასას ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორებმა განახორციელეს სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორების მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
50. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული, რძის გამოყენებით დამზადებული ყველის ფასი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მომსახურებას განახორციელებდა ამ პროდუქტის გამოყენებით. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ასეთ მომსახურებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, შეთანხმებული ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. განსხვავებული პროდუქტი, რა ღირებულებით და რა რაოდენობით გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა, ეს კასატორთათვის უცნობია, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან უარგუმენტო მსჯელობაა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბრის თვის განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის თვის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.
51. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ სასამართლოს იმ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორთა მხრიდან არ განხორციელებულა ხელშეკრულების მოშლის პროცედურები. კასატორები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ ყველის გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ წარმოშობილა ანაზღაურების ვალდებულება. რა შესრულდა და რა ღირებულების, ამაზე მოცემული დავის გარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, სამართლებრივად ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური. ამის გათვალისწინებით, სასამართლო რა მიზნით განმარტავს მოშლის უფლების გამოუყენებლობის გარემოებებს, კასატორთათვის გაუგებარია.
52. სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ პროდუქტ კარაქთან მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. კასატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ ყველთან მიმართებაში, კარაქის შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც კარაქია, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე.
53. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
54. კასატორები განმარტავენ, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება.
55. კასატორებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს პირგასამტეხლოს დარიცხვაზეც, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოც განმარტავს, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მხრიდან არ ხდება ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ხდება საკუთარი უფლების რეალიზება მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში. რაც გამორიცხავს მათ განზრახვას არ შეასრულონ ან ვადის დარღვევით შეასრულონ დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში ანგარიშსწორება.
56. რაც შეეხება საბანკო გარანტიის დაკმაყოფილებას, კასატორები განმარტავენ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტიის მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. თავად მოსარჩელე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას (ამ განჩინების პ-56-ში მითითებული საკასაციო პრეტენზია იხ., კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის ელექტრონულ ვერსიაში წარმოდგენილი CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
57. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
58. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
59. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, კერძოდ, „ყველი იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში მოსარჩელე კომპანიის ვალდებულების არარსებობას (იხ., ამ განჩინების პპ: 41, 42). კასატორს მიაჩნია, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.
60. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან საქმის მასალებითაა დადგენილი. კასტორის პრეტენზია ამ ნაწილში საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კომპანიას ბაღებისთვის მართლაც უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღებმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებით გამოიყენეს. ამასთან, ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ (იხ., ამ განჩინების პ-20). შესაბამისად, მოპასუხეებს რჩებათ მხოლოდ სსსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირების შესაძლებლობა.
61. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
62. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
63. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
64. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
65. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ., პ.201. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
66. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნივთობრივი ნაკლის პროპორციულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირების წინაპირობების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნას უკვე გადახდილი პროდუქციის (ყველი „იმერული“) საფასურის უკან დაბრუნების შესახებ ვარგისი მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
67. კასატორთა შემდგომი პრეტენზია წარმოდგენილია მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტის - „კარაქი“ ღირებულების ანაზღაურების ნაწილში (იხ., ამ განჩინების პპ: 52, 53). კასატორები აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
68. კასატორთა ზემოაღნიშნული პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება იმ საფუძვლით, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია.
69. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).
70. ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.
71. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და ამ ნაწილში, მოპასუხეებს, მსგავსად ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში, არ წარმოეშობათ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.
72. რაც შეეხება კასატორთა შედავებას საბანკო გარანტიის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
73. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიას, გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარებისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის (ააიპ „თ. ს. ბ. ა.“ - 776 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ“ - 1751 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 3034 ლარის, ააიპ „თ. ვ. ს. ბ. ბ.“ - 1037 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“- 4892 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2988 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2358 ლარის, ააიპ „თ. №... ს. ბ.“ - 2343 ლარის) ანაზღაურების ვალდებულება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ არსებობდა პრინციპალის (მოსარჩელე კომპანია) მიერ საგარანტიო თანხის ბენეფიციარებისთვის გადახდის ვალდებულება, უკვე გადახდილი თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას სსსკ- ის 991-ე (პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული) მუხლის საფუძველზე. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება.
74. ხოლო რაც შეეხება წინამდებარე განჩინების პპ: 54, 55-ში მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არც ამ ნაწილში აქვს წარმოდგენილი.
75. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
76. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
77. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.
78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
79. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „თ. ს. ბ. ა.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №.... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ ა(ა)იპ „თ. ვარკეთილის ს. ბ.“ და ა(ა)იპ „თ. №.... ს. ბ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორს ა(ა)იპ „თ. ს. ბ. ა.,“ (ს.კ: 2002....) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ივლისს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. კასატორს ა(ა)იპ „თ. №. ს. ბ.,“ (ს.კ: 209472....) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ივლისს საგადასახადო დავალება N1563432796 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1795 ლარი) 1256.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. კასატორს ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.,“ (ს.კ: 20947...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ივლისს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1017 ლარი) 711.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. კასატორს ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.“ (ს.კ: 2000....) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ივლისს საგადასახადო დავალება N1563448963 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (599 ლარი) 419.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
6. კასატორს ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.“ (ს.კ: 20000....) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ივლისს საგადასახადო დავალება N156343.... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1158 ლარი) 810.6 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
7. კასატორს ა(ა)იპ „თ. №... ს. ბ.“ (ს.კ: 20000....) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 ივლისს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (839 ლარი) 587.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
8. კასატორს ა(ა)იპ „თ. ვ. ს. ბ.“ (ს.კ: 20628...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 17 ივლისს საგადასახადო დავალება N156337... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (405 ლარი) 283.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
9. კასატორს ა(ა)იპ „თ. №.... ს. ბ.“ (ს.კ: 20814...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 17 ივლისს საგადასახადო დავალება N156336.... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (920 ლარი) 644 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
10. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე