Facebook Twitter

საქმე №ას-917-2019 16 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ჩ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 59231.14 ლარისა და გამარტივებული წარმოებისას გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მასალით და მუშახელით პერიოდულად ხდებოდა მოპასუხისათვის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება და აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა პროდუქციის მიწოდება.

3. მოპასუხეს უნდა გადაეხადა გაწეული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია. სარჩელის შეტანის ეტაპზე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 59 231.14 ლარს.

4. მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს დავალიანების გადახდევინების მიზნით, რაზეც მოპასუხემ შეიტანა პროტესტი და მოპასუხეს უარი ეთქვა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ბოროტად სარგებლობდა მისი ნდობით, სარჩელში აღნიშნულ საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე. რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე არ შეიძენდა საქონლისა და მომსახურებას ანგარიშფაქტურებში მითითებულ ფასად. სწორედ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს დავის საგანს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მხარეთა შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში, მოსარჩელე საკუთარი მასალითა და მუშახელით პერიოდულად ასრულებდა მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს და აწვდიდა სხვადასხვა პროდუქციას.

9. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს გაწეული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულება – 59 231.14 ლარი. საქმის მასალებში წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები.

10. აპელანტი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების თანხის ოდენობას და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა კონკრეტული ფასის წინასწარ განსაზღვრა, არამედ შეთანხმებული იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფდა საქონლის მიწოდებას ბაზარზე არსებული ფასების საუკეთესო სტანდარტის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად.

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე მომსახურებას/პროდუქციას აწვდიდა მაღალ ფასად და არა შეთანხმებისამებრ, ბაზარზე არსებული ფასების საუკეთესო სტანდარტის გათვალისწინებით.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ-ში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით და საქონელს/მომსახურეობას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და, რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე არ შეიძენდა საქონლისა და მომსახურებას ანგარიშფაქტურებში მითითებულ ფასად. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის მხოლოდ მითითება აღნიშნულზე, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული დადგენილ გარემოებად.

15. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადნებები, რომელიც სადავოდ არ გამხდარა და რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს მიღებული საქონლისა და გაწეული სამუშაოების საფასური – 59 231.14 ლარი, გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შეთანხმებული საზღაური აღემატება ბაზარზე დამკვიდრებულ ფასს უნდა დაედასტურებინა თავად მოპასუხეს.

16. სადავო გარემოების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საშემფასებლო ანგარიში, მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ 2017 წლის მდგომარეობით, რომლის თანახმად, მოძრავი ქონების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა საბაზრო მეთოდი (Market Approach), ღირებულებები დაკორექტირდა მიმდინარე პერიოდით აქტივებზე არსებული ყველა ცვეთით და მომსახურების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 57 715 ლარი. დასკვნაში მითითებულია, რომ აბსოლუტური სიზუსტით შეფასება შეუძლებელია, რადგან შეფასების შედეგად დგინდება სავარაუდო ღირებულება, აისახება შემფასებლის დასაბუთებული აზრი ქონების ღირებულების შესახებ და არა ფასი. ფასი არის ფაქტი, უკვე განხორციელებული გარიგების შედეგად დაფიქსირებული თანხა. ამდენად, შესაფასებელი ღირებულება შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს უკვე მომხდარი ან მოსახდენი გარიგების შედეგად დაფიქსირებულ/დასაფიქსირებელ თანხაზე, შეფასების ზღვრული ცდომილება შეადგენს 10-15%-ს.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული დასკვნა სწორად შეაფასა და მართებულად მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიში არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით გაცილებით ძვირად აწვდიდა პროდუქციას მოპასუხეს.

18. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზსს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.

19. განსახილველ შემთხვევაში, დასკვნაში მითითებულია, რომ შეფასების ზღვრული ცდომილება შეადგენს 10-15%-ს, შესრულებული სამუშაოების მოცულობის სხვაობა კი – 1516 ლარს, რაც არ ქმნის იმის რწმენას, რომ მოსარჩელე მოპასუხეს პროდუქციას აწვდიდა ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით გაცილებით ძვირად.

20. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა შესრულებული სამუშაოს ფასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარადგინა.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 327-ე მუხლის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო წინამდებარე განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოშობს და სწორად დაკმაყოფილდა. რაც შეეხება აპელანტს, მან ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საზღაური ბაზარზე დამკვიუდრებულ ფასებს არ აღემატება. მხარეთა შორის საერთოდ არ მომხდარა კონკრეტული ფასის წინასწარ განსაზღვრა, არამედ შეთანხმებული იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფდა საქონლის მოწოდებას ბაზარზე არსებული ფასების საუკეთესო სტანდარტის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად.

24. საქმეში არსებული მტკიცებულებით (ექსპერტის დასკვნა) დადასტურებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქონლისთვის გათვალისწინებული ფასები 10-15%-ით სცდებოდა ბაზარზე არსებულ ფასებს.

25. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობის გამოყენებით, მოსარჩელე მხარე თვეების განმავლობაში ბოროტად სარგებლობდა მოპასუხის ნდობით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში ხსენებულ საქონელსა და მომსახურებას აწვდიდა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე იყო დამკვიდრებული ბაზარზე და რომ არა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე მხარე არ განახორციელებდა აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შეძენას ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ ფასად. სწორედ ეს ზედმეტად მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს რეალური დავის საგანს, რომლის თაობაზეც მხარეებს ჰქონდათ არაერთი მცდელობა, მიეღწიათ გარკვეული შეთანხმებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა არცერთი გონივრული შემოთავაზება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, აღნიშნულ საკითხზე მორიგებას.

26. კასატორმა მიიჩნია, რომ თითოეულ 100,000.00 ლარის ტრანზაქციაზე მოწინააღმდეგე მხარემ თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებით აპელანტს მიაყენა დაახლოებით 10,000.00 – 15,000.00 ათასი ლარის ზარალი, რაც თანამშრომლობის საერთო ისტორიის გათვალისწინებით საგრძნობლად აღემატება მოთხოვნილ წინამდებარე დავის ფარგლებში არსებულ სადავო თანხას.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

30. მხარეთა შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში, მოსარჩელე საკუთარი მასალითა და მუშახელით პერიოდულად ასრულებდა მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს და აწვდიდა სხვადასხვა პროდუქციას.

31. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს გაწეული სამუშაოს და მიწოდებული პროდუქციის ღირებულება – 59 231.14 ლარი. საქმის მასალებში წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. წინამდებარე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ 2.08.2019წ. საქმე №ას-764-2019).

36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).

37. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობას, რადგან მხარეებს ხელშეკრულებით კონკრეტული ფასი წინასწარ არ განუსაზღვრავთ, არამედ შეთანხმდნენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე უზრუნველყოფდა საქონლის მიწოდებას ბაზარზე არსებული ფასების საუკეთესო სტანდარტის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალ ფასად. მოსარჩელემ აღნიშნული პირობა დაარღვია, ვინაიდან მოპასუხეს მოსთხოვა შეთანხმებულზე მეტი ოდენობის თანხა.

38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

39. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

40. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

41. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

42. საქმეში მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილია საშემფასებლო ანგარიში მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ 2017 წლის მდგომარეობით. მითითებულ დოკუმენტში მოძრავი ქონების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა საბაზრო მეთოდი (Market Approach), ღირებულებები დაკორექტირდა მიმდინარე პერიოდით აქტივებზე არსებული ყველა ცვეთით და სადავო მომსახურების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 57 715 ლარი. დასკვნაში მითითებულია, რომ აბსოლუტური სიზუსტით შეფასება შეუძლებელია, რადგან შეფასების შედეგად დგინდება სავარაუდო ღირებულება, აისახება შემფასებლის დასაბუთებული აზრი ქონების ღირებულების შესახებ და არა ფასი. ფასი არის ფაქტი, უკვე განხორციელებული გარიგების შედეგად დაფიქსირებული თანხა. ამდენად, შესაფასებელი ღირებულება შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს უკვე მომხდარი ან მოსახდენი გარიგების შედეგად დაფიქსირებულ/დასაფიქსირებელ თანხაზე, შეფასების ზღვრული ცდომილება შეადგენს 10-15%-ს.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ჯეროვნად შეასრულა. მოპასუხემ კი ვერ წარუდგინა სასამართლოს სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ შეთანხმებულზე მეტი საფასურის მოთხოვნის შესახებ თავისი პოზიციის დასადასტურებლად.

44. რაც შეეხება კასატორის მითითებას მხარეთა შორის მორიგების მიღწევის შესაძლებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შეუძლიათ მორიგდნენ საქმის წარმოების ნებისმიერ, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, შესაბამისად, მათი უფლება ამ კუთხით არ იზღუდება.

45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 2 ივლისს №905 საგადახდო დავალებით გადახდილი 2967 ლარის 70% – 2076,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ე.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №40508....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 2 ივლისს №905 საგადახდო დავალებით გადახდილი 2967 ლარის 70% – 2076,9 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი