საქმე №ა-1700-შ-42-2019 7 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ი. კ-ო
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი. კ-ომ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
2. რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ხ-ას (ამჟამად კირილენკო) სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვების – გ. გ. ძე ხ-ისა (დაბ....11.20..) და დ. გ. ძე ხ-ის (დაბ.....05.20...) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვა დედის - ი. კ-ოს საცხოვრებელი ადგილი: ქ.ირკუტსკი, პ. ქ. №..., ბ.....
3. ი. კ-ოს წარმომადგენელმა ი. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 03 ივლისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ი. კ-ოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, ასევე, საქმის მასალები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს გ. ხ-ს.
7. 2019 წლის 24 მაისს გ. ხ-მა წარმოადგინა თავისი წერილობითი პოზიცია (იხ.შესაგებელი), რომლითაც არ დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
8. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით გ. ხ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე დაკმაყოფილდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2019 წლის 05 ივლისს, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს კანონით დადგენილი წესით.
9. განსახილველ საქმეზე ზეპირი სასამართლო სხდომები ჩატარდა 2019 წლის 05 ივლისს, 02 აგვისტოს, 24 სექტემბერს და 07 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საქმის არსებითად განხილვისას გამოთქმულ მხარეთა მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ი. კ-ოს შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა / აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ( იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
15. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. “სარკისებური ასახვის პრინციპმა”, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიოული შედეგი უნდა გავრცერლდეს საქართველოში.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
19. საკასაციო პალატა მიუთითითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ 2009 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
20. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ „მინსკის კონვენციას“ უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო, მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.
21. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას. (ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი).
22. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
23. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
25. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მშობლების განქორწინებისას არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაა და მხედველობაში იღებს საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობის შემდეგ ნორმებს:
26. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
27. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
28. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მინსკის კონვენციის“ 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ აღნიშნული მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს „მინსკის კონვენციის“ 54.2 მუხლით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათავლისწინებული აღიარების (ცნობის) დამაბრკოლებელი გარემოებები და დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების (ცნობის) შესახებ.
30. რაც შეეხება იულია კირილენკოს შუამდგომლობას გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს.
31. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბაშვების საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ სამართლებრივ შედეგს. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვისას, არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ საქართველოში მამასთან - გიორგი ხრომოვთან ერთად, საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვები არიან არამართლზომიერად დაკავებულნი ან გადაადგილებულნი და რომ დაბრუნებული უნდა იქნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, (ამიტომაც საკასაციო პალატა, ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებითად აღარ იმსჯელებს არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესთან მიმართებით) შესაბამისად, იულია კირილენკოს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომლიც საჭიროებს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის ( განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ოს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არასრულწლოვანი ბავშვების – გ. გ. ძე ხ-ის (დაბადებული ...11.20...წ.) და დ. გ. ძე ხ-ის (დაბადებული ...05.20...წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის – ი. კ-ოს საცხოვრებელი ადგილი.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქის ანგარსკის სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში ი. კ-ოს შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი